საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 26/03/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.85.099.016003
03
26/03/2026
ვებგვერდი, 27/03/2026
040030000.85.099.016003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის

დადგენილება №03

2026 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 24 თებერვლის №27 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს თანდართული სახით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულება“ და დანართი №1.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2025 წლის 1 მაისის №01 დადგენილება.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს საპენსიო ფონდის

დებულება


თავი პირველი

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – საპენსიო ფონდი) მოწყობისა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს.

2. საპენსიო ფონდი არის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

3. საპენსიო ფონდი დამოუკიდებელია თავისი საქმიანობის, ფუნქციებისა და კომპეტენციის განხორციელებაში, მათ შორის, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და ბიუჯეტის თვალსაზრისით.

4. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო (შემდგომში – მმართველობითი საბჭო) არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ახორციელებს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

6. საპენსიო ფონდი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და სასამართლოში გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისად, თუ ამავე დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მარეგულირებელი წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი;

ბ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობა – კანონი და მის საფუძველზე ეროვნული ბანკისა და საპენსიო ფონდის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

გ) პრემია – აღმასრულებელი დირექტორების, მათი მოადგილეებისა და საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლების მატერიალური წახალისების ფორმა, რომელიც მოიცავს ჯილდოს, დანამატს და წახალისების სხვა ზომებს;

დ) პრემიის გაცემის ერთიანი პაკეტი – საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორებისათვის, მათი მოადგილეებისა და საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლებისთვის მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული პრემიების გადახდის შესაბამისი მოცულობები;

ე) ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტი – ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს შესრულების ძირითადი ინდიკატორების შემუშავების პრინციპებს, პერიოდულობას და მათი შეფასების წესებს, პრემიის გადახდის პაკეტის შემუშავების ძირითად პრინციპებს და წესებს, ასევე ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება;

ვ) საშტატო პოლიტიკის დოკუმენტი – ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელსაც ამტკიცებს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე განკარგულების სახით, მმართველობითი საბჭოს შესაბამისი სხდომის ოქმის საფუძველზე და რომელიც მოიცავს საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს, კანდიდატთა შერჩევის და მათი შეფასების კრიტერიუმებსა და წესებს, თანამშრომლების დაწინაურებისა და გადაყვანის წესს, თანამშრომლად აყვანის და დანიშვნის წესს, აღმასრულებელი დირექტორების, მათი მოადგილეების, თანამშრომლების შეფასების პროცესს, მოტივაციისა და კარიერული წინსვლის სისტემებს, ასევე შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. საპენსიო ფონდის ფუნქციები

საპენსიო ფონდი საპენსიო აქტივებს განკარგავს როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. საპენსიო ფონდის ძირითადი მიზანია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელება, ადმინისტრირება და მართვა კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საპენსიო ფონდის ძირითადი ფუნქციებია:

ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების, პენსიის მიმღებთა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;

გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის ანალიზი, რისკების შეფასება, დაგროვებითი საპენსიო სქემის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბება;

დ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების აღრიცხვა და თითოეული მონაწილისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნა;

ე) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტ(ებ)ში ანგარიშების გახსნა და საპენსიო აქტივების, მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების მართვა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა, პენსიის მიმღებთა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;

ვ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით;

ზ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება, მათ შორის, საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;

თ) საპენსიო შენატანებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ი) ხელშეკრულებების დადება:

ი.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირ(ებ)თან;

ი.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისათვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან;

ი.გ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენის და განკარგვის თაობაზე;

კ) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან/და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;

ლ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებსა და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მონაწილეთა მემკვიდრეებზე პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;

მ) საპენსიო ფონდის მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტება და მათთვის კონკურენტუნარიანი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების შექმნა;

ნ) საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტის მომზადება და შესრულება;

ო) საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და საპენსიო აქტივების ინვესტირება;

პ) საპენსიო ფონდის შიდა აუდიტის პროცესის უზრუნველყოფა;

ჟ) საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს შემუშავება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს როგორც ორგანიზაციის შიდა, ასევე გარე ფაქტორებს;

რ) ანგარიშგება მონაწილეების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე;

ს) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართ საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ტ) კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.

მუხლი 3. საპენსიო ფონდის მართვის ორგანოები და სტრუქტურა

1. საპენსიო ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს:

ა) მმართველობითი საბჭოს მეშვეობით;

ბ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ორგანოს მეშვეობით, რომლის შემადგენლობაში არიან:

ბ.ა) საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი;

ბ.ბ) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი;

ბ.გ) მთავარი რისკის ოფიცერი;

ბ.დ) შიდა აუდიტის უფროსი;

ბ.ე) მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნული სხვა აღმასრულებელი დირექტორ(ებ)ი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) შესაბამისი კომიტეტების მეშვეობით.

2. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) საინვესტიციო სამსახური;

ბ) რისკის მართვის სამსახური;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

დ) საფინანსო დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

ზ) საოპერაციო და პენსიების დანიშვნა-გაცემის დეპარტამენტი;

თ) მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი;

ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

კ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;

ლ) იურიდიული დეპარტამენტი;

მ) პრეტენზიების განხილვის სამსახური.

3. საპენსიო ფონდი ფუნქციებს ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და დეპარტამენტების მეშვეობით. სტრუქტურული ერთეულები შესაძლოა დაიყოს სამმართველოებად, რათა სათანადოდ და ეფექტიანად შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები.

4. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი), ამ დებულების შესაბამისად, შეიმუშავებს და მმართველობით საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს ამ მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და სტრუქტურებს. სტრუქტურული ერთეულებისა და მათი თანამშრომლების ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულ თითოეული თანამშრომლის სამუშაო აღწერილობაში.

მუხლი 4. მმართველობითი საბჭო

1. მმართველობითი საბჭო შედგება 9 (ცხრა) წევრისგან, რომელთაგან სამი წევრი დანიშნულია კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხუთი წევრი – კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ერთი წევრი – თანამდებობრივად.

2. მმართველობითი საბჭო მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს ირჩევს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

3. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს:

ა) მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი;

ბ) მმართველობითი საბჭოს წევრი, თუ ის ამავდროულად საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

4. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ და მის მოადგილედ დანიშვნის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს მათი მმართველობითი საბჭოს წევრობის დარჩენილ ვადას.

5. მმართველობითი საბჭოს წევრი თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ ხელახლა შესაძლოა აირჩეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების ვადა ჯამურად არ აღემატება 6 (ექვს) წელს.

6. მმართველობითი საბჭო სხდომებს ატარებს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

7. გენერალური დირექტორი, რომელიც ამავდროულად არ წარმოადგენს მმართველობითი საბჭოს წევრს, ესწრება მმართველობითი საბჭოს ყველა სხდომას, გარდა რიგგარეშე სხდომისა. რიგგარეშე სხდომაზე გენერალური დირექტორის დასწრების საკითხს გადაწყვეტს მმართველობითი საბჭო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. გენერალური დირექტორი მონაწილეობს მმართველობითი საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გენერალური დირექტორი წარმოადგენს მმართველობითი საბჭოს წევრს, რა შემთხვევაშიც ის საკითხს ხმას აძლევს მხოლოდ როგორც მმართველობითი საბჭოს წევრი.

8. იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრება მმართველობითი საბჭოს ყველა სხდომას, გარდა რიგგარეშე სხდომებისა, ხმის მიცემის უფლების გარეშე და ასრულებს მმართველობითი საბჭოს სხდომის მდივნის ფუნქციას. რიგგარეშე სხდომაზე იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის დასწრების საკითხს გადაწყვეტს მმართველობითი საბჭო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. გენერალური დირექტორი და სხდომის მდივანი უზრუნველყოფენ მმართველობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებას მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. სხდომის მდივანი ადგენს სხდომის ოქმს და გადასცემს მას მმართველობითი საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად, რის შემდგომაც, აღნიშნულ ოქმს გადასცემს შესანახად შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველობითი საბჭოს სხდომა იმართება იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარეშე, მმართველობითი საბჭო ნიშნავს სხდომის მდივანს მმართველობითი საბჭოს წევრთაგან.

9. საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე სხვა მოწვეული პირები შეიძლება დაესწრონ მმართველობითი საბჭოს სხდომას, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან მმართველობითი საბჭოს, სულ მცირე, ორი წევრის გონივრული ვადით ადრე მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 5. მმართველობითი საბჭოს სხდომების ჩატარების წესი

1. მმართველობითი საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. მმართველობითი საბჭო ყოველი წლის ბოლოს ადგენს მომდევნო წლის სხდომების კალენდარს.

2. საჭიროების შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად ან მმართველობითი საბჭოს არანაკლებ 3 (სამი) წევრი ერთობლივად უფლებამოსილია თავმჯდომარისათვის მიმართვის გარეშე მოიწვიოს მმართველობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. გენერალური დირექტორი ან არანაკლებ ორი აღმასრულებელი დირექტორი ერთობლივად უფლებამოსილია მოითხოვოს მმართველობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისათვის შესაბამისი მოთხოვნისა და მის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგის წარდგენით.

3. მმართველობითი საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მმართველობითი საბჭოს სხდომის ჩატარებამდე მმართველობითი საბჭოს წევრთაგან ერთჯერადად განსაზღვროს სხდომის თავმჯდომარე.

4. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოს თითოეული წევრისათვის და სხდომაზე მოწვეული სხვა პირებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხდომის ჩატარების ადგილისა და სხდომის დღის წესრიგის შეტყობინებას და მიაწვდის მათ შესაბამის მასალებს სხდომის თარიღამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე. სხდომაზე დასწრება შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

5. მმართველობითი საბჭოს თითოეული სხდომის დაწყებამდე აუცილებელია, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო კვორუმი. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მმართველობითი საბჭოს სხდომას ესწრება მმართველობითი საბჭოს ხმის უფლების მქონე არანაკლებ 6 (ექვსი) წევრი. 

6. მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 (ერთი) ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელია საკითხის მხარდასაჭერად მმართველობითი საბჭოს არანაკლებ 6 (ექვსი) წევრის ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ხმა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. მმართველობითი საბჭოს სხდომის სამუშაო პროცესი და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით სხდომის მდივნის მიერ. მას ხელს აწერენ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე და მმართველობითი საბჭოს დამსწრე წევრები.

8. მმართველობითი საბჭოს მიერ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, რისკის მართვის ჩარჩოსა და ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მმართველობითი საბჭოს ფიზიკურ სხდომაზე. სხვა დანარჩენი საკითხების თაობაზე მმართველობითი საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის შემდეგი საშუალებით:

ა) ტელეკონფერენციის მეშვეობით, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით, ან

ბ) მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან გენერალური დირექტორის მიერ საკითხის მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრთან წერილობით გაგზავნით, რა შემთხვევაშიც მმართველობითი საბჭოს თითოეული წევრი მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს ან გენერალურ დირექტორს წერილობით შეატყობინებს საკითხზე პოზიციას (მისცემს ხმას) წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით.

9. მმართველობითი საბჭოს სხდომაზე მისი წევრის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სხდომაზე გამოცხადებას, ჩაითვლება საპატიო მიზეზად. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს (შესაძლებელია ელექტრონულად) მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ მმართველობითი საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 48 საათისა. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამის სხდომაზე დაადგინოს, მიიჩნევა თუ არა მიზეზი საპატიოდ. მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიიღება კანონით გათვალისწინებული ზომა.

მუხლი 6. მმართველობითი საბჭოს ფუნქციები

მმართველობითი საბჭოს ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) თითოეული კალენდარული წლის დასასრულს, მომდევნო კალენდარული წლის საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საპენსიო ფონდის საშტატო ნუსხის დამტკიცება;

ბ) საპენსიო ფონდის კომიტეტების წესდებების დამტკიცება და საპენსიო ფონდის თითოეული სტრუქტურული ერთეულის დებულებებისა და მათი სტრუქტურების შეთანხმება;

გ) საპენსიო ფონდისა და მისი აღმასრულებელი დირექტორების საქმიანობის ზედამხედველობა და მათთვის შესაბამისი მითითებების მიცემა;

დ) გენერალური დირექტორის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსის კონკურსის წესით არჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) გენერალური დირექტორის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტების შეთანხმება;

ვ) საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა;

ზ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, რისკის მართვის ჩარჩოს და ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტებისა და სხვა დოკუმენტების განხილვა და დამტკიცება;

თ) ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება;

ი) საჭიროებისამებრ და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობით, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიის გადასინჯვა და შესაბამისი განახლება;

კ) საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება არანაკლებ კვარტალში ერთხელ;

ლ) საინვესტიციო კომიტეტის წარდგინებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის განსაზღვრა და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევა;

მ) საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტორინგი;

ნ) საპენსიო ფონდის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან;

ო) საპენსიო ფონდის საქმიანობის აუთსორსინგის პოლიტიკის შემუშავება და დამტკიცება;

პ) კომიტეტების, აღმასრულებელი დირექტორების ან/და საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომლისაგან ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრულ საკითხზე;

ჟ) აღმასრულებელი დირექტორების, მათი მოადგილეებისა და საპენსიო ფონდის ყველა სხვა თანამშრომლის პრემიის გაცემის ერთიანი პაკეტის დამტკიცება;

რ) მმართველობითი საბჭოს უფლებამოსილებების შესრულების მიზნით მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ საჭირო გარე კორესპონდენციის გაგზავნა;

ს) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 7. საპენსიო ფონდის კომიტეტები

1. მმართველობითი საბჭო ქმნის შემდეგ მუდმივმოქმედ კომიტეტებს: აუდიტის, რისკის, საინვესტიციო, ასევე ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტებს. თითოეულ კომიტეტს აქვს წესდება, ჰყავს თავმჯდომარე და მოადგილე. აღნიშნული კომიტეტები უნდა დაკომპლექტდეს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საინვესტიციო კომიტეტი შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, აგრეთვე, მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს აქტივების მმართველ კომპანიას/კომპანიებს და სპეციალიზებულ დეპოზიტარს. საინვესტიციო კომიტეტი, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3. რისკის კომიტეტი შეიმუშავებს რისკის მართვის ჩარჩოს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. რისკის კომიტეტი, რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4. შიდა აუდიტის უფროსი ესწრება აუდიტის კომიტეტის ყველა სხდომას, თუ აუდიტის კომიტეტის მიერ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს სხდომაზე აუდიტის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. აუდიტის კომიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ზედამხედველობა საპენსიო ფონდის ყველა საქმიანობაზე, მათ შორის,  განიხილავს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარე აუდიტის განსახორციელებლად შეარჩევს აუდიტორულ ფირმას და წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასანიშნად. აუდიტორული ფირმა უნდა შეირჩეს მსოფლიოს 4 (ოთხი) უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან. აუდიტის კომიტეტი ადგენს და გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს წესებს ყველა იმ ოპერაციისათვის, რომელიც დაკავშირებულია საპენსიო ფონდის გადარიცხვებთან, საბანკო ოპერაციებთან და საგადახდო ინსტრუმენტებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხებისა.

5. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი შეიმუშავებს ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტს და საშტატო პოლიტიკის დოკუმენტს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად და წარუდგენს მათ მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად.

6. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი წარმართავს საპენსიო ფონდის თანამშრომლების, მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების შეფასების პროცესს ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე და შედეგად მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პრემიების გაცემის ერთიან პაკეტს. საპენსიო ფონდის თანამშრომლების (გარდა აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეებისა) შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ჩართულობით.

7. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი უზრუნველყოფს აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების პრემიების მოცულობის დადგენის მიზნით შესაბამისი კომიტეტებისაგან ინფორმაციის გამოთხოვას, რის შემდგომაც ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი ახდენს აღნიშნული ინფორმაციის კონსოლიდაციას და დამუშავებას.

8. პრემიების გაცემის ერთიანი პაკეტი უნდა ეფუძნებოდეს შესრულების ძირითად ინდიკატორებს, რომლის დადგენის პრინციპებიც განსაზღვრულია ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტით. შესრულების ძირითად ინდიკატორებს შეიმუშავებს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.

9. თითოეული კომიტეტი შეიმუშავებს თავის წესდებას, რომლითაც განისაზღვრება ამ კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს მმართველობითი საბჭოს წინაშე კომიტეტის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და კომიტეტის წევრთა ფუნქციების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის წესდებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

10. მმართველობითი საბჭოს წევრების, აღმასრულებელი დირექტორების ან საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლის საქმიანობა კომიტეტში არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

11. კომიტეტების შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ მმართველობითი საბჭოს წევრები (გარდა თანამდებობრივი წევრისა), აღმასრულებელი დირექტორები, საპენსიო ფონდის თანამშრომლები ან მოწვეული ექსპერტები, გარდა აუდიტის კომიტეტისა. კომიტეტის წევრებს ნიშნავს მმართველობითი საბჭო. კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ მმართველობითი საბჭოს წევრებსა და აღმასრულებელ დირექტორებს, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორი არის კომიტეტის წევრი, გარდა აუდიტის კომიტეტისა. კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩევა კომიტეტში შემავალი მმართველობითი საბჭოს წევრთაგან. თითოეულ კომიტეტს ჰყავს მდივანი, რომელსაც ნიშნავს შესაბამისი კომიტეტი.

12. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე და მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება იყოს კომიტეტის წევრი, თუმცა იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომიტეტის თავმჯდომარე და მოადგილე.

13. კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. კომიტეტზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილის ხმა.

14. კომიტეტის სხდომის ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ფიზიკური შეხვედრების გზით და ასევე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით:

ა) ტელეკონფერენციის მეშვეობით, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით, ან;

ბ) კომიტეტის თავმჯდომარის მიერ საკითხის კომიტეტის თითოეულ წევრთან წერილობით გაგზავნით, რა შემთხვევაშიც კომიტეტის თითოეული წევრი კომიტეტის თავმჯდომარეს წერილობით შეატყობინებს საკითხზე პოზიციას (მისცემს ხმას) წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით.

15. თუ კომიტეტის შესაბამისი სხდომისთვის სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ესწრება საინვესტიციო კომიტეტის ყველა სხდომას.

16. თუ კომიტეტის შესაბამისი სხდომისთვის სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, მთავარი რისკის ოფიცერი ესწრება რისკის კომიტეტის ყველა სხდომას.

17. თუ შესაბამისი კომიტეტის მიერ კომიტეტის შესაბამისი სხდომისთვის სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, გენერალური დირექტორი ესწრება ყველა შესაბამისი კომიტეტის სხდომებს.

18. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას სხვა დამატებითი კომიტეტები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა.

19. თითოეული კომიტეტი ვალდებულია მმართველობით საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.

20. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას სპეციალური დროებითი კომიტეტები კონკრეტულ საკითხებზე სამუშაოდ, რომლებიც საჭიროებენ მიზნობრივ ექსპერტიზას, გაძლიერებულ ზედამხედველობას ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის მართვას. ასეთი კომიტეტების მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა და საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას ინარჩუნებს მმართველობითი საბჭო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ სხვაგვარად არის დადგენილი.

მუხლი 8. საკონსულტაციო ჯგუფი და სამუშაო ჯგუფი

1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია რეკომენდაციების მისაღებად შექმნას და მოიწვიოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლებისგან. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მმართველობითი საბჭო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე. საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მმართველობითი საბჭოს მიერ.

2. საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს სულ მცირე 6 (ექვსი) წევრისაგან, რომლებსაც გენერალური დირექტორის მიმართვის საფუძველზე წარადგენენ მსხვილ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებები/ასოციაციები. საკონსულტაციო ჯგუფის წევრად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი დარგის ექსპერტიც.

3. საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციები განხილული უნდა იქნეს მმართველობითი საბჭოს მიერ მომდევნო სხდომაზე საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციების მიღების შემდეგ.

4. მმართველობითი საბჭო ან თითოეული კომიტეტი უფლებამოსილია საკუთარ წევრთაგან, აღმასრულებელ დირექტორთაგან და საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელთაგან ჩამოაყალიბოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მმართველობითი საბჭოს ან შესაბამისი კომიტეტის ფუნქციების განხორციელების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სამუშაო ჯგუფს დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

მუხლი 9. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების და მათი მოადგილეების შერჩევის წესი

1. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს მმართველობითი საბჭო და მათ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს 5 (ხუთი) წლის ვადით. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მმართველობითი საბჭო.

2. საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული, სულ მცირე, 2 (ორი) ადგილობრივი საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად აქვს უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს მარეგულირებელი წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

4. მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) გასაუბრება.

5. მმართველობითი საბჭოს მიერ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დასანიშნად შერჩეული კანდიდატი ექვემდებარება მარეგულირებელი წესის შესაბამისად შესაფერისობის შემოწმებას.

6. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს მმართველობითი საბჭო. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი, ხოლო კონკურსის ჩატარების ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი.

7. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი შეიმუშავებს აღმასრულებელი დირექტორების შერჩევისა და შეფასების დეტალურ პროცესსა და კრიტერიუმებს, ასევე ამზადებს მათი ანაზღაურების პაკეტის წინადადებებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.

8. კონკურსის დასრულებისას დგება მმართველობითი საბჭოს სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

9. მმართველობითი საბჭო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს შერჩეულ კანდიდატთა შორის საუკეთესო კანდიდატს. ეროვნული ბანკის თანხმობის შემთხვევაში ან ეროვნული ბანკისაგან კანდიდატის დანიშვნაზე უარის მიღების შემთხვევაში, კონკურსს აცხადებს განმეორებით, ან ეროვნულ ბანკს წარუდგენს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში მომდევნო საუკეთესო შერჩეულ კანდიდატს.

10. აღმასრულებელი დირექტორი შესაბამის კომიტეტთან შეთანხმებით, თავად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან მის მოადგილეს, გენერალური დირექტორისათვის მიმართვის გზით, თუ მმართველობითი საბჭოს მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მარეგულირებელი წესით გათვალისწინებულ შესაფერისობის მოთხოვნებს.

მუხლი 10. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) საკუთარი განცხადება, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მიმართავს მმართველობით საბჭოს;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) მის მიმართ სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ შესრულება;

თ) გარდაცვალება;

ი) მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილება სხვა ნებისმიერი საფუძვლით;

კ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საპენსიო ფონდის შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ან საპენსიო ფონდის სხვა ნებისმიერ შესაბამის თანამშრომელს დააკისროს გათავისუფლებული აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შესრულება. ასეთ შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელ აღმასრულებელ დირექტორს დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორის ყველა ფუნქცია, იმის გათვალისწინებით, რომ მოვალეობის შემსრულებელი უნდა აკმაყოფილებდეს მარეგულირებელი წესით დადგენილ მოთხოვნებს.

თავი მეორე

საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა

მუხლი 11. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა და დირექტორატი

1. საპენსიო ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავენ შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორები და მათი მოადგილეები.

2. გენერალური დირექტორი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საქმიანობასა და შედეგებზე, გარდა საინვესტიციო, რისკებისა და შიდა აუდიტის მიმართულებებისა და იმ საკითხებისა, რომლებიც სხვაგვარად არის განსაზღვრული საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით.

3. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის ნაწილია დირექტორატი, რომელიც შედგება ყველა აღმასრულებელ დირექტორისაგან, გარდა შიდა აუდიტის უფროსისა. დირექტორატის წევრები ასევე არიან გენერალური დირექტორის მოადგილეები. დირექტორატს თავმჯდომარეობს გენერალური დირექტორი. დირექტორატი მათ შორის უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირებას. დირექტორატის საქმიანობის წესები განისაზღვრება მის მიერვე დამტკიცებული წესდებით, რომელიც არ საჭიროებს მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებას.

4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებულნი არიან, გენერალურ დირექტორს რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილია მისი ფუნქციების შესრულების დროს გამოვლენილი საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დირექტორატს.

5. საპენსიო ფონდის ყველა სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ყოველდღიური საქმიანობის მართვაზე. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იყოს. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ამ სტრუქტურული ერთეულის – სამმართველოს ხელმძღვანელი. საინვესტიციო სამსახურისა და რისკის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებს წარმოადგენენ აღმასრულებელი დირექტორები – მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელია აღმასრულებელი დირექტორი – შიდა აუდიტის უფროსი.

6. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გენერალურ დირექტორთან კოორდინაციით, ამზადებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას, რომელსაც დამტკიცების მიზნით გენერალური დირექტორი წარუდგენს მმართველობით საბჭოს შესათანხმებლად.

7. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. შესაბამისი უფლებამოსილებების მოადგილისთვის გადაცემა ხორციელდება გენერალური დირექტორისათვის მიმართვის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

მუხლი 12. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის უფლება-მოვალეობები

1. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდს, ორგანიზებას უწევს მის საქმიანობას და ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში და კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების შექმნას, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა (მათ შორის, ანაზღაურების პოლიტიკის შესაბამისად) და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

გ) ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებზე და მათ მემკვიდრეებზე და პენსიის მიმღებებზე პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემის პროცესის ადმინისტრირებას;

დ) ამზადებს და ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა, მმართველობით საბჭოს წარუდგენს საპენსიო ფონდის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, რომელიც აღწერს საპენსიო ფონდის საქმიანობას წინა წლის განმავლობაში, ასევე სამუშაო გეგმას მიმდინარე წლისთვის;

ე) ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა, მმართველობით საბჭოს წარუდგენს საპენსიო ფონდის წლიურ არააუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშს;

ვ) კანონით განსაზღვრულ ვადაში, ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს წარუდგენს საპენსიო ფონდის საქმიანობის წლიურ ანგარიშს;

ზ) კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მმართველობით საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, მათ შორის, ერთობლივ ნორმატიულ აქტს შემოსავლების სამსახურთან ერთად;

თ) მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს მიერ განსახილველად და დასამტკიცებლად ამზადებს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას;

ი) მონაწილეობს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების შეფასების პროცესში. ასევე შეფასების პროცესში ახდენს კონსოლიდაციას სხვა აღმასრულებელი დირექტორების დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების შეფასებების, რის შემდეგაც ამზადებს და წარუდგენს შესაბამისი პრემიების გაცემის ერთიანი პაკეტის პროექტს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტს;

კ) მმართველობითი საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს წინაშე წარადგენს შესაბამისად მოთხოვნილ ანგარიშებს;

ლ) მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს:

ლ.ა) საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და სტრუქტურებს;

ლ.ბ) საპენსიო ფონდის ეთიკის კოდექსს;

მ) უზრუნველყოფს ყველა დოკუმენტის შენახვასა და აღრიცხვას;

ნ) აფორმებს ხელშეკრულებებს:

ნ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასა (კომპანიებსა) და სპეციალიზებულ დეპოზიტართან;

ნ.ბ) ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ან დაგროვებითი საპენსიო სქემის პოპულარიზაციისა და წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირ(ებ)თან ან სხვა ნებისმიერ პირთან;

ნ.გ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისათვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან;

ნ.დ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენის/განკარგვის თაობაზე;

ო) ხსნის საბანკო ანგარიშებს კომერციულ ბანკებში საპენსიო ფონდის ადმინისტრირება-მართვის მიზნებისთვის, ასევე სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევამდე ნომინალური მფლობელობის ანგარიშებს ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში, საპენსიო აქტივების განთავსებისა და მართვის მიზნით;

პ) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;

ჟ) განიხილავს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს საპენსიო შენატანთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევის საკითხებზე;

რ) საპენსიო ფონდის ნებისმიერ თანამშრომელს, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ანიჭებს თავის ცალკეულ უფლება-მოვალეობებს. გენერალური დირექტორის მიერ უფლებამოსილების დელეგირება არ უნდა განხორციელდეს საპენსიო ფონდის ორგანიზაციული მოწყობის, უფლებამოსილებათა გადანაწილების, იერარქიული დაქვემდებარებისა და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის პრინციპების დარღვევით.

ს) ხელს აწერს საპენსიო ფონდის სახელით გასაგზავნ გარე კორესპონდენციას, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.

2. გენერალური დირექტორი უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის მართვასა და საპენსიო სქემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ჩანაწერების აღრიცხვას და შენახვას მარეგულირებელი წესის გათვალისწინებით. ამავდროულად, დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებულ შენატანებთან დაკავშირებული ჩანაწერები ან მათი ელექტრონული ასლები, რომლებიც ადასტურებს პენსიის გაცემის უფლებას მონაწილისათვის და მემკვიდრისათვის შენახული უნდა იქნეს განუსაზღვრელი ვადით. ასევე, უვადოდ უნდა მოხდეს მმართველობითი საბჭოს სხდომის ოქმების მატერიალური და ელექტრონული ფორმით შენახვა.

3. გენერალურ დირექტორს ჰყავს არაუმეტეს 2 (ორი) მოადგილე, რომელთაც თავად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებით. გენერალური დირექტორის არყოფნის ან სხვა მიზეზით მის მიერ საქმიანობის შეუსრულებლობის დროს, გენერალური დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესით დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს.

4. თუ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი გენერალური დირექტორი მმართველობითი საბჭოს მიერ, მოქმედი გენერალური დირექტორი აგრძელებს დროებით უფლებამოსილების შესრულებას ვადის ამოწურვიდან მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით.

5. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, ბრძანების საფუძველზე, საპენსიო ფონდის ფარგლებში კონკრეტულ საკითხებზე სამუშაოდ შექმნას საკონსულტაციო საბჭო.

6. თუ საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს და გააფორმოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.

მუხლი 13. საოპერაციო და პენსიების დანიშვნის/გაცემის დეპარტამენტი

საოპერაციო და პენსიების დანიშვნის/გაცემის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საპენსიო შენატანების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა;

ბ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების ადმინისტრირება და პორტფელის ერთეულების გაანგარიშება/გამოთვლა;

გ) მონაწილეების ინფორმირება საპენსიო აქტივებზე მათი უფლებების შესახებ (მათ შორის, პენსიის მიღების ფორმების შესახებ) და პენსიის გაცემა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) მონაწილის, პენსიის მიმღების და მემკვიდრის მიერ მისაღები საპენსიო აქტივის ღირებულების გამოთვლა და გადახდა;

ე) საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის განსაზღვრა და მართვა;

ვ) სხვა ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების მომზადება;

ზ) საპენსიო შენატანების აკუმულირებისათვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მიზნით, საქართველოში შესაბამისი ლიცენზიის მქონე კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებების წარმოება და აღნიშნული ანგარიშების მართვა და აღნიშნულის თაობაზე რისკის მართვის სამსახურის წინაშე ყოველთვიური ანგარიშგება;

თ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 14. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური

1. საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

2. საინვესტიციო სამსახურის ფუნქციები, სხვა საკითხებთან ერთად და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, მოიცავს ინვესტიციების მართვას, საინვესტიციო ოპერაციებს, საინვესტიციო კვლევას და საინვესტიციო პორტფელის რისკების ანალიზს.

3. საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გენერალურ დირექტორთან და საინვესტიციო კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე.

4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების მართვაზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური პასუხისმგებელი არიან საინვესტიციო პროცესებიდან წარმოქმნილი რისკების მართვაზე, საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი:

ა) უფლებამოსილია საპენსიო ფონდის სახელით მიიღოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, სავაჭრო გარიგებები და წარმოადგინოს საპენსიო ფონდი მესამე პირებთან საინვესტიციო გარიგებების, გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის განსახორციელებლად საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ფარგლებში;

ბ) მმართველობითი საბჭოს მიერ სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილია მისცეს დავალებები/ინსტრუქციები სპეციალიზებულ დეპოზიტარს;

გ) მონაწილეობას იღებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში;

დ) შეიმუშავებს და საინვესტიციო სამსახურში ნერგავს შიდა კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებსა და პროცესებს;

ე) უფლებამოსილია, მოამზადოს და წარუდგინოს სქემის მონაწილეებს, მედიასა და ეროვნულ ბანკს რეგულარული სიახლეები საინვესტიციო შედეგების შესახებ;

ვ) ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით და საინვესტიციო კომიტეტისა და მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას;

ზ) ახორციელებს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

6. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ.

7. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ფუნქციები დროებით დაეკისრება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილეს, რომელსაც მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს გენერალური დირექტორი და რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესით დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს.

8. საინვესტიციო სამსახური უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლას საპენსიო ფონდის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა ან/და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

9. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მოაწეროს მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხთან დაკავშირებით გარე გასაგზავნ კორესპონდენციას. ყველა სხვა შემთხვევაში კორესპონდენციას ხელს აწერს გენერალური დირექტორი, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.

მუხლი 15. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიზანია საპენსიო ფონდის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების, მმართველობითი საბჭოს და საპენსიო ფონდის კომიტეტების ტექნიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა, საპენსიო ფონდის ყველა სხვა სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და გარე კომუნიკაციებისა და კოორდინაციის ხელშეწყობა, რაც მოიცავს, მათ შორის, მივლინებებს, საერთაშორისო ვიზიტებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრების ორგანიზებასა და კოორდინაციას;

ბ) საპენსიო ფონდის უზრუნველყოფა აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;

გ) საპენსიო ფონდის კუთვნილი ქონების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მათი უფლებამოსილი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა. საპენსიო ფონდის მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება;

დ) სასაწყობო მეურნეობის მართვა, აუცილებელი მინიმალური მარაგების/ნაშთების შესახებ ინფორმაციის უშუალო ხელმძღვანელისათვის წარდგენა და აღნიშნული მარაგების/ნაშთების კონტროლი;

ე) საპენსიო ფონდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკის გამართულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის მოვლა-შენახვა;

ვ) საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული შენობის ფიზიკური, მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვის და შრომის უსაფრთხოების დამატებითი რეგულაციების უზრუნველყოფა;

ზ) საჯარო ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებული კორესპონდენციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

თ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან და შიდა პოლიტიკასთან;

ი) ამ დებულების შესაბამისად, საპენსიო ფონდის საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მათ შორის, საპენსიო ფონდის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის (საპენსიო ფონდის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული კორესპონდენციის ჩათვლით) მონიტორინგი და აღრიცხვა, ასევე, ასეთი კორესპონდენციის დროული დამუშავება;

კ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის, დამსაქმებლებისთვის, თვითდასაქმებული პირებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის, პრაქტიკული ან/და მეთოდოლოგიური მომსახურების გაწევა ადგილზე ან დისტანციურად (ცხელი ხაზის მეშვეობით);

ლ) საპენსიო ფონდის ცხელი ხაზით უზრუნველყოფა და მისი მეშვეობით შემოსული ზარების მიღება, მონიტორინგი, პასუხის გაცემა/კონსულტაციის გაწევა;

მ) მონაწილეთა მომსახურების სივრცე(ებ)ში დაინტერესებულ პირებთან უშუალო კომუნიკაცია და სათანადო მომსახურების/კონსულტაციის გაწევა;

ნ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული კითხვების/მოთხოვნების მიღება, გადამოწმება, კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება ან/და საპენსიო ფონდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადაგზავნა სათანადო რეაგირებისთვის;

ო) საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს სხდომის ოქმების შენახვა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

პ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 16. იურიდიული დეპარტამენტი

1. იურიდიული დეპარტამენტის მიზანია საპენსიო ფონდის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) გენერალური დირექტორისა და მმართველობითი საბჭოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) გენერალური დირექტორისა და მმართველობითი საბჭოს მიერ გამოსაცემი შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოქვეყნებისათვის საჭირო პროცესების უზრუნველყოფა;

გ) შესაბამისი სამართლებრივი სიახლეების/საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

დ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში საპენსიო ფონდის წარმომადგენლობა;

ე) საპენსიო ფონდში შესული ადმინისტრაციული საჩივრებისა და საპენსიო ფონდის მონაწილეობით წარმოებული სასამართლო დავების სამართლებრივი ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა გენერალური დირექტორისთვის ან/და მმართველობითი საბჭოსთვის;

ვ) საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) საპენსიო ფონდის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

3. იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია განსაზღვროს სამართლებრივი დავის წარმართვის ტაქტიკა და სტრატეგია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც სამართლებრივმა დავამ შესაძლოა საპენსიო ფონდს მნიშვნელოვანი მატერიალური ან რეპუტაციული ზიანი მიაყენოს, რა შემთხვევაშიც სამართლებრივ დავასთან დაკავშირებული საპენსიო ფონდის სტრატეგია საჭიროებს მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებას.

4. იურიდიული დეპარტამენტის მიერ სამართლებრივი დავის მორიგებით დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მმართველობით საბჭოსთან წინასწარი შეთანხმებით.

5. საპენსიო ფონდის საწინააღმდეგო ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში იურიდიული დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრება საბოლოო სასამართლო ინსტანციამდე.

მუხლი 17. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

1. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიზანია საჯარო მნიშვნელობის ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებითა და ინტენსივობით მიწოდება, ასევე დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების წარმართვა.

2. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საჭიროებისამებრ საპენსიო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კვლევების მომზადების უზრუნველყოფა, სტრატეგიების შემუშავება და ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ბ) მედიაკამპანიების წარმოებისთვის/განთავსებისათვის შესაბამისი შესყიდვის უზრუნველყოფა და შესყიდული ეთერის/პლატფორმის შედეგების რეგულარული მონიტორინგი, ბრენდის აქტივობისა და აქტუალურობის მონიტორინგი, საზოგადოების ინფორმირებულობისა და მათი განწყობების შეფასება როგორც დაგროვებითი საპენსიო სქემის მიმართ ზოგადად, ასევე საგანგებო ვითარებების შემთხვევაში;

გ) მჭიდრო თანამშრომლობა საპენსიო ფონდის სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიზნის მიღწევის უზრუნველყოფისათვის;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან საპენსიო ფონდის ურთიერთობის კოორდინაცია და მართვა;

ე) საპენსიო ფონდის სარეკლამო და საინფორმაციო, მარკეტინგული კამპანიის წარმოება და მართვა. ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზებისა და მსგავსი ინფორმაციის მომზადება და საინფორმაციო-სოციალურ საშუალებებში გაზიარება-გავრცელება;

ვ) თემატური ელექტრონული ან/და ბეჭდვითი პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება;

ზ) საპენსიო ფონდთან დაკავშირებული მედიამონიტორინგის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;

თ) საკომუნიკაციო გეგმის მომზადება და მართვა;

ი) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 18. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია საპენსიო ფონდის საქმიანობისა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საპენსიო ფონდის საქმიანობის პროცესის ავტომატიზაცია;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა ან გარე პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა, დანერგვა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება და მართვა-ადმინისტრირება;

გ) საპენსიო ფონდში დაცული ელექტრონული მონაცემების შენახვა და ადმინისტრირება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვით;

დ) კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი და დროული რეაგირება;

ე) საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

ვ) პენსიისა და საპენსიო აქტივების მოცულობის სიმულაციისა და გამოთვლისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;

ზ) ფართოდ გამოყენებადი საპენსიო პროგრამებისა და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიური ხელსაწყოების შექმნა და სისტემური დანერგვა;

თ) გარე მომსახურების მომწოდებლების მიერ შექმნილი სისტემებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, მათი მუშაობის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;

ი) ამ დებულების შესაბამისად და რისკის მართვის სამსახურთან ერთად, საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის, წესებისა და პროცედურების შემუშავება და გენერალური დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

კ) საპენსიო ფონდის ყველა პროგრამული უზრუნველყოფისათვის უსაფრთხოების მონიტორინგი;

ლ) ქსელის დაცულობის, შეუღწევადობის, უსაფრთხოების და მონაცემთა ცენტრისა და უბედური შემთხვევისგან აღდგენის ინფრასტრუქტურის არსებობის უზრუნველყოფა;

მ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 19. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

1. შიდა აუდიტის დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს კანონისა და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ასრულებს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარწმუნებელ ფუნქციას და, მათ შორის, უზრუნველყოფს:

ა) ფინანსური მართვის, შიდა კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

ბ) საპენსიო ფონდის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასებას;

გ) საპენსიო ფონდის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტის მიზნებისათვის;

ე) საპენსიო ფონდის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის სათანადოდ დაცულობის შეფასებას;

ვ) სხვა საქმიანობებს, რომლებიც გამომდინარეობს საპენსიო ფონდის საქმიანობის სპეციფიკიდან;

ზ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს შიდა აუდიტის უფროსი გენერალურ დირექტორთან და აუდიტის კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე.

4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს საპენსიო ფონდში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო და აღნიშნული მიზნებისათვის შიდა აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია, ჰქონდეს წვდომა საპენსიო ფონდში არსებულ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციების შესრულებისთვის, და მიიღოს ინფორმაცია ყველა იმ ოპერაციის შესახებ, რომელიც ხორციელდება საპენსიო ფონდის სახელით აქტივების მმართველი კომპანიის/კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარის და სხვა საპენსიო ფონდისათვის მომსახურების განმახორციელებელი პირების მიერ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპენსიო ფონდის თანამშრომლები, აღმასრულებელი დირექტორები და მმართველობითი საბჭოს წევრები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის დეპარტამენტთან.

6. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოსა და აუდიტის კომიტეტის წინაშე.

7. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანგარიშებს წარუდგენს მმართველობით საბჭოს, აუდიტის კომიტეტს და დირექტორატს.

8. შიდა აუდიტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ფუნქციები დროებით დაეკისრება შიდა აუდიტის უფროსის მოადგილეს, რომელსაც მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს გენერალური დირექტორი და რომელიც, ამავდროულად, აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესით დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს.

9. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილია ხელი მოაწეროს მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხთან დაკავშირებით გარე გასაგზავნ კორესპონდენციას. ყველა სხვა შემთხვევაში კორესპონდენციას ხელს აწერს გენერალური დირექტორი, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.

მუხლი 20. მთავარი რისკის ოფიცერი და რისკის მართვის სამსახური

1. რისკის მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი რისკის ოფიცერი.

2. რისკის მართვის სამსახური სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად საპენსიო ფონდის რისკის მართვას.

3. საპენსიო ფონდში რისკის მართვა ხორციელდება შემდეგი პრინციპით:

ა) საპენსიო ფონდის ყველა სტრუქტურული ერთეული, საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მათი საქმიანობის თანმდევი რისკების მართვაზე;

ბ) რისკის მართვის სამსახურის ფუნქცია მოიცავს რისკის ამღები სტრუქტურული ერთეულების ზედამხედველობას კომპეტენციის ფარგლებში და მათი ქმედებების საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.

4. საპენსიო ფონდის რისკის მართვის სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს მთავარი რისკის ოფიცერი, გენერალურ დირექტორთან და რისკის კომიტეტთან კონსულტაციით.

5. მთავარი რისკის ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საქმიანობის რისკების მართვაზე. რისკების მართვა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და შეფასების, აღმოფხვრისა და კონტროლის, რისკის მონიტორინგისა და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიების განსაზღვრასა და გაუმჯობესებას.

6. რისკის მართვის სამსახური ვალდებულია განახორციელოს საპენსიო ფონდის რისკის მართვა და ამ ფუნქციის განსახორციელებლად:

ა) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციის ეფექტიანი განხორციელება (მათ შორის, ბიზნესის უწყვეტობასთან მიმართებით) და უწყვეტი გაძლიერება, რაც მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, რაოდენობრივი გაზომვის, კონტროლის სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესებას და ანგარიშგებას ისე, რომ საპენსიო ფონდის რისკების მართვის შესაძლებლობები იყოს მტკიცე და ეფექტიანი საპენსიო ფონდის მიერ რისკის აღების ფუნქციების განხორციელებაში;

ბ) უნდა ჰქონდეს წვდომა საპენსიო ფონდში არსებულ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია რისკების მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისთვის, და მიიღოს ინფორმაცია იმ ყველა ოპერაციის შესახებ, რომელიც ხორციელდება საპენსიო ფონდის სახელით აქტივების მმართველი კომპანიის/კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო ფონდისათვის მომსახურების განმახორციელებელი სხვა პირების მიერ;

გ) განახორციელოს საპენსიო ფონდის საქმიანობის საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის რეგულარული მონიტორინგი;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად შეიმუშაოს საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, წესები და პროცედურები და მონიტორინგი გაუწიოს მათ განხორციელებას;

ე) მიიღოს მონაწილეობა რისკის მართვის ჩარჩოს შემუშავების პროცესში;

ვ) უზრუნველყოს შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების/პროცესების შემუშავება და დანერგვა რისკის მართვის სამსახურში;

ზ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს რეკომენდაციები;

თ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საპენსიო ფონდის კიბერუსაფრთხოება და საინფორმაციო უსაფრთხოება;

ი) უზრუნველყოს საპენსიო შენატანების აკუმულირებისათვის გახსნილი ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვის პროცესის მონიტორინგი;

კ) განახორციელოს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.

7. საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტი უნდა შეფასდეს, შემოწმდეს და იმართებოდეს ისე, რომ არ დაირღვეს საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტი, რომელიც დადგენილია მმართველობითი საბჭოს მიერ. მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებულია, რისკის აპეტიტის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მმართველობით საბჭოს, რისკის კომიტეტსა და გენერალურ დირექტორს.

8. მთავარი რისკის ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ფუნქციები დროებით დაეკისრება მთავარი რისკის ოფიცრის მოადგილეს, რომელსაც მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს გენერალური დირექტორი და რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესით დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს.

9. მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მოაწეროს მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხთან დაკავშირებით გარე გასაგზავნ კორესპონდენციას. ყველა სხვა შემთხვევაში კორესპონდენციას ხელს აწერს გენერალური დირექტორი, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.

მუხლი 21. საფინანსო დეპარტამენტი

1. საფინანსო დეპარტამენტი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საფინანსო საქმიანობის მართვაზე, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა, როგორც ეს განსაზღვრულია საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით.

2. საფინანსო დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საპენსიო ფონდის საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის უზრუნველყოფა;

ბ) საპენსიო ფონდის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება;

გ) საპენსიო ფონდის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და გენერალური დირექტორისთვის წარდგენა;

დ) საპენსიო ფონდის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;

ე) საპენსიო ფონდის ძირითადი საშუალებების, საპენსიო ფონდის ფულადი სახსრებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ორგანიზება და მისი შედეგების ბუღალტრული ასახვით უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფა;

ზ) საპენსიო ფონდის მიერ წარმოებული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა-გატარება ბუღალტრულ პროგრამაში, კანონმდებლობით დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა და დაარქივება;

თ) შემოსულობებისა და გადასახდელების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;

ი) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება;

კ) საპენსიო ფონდის თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა განაცემების დარიცხვა და გაცემა;

ლ) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა, გარდა საინვესტიციო გადაწყვეტილების ფარგლებში არსებული ანგარიშსწორების აღრიცხვისა;

მ) სხვადასხვა ორგანიზაციასა და უწყებასთან გაფორმებული შესყიდვების ხელშეკრულებების (გარდა საინვესტიციო გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა) ანგარიშსწორების მონიტორინგი;

ნ) შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება;

ო) შესყიდვებისთვის საჭირო ხელშეკრულებების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;

პ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით (გარდა საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლი, გადაცდენის შემთხვევაში – დროული და ადეკვატური რეაგირება;

ჟ) საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების მომზადება;

რ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 22. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი

1. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტის ფუნქცია, სხვა საკითხებთან ერთად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოიცავს დამსაქმებელთა მიერ შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების პროცესის უზრუნველყოფას. ამ მიზნით მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე, უზრუნველყოფს დამსაქმებლების მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მონიტორინგს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმებს. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი შეისწავლის დამსაქმებლებისა და მესამე პირებისგან მოწოდებულ ინფორმაციას შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების მიზნით.

2. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

მუხლი 23. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დასაქმების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) საპენსიო ფონდსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;

დ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის სისტემების შემუშავება და დანერგვა, თანამშრომელთა შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების გენერალური დირექტორისათვის წარდგენა;

ე) კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სტაჟირების სისტემის დანერგვა და ორგანიზება;

ვ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ფუნქციების შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 24. პრეტენზიების განხილვის სამსახური

1. საპენსიო ფონდის მიმართ პრეტენზიის შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს, მიმართოს პრეტენზიით პრეტენზიების განხილვის სამსახურს.

2. გენერალური დირექტორი შეიმუშავებს პრეტენზიების განხილვის სამსახურის დებულებასა და შიდა პროცედურებს და დამტკიცების მიზნით წარუდგენს მათ მმართველობით საბჭოს შესათანხმებლად. პრეტენზიების განხილვის სამსახურისთვის მიმართვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის, პენსიის მიმღებისა და მათი მემკვიდრისათვის, რომელთაც გააჩნიათ პრეტენზია საპენსიო ფონდის მიმართ.

3. პრეტენზიების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი თითოეული პრეტენზიის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი საკითხის გამოკვლევის მიზნით, კომპეტენციის შესაბამისად, საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულებისაგან ინფორმაციის გამოთხოვას და მის საფუძვლიან შესწავლას. პრეტენზიების განხილვის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიების თაობაზე, პრეტენზიის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

4. პრეტენზიების განხილვის სამსახურის შიდა მექანიზმები უნდა ითვალისწინებდეს პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობას ელექტრონული ან სხვა ფორმით.

5. პრეტენზიების განხილვის სამსახური აღრიცხავს საპენსიო ფონდისათვის წარდგენილ პრეტენზიებს და მარეგულირებელი წესის შესაბამისად გენერალური დირექტორი ახორციელებს ანგარიშგებას ეროვნულ ბანკთან.

მუხლი 25. ანგარიშგება და პასუხისმგებლობა სტრუქტურულ ერთეულებს შორის

საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში საპენსიო ფონდის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ანგარიშვალდებულება და დაქვემდებარება განსაზღვრულია დებულების დანართ №1-ის შესაბამისად.

თავი მესამე

სხვადასხვა

მუხლი 26. საპენსიო ფონდის თანამშრომლების შერჩევის წესი

1. საპენსიო ფონდის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით და საშტატო პოლიტიკის დოკუმენტით. საპენსიო ფონდის თანამშრომლის (გარდა აღმასრულებელი დირექტორების და მათი მოადგილეების თანამდებობებისა) შერჩევის მიზნით საპენსიო ფონდში გენერალური დირექტორის მიერ იქმნება საკონკურსო კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საპენსიო ფონდის არსებული თანამშრომლის სხვა პოზიციაზე გადაყვანა ან/და დაწინაურება.

2. საკონკურსო მოთხოვნები შესაბამისობაში უნდა იყოს მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ საშტატო ნუსხასთან. საშტატო ნუსხის შესაბამისად, ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი, შესაბამის კომიტეტებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, შეიმუშავებს და გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად გადასცემს შესაბამისი პოზიციებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ფუნქციებს.

3. გენერალური დირექტორი აღასრულებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებებს.

მუხლი 27. საპენსიო ფონდის ანგარიშვალდებულება და გარე აუდიტი

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) თვისა, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება.

2. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციას. აუდიტის კომიტეტი დამატებით ადგენს მონაწილეთათვის დამატებითი რეგულარული ანგარიშგების შესახებ წარსადგენი ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას.

3. გარე აუდიტის განმახორციელებელ ერთ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება უწყვეტად, მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება.

4. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი გარე არაფინანსური აუდიტის ჩატარება, თუ აღნიშნული მოთხოვნა აკმაყოფილებს აუდიტის კომიტეტის მოთხოვნებსა და პროცედურებს და მმართველობითი საბჭოს მიერ იქნება ნებადართული.

მუხლი 28. საპენსიო ფონდის დაფინანსება და ქონება

1. საპენსიო ფონდის დაფინანსების წყაროებია:

ა) საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასური, რომელიც გამოითვლება და გამოიქვითება საპენსიო სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან კანონის შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოსულობები და სახსრები მოხმარდება საპენსიო ფონდის მხოლოდ კანონით დადგენილი მიზნების მიღწევას და შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.

3. საპენსიო ფონდის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

4. საპენსიო ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

5. საპენსიო ფონდი სარგებლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიშით, ამასთან, აქვს ბეჭედი.

6. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში გახსნას ანგარიშები საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და მართოს საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

მუხლი 29. კონფიდენციალურობა

1. საპენსიო ფონდის თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, დაუშვან კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან თუ აღნიშნული პირდაპირ გამომდინარეობს თანამშრომლის სამუშაო აღწერილობიდან.

2. საპენსიო ფონდში არსებულ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა, ასევე დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან დაგროვებითი საპენსიო სქემის შესაბამისი მონაწილის ან/და პენსიის/საპენსიო აქტივების მიმღების თანხმობის საფუძველზე.

3. რისკის კომიტეტმა უნდა შეიმუშაოს და მმართველობითმა საბჭომ დაამტკიცოს ინფორმაციის დამუშავების, შენახვის, კლასიფიკაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) და მასზე წვდომის პოლიტიკა. აღნიშნული პოლიტიკის აღსრულებას უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ხოლო მისი შესრულების მონიტორინგს ახორციელებს რისკის მართვის სამსახური.

მუხლი 30. სამართლებრივი დავები

1. მხოლოდ მმართველობითი საბჭოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მორიგების შესახებ ნებისმიერ სამართლებრივ ქმედებასა ან მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს პოტენციურ სამართლებრივ დავას – როგორც საპენსიო ფონდის სასარგებლოდ, ისე მის წინააღმდეგ და იმ პირობებითა და წესით, რაც განსაზღვრული იქნება მმართველობითი საბჭოს მიერ.

2. საპენსიო ფონდის იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს საპენსიო ფონდი, აწარმოოს სამართლებრივი დავები, გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ სამართლებრივი ქმედებისა და მოთხოვნის, ასევე გამოძიებების და ადმინისტრაციული წარმოებების პროცესში, რომლებიც აღძრულია საპენსიო ფონდის, მმართველობითი საბჭოს ერთი ან რამდენიმე მოქმედი ან ყოფილი წევრის, გენერალური დირექტორის, სხვა აღმასრულებელი დირექტორების ან თანამშრომლ(ებ)ის წინააღმდეგ, საპენსიო ფონდში მისი საქმიანობიდან გამომდინარე. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც დავამ შესაძლოა გამოიწვიოს რეპუტაციული ან ფინანსური ზიანი და რომლის შედეგადაც შესაძლოა კანონით განსაზღვრული მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედება, ან იურიდიული დეპარტამენტი გასცემს რეკომენდაციას გარე იურიდიული წარმომადგენლის დაქირავების შესახებ. ასეთ შემთხვევებში იურიდიული დეპარტამენტი საჭიროებს მმართველობითი საბჭოს თანხმობას.

მუხლი 31. მმართველობითი საბჭოს მიერ მისი უფლებამოსილების დელეგირების უფლება

1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია გადასცეს თავისი ფუნქციები/უფლებამოსილებები საპენსიო ფონდის კომიტეტ(ებ)ს, გენერალურ დირექტორს, სხვა აღმასრულებელ დირექტორს ან საპენსიო ფონდში დასაქმებულ სხვა ნებისმიერ პირს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობას. მმართველობითი საბჭოს მიერ უფლებამოსილების დელეგირება არ უნდა განხორციელდეს საპენსიო ფონდის ორგანიზაციული მოწყობის, უფლებამოსილებათა გადანაწილებისა და იერარქიული დაქვემდებარების პრინციპების დარღვევით.

2. მმართველობითი საბჭოს მიერ რომელიმე მისი ფუნქციის/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომლითაც უნდა განისაზღვროს, საპენსიო ფონდის რომელ ორგანო(ებ)ზე/პირ(ებ)ზე ხდება დელეგირება და რომელი ფუნქციის/უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება. ყველა ასეთ დელეგირებას უნდა გააჩნდეს დელეგირების უფლების ამოქმედების თარიღი და მოქმედების ვადა.

3. დელეგირების შემთხვევაში მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს დელეგირებული პირ(ებ)ის საქმიანობის მონიტორინგს. ამ მუხლის შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს მიერ დელეგირება გავლენას არ ახდენს მის პასუხისმგებლობაზე.

მუხლი 32. ინტერესთა კონფლიქტი

მმართველობითი საბჭო ამტკიცებს ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში, დადგენილი უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტის მართვის წესები საპენსიო ფონდის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონესა და პროცესში (მათ შორის, შერჩევის/დასაქმების პროცესშიც). აღნიშნული ჩარჩო შეიძლება მოიცავდეს დეკლარაციის ფორმებსა და მათი განცხადების პროცედურებს, ინტერესთა კონფლიქტის მართვის მექანიზმებსა და შესაბამის ღონისძიებებს/ზომებს, მათ შორის, აცილებას, წვდომის ან/და საქმიანობის შეზღუდვებს და სხვა შესაბამის ზომებს.

მუხლი 33. მარეგულირებელი სამართალი

1. ეს დებულება უნდა განიმარტოს და საპენსიო ფონდის მართვა უნდა განხორციელდეს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ დებულებაში მითითება კანონის კონკრეტულ მუხლებზე მოიცავს ასევე იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც შეცვლიან ან ჩაანაცვლებენ აღნიშნულ მუხლებს და რომლებსაც საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები დაამტკიცებენ, ისევე როგორც ნებისმიერ შემდგომ ცვლილებებს.

თავი მეოთხე

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 34. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების რომელიმე მუხლის/პუნქტის/ქვეპუნქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა გავლენას არ მოახდენს დებულების სხვა ნორმების ნამდვილობაზე. ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი, რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო იოლად მიიღწევა საპენსიო ფონდის მიზანი.

მუხლი 35. გარდამავალი დებულებები

1. ამ დებულების დანართ №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მმართველობითი საბჭო დაამტკიცებს მის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ წლიურ ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა (მათ შორის, მათი ცვლილების) და რეორგანიზაციის გეგმას, თუ რეორგანიზაციის გეგმით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

2. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე საპენსიო ფონდი აგრძელებს ფუნქციონირებას 2025 წლის 1 მაისამდე დამტკიცებული ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად.

3. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნამდე მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის ცვლილებების დამტკიცებას.

4. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე 2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო სააგენტოს ფარგლებში შექმნილი ყველა კომიტეტი აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ამ დებულებით განსაზღვრული საკონსულტაციო საბჭო, გენერალური დირექტორის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადაში, გენერალურმა დირექტორმა უნდა უზრუნველყოს საპენსიო ფონდის ახალი საშტატო ნუსხისა და ბიუჯეტის კორექტირება, ასევე, რეორგანიზაციის გეგმის მომზადება და მმართველობითი საბჭოსთვის წარდგენა, ხოლო ამავე ვადაში მმართველობითმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტების დამტკიცება. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია აღნიშნული დოკუმენტების დამტკიცების მიზნით ეს ვადა ერთჯერადად გააგრძელოს 30 (ოცდაათი) დღით.

6. რეორგანიზაციის ფარგლებში გენერალური დირექტორი უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოსათვის რეორგანიზაციის გეგმის წარდგენას, რომლის მომზადების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში ჩართული უნდა იყვნენ სხვა აღმასრულებელი დირექტორებიც. აღნიშნულ გეგმას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. რეორგანიზაციის გეგმა უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშტატო ნუსხის საფუძველზე არსებული თანამშრომლების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს, რომლებიც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს სხვა პოზიციაზე გადაყვანას.

7. მმართველობითი საბჭოს მიერ ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებამდე და შესრულების ძირითადი ინდიკატორების პირველი პერიოდის გათვალისწინებით, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ამ დებულებისაგან განსხვავებული წესით დაადგინოს პრემიის გაცემა.

8. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, ამ დებულებისაგან განსხვავებული წესით, შეარჩიოს და დანიშნოს გენერალური დირექტორის მოადგილე/მოადგილეები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მარეგულირებელი წესით გათვალისწინებულ შესაბამის შესაფერისობის კრიტერიუმებს.

9. მმართველობითი საბჭოს სრული შემადგენლობისათვის განსახილველი საკითხ(ებ)ის წინასწარ ინფორმირებითა და კვორუმის დაცვით, განხილული და შეთანხმებული საკითხები, რომლებიც საჭიროებს აღმასრულებელი დირექტორებისთვის გარკვეული  მითითებების წერილობით მიცემას, აისახება მმართველობითი საბჭოს მომდევნო სხდომის ოქმში და ძალაშია ამავე პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან. ეს პუნქტი მოქმედებს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს დანიშვნის მომენტიდან და ძალაშია მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან 6 (ექვსი) თვის ვადის განმავლობაში.