Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
ორიგინალი
ვერსია
იხილეთ
ბმულზე
„
საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნეს
“
ვებგვერდზე
განთავსებულ ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების
ქართულენოვან
ვერსიებს
საბჭოს 1997 წლის 18 დეკემბრის დირექტივა 97/78/EC
მესამე ქვეყნებიდან გაერთიანებაში შეტანილ პროდუქტებზე ვეტერინარული შემოწმების ორგანიზების მარეგულირებელი პრინციპების განსაზღვრის შესახებ
ევროპის კავშირის საბჭომ,
ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 43-ე მუხლის გათვალისწინებით,
კომისიის წინადადების(1) გათვალისწინებით,
ევროპარლამენტის მოსაზრების(2) გათვალისწინებით,
ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების(3) გათვალისწინებით,
(1) ვინაიდან დამფუძნებელი ხელშეკრულების II დანართში ჩამოთვლილია ის ცხოველური პროდუქტები ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და მცენარეული პროდუქტები, რომლებიც ექვემდებარება შემოწმებებს გადამდები ან ინფექციური ცხოველური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;
(2) ვინაიდან გაერთიანების დონეზე მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტებზე ვეტერინარული შემოწმების ორგანიზებისთვის პრინციპების განსაზღვრა უზრუნველყოფს მარაგების არსებობასა და ბაზრის სტაბილურობას და, ამავდროულად, ახდენს ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების ჰარმონიზაცია;
(3) ვინაიდან შიდა ბაზრის დაარსებით ვეტერინარული შემოწმების ერთიანი პრინციპების შემუშავების საჭიროება გამოიკვეთა, გაუქმდა რა შიდა სასაზღვრო შემოწმება;
(4) ვინაიდან მას შემდეგ, რაც 1990 წლის 10 დეკემბერს მიღებული იქნა საბჭოს დირექტივა 90/675/EEC, რომელიც გაერთიანებაში მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტებზე ვეტერინარული შემოწმების ორგანიზების მარეგულირებელ პრინციპებს განსაზღვრავს(4), დირექტივა უფრო ფართოდ გამოიყენება და შეძენილია ახალი გამოცდილება; ვინაიდან გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტივაში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილებები;
(5) ვინაიდან მესამე ქვეყნებიდან გაერთიანებაში იმპორტირებული ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტზე დადგენილი უნდა იქნეს ერთიანი პირობები; ვინაიდან ამ მიზნისათვის პროდუქტებზე გამოყენებული უნდა იქნეს ერთიანი შემოწმების სქემა და შეტანილი უნდა იქნეს აუცილებელი შესწორებები;
(6) ვინაიდან შემუშავებული უნდა იქნეს წესი, რომლის მიხედვითაც სასაზღვრო გამშვებ პუნქტში წარდგენის გარეშე გაერთიანებაში შემოტანილმა ტვირთმა უნდა გაიაროს ვეტერინარული შემოწმება ამგვარ პუნქტში;
(7) ვინაიდან, ზოგიერთ შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა საიმპორტო პროდუქტებზე შესაძლოა დამატებითი მოთხოვნები დააწესონ; ვინაიდან შემოწმების განმახორციელებელ წევრ სახელმწიფოს ამ დამატებითი ეროვნული მოთხოვნების გათვალისწინება უწევს;
(8) ვინაიდან საზღვაო ან საჰაერო გზით პროდუქტების გადატანასთან მიმართებაში, რომელთა საბოლოო დანიშნულების ადგილი გაერთიანებაა, დადგენილი უნდა იქნეს მკაფიო წესები შემოწმებების განხორციელების ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით;
(9) ვინაიდან გაერთიანების კანონმდებლობა მოითხოვს, რომ გარკვეულ პროდუქტებზე განხორციელდეს მონიტორინგი გაერთიანებაში შემოსვლის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით; ვინაიდან ამ მიზეზის გამო მკაცრი წესები უნდა იქნეს დადგენილი;
(10) ვინაიდან მკაცრი წესები უნდა იქნეს დადგენილი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გაერთიანების საზღვარზე შემოსული პროდუქტები, რომელთა საბოლოო დანიშნულებაც არ არის გაერთიანება, დატოვებს გაერთიანების ტერიტორიას;
(11) ვინაიდან ის პროდუქტები, რომლებიც აკმაყოფილებს გაერთიანების მოთხოვნებს იმპორტთან მიმართებაში, გამოყოფილი უნდა იქნეს იმათგან, რომლებიც არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს; ვინაიდან ამ განსხვავებების გასათვალისწინებლად შემოწმების ცალკე სისტემები უნდა შემუშავდეს;
(12) ვინაიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მარაგებს საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ეკიპაჟისა და მგზავრებისათვის კომერციულად დიდი მნიშვნელობა აქვს გაერთიანებაში; ვინაიდან ეს პროდუქტები ხშირად არ აკმაყოფილებს გაერთიანების მოთხოვნებს; ვინაიდან ამ მიზეზის გამო მკაცრი წესები უნდა იქნეს დადგენილი საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად;
(13) ვინაიდან გაერთიანების პროდუქტი, რომელზეც მესამე ქვეყანამ უარი თქვა და დაუბრუნა გაერთიანებას, მიჩნეული უნდა იქნეს გაერთიანების მოთხოვნებთან შეუსაბამოდ; ვინაიდან ამ მიზეზით მკაცრი წესები უნდა იქნეს დადგენილი საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად;
(14) ვინაიდან საჭიროა დამატებითი სიფრთხილის ზომების შემუშავება გაყალბების თავიდან ასაცილებლად და ერთიანი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დებულების მიღება თაღლითური ოპერაციებისა და დარღვევების აღმოსაფხვრელად;
(15) ვინაიდან დირექტივაში 90/675/EEC რამდენჯერმე შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები; ვინაიდან საჭიროა დამატებითი ცვლილებები, რათა სიცხადისა და რაციონალურობის მიზნით დირექტივა ანულირებული და ჩანაცვლებული იქნეს,
მიიღო წინამდებარე დირექტივა:
მუხლი 1
მესამე ქვეყნებიდან I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე შეტანილი პროდუქტების ვეტერინარულ შემოწმებას ახორციელებენ წევრი სახელმწიფოები ამ დირექტივის შესაბამისად.
მუხლი 2
1. ამ დირექტივის მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ, გამოყენებული უნდა იქნეს „შიდა ბაზრის სრულყოფის მიზნით გაერთიანების შიდა ვაჭრობისას ვეტერინარული შემოწმებების შესახებ“ საბჭოს 1989 წლის 11 დეკემბრის დირექტივის 89/662/EEC(5) მე-2 მუხლსა და „შიდა ბაზრის სრულყოფის მიზნით ზოგიერთი ცოცხალი ცხოველითა და პროდუქტით გაერთიანების შიდა ვაჭრობისას ვეტერინარული და ზოოტექნიკური შემოწმების შესახებ“ საბჭოს დირექტივის 90/425/EEC(6) მე-2 მუხლში მოცემული განმარტებები.
2. ამასთან:
(a) „პროდუქტები“ ნიშნავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც მოხსენიებულია დირექტივებში 89/662/EEC და 90/425/EEC, მათ შორის, ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტებს, რომლებიც არ არის მოხსენიებული დამფუძნებელი ხელშეკრულების II დანართში; აგრეთვე, მე-19 მუხლში მოხსენიებულ მცენარეულ პროდუქტებს;
(b) „დოკუმენტური შემოწმება“ ნიშნავს ვეტერინარული სერტიფიკატ(ებ)ის, ან ვეტერინარული დოკუმენტ(ებ)ის, ან ტვირთის თანმხლები სხვა დოკუმენტ(ებ)ის შემოწმებას;
(c) „იდენტურობის შემოწმება“ ნიშნავს ვიზუალურ შემოწმებას იმის დასადასტურებლად, რომ ვეტერინარული სერტიფიკატ(ებ)ი, ვეტერინარული დოკუმენტ(ებ)ი, ან ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი სხვა დოკუმენტ(ებ)ი შესაბამისობაშია საკუთრივ პროდუქტთან;
(d) „ფიზიკური შემოწმება“ ნიშნავს საკუთრივ პროდუქტის შემოწმებას, რომელმაც შესაძლოა მოიცვას შეფუთვის, ტემპერატურის, აგრეთვე, ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიული ანალიზის შემოწმებაც;
(e) (ე) „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც „გაერთიანების საბაჟო კოდექსის დადგენის შესახებ“ საბჭოს 1992 წლის 12 ოქტომბრის რეგულაციის (EEC) No 2913/92(7) დებულებების შესაბამისად ეკისრება აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული სხვადასხვა გარემოების მართვის პასუხისმგებლობა, რომელშიც შესაძლოა ტვირთი აღმოჩნდეს, და აგრეთვე გულისხმობს აღნიშნული რეგულაციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ წარმომადგენელს, რომლის პასუხისმგებლობაც ამ დირექტივით გათვალისწინებული შემოწმებების განხორციელებაა;
(f) „ტვირთი“ ნიშნავს მსგავსი ტიპის პროდუქტების გარკვეულ რაოდენობას, რომელზეც გაცემულია ერთნაირი ვეტერინარული სერტიფიკატ(ებ)ი ან ვეტერინარული დოკუმენტ(ებ)ი, ან ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი სხვა დოკუმენტ(ებ)ი, და რომელიც გადაიზიდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით, მოდის იგივე მესამე ქვეყნიდან ან ამ ქვეყნის რომელიმე ნაწილიდან;
(g) „სასაზღვრო გამშვები პუნქტი“ ნიშნავს გამშვებ პუნქტს, რომელიც შეიქმნა და დამტკიცდა მე-6 მუხლის შესაბამისად, მესამე ქვეყნებიდან I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე შემოსული პროდუქტების ვეტერინარული შემოწმებისათვის;
(h) „იმპორტი“ ნიშნავს პროდუქტების თავისუფალ მიმოქცევას და პროდუქტების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების განზრახვას რეგულაციის (EEC) No 2913/92 79-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობის შესაბამისად;
(i) „საბაჟო დამუშავება გამოყენებისათვის“ ნიშნავს რეგულაციის EEC No 2913/92 მე-4 მუხლის მე-15 ქვეპუნქტში ნაგულისხმევ საბაჟო დამუშავებას ან გამოყენებას;
(j) „იმპორტის პირობები“ ნიშნავს გაერთიანების კანონმდებლობით განსაზღვრულ ვეტერინარულ მოთხოვნებს საიმპორტოდ გამიზნული პროდუქტებისათვის;
(k) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს იმ წევრი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ვეტერინარული კონტროლი ან ნებისმიერ სხვა ორგანოს, რომელსაც მინიჭებული აქვს მსგავსი უფლებამოსილება.
თავი I
შემოწმებების ორგანიზება და შედეგები
მუხლი 3
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არ განხორციელდეს მესამე ქვეყნებიდან რაიმე ტვირთის შეტანა I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე ამ დირექტივით მოთხოვნილი ვეტერინარული შემოწმების გავლის გარეშე.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე ტვირთებს შეტანა განხორციელდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ტვირთზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებაში შევიდეს ინფორმაციის წინასწარ გადაცემა სასაზღვრო გამშვები პუნქტის ვეტერინარული პერსონალისთვის, რომელთაც პროდუქტები წარედგინებათ, შეძლებისდაგვარად, მე-5(1) მუხლში გათვალისწინებული ცნობის შესაბამისად შედგენით ან პირველ პუნქტში აღნიშნული ტვირთის დეტალური წერილობითი ან ელექტრონულად აღწერით, მე-9 მუხლსა და მე-19(1) მუხლში აღნიშნული პროდუქტების ჩათვლით.
წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა, შეამოწმონ გემებისა და საჰაერო ხომალდების დეკლარაციები, რათა დაადგინონ მათი შესაბამისობა ზემოაღნიშნულ განცხადებებსა და დოკუმენტებთან.
4. საბაჟო ორგანოები, რომლებზეც სასაზღვრო გამშვები პუნქტი გეოგრაფიულად არის დამოკიდებული, ტვირთის საბაჟო დამუშავებისა და გამოყენების ნებართვას გასცემენ მხოლოდ მე-5(1) მუხლში აღნიშნულ ცნობაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, კერძოდ, ვეტერინარულ შემოწმებას დაქვემდებარებული პროდუქტების ჩამონათვალი, მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 4
1. ყველა ტვირთი ექვემდებარება კომპეტენტური ორგანოს მიერ მე-3(2) მუხლში აღნიშნულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მითითებულ ვეტერინარულ შემოწმებას, რომლის განხორციელება არის სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობა მე-6(1)(b) მუხლის შესაბამისად.
2. ყველა ტვირთის შემთხვევაში სახელმწიფო ვეტერინარი ხელმძღვანელობს მე-3(3) მუხლში მითითებული ინფორმაციით, „ვეტერინარული იმპორტის პროცედურების კომპიუტერიზაციის შესახებ“ საბჭოს 1993 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების 92/438/EEC I დანართში აღნიშნული მონაცემთა ბაზით (Shift project)(8). გარდა ამისა, I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე საიმპორტოდ გამიზნული თითოეული ტვირთისათვის, იგი საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების 92/438/EEC II დანართითაც.
სახელმწიფო ვეტერინარი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებით 92/438/EEC დადგენილი მონაცემთა ბაზის წარმოებისათვის საჭირო ყველა ოპერაციის განხორციელებას.
3. თითოეული ტვირთი ექვემდებარება დოკუმენტურ შემოწმებას განურჩევლად საბაჟო დამუშავების ან გამოყენებისა, რათა დადგინდეს, რომ:
(a) მე-7(1) მუხლში აღნიშნულ სერტიფიკატებსა და დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია თანხვედრაშია მე-3(3) მუხლის შესაბამისად წინასწარ მოწოდებულ ინფორმაციასთან;
(b) იმპორტის შემთხვევაში, პირველ მუხლში აღნიშნულ სერტიფიკატებსა და დოკუმენტებში ან სხვა დოკუმენტებში მოცემული დეტალები უზრუნველყოფს საჭირო გარანტიებს.
4. მე-9 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებულ სპეციფიკურ შემოწმებებთან ერთად სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს შემდეგ შემოწმებებს:
(a) თითოეული ტვირთის იდენტურობის შემოწმებას, რათა დაადგინოს ტვირთის შესაბამისობა ტვირთის თანმხლებ სერტიფიკატებსა და დოკუმენტებში მოცემულ ინფორმაციასთან. იმ ტვირთებთან ერთად, რომლებიც გათვალისწინებულია საბჭოს 1992 წლის 17 დეკემბრის დირექტივაში 92/118/EEC რომელიც ადგენს გაერთიანების ტერიტორიაზე იმ პროდუქტებით ვაჭრობისა და მათი იმპორტის მარეგულირებელ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს, რომლებიც არ ექვემდებარება აღნიშნულ მოთხოვნებს, განსაზღვრულს დირექტივის 89/662/EEC I დანართში მითითებულ გაერთიანების სპეციალურ წესებში, ხოლო პათოგენებთან მიმართებაში, მითითებულს დირექტივაში 90/425/EEC(9), ეს პროცედურა მოიცავს:
(i) კონტეინერებით შემოსული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარის (ან კომპეტენტური ორგანოს) მიერ კონტეინერზე დადებული ლუქის მთლიანობის დადასტურებას, გაერთიანების კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, და მათზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისობის დადასტურებას თანდართულ დოკუმენტში ან სერტიფიკატში მოცემულ ინფორმაციასთან;
(ii) სხვა შემთხვევებში:
– ყველა ტიპის პროდუქტისათვის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელი დაწესებულების ბეჭდების, ოფიციალური მარკირებებისა და სანიტარიული მარკირების არსებობასა და სერტიფიკატთან ან დოკუმენტთან მათი შესაბამისობის შემოწმებას;
– ამასთან, შეფუთული და დაფასოებული პროდუქტებისათვის, ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური ეტიკეტების შემოწმებას;
(b) თითოეული ტვირთის ფიზიკურ შემოწმებას:
(i) იმის დასადგენად, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ვარგისია თანმხლებ სერტიფიკატში ან დოკუმენტში აღნიშნული მიზნით გამოყენებისათვის.
ეს შემოწმებები უნდა განხორციელდეს III დანართში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
(ii) შემოწმებების განხორციელებამდე, მათი სიხშირის განსაზღვრის მიზნით, 1999 წლის 1 ივლისამდე 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის გამოყენებით:
– ლაბორატორიული ანალიზების ადგილზე ჩატარებას,
– ოფიციალური ნიმუშების აღებას, რაც აუცილებელია ყველაზე ადრეული შესაძლო ანალიზისათვის.
5. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 5
1. საჭირო ვეტერინარული შემოწმებების დასრულების შემდეგ სახელმწიფო ვეტერინარი შესაბამისი პროდუქტების ტვირთზე გასცემს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს შემოწმების შედეგებს „მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტებზე გაერთიანების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ვეტერინარული შემოწმების განხორციელების პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილების 93/13/EEC(10) B დანართში მოცემული მოდელის შესაბამისად, რომელიც საჭიროებისამებრ იცვლება მე-4 პუნქტის შესაბამისად.
2. პირველ პუნქტში მითითებული სერტიფიკატი თან უნდა ახლდეს ტვირთს:
– მანამ, სანამ ტვირთი საბაჟოს მეთვალყურეობის ქვეშაა, ამ პერიოდში აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საბაჟოს დოკუმენტს;
– იმპორტის შემთხვევაში, პირველ დაწესებულებამდე, დირექტივის 89/662/EEC შესაბამისად, ან დანიშნულების პირველ ცენტრამდე ან ორგანიზაციამდე, დირექტივის 90/425/EEC შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი გაყოფილია, პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები შეეხება ტვირთის თითოეულ ნაწილს.
4. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, გადაწყვეტილების 93/13/EEC B დანართის ადაპტირებული ვარიანტების ჩათვლით, დადგენილი უნდა იქნეს 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 6
1. სასაზღვრო გამშვები პუნქტები:
(a) უნდა განთავსდეს I დანართში ჩამოთვლილი ტერიტორიების შესასვლელ პუნქტებთან ახლოს და საბაჟოს ორგანოების მიერ რეგულაციის (EEC) No 2913/92 38(1)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტების და პირველი აბზაცის შესაბამისად დადგენილ ადგილას; თუმცა, შემზღუდავი გეოგრაფიული პირობების შემთხვევაში (როგორიც არის გადმოსატვირთი ნავმისადგომები ან გამშვები) შესაძლოა სასაზღვრო გამშვები პუნქტი განთავსდეს ტვირთის შემოტანის ადგილიდან გარკვეული მანძილის დაშორებით მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში სასაზღვრო გამშვები პუნქტი უნდა განთავსდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირველივე რკინიგზის სადგურზე;
(b) უნდა იყოს სახელმწიფო ვეტერინარის უფლებამოსილების ქვეშ, რომელიც, ფაქტობრივად, პასუხისმგებელი იქნება შემოწმებებზე. სახელმწიფო ვეტერინარს შესაძლებელია დახმარება გაუწიოს სპეციალურად გადამზადებულმა დამხმარე პერსონალმა. იგი უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილების 92/438/EEC 1(1)-ლი მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებულ მონაცემთა ბაზაში შევიდეს ყველა განახლება.
2. 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ამ დირექტივის გამოქვეყნების თარიღისათვის არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხაში შესაძლოა შევიდეს ცვლილება ან დამატება:
(a) ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტების დამატებით:
– წევრი სახელმწიფოების შეთავაზების საფუძველზე, როდესაც კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოწმებით დადასტურდება, რომ იგი აკმაყოფილებს ამ დირექტივის II დანართისა და „გაერთიანების საზღვარზე მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტებზე ვეტერინარულ შემოწმებაზე პასუხისმგებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 1992 წლის 3 ნოემბრის დირექტივის 92/525/EEC(11) მოთხოვნებს,
– წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ერთად კომისიის მიერ ინსპექტირებით;
(b) სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუქმებით, სადაც აღმოჩნდება II დანართთან შეუსაბამობა კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოწმების დროს ან იმ შემთხვევაში, თუ 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემოწმებების შემდეგ წევრი სახელმწიფო არ გაითვალისწინებს ამ შემოწმების დასკვნებს გონივრულ ვადაში, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როდესაც ინსპექციის შედეგად გამოვლინდება საზოგადოებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სერიოზული რისკი;
3. სერიოზული შემთხვევებისას, განსაკუთრებით, საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობის ნიადაგზე, წევრმა სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს მის ტერიტორიაზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის დამტკიცება. იგი აცნობებს კომისიასა და სხვა წევრ სახელმწიფოებს ტვირთის ამგვარი შეჩერებისა და მისი მიზეზების შესახებ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნუსხაში აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მე-2(a) პუნქტის შესაბამისად.
4. კომისიამ უნდა შეადგინოს და გამოაქვეყნოს დამტკიცებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების ნუსხა, იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც დამტკიცება დროებით შეჩერებულია.
5. მე-2(a) პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებამდე ძირითადი დირექტივის 90/675/EEC საფუძველზე შედგენილი ნუსხის გამოყენება კვლავ შესაძლებელი უნდა იყოს მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების შეუზღუდავად.
6. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 7
1. თითოეულ ტვირთს, რომელიც განკუთვნილია I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე იმპორტისათვის, თან უნდა ახლდეს ორიგინალი ვეტერინარული სერტიფიკატები ან ორიგინალი ვეტერინარული დოკუმენტები ან სხვა ორიგინალი დოკუმენტები, რომლებსაც მოითხოვს ვეტერინარული კანონმდებლობა. ორიგინალი სერტიფიკატები ან დოკუმენტები რჩება სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.
2. მე-10 მუხლის შეუზღუდავად, მესამე ქვეყნების პროდუქტების ყველა ტვირთი, რომელიც განკუთვნილია I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე იმპორტისათვის, ექვემდებარება მე-4(4) მუხლით გათვალისწინებულ იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებებს.
3. საბაჟო ორგანოებმა არ უნდა დაუშვან ტვირთის იმპორტი თუ საბაჟო რეგულაციებისა და მე-10(2) და (3) მუხლის, აგრეთვე, მე-18 მუხლის საფუძველზე მისაღები განსაკუთრებული დებულებების შეუზღუდავად წარმოდგენილი არ იქნა მტკიცებულება იმისა, რომ შესაბამისი ვეტერინარული შემოწმებები ჩატარებულია და მიღებულია დამაკმაყოფილებელი შედეგები, გაცემულია შესაბამისი სერტიფიკატი მე-5(1) მუხლის საფუძველზე და კომპეტენტურ ორგანოს აქვს გარანტია იმისა, რომ „დირექტივებით 89/662/EEC, 90/425/EEC, 90/675/EEC და 91/496/EEC გათვალისწინებული ვეტერინარული შემოწმებისა და კონტროლის დაფინანსების შესახებ“ საბჭოს 1985 წლის 29 იანვრის დირექტივით 85/73/EEC (შესწორებული და კონსოლიდირებული)(12) განსაზღვრული ინსპექციის გადასახადი გადახდილია ან გადაიხდება აღნიშნული დირექტივის დებულებების შესაბამისად.
4. თუ ტვირთი აკმაყოფილებს იმპორტის პირობებს, სახელმწიფო ვეტერინარი შესაბამის პირს აწვდის ორიგინალი სერტიფიკატებისა და დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს და მე-5(1) მუხლის შესაბამისად გასცემს სერტიფიკატს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში განხორციელებული ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე ტვირთი შეესაბამება იმპორტის პირობებს.
5. დირექტივებში 89/662/EEC და 90/425/EEC აღნიშნული პროდუქტებით ვაჭრობა, რომელთა იმპორტიც ნებადართულია ამ დირექტივის I დანართში მოცემული ნუსხის რომელიმე ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს აღნიშნულ დირექტივებით და, განსაკუთრებით, მის II თავში განსაზღვრული წესების შესაბამისად.
6. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 8
1. სადაც:
– პროდუქტები განკუთვნილია წევრი სახელმწიფოებისათვის ან იმ ადგილისათვის, სადაც მიღებულ იქნა განსაკუთრებული მოთხოვნები გაერთიანების კანონმდებლობის ფარგლებში;
– აღებული იქნა ნიმუშები, მაგრამ სატრანსპორტო საშუალების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტის დატოვების მომენტისათვის შედეგები ცნობილი არ იყო;
– მოიცავს განსაკუთრებული მიზნებისათვის ნებადართულ იმპორტს გაერთიანების კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
დანიშნულების ადგილის კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება დირექტივაში 90/425/EEC მითითებული ANIMO-ს ქსელის საშუალებით.
2. პირველი პუნქტის 1-ელ და მე-3 ქვეაბზაცებში აღნიშნული პროდუქტების თითოეულმა ტვირთმა, რომელიც განკუთვნილია მეორე წევრი სახელმწიფოსთვის, უნდა გაიაროს მე-4(3),(4) მუხლით დადგენილი დოკუმენტური, იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმებები დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, სადაც პროდუქტები შეაქვთ, რათა დადგინდეს შეესაბამება თუ არა აღნიშნული პროდუქტი გაერთიანების წესებს, რომლებიც ამ წევრი სახელმწიფოსათვის ან დანიშნულების ადგილისათვისაა დადგენილი. ამასთანავე, თუ გარეული, ბეწვიანი ნანადირევის ხორცი იმპორტირებულია გაუტყავებლად, მან უნდა გაიაროს იდენტურობის ან ფიზიკური შემოწმება, ჯანმრთელობის შემოწმებისა და ნარჩენების კვლევასთან ერთად, რომელიც განსაზღვრულია ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველურ პროდუქტებში ნივთიერებებსა და მათ ნარჩენებზე მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ საბჭოს 1996 წლის 29 აპრილის დირექტივით 96/23/EC(13) და რომელიც უნდა განხორციელდეს „საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ“ საბჭოს 1992 წლის 16 ივნისის დირექტივის 92/45/EEC(14) საფუძველზე, რომელიც ეხება გარეული ცხოველების მოკვლასა და ნანადირევის ხორცის ბაზარზე განთავსებას. შემოწმებები უნდა განხორციელდეს დანიშნულების ადგილის დაწესებულებაში, სადაც ხორცის მიწოდება მოხდება საბაჟოს ზედამხედველობის ქვეშ ამ მუხლის მე-4 პუნქტის პირველი ქვეაბზაცისა და მე-5(1) მუხლში აღნიშნული სერტიფიკატის შესაბამისად.
შემოწმების შედეგები უნდა გადაეცეს იმ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პასუხისმგებელ ვეტერინარულ ორგანოს, სადაც პროდუქტები იქნა შეტანილი. საჭიროების შემთხვევაში, შედეგებიდან გამომდინარე უნდა გატარდეს 24-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის პირველ და მე-3 ქვეაბზაცებში აღნიშნული პროდუქტები შედის წევრ სახელმწიფოში, რომელიც არ არის დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფო, ყველა ღონისძიება გატარდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ აღნიშნულმა ტვირთმა მიაღწიოს დანიშნულების ადგილის წევრ სახელმწიფოს.
4. პროდუქტები, რომელთა მონიტორინგიც უნდა განხორციელდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნულების ადგილის დაწესებულებაში მათი შეტანისას, უნდა გადაიგზავნოს შემდეგი პირობების დაცვით:
– სადავო ტვირთის გადაგზავნით სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დანიშნულების ადგილის დაწესებულებაში კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობით, ჰერმეტულად დაცული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან კონტეინერით, რომელიც დალუქულია კომპეტენტური ორგანოს მიერ. პირველი პუნქტის მე-3 ქვეაბზაცში მითითებული პროდუქტები საბაჟოს მეთვალყურეობის ქვეშ რჩება საბოლოო დანიშნულების ადგილას მისვლამდე კომისიის 1993 წლის 2 ივლისის რეგულაციის No 2454/93 T5 პროცედურის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს გაერთიანების საბაჟო კოდექსის დამფუძნებელი საბჭოს რეგულაციის (EEC) No 2913/92(15) განხორციელების დებულებებს, აგრეთვე, მე-5(1) მუხლით დადგენილი სერტიფიკატის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს დანიშნულების ადგილსა და, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის მიზნობრივი გადამუშავების ტიპს;
– სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარი ტვირთის დანიშნულების ადგილის დაწესებულებაზე პასუხისმგებელ ვეტერინარულ ორგანოს აცნობებს ტვირთის წარმოშობის ადგილისა და საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ ANIMO-ს ქსელის საშუალებით;
– დანიშნულების ადგილის დაწესებულებაში პროდუქტები დამუშავდება გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად;
– დანიშნულების ადგილის სახელმწიფო ვეტერინარი, ან დირექტივის 92/118/EEC I დანართის მე-10 თავით დადგენილი შემთხვევებისას, შუალედურ საწყობზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ვეტერინარი, პროდუქტის დანიშნულების ადგილზე მისვლის შესახებ შეიტყობს დანიშნულების ადგილის დაწესებულების ან შუალედური საწყობის ხელმძღვანელობისგან და 15 დღის ვადაში ატყობინებს ამის შესახებ სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარს, რომლისგანაც მიიღო ცნობა ტვირთის გაგზავნის შესახებ. იგი ახორციელებს რეგულარულ შემოწმებებს, კერძოდ, ამოწმებს შესული ტვირთის შესახებ ჩანაწერებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროდუქტი მივიდა საბოლოო დანიშნულების ადგილზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ მე-20 მუხლის დებულებების შეუზღუდავად ტვირთის მიმღები სასაზღვრო გამშვები პუნქტის შესაბამის განყოფილებას წარედგინება მტკიცებულება, რომ დეკლარირებული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილი იყო დამტკიცებული დაწესებულებისათვის, არ მისულა დანიშნულების ადგილამდე, კომპეტენტური ორგანო იღებს შესაბამის ზომებს ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.
6. წევრი სახელმწიფოები გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად კომისიას წარუდგენენ მე-4 პუნქტში მითითებული დამტკიცებული დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც შესაბამის პროდუქტებთან არიან დაკავშირებულნი.
იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს შეტყობინების მოთხოვნებს, წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა გააუქმოს მის მიერ დამტკიცებული დაწესებულება და დააწესოს საჭირო ჯარიმები რისკის ბუნებიდან გამომდინარე.
კომისია აქვეყნებს დამტკიცებული დაწესებულებების ნუსხას და უზრუნველყოფს მის განახლებასა და წევრი სახელმწიფოებისათვის მის მიწოდებას.
7. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, რომლებიც შემუშავებულია საბაჟოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 9
1. I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე საიმპორტოდ განკუთვნილი ტვირთი, რომელიც შედის ერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მაგრამ განკუთვნილია ამავე ტერიტორიაზე ან სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე სხვა სასაზღვრო პუნქტიდან იმპორტირებისთვის, ექვემდებარება იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას დანიშნულების ადგილის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თუ ტრანსპორტირება ხდება საჰაერო ან საზღვაო გზით. ტვირთის მიმღებ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ხორციელდება შემდეგი პროცედურები:
(a) თუ ტვირთის ტრანზიტული გადატანა ხდება ერთი საჰაერო ხომალდიდან მეორეში ან ერთი საზღვაო ხომალდიდან მეორეში ერთსა და იმავე პორტში, ან აეროპორტში პირდაპირ, ან ნავმისადგომში ან აეროპორტში გადმოტვირთვის შემდეგ იმაზე მცირე პერიოდში, ვიდრე ეს მითითებულია (b) ქვეპუნქტში, კომპეტენტურ ორგანოს ამის შესახებ უნდა ეცნობოს ტვირთზე პასუხისმგებელი პირისგან. იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით, ცხოველების ან ადამიანების ჯანმრთელობას, შესაძლებელია განხორციელდეს პროდუქტების დოკუმენტური შემოწმება სერტიფიკატზე ან წარმოშობის ვეტერინარულ დოკუმენტზე ან ტვირთის სხვა თანმხლებ ორიგინალ დოკუმენტზე ან მის დამოწმებულ ასლზე დაყრდნობით;
(b) თუ ტვირთის გადმოტვირთვა სხვაგვარად ხდება:
(i) იგი დასაწყობებული უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ მაქსიმალური და მინიმალური პერიოდით პორტის ან აეროპორტის საბაჟოს ტერიტორიაზე მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, სანამ იგი საზღვაო ან საჰაერო გზით სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში არ გადაიგზავნება;
(ii) იგი უნდა დაექვემდებაროს პროდუქტების დოკუმენტურ შემოწმებას (a) ქვეპუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით;
(iii) მე-20 მუხლის შეუზღუდავად, ადამიანების ან ცხოველების ჯანმრთელობის მიმართ რაიმე საფრთხის ალბათობის შემთხვევაში, იგი განსაკუთრებულად დაექვემდებარება იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას.
2. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
3. საბჭომ, მოქმედებს რა კვალიფიცირებული უმრავლესობის სახით კომისიის წინადადების შესაბამისად, შესაძლოა ამ მუხლის დებულებები გაავრცელოს ტვირთის სარკინიგზო გადატანაზეც.
მუხლი 10
1. წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ინფორმაციაზე დაყრდნობით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, კომისიას შეუძლია დაადგინოს, რომ გარკვეულ პირობებში ფიზიკური შემოწმებები ნაკლები სიხშირით ჩატარდეს და, განსაკუთრებით, წინა შემოწმებების შედეგების საფუძველზე იმ პროდუქტებზე, რომლებზეც იმპორტის პირობები ჰარმონიზებულია, ანუ პროდუქტებზე, რომლებიც აკმაყოფილებს შემდეგ სამ პირობას:
(a) ისინი წარმოშობილია მესამე ქვეყნებში ან მესამე ქვეყნების რეგიონებში, სადაც I დანართში ჩამოთვლილ გაერთიანების რომელიმე ტერიტორიაზე იმპორტისათვის განკუთვნილი პროდუქტების წარმოშობის შემოწმების საფუძველზე იძლევა დამაკმაყოფილებელ გარანტიებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
(b) გაერთიანების კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ეს პროდუქტები მოდის იმ დაწესებულებებიდან, რომლებიც წარმოდგენილია გაერთიანების წესების შესაბამისად შედგენილ სიაში ან იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებები დამტკიცებულია საბჭოს 1995 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების 95/408/EC საფუძველზე, რომელიც ეხება „მესამე ქვეყნის დაწესებულებების პირობითი სიის შედგენის პირობებს გარდამავლ პერიოდში, საიდანაც წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ გარკვეული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, თევზის პროდუქტების ან ცოცხალი ორსარქველიანი მოლუსკების იმპორტი“(16) იმ დაწესებულებიდან, რომელთაც გავლილი აქვს გაერთიანების ან ადგილობრივ დონეზე ჩატარებული შემოწმება;
(c) იმპორტის სერტიფიკატები გაცემულია შესაბამისი პროდუქტებისათვის.
2. აღნიშნული მესამე ქვეყნების პროდუქტებისათვის კანონის ნაწილობრივი გაუქმების თაობაზე წინადადების წარდგენამდე, კომისია მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს ამ მესამე ქვეყნის შესახებ შემდეგის გათვალისწინებით:
(a) მესამე ქვეყნის მიერ შემოთავაზებული გარანტიები მთლიანად ან ნაწილობრივ მის ტერიტორიებისთვის გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად, ყველა დარჩენილი შემოწმების ჩათვლით;
(b) შესაბამის მესამე ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
(c) ქვეყანაში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;
(d) დაავადების მონიტორინგისა და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მესამე ქვეყნის მიერ გამოყენებული ღონისძიებების ტიპი;
(e) ვეტერინარული და სხვა კომპეტენტური სამსახურების სტრუქტურები, გამოცდილება, დამოუკიდებლობა და კვალიფიკაცია;
(f) წარმოების ჰიგიენის შესაბამისობა გაერთიანების სამართლით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებთან;
(g) პროდუქტის ან პროდუქტების ტიპი და მისგან/მათგან მომდინარე პოტენციური რისკი ჯანმრთელობისათვის;
(h) ზოგიერთი ნივთიერების ავტორიზაციის წესები და საბჭოს 1996 წლის 29 აპრილის დირექტივის 96/22/EC მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც ეხება ჰორმონალური ან თირეოსტატიკური მოქმედების გარკვეული ნივთიერებებისა და ალფა აგონისტების მესაქონლეობაში გამოყენების აკრძალვას(17), ასევე დირექტივის 96/23/EC მოთხოვნებთან შესაბამისობა;
(i) გაერთიანების მიერ ჩატარებული შემოწმებების ან ეროვნული ინსპექციის ვიზიტების შედეგები;
(j) განხორციელებული იმპორტის შემოწმებების შედეგები;
(k) რისკის ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია საიმპორტო პროდუქტების ბუნებასთან, მათ წარდგენასთან ან გამოყენებული ტრანსპორტის სახეობასთან.
3. პირველი პუნქტის შეუზღუდავად შემოწმებების სიხშირე შესაძლებელია შემცირდეს ვეტერინარული შესატყვისობის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ფორმდება ორმხრივად გაერთიანებასა და მესამე ქვეყანას შორის.
სიხშირე უნდა შემცირდეს 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
4. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 11
1. ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით, რომელთა გავლითაც უნდა მოხდეს ტვირთის ტრანზიტი, წევრი სახელმწიფო მესამე ქვეყნიდან სხვა მესამე ქვეყანაში ან იმავე მესამე ქვეყანაში ტვირთის ტრანზიტის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
(a) ასეთი ტვირთები მოდის მესამე ქვეყნიდან, რომლის პროდუქტების შეტანაც არ არის აკრძალული I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე და განკუთვნილია სხვა მესამე წევრი სახელმწიფოსთვის. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა უარი თქვას ამ მოთხოვნაზე ტვირთების ტრანზიტული გადატანისას, რომელიც ხორციელდება მე-9(1)(a) მუხლის შესაბამისად ერთი საჰაერო ხომალდიდან მეორეში, ან ერთი საზღვაო ხომალდიდან მეორეში ერთი და იმავე პორტის ან აეროპორტის საბაჟოს ტერიტორიაზე, რათა ტვირთის ტრანზიტული გადატანა მოხდეს I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე შემდგომი გაჩერების გარეშე ზოგადი კრიტერიუმების დაცვით, რომლებიც უნდა განისაზღვროს მე-4 პუნქტის შესაბამისად;
(b) ამგვარი ტრანზიტის სანქცირება წინასწარ ხდება იმ წევრი სახელმწიფოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სადაც ტვირთი პირველად შედის I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე;
(c) ტვირზე პასუხისმგებელი პირი ტვირთის შეტანაზე უარის თქმის შემთხვევაში წინასწარ კისრულობს ტვირთზე საკუთრების უფლების აღდგენისა და მისი განკარგვის ვალდებულებას მე-17 მუხლის შესაბამისად.
2. პირველ აბზაცში აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
(a) სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტრანზიტისათვის წარმოდგენილ ტვირთს თან უნდა ახლდეს მე-7(1) მუხლში მითითებული დოკუმენტები, საჭიროების შემთხვევაში, ამ დოკუმენტების დამოწმებულ თარგმანებთან ერთად;
(b) დატვირთული პროდუქტები წარდგენილ უნდა იქნეს აღნიშნულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, რათა ჩაუტარდეს დოკუმენტური და იდენტურობის შემოწმება.
შესაძლებელია დოკუმენტური და იდენტურობის შემოწმებების ჩატარებიდან გამონაკლისის დაშვება კომპეტენტური ვეტერინარული ორგანოს მიერ საზღვაო და საჰაერო გზით ტრანსპორტირების შემთხვევაში, როდესაც ტვირთი:
– არ არის გადმოტვირთული. ასეთ შემთხვევაში, მე-20 მუხლის შეუზღუდავად, დოკუმენტური შემოწმება შემოიფარგლება ბორტზე წარმოდგენილი დეკლარაციით;
– გადატვირთულია ერთი საჰაერო ხომალდიდან მეორე საჰაერო ხომალდში ან ერთი საზღვაო ხომალდიდან – მეორეში იმავე პორტის ან აეროპორტის საბაჟო ტერიტორიაზე მე-9(1)(a) მუხლის შესაბამისად.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც შესაძლოა ადამიანების ან ცხოველების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს, ან დარღვევებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს დამატებითი ფიზიკური შემოწმება.
(c) საავტომობილო, სარკინიგზო ან საზღვაო გზით ტრანსპორტირებისას I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე, ტვირთი:
– რეგულაციით (EEC) No 2913/92 განსაზღვრული T1 პროცედურის თანახმად უნდა გაიგზავნოს და დარჩეს საბაჟოს ზედამხედველობის ქვეშ გაერთიანებიდან გასვლის პუნქტამდე მე-2(a) მუხლში აღნიშნული დოკუმენტისა და მე-5(1) მუხლში აღნიშნული სერტიფიკატის თანხლებით, რომელშიც მითითებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საიდანაც ტვირთი ტოვებს გაერთიანების საზღვრებს;
– შემშვები სასაზღვრო პუნქტის დატოვების შემდეგ ტრანსპორტირებული უნდა იქნეს პროდუქტების გადმოტვირთვის ან დანაწევრების გარეშე ოფიციალური ორგანოს მიერ დალუქული სატრანსპორტო საშუალებებითა თუ კონტეინერებით. დაუშვებელია ტრანსპორტირებისას ტვირთის გადამუშავება;
– უნდა ტოვებდეს გაერთიანების ტერიტორიას სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემშვები სასაზღვრო პუნქტის დატოვების შემდეგ, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მე-4 პუნქტში მითითებული პროცედურა ითვალისწინებს ზოგად გამონაკლისს გეოგრაფიული სიშორით გამოწვეული სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევებისთვის.
(d) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ახდენს ტრანსპორტირების ავტორიზაციას, ტვირთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარს აწვდის ინფორმაციას ANIMO-ს ქსელის საშუალებით;
(e) ტვირთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარმა მე-5(1) მუხლით გათვალისწინებულ სერტიფიკატში უნდა მიუთითოს, რომ აღნიშნულმა ტვირთებმა დატოვა გაერთიანების ტერიტორია და დოკუმენტის ასლი უნდა გააგზავნოს ტვირთის შემშვებ სასაზღვრო პუნქტში ფაქსის ან სხვა საშუალებით.
იმ შემთხვევაში, თუ შემშვები სასაზღვრო პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარს არ ეცნობება პროდუქტების მიერ გაერთიანების დატოვების შესახებ მე-2(c) მუხლის თანახმად, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საბაჟოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას პროდუქტების რეალური დანიშნულების ადგილის დასადგენად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ხარჯი ეკისრება ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ან მის წარმომადგენელს წევრი სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გარეშე დირექტივის 85/73/EEC პირველი მუხლიდან გამომდინარე პრინციპების თანახმად.
4. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, განსაკუთრებით, ტვირთის შემშვებ და გამშვებ სასაზღვრო პუნქტებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესები, მიღებული უნდა იქნეს 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად.
მუხლი 12
1. ტვირთი, რომელიც მოდის მესამე ქვეყნიდან და განკუთვნილია თავისუფალი ზონისთვის, თავისუფალი საწყობისათვის ან საბაჟოს საწყობისათვის, რეგულაციის (EEC) No 2913/92 თანახმად შესაძლოა კომპეტენტური ორგანოს მიერ დაშვებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთზე პასუხისმგებელ პირს გაკეთებული აქვს წინასწარი განაცხადი იმის თაობაზე, რომ პროდუქტები საბოლოოდ განკუთვნილია I დანართში ჩამოთვლილ ერთ-ერთ ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ან თუ დაკონკრეტებულია სხვა საბოლოო დანიშნულება, განურჩევლად იმისა, შეესაბამება თუ არა პროდუქტები იმპორტის პირობებს.
თუ პროდუქტების საბოლოო დანიშნულება გარკვევით არ არის მითითებული, პროდუქტი მიიჩნევა I დანართში აღნიშნულ რომელიმე ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებ პროდუქტად.
2. ამგვარმა ტვირთებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა გაიაროს დოკუმენტური, იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმებები, რათა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება პროდუქტი იმპორტირების აღნიშნულ პირობებს.
ფიზიკური შემოწმება აუცილებელი არ არის თუ დოკუმენტური შემოწმების შედეგად ვლინდება, რომ პროდუქტი არ აკმაყოფილებს გაერთიანების მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ცხოველების ან ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ამგვარ ტვირთებს თან უნდა ახლდეს მე-7(1) მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს ამგვარი დოკუმენტების დამოწმებული თარგმანები.
3. თუ მე-2 პუნქტში აღნიშნული შემოწმებების შედეგად გამოვლინდება, რომ გაერთიანების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარი გასცემს მე-5(1) მუხლით გათვალისწინებულ სერტიფიკატს საბაჟოს დოკუმენტებთან ერთად. სასაზღვრო გამშვები პუნქტის კომპეტენტურმა ვეტერინარმა და საბაჟოს ხელმძღვანელობამ უნდა მოახდინონ ტვირთის თავისუფალი ზონის საწყობში, თავისუფალ საწყობში ან საბაჟოს საწყობში შესვლის ავტორიზაცია. ვეტერინარული თვალსაზრისით, ამგვარი პროდუქტები ცხადდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის შესაფერისად.
4. თუ მე-2 პუნქტში აღნიშნული შემოწმებების შედეგად გამოვლინდება, რომ გაერთიანების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარი გასცემს მე-5(1) მუხლით გათვალისწინებულ სერტიფიკატს საბაჟოს ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად. ასეთ შემთხვევებში სასაზღვრო გამშვები პუნქტის კომპეტენტურმა ვეტერინარმა და საბაჟოს ხელმძღვანელობამ უნდა მოახდინონ ტვირთის თავისუფალი ზონის საწყობში, თავისუფალ საწყობში ან საბაჟოს საწყობში შესვლის ავტორიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე-16 მუხლის შეუზღუდავად დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:
(a) პროდუქტი არ მოდის მესამე ქვეყნიდან და მასზე არ ვრცელდება მე-11(1)(a) მუხლის პირველი წინადადებით გათვალისწინებული აკრძალვა;
(b) პროდუქტების დასაწყობებისათვის თავისუფალ ზონებში მდებარე საწყობებსა და თავისუფალ საწყობებს ან საბაჟოს საწყობებს ამტკიცებს კომპეტენტური ორგანო. მათ დასამტკიცებლად საჭიროა შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
– ისინი უნდა იყოს დახურულ სივრცეში და ჰქონდეს საწყობის ხელმძღვანელობის მიერ მუდმივად კონტროლირებული შესასვლელი და გასასვლელი. თუ საწყობი მდებარეობს თავისუფალ ზონაში, მთელი ზონა უნდა იყოს დაკეტილი და მუდმივად კონტროლდებოდეს საბაჟოს მიერ;
– ისინი უნდა აკმაყოფილებდეს დამტკიცებისათვის არსებულ პირობებს, რომლებიც განსაზღვრულია გაერთიანების კანონმდებლობით შესაბამისი პროდუქტ(ებ)ის დასაწყობებისათვის განკუთვნილი საწყობებისათვის, ან იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებას არ აქვს ამგვარი კანონმდებლობა, უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს;
– ისინი უნდა უზრუნველყოფდეს საწყობში შემავალი ან გამავალი ყველა ტვირთის დღიურ აღრიცხვას, თითოეულ ტვირთში შემავალი პროდუქტების ტიპსა და რაოდენობას და მისი მიმღების დასახელებასა და მისამართს. ამგვარი ჩანაწერები უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში;
– მათ უნდა ჰქონდეთ სათავსოები ან/და სამაცივრეები, სადაც შესაძლებელი იქნება იმ პროდუქტების ცალკე დასაწყობება, რომლებიც არ შეესაბამება ვეტერინარულ კანონმდებლობას. ამასთან, საწყობის არსებობის შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა ავტორიზაცია მიანიჭოს ამგვარი პროდუქტების ცალკე დასაწყობებას იმავე შენობაში, თუ პროდუქტები არ აკმაყოფილებს გაერთიანების სტანდარტებს და დასაწყობებულია ჩაკეტილ სათავსოში;
– მათ უნდა ჰქონდეს სათადარიგო შენობები ვეტერინარული შემოწმების განმახორციელებელი პერსონალისათვის.
თუ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებით გამოვლინდა, რომ ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მიერ შედგენილი დეკლარაცია ყალბია პირველი პუნქტის თანახმად, იგი ვალდებულია, საქონელი განკარგოს მე-17 მუხლის შესაბამისად.
5. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა:
– უზრუნველყონ, რომ დაცული იყოს საწყობების დამტკიცების პირობები;
– უზრუნველყონ, რომ ის პროდუქტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს გაერთიანების ვეტერინარულ მოთხოვნებს, არ იყოს დასაწყობებული იმავე ოთახში ან სათავსოში, სადაც ინახება ვეტერინარული მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტები;
– უზრუნველყონ ეფექტური შემოწმებები საწყობში შესვლისა და საწყობიდან გასვლისას და დასაშვები საათების განმავლობაში, რათა უზრუნველყონ ვეტერინარული ორგანოს ზედამხედველობა; კერძოდ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ პროდუქტებმა, რომლებიც არ შეესაბამება გაერთიანების მოთხოვნებს, ვერ დატოვონ მათი დასაწყობების ადგილები კომპეტენტური ორგანოს თანხმობის გარეშე;
– განახორციელონ ყველა საჭირო შემოწმება, რათა თავიდან იქნეს აცილებული საწყობში დასაწყობებული პროდუქტების რაიმენაირად გადაკეთება, ან მათი ჩანაცვლება, ან მათი შეფუთვის შეცვლა, რეალიზაციისათვის გამზადება ან გადამუშავება.
6. გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტების შეუსაბამობის შემთხვევაში, ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ არსებული რისკის საფუძველზე, წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა უარი თქვას საბაჟოს საწყობში, თავისუფალ საწყობში ან თავისუფალ ზონაში პროდუქტების დასაწყობებაზე.
7. საბაჟოს ლუქის გარეშე დაუშვებელია ტვირთების შეტანა თავისუფალ ზონაში, თავისუფალ საწყობში ან საბაჟოს საწყობში.
8. მე-4 პუნქტში აღნიშნულ ტვირთებს თავისუფალი ზონის, თავისუფალი საწყობის ან საბაჟოს საწყობის დატოვება შეუძლია მხოლოდ მესამე ქვეყანაში ან სხვა საწყობში გაგზავნის მიზნით მე-13 მუხლის შესაბამისად, ან განადგურების მიზნით, თუ:
– მესამე ქვეყანაში გაგზავნა ხდება მე-11(1)(c) მუხლითა და მე-11(1)(a),(c),(d) და (e) მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
– მე-13 მუხლით გათვალისწინებულ საწყობში ტვირთის გადატანა ხორციელდება საბაჟოს საკონტროლო ფორმის T1 შევსებით, რომელშიც მითითებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ თანდართულ სერტიფიკატში მოხსენიებული საწყობის დასახელება და ადგილმდებარეობა;
– განადგურების ადგილზე პროდუქტების ტრანსპორტირება ხდება მათი დენატურაციის შემდეგ.
აღნიშნული ტვირთები ისეთ პირობებში გადაიგზავნება, რომ ტრანსპორტირებისას არ მოხდეს საქონლის გადმოცლა, ხოლო ტრანსპორტირება მოხდეს ჰერმეტულად დაცული სატრანსპორტო საშუალებებით ან კომპეტენტური ორგანოს მიერ დალუქული კონტეინერებით კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ.
ამგვარი ტვირთების გადაგზავნა არ შეიძლება ამ მუხლში მითითებულ საწყობებს შორის.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ხარჯი ეკისრება ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ან მის წარმომადგენელს წევრი სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გარეშე დირექტივის 85/73/EEC პირველი მუხლიდან გამომდინარე პრინციპების თანახმად.
10. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა წარუდგინონ:
(a) მე-4 პუნქტში მოხსენიებული თავისუფალი ზონების, თავისუფალი საწყობების და საბაჟოს საწყობების ჩამონათვალი;
(b) მე-13 მუხლში მოხსენიებული ოპერატორებისა ჩამონათვალი.
კომისიამ უნდა უზრუნველყოს (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალის გამოქვეყნება ევროპის გაერთიანებების ოფიციალურ ბიულეტენში და გაუგზავნოს (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატორების ჩამონათვალი სხვა წევრ სახელმწიფოებს.
11. 1-ლი-მე-10 პუნქტებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რამდენადაც ეს პირობები ეხება საწყობს, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაჩეროს ან უკან გამოითხოვოს თავის მიერ განხორციელებული დამტკიცება, რომელიც გათვალისწინებულია მე-4(b) პუნქტით. ამგვარი გამოთხოვის შესახებ იგი აცნობებს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს.
განზრახული თუ სერიოზული გულგრილობის შედეგად გამოწვეული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება წევრი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები საწყობის დატოვების შემდეგ ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
12. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, კერძოდ, წესები რომლებიც დაკავშირებულია ამგვარ ზონებში ან საწყობებში ტვირთების შესვლისას ან მათგან გასვლისას განსახორციელებელ კონტროლის პროცედურებთან, ამგვარ ზონებს ან საწყობებს შორის ტვირთების ტრანსპორტირებასთან, პროდუქტების დასაწყობების ფორმასა და მათ გადამუშავებასთან, მიიღება 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 13
1. ოპერატორები, რომლებიც პირდაპირ ამარაგებენ მე-12(4) მუხლში მითითებული პროდუქტების მარაგებით სასაზღვრო საზღვაო ტრანსპორტის პერსონალსა და მგზავრებს, მე-12(1),(2),4(a) მუხლსა და მე-12(b),(5),(6),(7),(9) მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად:
(a) წინასწარი უნდა იქნენ უფლებამოსილნი ოპერატორებად კომპეტენტური ორგანოს მიერ;
(b) უნდა იღებდნენ პროდუქტების მარაგებს, რომელთა გადამუშავებაც დაუშვებელია თუ ნედლეული არ აკმაყოფილებს გაერთიანების მოთხოვნებს;
(c) უნდა ფლობდნენ დახურულ სათავსოებს, სადაც შესვლასა და გასვლას მუდმივად აკონტროლებს პასუხისმგებელი პირი. როდესაც საწყობი მდებარეობს თავისუფალ ზონაში, მასზე ვრცელდება მე-12(4)(b) მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
(d) კისრულობენ პასუხისმგებლობას, არ დაუშვან მე-12(4) მუხლით გათვალისწინებული პროდუქტების მოხმარება I დანართში აღნიშნულ რომელიმე ტერიტორიაზე;
(e) ვალდებულნი არიან შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შეატყობინონ კომპეტენტურ ორგანოს (c) ქვეპუნქტის თანახმად პროდუქტების საწყობში შესვლის შესახებ.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა ოპერატორებმა უნდა:
(a) განახორციელონ პირდაპირი მიწოდება საზღვაო ტრანსპორტის ბორტზე ან დანიშნულების პორტში მდებარე სპეციალურად დამტკიცებულ საწყობში, თუ მიღებულია ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ შესაბამისი პროდუქტები არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს პორტის ზონას და არ წავა სხვა მიმართულებით. წარმოშობის ადგილის საწყობიდან დანიშნულების ადგილის პორტამდე პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს საბაჟოს ზედამხედველობის ქვეშ რეგულაციით (EEC) No 2913/92 დადგენილი T1 პროცედურის შესაბამისად და მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად შედგენილი ვეტერინარული სერტიფიკატის თანხლებით;
(b) წინასწარ აცნობონ კომპეტენტურ ორგანოს წევრი სახელმწიფოს პორტის ზონის შესახებ, საიდანაც ხდება პროდუქტების მიღება და, აგრეთვე, წინასწარ უნდა აცნობონ დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს პორტის კომპეტენტურ ორგანოებს პროდუქტების გაგზავნის თარიღის შესახებ, მათი დანიშნულების ადგილის დეტალური მონაცემების ჩათვლით;
(c) წარადგინონ ოფიციალური მტკიცებულება, რომ პროდუქტებმა მიაღწიეს საბოლოო დანიშნულების ადგილს;
(d) აწარმოონ პროდუქტების შესვლისა და გაგზავნის აღრიცხვა სულ მცირე სამი წლის განმავლობაში. აღრიცხვა უნდა იძლეოდეს საწყობში დარჩენილი ტვირთების ნაწილების შემოწმების საშუალებას.
3. ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ისინი არ ამარაგებენ საზღვაო ხომალდებს გაერთიანების მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტებით, გარდა I დანართში ჩამოთვლილი ტერიტორიების სანაპირო ზონების მიღმა მყოფი მგზავრებისა და ეკიპაჟის მომარაგების შემთხვევებისა, როგორც ეს დადგენილია ეროვნული რეგულაციებით.
4. იმ წევრი სახელმწიფოს პორტის ზონის კომპეტენტური ორგანო, საიდანაც ხდება პროდუქტებით მომარაგება, დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს პორტის ზონის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას აწვდის არა უგვიანეს პროდუქტების გაგზავნის დროისა და ატყობინებს პროდუქტების დანიშნულების ადგილის შესახებ ANIMO-ს ქსელის საშუალებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო უკან გამოითხოვს 1(a)-ელ ქვეპუნქტში მითითებულ ავტორიზაციას. ამგვარი გამოთხოვის შესახებ იგი აცნობებს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს.
6. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, კერძოდ, პროდუქტების გაგზავნის, ტრანსპორტირებისა და მიწოდებისას განსახორციელებელი შემოწმების პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტების პირდაპირ მიწოდებას საზღვაო ტრანსპორტის ბორტზე, ასევე, მტკიცებულებას, რომ ამგვარმა პროდუქტებმა მიაღწიეს კანონიერი დანიშნულების ადგილს, მიიღება 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 14
1. პროდუქტებს, რომელთა საბაჟო დამუშავება ან გამოყენება რეგულაციის (EEC) No 2913/92 მიხედვით განსხვავდება ამ დირექტივის მე-7 მუხლსა და მე-12(3) მუხლით დადგენილი დებულებების პირობებისგან უნდა ჩაუტარდეს იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმებები, რათა დადგინდეს მათი შესაბამისობა იმპორტირების პირობებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ ანადგურებენ ან აბრუნებენ.
2. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 15
1. წევრი სახელმწიფო რეიმპორტზე უფლებამოსილებას ანიჭებს გაერთიანების ქვეყნებიდან წარმოშობილი პროდუქტების ტვირთისთვის, რომლის შემოტანაზეც უარი თქვა მესამე ქვეყანამ, იმ შემთხვევაში, თუ:
(a) პროდუქტს თან ახლავს:
(i) სერტიფიკატის ორიგინალი ან პროდუქტის თანმხლები სერტიფიკატის გამცემი კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული ასლი, პროდუქტის შემოტანაზე უარის თქმის მიზეზების დეტალების და იმის გარანტიის მითითებით, რომ პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები დაცულია და პროდუქტი გადამუშავებული არ არის;
(ii) დალუქული კონტეინერების შემთხვევაში, გადამზიდავის სერტიფიკატი, სადაც აღნიშნულია, რომ არ მომხდარა ტვირთის გადმოცლა ან რაიმე სახით გადამუშავება;
(b) საეჭვო პროდუქტი გადის დოკუმენტურ და იდენტურობის შემოწმებას, ხოლო მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ფიზიკურ შემოწმებასაც;
(c) ტვირთი მე-8(4) მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით პირდაპირ ბრუნდება წარმომშობ დაწესებულებაში იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც სერტიფიკატი გაიცა და თუ ტვირთის გადატანა მოიცავს სხვა წევრ სახელმწიფოში ტრანზიტს და ეს წინასწარ იყო ავტორიზებული იმ წევრი სახელმწიფოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სადაც ტვირთი პირველად შევა I დანართით გათვალისწინებულ გაერთიანების რომელიმე ტერიტორიაზე, ყველა იმ წევრი სახელმწიფოს სახელით, რომელთა გავლითაც მოხდება ტვირთის ტრანზიტი.
2. წევრი სახელმწიფო ვერ შეეწინააღმდეგება გაერთიანებაში წარმოშობილი პროდუქტების შემცველი ტვირთის ხელმეორედ შემოტანას, რომელზეც უარი თქვა მესამე ქვეყანამ, თუ ორიგინალი სერტიფიკატის გამცემი კომპეტენტური ორგანო თანახმაა ტვირთის უკან დაბრუნებაზე და დაცულია მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები.
3. პირველი და მეორე აბზაცებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, საეჭვო პროდუქტები გადაიგზავნება ისეთი პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას წარმოშობის დაწესებულებამდე მე-8(4) მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ჰერმეტულად დაცული სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც იდენტიფიცირდა და დაილუქა კომპეტენტური ორგანოს მიერ იმ პირობით, რომ ლუქი მოიხსნება კონტეინერის გახსნისას.
4. სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ანიჭებს ტრანსპორტირების უფლებამოსილებას, ტვირთის გამშვები სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარს აწვდის ინფორმაციას ANIMO-ს ქსელის საშუალებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ხარჯი ეკისრება ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ან მის წარმომადგენელს წევრი სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გარეშე დირექტივის 85/73/EEC პირველი მუხლიდან გამომდინარე პრინციპების თანახმად.
6. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 16
1. ეს თავი არ ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც:
(a) წარმოადგენს მგზავრთა პირადი ბარგის ნაწილს და განკუთვნილია მათ მიერ პირადი მოხმარებისათვის და მათი რაოდენობა არ აჭარბებს მე-3 პუნქტით დადგენილ რაოდენობას და პროდუქტები მოდის წევრი სახელმწიფოდან ან მესამე ქვეყნიდან, ან მესამე ქვეყნის ნაწილიდან, საიდანაც იმპორტი არ არის აკრძალული და რომელიც შეტანილია გაერთიანების წესების შესაბამისად მიღებულ ქვეყნების ნუსხაში:
(b) მცირე ტვირთების სახით ეგზავნება კერძო პირებს, თუ პროდუქტების იმპორტი არ ხდება ვაჭრობის გზით, და რაოდენობა არ აჭარბებს მე-3 პუნქტით დადგენილ რაოდენობას და პროდუქტები მოდის წევრი სახელმწიფოდან ან მესამე ქვეყნიდან, ან მესამე ქვეყნის ნაწილიდან, საიდანაც იმპორტი არ არის აკრძალული და რომელიც შეტანილია გაერთიანების წესების შესაბამისად მიღებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყნებში;
(c) იმყოფება საერთაშორისო გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და განკუთვნილია ეკიპაჟისა და მგზავრების მიერ მოხმარებისათვის, თუ ისინი არ შევა I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე.
ამ პროდუქტების ან მათი სამზარეულო ნარჩენების გადმოტვირთვისას ისინი უნდა განადგურდეს. თუმცა, საჭირო არ არის ამ პროდუქტების განადგურება, როდესაც ისინი ერთი საერთაშორისო გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებიდან პირდაპირ მეორე სატრანსპორტო საშუალებაში გადააქვთ ერთსა და იმავე პორტში და საბაჟოს ზედამხედველობის ქვეშ;
(d) თერმულად მუშავდება ჰერმეტულად დალუქულ კონტეინერში 3,00 ან მეტი სიდიდის F0-ის შემთხვევაში, როდესაც რაოდენობები, რომელიც არ აღემატება მე-3 პუნქტის შესაბამისად დასადგენ რაოდენობას და:
(i) წარმოადგენს მგზავრთა პირადი ბარგის ნაწილს ან განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის;
(ii) მცირე ტვირთების სახით ეგზავნება კერძო პირებს, თუ პროდუქტების იმპორტი არ ხდება ვაჭრობის გზით;
(e) იგზავნება სავაჭრო ნიმუშების სახით ან განკუთვნილია საგამოფენო მიზნებისათვის, თუ განზრახული არაა მათი გატანა ბაზარზე და ისინი წინასწარაა ავტორიზებული აღნიშნული მიზნისათვის კომპეტენტური ორგანოს მიერ;
(f) გამიზნულია კონკრეტული კვლევების ან ანალიზებისათვის, რათა, შეძლებისდაგვარად, ოფიციალური შემოწმების საფუძველზე დადგინდეს, რომ ამგვარი პროდუქტები არ მიეწოდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის და რომ გამოფენის ან კონკრეტული კვლევების ან ანალიზების დასრულების შემდეგ ეს პროდუქტები, ანალიზებში გამოყენებული პროდუქტების რაოდენობის გამოკლებით, განადგურდება ან უკან გაიგზავნება კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი გარკვეული პირობების შესაბამისად;
(e) ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული პროდუქტები გამოიყენებოდეს იმ მიზნით, რა მიზნითაც იმპორტირებულია მის ტერიტორიაზე და არა სხვა მიზნით.
2. პირველი პუნქტი არ ვრცელდება ახალი ხორცისა და ხორცის პროდუქტების წესებზე, რომლებიც განსაზღვრულია „მესამე ქვეყნებიდან მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხის და ღორის სახეობების ცხოველების, ახალი ხორცისა და ხორცით დამზადებული პროდუქტების იმპორტის შესახებ“ საბჭოს 1972 წლის 12 დეკემბრის დირექტივის 72/462/EEC(18) 1(2)-ელი მუხლით.
3. კომისიამ უნდა დაადგინოს აღსრულების წესები, კერძოდ, წონის შეზღუდვები სხვადასხვა პროდუქტისათვის, რომლებზეც ვრცელდება პირველ პუნქტში გათვალისწინებული უფლების შეზღუდვები 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 17
1. მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ტვირთის ვეტერინარული შემოწმების გარეშე თანამეგობრობის რომელიმე ტერიტორიაზე შეტანისას ეს ტვირთი უნდა დააკავონ და კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გაწყვიტოს, იგი უნდა განადგურდეს მე-2(b) მუხლის შესაბამისად თუ უკან გაიგზავნოს მე-2(a) მუხლის შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დირექტივაში მითითებული შემოწმებები კომპეტენტურ ორგანოს უჩვენებს, რომ პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს იმპორტის პირობებს, ან ამგვარი შემოწმებების შედეგად ვლინდება დარღვევები, კომპეტენტური ორგანო, ტვირთზე პასუხისმგებელ პირთან ან მის წარმომადგენელთან კონსულტაციის გზით გადაწყვეტს:
(a) 60 დღის განმავლობაში დააბრუნოს პროდუქტი I დანართში ჩამოთვლილი ტერიტორიების მიღმა იმავე სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე, რომელიც შეთანხმებულია ტვირთზე პასუხისმგებელ პირთან, იმავე სატრანსპორტო საშუალებით, თუ ამას დაბრკოლება არ ექმნება ვეტერინარული ინსპექტირების შედეგებისა და ჯანმრთელობის მოთხოვნების გამო;
ასეთ შემთხვევაში სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა:
– გააქტიუროს გადაწყვეტილების 92/438/EEC 1(1)-ელ მუხლში გათვალისწინებული საინფორმაციო პროცედურა;
– იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ მე-7 პუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად, გააუქმოს ვეტერინარული სერტიფიკატები ან დოკუმენტები, რომლებიც თან ახლავს უარყოფილ პროდუქტებს, რათა ვეღარ მოხდეს უარყოფილი პროდუქტების სხვა სასაზღვრო გამშვები პუნქტით გავლით ხელმეორედ შეტანა.
(b) ან, თუ უკან გაგზავნა შეუძლებელია ან (a) ქვეპუნქტში მითითებული 60-დღიანი ვადა ამოწურულია, ან ტვირთზე პასუხისმგებელი პირი იძლევა მყისიერ თანხმობას პროდუქტების გასანადგურებლად სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ყველაზე ახლოს ამ მიზნისათვის უზრუნველყოფილი საშუალებით საბჭოს 1990 წლის 27 ნოემბრის დირექტივის 90/667/EEC შესაბამისად, რომელიც ადგენს „ცხოველური ნარჩენების განკარგვისა და გადამუშავების ვეტერინარულ წესებს, მათ ბაზარზე განთავსებასა და ცხოველთა საკვებში ან თევზეულ საკვებში პათოგენების არსებობის აღკვეთასთან დაკავშირებით.“(19).
ამ ქვეპუნქტში მითითებული პროდუქტების უკან გაგზავნამდე ან უარყოფის მიზეზების დასაბუთებამდე, კომპეტენტური ორგანოები საეჭვო საქონელს ინახავენ კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო შენახვის ხარჯებს ფარავს ტვირთზე პასუხისმგებელი პირი.
3. 23-ე და 24-ე მუხლის დებულებები გამოიყენება, როდესაც 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმებების შედეგად ვლინდება გაერთიანების ვეტერინარული კანონმდებლობის უხეში ან განმეორებითი დარღვევა.
4. მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, როდესაც ავტორიზაცია პროდუქტის გამოყენების ნებართვისთვის გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ დირექტივის 90/667/EEC შესაბამისად, თუ საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
5. ტვირთზე პასუხისმგებელი პირი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია გასწიოს ტვირთის უკან გაგზავნის ან განადგურების პროცესთან, ან პროდუქტის სხვა მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამასთან, სერიოზული დაუდევრობით ან განზრახული ქმედებით გამოწვეული დარღვევის გამოვლენისას, წევრი სახელმწიფო აწესებს ჯარიმებს, რომელსაც ითვალისწინებს მისი ეროვნული კანონმდებლობა ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.
6. გამოიყენება გადაწყვეტილების 92/438/EEC დებულებები.
7. 1-ლი − მე-3 პუნქტების გამოყენების დეტალური წესები, კერძოდ, ტვირთის შეტანაზე უარის თქმის, მისი დაკავების ან განადგურებისათვის გადაწყვეტილების მიღების შეფასების კრიტერიუმების სტანდარტიზაციასთან დაკავშირებით, მიღებული უნდა იქნეს 29-ე მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 18
29-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, მე-2 პუნქტში ასახული გეგმების საფუძველზე კომისია იღებს წესს I დანართში ჩამოთვლილი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილებში პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებით, რათა გათვალისწინებული იქნეს ის ბუნებრივი დაბრკოლებები, რომლებიც დამახასიათებელია აღნიშნული ტერიტორიებისათვის, განსაკუთრებით, მათი სიშორე გაერთიანების ტერიტორიის ძირითადი ნაწილიდან.
ამ მიზნისათვის საფრანგეთის რესპუბლიკამ და საბერძნეთის რესპუბლიკამ კომისიას უნდა წარუდგინონ გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ამ ტერიტორიებზე და, განსაკუთრებით, საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონებსა და გარკვეულ კუნძულებზე ან კუნძულთა ჯგუფებზე მესამე ქვეყნებში წარმოშობილი პროდუქტების იმპორტზე განსახორციელებელი შემოწმებების ფორმას, ამ ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი გეოგრაფიული შეზღუდვების გათვალისწინებით.
ამ გეგმებში განისაზღვრება შემოწმებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს გაერთიანების ტერიტორიის სხვა ნაწილებში პროდუქტების დაბრუნების თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ტერიტორიები აკმაყოფილებს გაერთიანების ვეტერინარული კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მუხლი 19
1. 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად კომისია ადგენს იმ მცენარეული პროდუქტების ნუსხას, რომელთაც დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას შეიძლება შექმნან ცხოველთა ინფექციური და გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხე. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტები ექვემდებარება ამ დირექტივაში გათვალისწინებულ ვეტერინარულ შემოწმებებს, კერძოდ, ეხება მე-4 მუხლში მითითებულ პროდუქტებს, რათა გადამოწმდეს ამგვარი მცენარეული პროდუქტების წარმოშობისა და გეგმაში გათვალისწინებული საბოლოო დანიშნულების ადგილები.
ამავე პროცედურის მიხედვით მიიღება შემდეგი:
– ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობები, რომლებიც მესამე ქვეყნებმა უნდა დაიცვან და გარანტიები, რომლებიც შეთავაზებული უნდა იქნეს, განსაკუთრებით, საჭირო გადამუშავების ბუნებასთან დაკავშირებით ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით,
– მესამე ქვეყნების ნუსხა, რომელთაც გარანტიების საფუძველზე შეიძლება მიენიჭოთ უფლებამოსილება, აწარმოონ პირველ პუნქტში მითითებული მცენარეული პროდუქტების ექსპორტი გაერთიანებაში,
– ნებისმიერი სპეციფიკური შემოწმების პროცედურა, განსაკუთრებით, ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ამ პროდუქტებთან, განსაკუთრებით, დიდი რაოდენობით იმპორტირების შემთხვევაში.
2. მესამე ქვეყნის ალმის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემიდან დაუყოვნებლივ გადმოზიდული ახალი თევზის პროდუქტები გადის ვეტერინარულ შემოწმებებს, რომლებიც განსაზღვრულია „წევრი სახელმწიფოს ალმის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემიდან დაუყოვნებლივ გადმოტვირთული თევზისთვის“ საბჭოს 1994 წლის 6 მაისის რეგულაციის (EEC) No 1093/94 შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მესამე ქვეყნის თევზსაჭერ გემს შეუძლია პირდაპირ შევიდეს გაერთიანების პორტებში და გაყიდოს დაჭერილი თევზის პროდუქტები იქვე(20), სანამ მოხდება მათი იმპორტირება I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე.
თუმცა, მე-3(2) მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის გზით მესამე ქვეყანას 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის მიხედვით შეუძლია განახორციელოს ამ დირექტივაში გათვალისწინებული შემოწმებები გაყინული და ძლიერ გაყინული თინუსის შემთხვევაში, რომელიც თავის მოცილების ან გამოშიგვნის გარეშე გადმოტვირთულია გაერთიანების დებულებების შესაბამისად რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოს კუთვნილი თევზსაჭერი გემიდან, თუ:
– ამგვარ შემოწმებებს ახორციელებს ყველაზე ახლოს მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის კომპეტენტური ორგანო საბოლოო დანიშნულების ადგილის საწარმოში, რომელიც უშუალოდ ამ პროდუქტების გადამუშავებისთვისაა დამტკიცებული, ბუნებრივი გეოგრაფიული შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ტერიტორიებისთვისაა დამახასიათებელი;
– გადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან არაუმეტეს 75 კმ-ის დაშორებით;
– პროდუქტები გადააქვთ გადმოტვირთვის ადგილიდან დანიშნულების ადგილის საწარმოში საბაჟოს კონტროლის ქვეშ, მე-8(4) მუხლის პირველი ქვეაბზაცით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
3. 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, შეიძლება შეიზღუდოს მე-6(1)(b) მუხლით განსაზღვრული უფლებები შემოწმებებსა და სერტიფიკატების გაცემაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, მე-4(1) მუხლითა და მე-5(1) მუხლით განსაზღვრული სასაზღვრო გამშვები პუნქტებისათვის, სადაც თევზი იგზავნება საბჭოს 1991 წლის 22 ივლისის დირექტივის 91/493/EEC შესაბამისად, რომელიც ადგენს „თევზეულის პროდუქტების წარმოებისას სიჯანსაღის პირობების დაცვასა და ამ პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს.“(21).
მუხლი 20
1. ამ თავის დებულებების შეუზღუდავად სახელმწიფო ვეტერინარი ან კომპეტენტური ორგანო ახორციელებს ვეტერინარის ან კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაფერისად მიჩნეულ ვეტერინარულ შემოწმებას, როდესაც ვეტერინარულ კანონმდებლობაში არაა გათვალისწინებული ან საეჭვოა:
(a) პროდუქტის იდენტურობა და მისი ფაქტობრივი დანიშნულების ადგილი;
(b) პროდუქტის შესაბამისობა მსგავსი პროდუქტებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებთან;
(c) შესაბამისობა გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გარანტიებთან;
ჩატარდეს ნებისმიერი ვეტერინარული შემოწმება, რომელსაც ვეტერინარი ან ორგანო ჩათვლის საჭიროდ ეჭვის დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად.
შემოწმებული პროდუქტები რჩება კომპეტენტური ორგანოს ზედამხვედველობის ქვეშ შემოწმებების შედეგების მიღებამდე.
ეჭვის დადასტურების შემთხვევაში მსგავსი წარმოშობის პროდუქტების შემოწმება უნდა გაძლიერდეს მე-17(3) მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 21
1. ავსტრიის რესპუბლიკას ეძლევა სამწლიანი პერიოდი „მიერთების ხელშეკრულების“ ამოქმედების თარიღიდან, რათა დანერგოს ამ თავში გათვალისწინებული შემოწმების სისტემა. გარდამავალ პერიოდში ავსტრია მიიღებს 29-ე მუხლით დაწესებული პროცედურის შესაბამის ზომებს, რომლებიც განისაზღვრება მიერთების ხელშეკრულების ამოქმედების თარიღამდე. ეს ზომები უზრუნველყოფს, რომ ყველა საჭირო შემოწმება განხორციელდება გაერთიანების გარე საზღვართან შეძლებისდაგვარად ახლოს.
2. ფინეთის რესპუბლიკას ეძლევა ორწლიანი პერიოდი მიერთების ხელშეკრულების ამოქმედების თარიღიდან, რათა დანერგოს ამ თავში გათვალისწინებული შემოწმების სისტემა. გარდამავალ პერიოდში ფინეთი მიიღებს 29-ე მუხლით დაწესებული პროცედურის შესაბამის ზომებს, რომლებიც განისაზღვრება მიერთების ხელშეკრულების ამოქმედების თარიღამდე. ეს ზომები უზრუნველყოფს ყველა საჭირო შემოწმების განხორციელებას გაერთიანების გარე საზღვართან შეძლებისდაგვარად ახლოს.
3. წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, II დანართის მე-8 ქვეაბზაცის მოთხოვნები 29-ე მუხლში განსაზღვრული პროცედურის მიხედვით შესაძლოა 1999 წლის პირველი ივლისიდან ორი წლის განმავლობაში არ შეეხოს სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც აპლიკანტი ქვეყნების საზღვართან მდებარეობს.
თავი II
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებები
მუხლი 22
1. თუ გაერთიანების შიგნით მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე ვლინდება ან ვრცელდება „ცხოველთა დაავადებების შეტყობინების შესახებ“ საბჭოს 1982 წლის 21 დეკემბერის დირექტივაში 82/894/EEC(22) აღნიშნული დაავადებები, ზოონოზი ან სხვა დაავადება ან სხვა მოვლენა ან გარემოება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ცხოველების ან ადამიანების ჯანმრთელობას, ან არსებობს ცხოველების ან ადამიანების ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა რაიმე მიზეზი, განსაკუთრებით, ვეტერინარი ექსპერტების კვლევის ან სასაზღვრო გამშვებ პუნქტში განხორციელებული შემოწმებების შედეგების მიხედვით, კომისია საკუთრი ინიციატივის ან წევრი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ ახორციელებს ქვემოთ მოცემული ზომებიდან ერთ-ერთს, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე:
– დროებით აჩერებს იმპორტს აღნიშნული მესამე ქვეყნის ყველა ტერიტორიიდან და, საჭიროებისამებრ, ტრანზიტს მესამე ქვეყნიდანაც;
– ადგენს განსაკუთრებულ პირობებს იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც აღნიშნული მესამე ქვეყნიდან ან მისი ნაწილიდან მოდის;
– ფაქტობრივი შედეგების საფუძველზე ადგენს მოთხოვნებს სათანადო შემოწმებებისათვის, რომლებშიც შეიძლება შევიდეს ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების ძიება და ამგვარი შემოწმებების შედეგების საფუძველზე ზრდის ფიზიკური შემოწმებების სიხშირეს.
2. თუ ამ დირექტივით გათვალისწინებული რომელიმე შემოწმების საფუძველზე დადგინდება, რომ დატვირთული პროდუქტები შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ცხოველების ან ადამიანების ჯანმრთელობისთვის, კომპეტენტური ვეტერინარული ორგანო დაუყოვნებლივ იღებს შემდეგ ზომებს:
– აკავებს და ანადგურებს საეჭვო ტვირთს;
– დაუყოვნებლივ აცნობებს სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს და კომისიას მიღებული მონაცემებისა და პროდუქტების წარმომავლობის შესახებ, გადაწყვეტილების 92/438/EEC შესაბამისად.
3. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიამ შესაძლოა მიიღოს პირობითი უსაფრთხოების ზომები მე-11, მე-12 და მე-13 მუხლში აღნიშნულ პროდუქტებთან მიმართებაში.
4. კომისიის წარმომადგენლები შესაძლოა დაუყოვნებლივ ეწვიონ აღნიშნულ მესამე ქვეყანას.
5. როდესაც წევრი სახელმწიფო ოფიციალურად აცნობებს კომისიას უსაფრთხოების ღონისძიებების საჭიროების შესახებ, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ასრულებს 1-ლი − მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ დებულებებს ან ინფორმაციას არ აწვდის მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომიტეტს მე-6 პუნქტის შესაბამისად, წევრ სახელმწიფოს შეუძლია, მიიღოს უსაფრთხოების დროებითი ღონისძიებები საეჭვო პროდუქტებთან მიმართებაში.
ამ პუნქტის მიხედვით მესამე ქვეყნის ან მისი დაწესებულების მიმართ დროებითი უსაფრთხოების ზომების გატარებისას წევრი სახელმწიფო შეტყობინებას უგზავნის სხვა წევრ სახელმწიფოებსა და ამ სახელმწიფოების კომისიებს მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომიტეტში.
საკითხის წარდგენის შემთხვევაში, 28-ე მუხლის პირობების შესაბამისად, მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომიტეტი ათი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს 1-ლი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ზომების გახანგრძლივებას, შესწორებას ან გაუქმებას. 28-ე მუხლში გათვალისწინებული პროცედურის გამოყენება შესაძლებელია საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებადაც, გაერთიანების შიგნით პროდუქტების გადაადგილებასთან ან ტრანზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ჩათვლით.
6. 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეცვლის, გაუქმების ან გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება 28-ე მუხლში გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით.
7. საჭიროების შემთხვევაში, ამ თავის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
თავი III
ინსპექტირება და შემოწმება
მუხლი 23
1. როდესაც ამ დირექტივის მოთხოვნების ერთგვაროვანი გამოყენებისთვისაა საჭირო, კომისიის ვეტერინარმა ექსპერტებმა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეიძლება:
(a) შეამოწმონ წევრი სახელმწიფოების აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
(b) განახორციელონ ადგილზე შემოწმებები, რათა უზრუნველყონ შემოწმებების ამ დირექტივის შესაბამისად ჩატარება.
2. წევრი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ინსპექტირება, კომისიის ვეტერინარ ექსპერტებს, მათი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, ეხმარება სამუშაოს შესრულებაში.
შემოწმების შედეგები უნდა განიხილებოდეს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ერთად, საბოლოო ანგარიშის შედგენამდე და გავრცელებამდე.
3. თუ კომისია მიიჩნევს, რომ შემოწმებების შედეგებიდან გამომდინარე ასეა გამართლებული, იგი სიტუაციას განიხილავს მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომიტეტში. მან საჭირო გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს 28-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
4. კომისია თვალყურს ადევნებს მოვლენათა მსვლელობას; ამ მოვლენათა მსვლელობისა და 28-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის საფუძველზე მას შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს მე-5 პუნქტში მოხსენიებული გადაწყვეტილება.
5. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 24
1. იმ შემთხვევაში, თუ ამ დირექტივით გათვალისწინებული შემოწმებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გაერთიანების ვეტერინარული კანონმდებლობა სერიოზულად ან განმეორებით დაირღვა, კომპეტენტური ორგანო ამგვარ გამოყენებაში ან ამგვარი პროდუქტების წარმოშობაში მონაწილე პროდუქტების მიმართ ატარებს შემდეგ ზომებს:
– იგი აცნობებს კომისიას გამოყენებული პროდუქტებისა და შესაბამისი ტვირთის ტიპის შესახებ; ხოლო კომისია ამ ინფორმაციას ავრცელებს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში;
– წევრი სახელმწიფოები უფრო მკაცრად ამოწმებენ ამავე წარმოშობის პროდუქტების ყველა ტვირთს;
განსაკუთრებით, ამავე წარმოშობის მომდევნო 10 ტვირთი უნდა იქნეს ჩამორთმეული სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ფიზიკური შემოწმებისათვის, ასევე, III დანართში მითითებული ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული ანალიზებისათვის და შეტანილი უნდა იქნეს დეპოზიტი ინსპექტირების თანხების უზრუნველსაყოფად, სადაც ამგვარი დამატებითი შემოწმებები ადასტურებს გაერთიანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, პრობლემური ტვირთის ან მისი ნაწილის განკარგვა უნდა მოხდეს მე-17(2)(a) და (b) მუხლის შესაბამისად,
– კომისიას ეცნობება უფრო მკაცრი შემოწმების შედეგების შესახებ და ამ ინფორმაციის საფუძველზე იგი ატარებს ყველა საჭირო გამოკვლევას გამოვლენილი დარღვევების მიზეზებისა და წარმომავლობის იდენტიფიცირებისთვის.
2. თუ შემოწმებებით გამოვლინდა, რომ დასაშვები მაქსიმალური ზღვარი გადაჭარბებულია, გამოიყენება პირველი პუნქტის მე-2 ქვეაბზაცში მითითებული შემოწმებები.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტურ ორგანოებთან განხილვების შემდეგ კომისია დაასკვნის, რომ მესამე ქვეყნები, რომელთაც გაერთიანებასთან დადებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულებები ან მესამე ქვეყნები, რომელთა ტვირთები ნაკლები სიხშირით მოწმდება, ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და დირექტივის 96/23 29(1)-ე მუხლით დადგენილი გეგმით გათვალისწინებულ გარანტიებს, იგი ამ დირექტივის 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად აღნიშნულ ქვეყანას შეუჩერებს შემცირებული სიხშირის შემოწმებებით სარგებლობის უფლებას საეჭვო პროდუქტებზე მანამ, სანამ აღნიშნული ქვეყანა არ გამოასწორებს ამ შეუსაბამობებს. იგივე პროცედურა გამოიყენება შეჩერებული უფლების აღსადგენად.
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმებებით მინიჭებული სარგებლის მიღების აღსადგენად, გაერთიანების დელეგაცია, წევრი სახელმწიფოების ექსპერტებთან ერთად ეწვევა შესაბამის ქვეყანას ამ ქვეყნის მიერ ვიზიტის ხარჯების დაფარვის პირობით, რათა დადასტურდეს, რომ ამგვარი ზომები გატარებულია.
მუხლი 25
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტების სავაჭრო ადგილზე განხორციელებული შემოწმებების შედეგად წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ან მე-12 მუხლში მითითებული სხვა წევრი სახელმწიფოს საბაჟოს საწყობში, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში არ იცავენ ამ დირექტივის დებულებებს, იგი დაუყოვნებლივ უკავშირდება ამ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ცენტრალურ ორგანოს. ამ უკანასკნელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება და პირველ წევრ სახელმწიფოს შეატყობინოს განხორციელებული შემოწმებების ხასიათის, მიღებული გადაწყვეტილებებისა და ამგვარი გადაწყვეტილებების მიზეზების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ პირველი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გატარებულ ღონისძიებებს არასაკმარისად მიიჩნევს, იგი აღნიშნული წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ერთად მოსინჯავს ყველა შესაძლო გზასა და საშუალებას მოცემული სიტუაციის გამოსასწორებლად და, საჭიროების შემთხვევაში, ეწვევა ამ წევრ სახელმწიფოს.
თუ პირველ აბზაცში მითითებული შემოწმებების შედეგად ვლინდება განმეორებითი შეუსაბამობა ამ დირექტივასთან, დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ამის შესახებ ატყობინებს კომისიას და წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს.
დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის ან საკუთრივ თავისი ინიციატივის საფუძველზე, გამოვლენილი დარღვევების ტიპის გათვალისწინებით კომისიამ შესაძლოა:
– გააგზავნოს ინსპექტორთა ჯგუფი კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ წევრ სახელმწიფოში;
– მოსთხოვოს კომპეტენტურ ორგანოს პრობლემურ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საბაჟოს საწყობში, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში შემოწმებების გაძლიერება.
კომისიის გადაწყვეტილებების მოლოდინში, ამ პროცესში ჩართულმა წევრმა საელმწიფომ დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე უნდა გააძლიეროს შემოწმებები შესაბამის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საბაჟოს საწყობში, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში.
თავის მხრივ, დანიშნულების ადგილის წევრმა სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ამ წყაროებიდან წამოსული პროდუქტების შემოწმება.
ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში:
– თუ მე-5 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოხსენიებული დარღვევები დადასტურდება ინსპექტირების შედეგად, 28-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად კომისია იღებს ყველა საჭირო ზომას. ეს ზომები უნდა დადასტურდეს ან გადაიხედოს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში იგივე პროცედურის დაცვით.
2. ეს დირექტივა არ ახდენს გავლენას წევრი სახელმწიფოების მოქმედ კანონებში კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის განსაზღვრულ უფლებებზე.
კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლები ამავე გადაწყვეტილებების თანახმად უნდა ეცნობოს შესაბამის ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ან მის წარმომადგენელს.
ტვირთზე პასუხისმგებელი პირის ან მისი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და მიზეზები მას გადაეცემა წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების დეტალურ აღწერილობასთან ერთად იმ წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ახორციელებს შემოწმებებს, ასევე, მიეწოდება ინფორმაცია პროცედურისა და შესაბამისი ვადების შესახებ.
3. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 26
1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს იმ სახელმწიფო მოხელეების გაცვლის პროგრამა, რომლებსაც ექნებათ მესამე ქვეყნებიდან შემოსული პროდუქტების შემოწმების უფლებამოსილება.
2. კომისია და წევრი სახელმწიფოები კოორდინაციას უწევენ პირველ პუნქტში აღნიშნულ პროგრამას მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომიტეტის საშუალებით.
3. წევრი სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას მე-2 პუნქტში აღნიშნული კოორდინაციის შედეგად შემუშავებული პროგრამების განხორციელებისთვის.
4. მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომიტეტი ყოველწლიურად ამოწმებს პროგრამების განხორციელებას წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე.
5. წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ მიღებულ გამოცდილებას გაცვლითი პროგრამების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით.
6. გაერთიანებამ მონაწილეობა უნდა მიიღოს გაცვლითი პროგრამების დაფინანსებაში მათი ეფექტურად განვითარების ხელშეწყობის მიზნით. გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერის დეტალური წესები და გაერთიანების ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა დადგენილია „ვეტერინარულ სფეროში ხარჯების შესახებ“ საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით 90/424/EEC(23).
7. საჭიროების შემთხვევაში, 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტების გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 27
წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე სახელმწიფო ვეტერინარებმა მონაწილეობა მიიღონ ამ მუხლში აღნიშნულ სპეციალურ მომზადებაში.
29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად, კომისია შეიმუშავებს სახელმძღვანელო მითითებს ამგვარი პროგრამებისათვის.
კომისია მინიმუმ წელიწადში ერთხელ აწყობს სემინარებს პროგრამების განმახორციელებელი პირებისათვის მათი კოორდინაციის მიზნით.
ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება გადაწყვეტილების 90/424/EEC III კარის შესაბამისად.
თავი IV
ზოგადი დებულებები
მუხლი 28
თუ მითითებულია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ამ მუხლში გათვალისწინებული პროცედურა, საბჭოს გადაწყვეტილების 68/361/EEC(24) საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს დირექტივის 89/662/EEC მე-17 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 29
თუ მითითებულია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ამ მუხლში გათვალისწინებული პროცედურა, მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს დირექტივის 89/662/EEC მე-18 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 30
II და III დანართები შეიძლება შეივსოს 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 31
ეს დირექტივა არ აუქმებს საბაჟო წესების საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებებს.
მუხლი 32
ამ დირექტივის განხორციელებისას წევრი სახელმწიფოები იყენებენ გაერთიანების ფინანსურ დახმარებას, რომელიც გათვალისწინებულია გადაწყვეტილების 90/424/EEC 38-ე მუხლში.
მუხლი 33
დირექტივა 90/675/EEC უქმდება 1999 წლის 30 ივნისიდან.
დირექტივის 90/675/EEC საფუძველზე მიღებული აქტები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ მათი შემცვლელი დებულებები არ იქნება მიღებული ამ დირექტივის საფუძველზე.
ამ დირექტივის საფუძველზე მიღებული თითოეული აქტი, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს თარიღს, რომლის შემდეგაც მისი დებულებები ჩაანაცვლებს დირექტივის 90/675/EEC საფუძველზე მიღებულ შესაბამის დებულებებს.
მითითებები გაუქმებულ დირექტივაზე ითვლება მითითებებად ამ დირექტივაზე და შესაბამისობა მიიღწევა IV დანართში წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით.
მუხლი 34
1. წევრმა სახელმწიფოებმა 1999 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც ამ დირექტივას უნდა შეესაბამებოდეს. ამის შესახებ წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას.
წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნული დებულებების გამოყენება უნდა დაიწყონ 1999 წლის პირველი ივლისიდან. წევრი სახელმწიფოების მიერ ამ დებულებების მიღებისას, ისინი უნდა მოიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან თანდართული უნდა ჰქონდეს ამგვარი მითითება მათი ოფიციალური გამოქვეყნებისას. ამ მითითების მიღების პროცედურას შეიმუშავებენ წევრი სახელმწიფოები.
2. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გააცნონ ეროვნული კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომლებსაც ისინი მიიღებენ ამ დირექტივით რეგულირებად სფეროში.
მუხლი 35
ეს დირექტივა ძალაში შედის ევროპის გაერთიანებების ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
მუხლი 36
წინამდებარე დირექტივა ეხება წევრ სახელმწიფოებს.
შედგენილია ბრიუსელში, 1997 წლის 18 ნოემბერს.
საბჭოს სახელით
თავმჯდომარე
ფ. ბოდენი
დანართი I
პირველ მუხლში ჩამოთვლილი ტერიტორიები
1. ბელგიის სამეფოს ტერიტორია;
2. დანიის სამეფოს ტერიტორია ფაროეს კუნძულებისა და გრინლენდის გარდა;
3. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ტერიტორია;
4. ესპანეთის სამეფოს ტერიტორია გეუტასა დამელისას გარდა;
5. საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორია;
6. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია;
7. ირლანდიის ტერიტორია;
8. იტალიის რესპუბლიკის ტერიტორია;
9. ლუქსემბურგის დიდი საგრაფოს ტერიტორია;
10. ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია ევროპაში;
11. პორტუგალიის რესპუბლიკის ტერიტორია;
12. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორია;
13. ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორია;
14. ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორია;
15. შვედეთის სამეფოს ტერიტორია.
დანართი II
სასაზღვრო გამშვები პუნქტებისთვის დამტკიცებული მოთხოვნები
გაერთიანების მხრიდან თანხმობის მისაღებად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს უნდა:
– ჰყავდეს პროდუქტების თანხმლები დოკუმენტების (ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის სერტიფიკატები ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დადგენილია გაერთიანების კანონმდებლობით) შემმოწმებელი საჭირო პერსონალი;
– ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის ვეტერინარული და დამხმარე პერსონალი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში შესული პროდუქტების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც საგანგებოდ არიან მომზადებულნი შემოწმებების განსახორციელებლად, რათა პროდუქტი შეესაბამებოდეს თანმხლებ დოკუმენტებს და პროდუქტების თითოეული ტვირთის სისტემატური ფიზიკური შემოწმებების განსახორციელებლად;
– ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის პერსონალი მოცემულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში წარდგენილი დატვირთული პროდუქტებიდან შემთხვევითობის პრინციპით ნიმუშების ასაღებად და დასამუშავებლად;
– ჰქონდეს საკმარისად დიდი ზომის შენობა-ნაგებობები, სადაც პერსონალი განახორციელებს ვეტერინარულ შემოწმებებს;
– ჰქონდეს ჰიგიენურად დაცული შესაბამისი შენობა-ნაგებობები და მოწყობილობები სტანდარტული ანალიზების ჩასატარებლად და ნიმუშების ასაღებად ამ დირექტივის შესაბამისად;
– ჰქონდეს ჰიგიენურად დაცული შესაბამისი შენობა-ნაგებობები და მოწყობილობები გაერთიანების წესებით დადგენილი (მიკრობიოლოგიური სტანდარტები) სტანდარტული შემოწმებებისათვის ნიმუშების დასამუშავებლად;
– ჰქონდეს სპეციალური ლაბორატორია, სადაც სპეციალური ანალიზი ჩაუტარდება პუნქტში აღებული ნიმუშებს;
– ჰქონდეს შენობა-ნაგებობები და მაცივრები ტვირთის ნაწილის დასაწყობებისთვის ანალიზების ასაღებად და იმ პროდუქტებისათვის, რომლის თავისუფალ ბრუნვაში გაშვების უფლებას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პასუხისმგებელი ვეტერინარი არ გასცემს;
– ჰქონდეს სათანადო აღჭურვილობა ინფორმაციის სწრაფი გაცვლისათვის, განსაკუთრებით, სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან (კომპიუტერიზებული სისტემის საშუალებით, რომელიც გათვალისწინებულია დირექტივის 90/425/EEC მე-20 მუხლით ან Shift Project-ით);
– ჰყავდეს სამსახურები, რომელთაც აქვთ კვალიფიკაცია დირექტივით 90/667/EEC გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების განსახორციელებლად.
დანართი III
პროდუქტების ფიზიკური შემოწმება
ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ფიზიკური შემოწმება მიზნად ისახავს იმის დადასტურებას, რომ პროდუქტი ჯერ კიდევ შეესაბამება ვეტერინარულ სერტიფიკატში ან დოკუმენტში აღნიშნულ მიზნობრიობას: მესამე ქვეყნის მიერ დამტკიცებული წარმოშობის გარანტიები სათანადოდ უნდა გადამოწმდეს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ის გარემოება, რომ პროდუქტის ტრანსპორტირებისას არ შეიცვალოს თავდაპირველი საგარანტიო პირობა შემდეგის საშუალებით:
(a) ორგანოლეპტიკური შემოწმებებით: სუნი, ფერი, სიმკვრივე, გემო;
(b) მარტივი ფიზიკური ან ქიმიური შემოწმებებით: გაჭრა, გადნობა, გაცხელება;
(c) ლაბორატორიული ანალიზებით, რათა დადგინდეს:
ნარჩენები,
პათოგენები,
დამბინძურებლები,
მოდიფიკაციის ფაქტი.
განურჩევლად პროდუქტის ტიპისა, უნდა განხორციელდეს შემდეგი:
(a) სატრანსპორტო საშუალებისა და პირობების შემოწმება, განსაკუთრებით, ცივ ჯაჭვში რაიმე დარღვევის გამოსავლენად;
(b) უნდა შედარდეს საქონლის ფაქტობრივი წონა ვეტერინარულ სერტიფიკატში ან სხვა დოკუმენტში აღნიშნულ წონასთან და, საჭიროების შემთხვევაში, საქონელი მთლიანად უნდა აიწონოს;
(c) უნდა მოხდეს შესაფუთი მასალისა და ყველა აღნიშვნის (შტამპის, ეტიკეტის) შედარება გაერთიანების კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
(d) გადამოწმდეს გაერთიანების კანონმდებლობით მოთხოვნილი ტემპერატურის რეჟიმი ტრანსპორტირებისას ამ მოთხოვნასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
(e) საქონლის დაფასოებისას ყველა შეფუთვამ ან ნიმუშმა დიდი მოცულობის საქონლის შემთხვევაში უნდა გაიაროს ორგანოლეპტიკური შემოწმება და ჩაუტარდეს ფიზიკური, ქიმიური და ლაბორატორიული ანალიზები.
შემოწმების მიზნით აღებულ უნდა იქნეს ნიმუშების სრული სპექტრი მთელი ტვირთიდან, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება გადმოიტვირთოს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ტვირთის ყველა ნაწილიდან ნიმუშის აღება.
უნდა შემოწმდეს ტვირთში არსებული შეფუთვების ან ერთეულის 1%, სულ მცირე ორი და არაუმეტეს ათი ერთეულიდან/შეფუთვიდან.
თუმცა, პროდუქტებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, ვეტერინარულმა სამსახურებმა შესაძლოა მოითხოვონ დამატებითი, უფრო დაწვრილებითი შემოწმებები.
დიდი რაოდენობის საქონლის შემთხვევაში, უნდა მოხდეს სულ მცირე 5 ნიმუშის აღება ტვირთის სხვადასხვა ნაწილიდან.
(f) იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული ანალიზები ჩატარდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რომელთა შედეგებიც ვერ მიიღება დაუყოვნებლივ და არ იკვეთება მყისიერი საფრთხე ადამიანების ან ცხოველების ჯანმრთელობის მიმართ, შესაძლოა ტვირთი გაშვებულ იქნეს.
თუმცა, როდესაც ლაბორატორიული ანალიზები ტარდება რაიმე დარღვევაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ან თუ მანამდე ჩატარებული ანალიზები დადებით შედეგებს გამოავლენს, ტვირთი არ უნდა იქნეს გაშვებული, სანამ ანალიზის შედეგები უარყოფითი არ იქნება;
(g) სატრანსპორტო საშუალება სრულად უნდა გადმოიტვირთოს იმ შემთხვევაში თუ:
– პროდუქტები დატვირთულია იმგვარად, რომ ხელმისაწვდომია მხოლოდ მთლიანად და შეუძლებელია მისი ნაწილ-ნაწილ გადმოტვირთვა;
– ნიმუშების შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები;
– წინა ტვირთის შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევები;
– სახელმწიფო ვეტერინარი ეჭვობს დარღვევების არსებობაზე;
(h) ფიზიკური შემოწმების დასრულებისას კომპეტენტური ორგანო ადასტურებს შემოწმების ფაქტს, ხურავს ყველა გახსნილ შეფუთვას, არტყამს ოფიციალურ შტამპს და ხელახლა ლუქავს კონტეინერებს, ლუქის ნომერი კი შეჰყავს სასაზღვრო-სატრანზიტო დოკუმენტში.
დანართი IV
კორელაციის ცხრილი
|
დირექტივა 90/675/EEC |
წინამდებარე დირექტივა |
|
მუხლი 1 მუხლი 2(1) მუხლი 2(2)(a) მუხლი 2(2)(b) მუხლი 2(2)(c) მუხლი 2(2)(d) მუხლი 2(2)(e) მუხლი 2(2)(f) მუხლი 2(2)(g) მუხლი 2(2)(h) მუხლი 3 მუხლი 4 მუხლი 5 მუხლი 6 მუხლი 7 მუხლი 8(1) მუხლი 8(2) მუხლი 8(3) მუხლი 8(4) მუხლი 9 მუხლი 10 მუხლი 11 მუხლი 12 მუხლი 13 მუხლი 14 მუხლი 15 მუხლი 16 მუხლი 17 მუხლი 18 მუხლი 18a მუხლი 19 მუხლი 20 მუხლი 21 მუხლი 22 მუხლი 23 მუხლი 24 მუხლი 25 მუხლი 26 მუხლი 27 მუხლი 28 მუხლი 29 მუხლი 30 მუხლი 31 მუხლი 32 მუხლი 33 დანართი I დანართი II —
|
მუხლი 1 მუხლი 2(1) მუხლი 2(2)(a) მუხლი 2(2)(b) მუხლი 2(2)(c) მუხლი 2(2)(d) მუხლი 2(2)(e) მუხლი 2(2)(f) მუხლი 2(2)(g) მუხლი 2(2)(k) — — მუხლი 12 მუხლი 13 — — მუხლი 4(4)(b) მუხლი 10 მუხლი 9 მუხლი 6 — — მუხლი 11 მუხლი 14 მუხლი 16 — მუხლი 17 მუხლი 18 მუხლი 19 მუხლი 21 მუხლი 22 მუხლი 23 მუხლი 25 მუხლი 26 მუხლი 28 მუხლი 29 მუხლი 30 მუხლი 31 — — — — მუხლი 32 მუხლი 34 მუხლი 36 დანართი I დანართი II დანართი III |
(1) ოფიციალური ბიულეტენი, C 285, 23.08.1997, გვ. 7;
(2) ოფიციალური ბიულეტენი, C 85, 17.03.1997, გვ. 76;
(3) ოფიციალური ბიულეტენი, C 66, 03.03.1997, გვ. 43;
(4) ოფიციალური ბიულეტენი, L 373, 31.12.1990, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 96/43/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 162, 01.07.1996, გვ. 1);
(5) ოფიციალური ბიულეტენი, L 395, 30.12.1989, გვ. 13. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა
დირექტივით 92/118/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, L 62, 15.03.1993, გვ. 49);
(6) ოფიციალური ბიულეტენი, L 224, 18.08.1990, გვ. 29. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა
დირექტივით 92/118/EEC;
(7) ოფიციალური ბიულეტენი, L 302, 19.10.1992, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EC) No 82/97 (ოფიციალური ბიულეტენი, L 17, 21.01.1997, გვ. 1);
(8) ოფიციალური ბიულეტენი, L 243, 25.08.1992, გვ. 27. გადაწყვეტილებაში შესწორებები შევიდა 1994 წლის „მიერთების აქტით“;
(9) ოფიციალური ბიულეტენი, L 62, 15.03.1993, გვ. 49. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა
დირექტივით 96/90/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 13, 16.01.1997, გვ. 24);
(10) ოფიციალური ბიულეტენი, L 9, 15.01.1993, გვ. 33. გადაწყვეტილებაში შესწორებები შევიდა გადაწყვეტილებით 96/32/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 9, 12.01.1996, გვ. 9);
(11) ოფიციალური ბიულეტენი, L 331, 17.11.1992, გვ. 16;
(12) ოფიციალური ბიულეტენი, L 32, 05.02.1985, გვ. 14. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა
დირექტივით 96/43/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 162, 01.07.1996, გვ. 1);
(13) ოფიციალური ბიულეტენი, L 125, 23.05.1996, გვ. 10;
(14) ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 14.9.1992, გვ. 35. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა
დირექტივით 96/23/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 125, 23.05.1996, გვ 10);
(15) ოფიციალური ბიულეტენი, L 253, 11.10.1993, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა რეგულაციით (EC) No 1427/97 (ოფიციალური ბიულეტენი, L 196, 24.07.1997, გვ. 31);
(16) ოფიციალური ბიულეტენი, L 243, 11.10.1995, გვ. 17. გადაწყვეტილება, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა გადაწყვეტილებით 97/34/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 13, 16.01.1997, გვ 33);
(17) ოფიციალური ბიულეტენი, L 125, 23.05.1996, გვ. 3;
(18) ოფიციალური ბიულეტენი, L 302, 31.12.1972, გვ. 28. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 96/91/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 13, 16.01.1997, გვ. 27);
(19) ოფიციალური ბიულეტენი, L 363, 27.12.1990, გვ. 51. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა 1994 წლის „მიერთების აქტით“;
(20) ოფიციალური ბიულეტენი, L 121, 12.05.1994, გვ. 3;
(21) ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 24.09.1991, გვ. 15. დირექტივა რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 96/23/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 125, 23.05.1996, გვ. 10);
(22) ოფიციალური ბიულეტენი, L 378, 31.12.1982, გვ. 58. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა 1994 წლის „მიერთების აქტით“;
(23) ოფიციალური ბიულეტენი, L 224, 18.08.1990, გვ. 19. გადაწყვეტილება, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა გადაწყვეტილებით 94/370/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 168, 02.07.1994, გვ. 31);
(24) ოფიციალური ბიულეტენი, L 255, 18.10.1968, გვ. 23.
To see the original English version of this document, please, follow the link:
Return back
Document comments