"COUNCIL DIRECTIVE 98/24/EC of 7 April 1998 on the protection of the health and safety of workers from the risks related to chemical agents at work (fourteenth individual Directive within the meaning of Article 16(1) of Directive 89/391/EEC)"

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

 

ევროკავშირის საბჭოს 1998 წლის 7 აპრილის

დირექტივა 98/24/EC

სამუშაო ადგილზე ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისგან დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ (მეთოთხმეტე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში)

ევროკავშირის საბჭომ,

ითვალისწინებს რა ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კერძოდ კი, ამ ხელშეკრულების 118a-ე მუხლს,

ითვალისწინებს რა კომისიის ([1]) წინადადებას, რომელიც მომზადდა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად,

ითვალისწინებს რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას ([2]),

მოქმედებს რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 189с-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად ([3]),

(1) ვინაიდან ხელშეკრულების 118a-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ საბჭომ დირექტივების მეშვეობით უნდა მიიღოს მინიმალური მოთხოვნები გაუმჯობესების სტიმულირებისთვის, კერძოთ, სამუშაო გარემოში, რათა უზრუნველყოს დასაქმებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უფრო მაღალ დონეზე დაცვა;

(2) ვინაიდან, ამავე მუხლის თანახმად, ასეთი დირექტივებით არ უნდა დაწესდეს ადმინისტრაციული, ფინანსური და იურიდიული შეზღუდვები ისე, რომ ამან ხელი შეუშალოს მცირე და საშუალო საწარმოების შექმნასა და განვითარებას;

(3) ვინაიდან სამუშაო ადგილზე დასაქმებულების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება ის მიზანია, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული წმინდად ეკონომიკურ მოსაზრებებზე;

(4) ვინაიდან დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვის შესახებ მინიმალური მოთხოვნების შესრულება მიზნად ისახავს, რომ უზრუნველყოს არა მხოლოდ თითოეული ცალკეული დასაქმებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, არამედ ასევე უზრუნველყოს ევროგაერთიანებაში ყველა დასაქმებულის მინიმალური დაცვის დონე, რითაც კონკურენციის სფეროში თავიდან იქნება აცილებული ნებისმიერი შესაძლო დარღვევა;

(5) ვინაიდან ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვის ერთიანი დონე უნდა დადგინდეს მთელი ევროგაერთიანებისთვის; ვინაიდან დაცვის ეს დონე უნდა განისაზღვროს არა დეტალური ნორმატიული მოთხოვნებით, არამედ ზოგადი პრინციპების ჩარჩოთი, რათა წევრ სახელმწიფოებს მიეცეთ მინიმალური მოთხოვნების თანმიმდევრულად გამოყენების შესაძლებლობა;

(6) ვინაიდან ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ შრომით საქმიანობას შეუძლია საფრთხე შეუქმნას დასაქმებულებს;

(7) ვინაიდან საბჭოს 1980 წლის 27 ნოემბრის დირექტივა 80/1107/EEC სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვის შესახებ ([4]), საბჭოს 1982 წლის 28 ივლისის დირექტივა 82/605/EEC სამუშაო ადგილზე დასაქმებულების ლითონის ტყვიის და მისი იონური ნაერთების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვის შესახებ (პირველი ინდივიდუალური დირექტივის 80/1107/EEC მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) ([5]) და საბჭოს 1988 წლის 9 ივნისის დირექტივა 88/364/EEC დასაქმებულების დაცვის შესახებ გარკვეული კონკრეტული ნივთიერებების ან/და გარკვეული შრომითი საქმიანობების აკრძალვით (მეოთხე ინდივიდუალური დირექტივის 80/1107/EEC მე-8 მუხლის მნიშვნელობით) ([6]), თანმიმდევრულობისა და სიცხადის მიზნებისთვის, ასევე ტექნიკური მიზეზების გამო, უნდა გადაიხედოს და შეტანილი იქნეს ერთ დირექტივაში, რომელიც ადგენს ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული შრომითი საქმიანობის განხორციელებისას დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს; ვინაიდან ეს დირექტივები შეიძლება გაუქმდეს;

(8) ვინაიდან წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს ინდივიდუალურ დირექტივას სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების წამახალისებელი ზომების შემოღების შესახებ საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივის 89/391//EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ([7]);

(9) ვინაიდან, ამრიგად, აღნიშნული დირექტივის დებულებები სრულად ვრცელდება დასაქმებულებზე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებაზე, წინამდებარე დირექტივაში შემავალი უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებების გათვალისწინებით;

(10) ვინაიდან საშიში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებები შეიცავს სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებს, რომლებიც ასახულია ევროგაერთიანების დებულებებში სახიფათო ტვირთის სახმელეთო, სარკინიგზო, წყლისა და საჰაერო გზებით ტრანსპორტირების შესახებ;

(11) ვინაიდან დირექტივაში 67/548/EEC ([8]) და დირექტივაში 88/379/EEC ([9]), შესაბამისად, საშიში ნივთიერებებისა და პრეპარატების კლასიფიცირებასთან, შეფუთვასა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების შესახებ საბჭომ განსაზღვრა საშიში ნივთიერებებისა და პრეპარატების კლასიფიცირების კრიტერიუმების სისტემა;

(12) ვინაიდან საშიში ქიმიური ნივთიერების განმარტება უნდა მოიცავდეს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და ასევე ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, მისი ფიზიკურ-ქიმიური, ქიმიური ან ტოქსიკური თვისებების გამო და იმის გამო, თუ როგორ გამოიყენება ან არსებობს ის სამუშაო ადგილზე, საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;

(13) ვინაიდან დირექტივაში 90/492/EEC ([10]) კომისიამ განმარტა და დაადგინა საშიში ნივთიერებებისა და პრეპარატების შესახებ სპეციფიკური ინფორმაციის სისტემა უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლების სახით, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია სამრეწველო მომხმარებლებისთვის, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო ზომები დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად; ვინაიდან სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის ნიშნების უზრუნველყოფის მინიმალური მოთხოვნების შესახებ საბჭოს 1992 წლის 24 ივნისის დირექტივა 92/58/EEC (მეცხრე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) ([11]) ადგენს სამუშაო ადგილზე საშიში ნივთიერებებისთვის ან პრეპარატებისთვის გამოყენებული კონტეინერებისა და მილების მარკირების სისტემას;

(14) ვინაიდან დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს სამუშაო ადგილზე საშიში ქიმიური ნივთიერებების არსებობით გამოწვეული ნებისმიერი რისკი დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის, წინამდებარე დირექტივით დადგენილი აუცილებელი პრევენციული და დამცავი ღონისძიებების განსახორციელებლად;

(15) ვინაიდან რისკის შეფასების შედეგად განსაზღვრული და დამსაქმებლის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საჭიროებას;

(16) ვინაიდან დასაქმებულებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის შევსების მიზნით დაცვის გაუმჯობესებული დონის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ დასაქმებულები და მათი წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ იმ რისკების შესახებ, რომლებიც ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება შეუქმნას მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, და ზომების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ამ რისკების შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, აგრეთვე აუცილებელია იმისათვის, რომ მათ შეძლონ შემოწმება, რომ აუცილებელი დამცავი ღონისძიებები განხორციელდა;

(17) ვინაიდან იმ დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს, რომლებისთვისაც ზემოაღნიშნული შეფასების შედეგები ავლენს ჯანმრთელობის რისკს, შეუძლია ხელი შეუწყოს დამსაქმებლის მიერ განსახორციელებელ პრევენციულ და დაცვით ღონისძიებებს;

(18) ვინაიდან დამსაქმებელი რეგულარულად უნდა ახორციელებდეს შეფასებასა და გაზომვებს და ინფორმირებული იყოს ტექნოლოგიის სფეროში ახალი მოვლენების შესახებ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით;

(19) ვინაიდან უახლესი სამეცნიერო მონაცემები უნდა შეაფასონ დამოუკიდებელმა მეცნიერებმა, რათა კომისიას დაეხმარონ სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელობების დადგენაში;

(20) ვინაიდან, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მეცნიერული ცოდნა არ იძლევა ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების იმ დონის დადგენის საშუალებას, რომლის ქვემოთაც ჯანმრთელობისთვის რისკები წყვეტს არსებობას, ამ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შემცირება ამ რისკებს მაინც შეამცირებს;

(21) ვინაიდან დირექტივაში 91/322/EEC ([12]) და დირექტივაში 96/94/EC ([13]) კომისიამ დაადგინა საორიენტაციო ზღვრული მნიშვნელობები, როგორც ეს გათვალისწინებულია დირექტივით 80/1107/EEC; ვინაიდან წინა დირექტივები უნდა შენარჩუნდეს არსებული ჩარჩოს ნაწილის სახით;

(22) ვინაიდან წინამდებარე დირექტივაში შესატანი აუცილებელი ტექნიკური შესწორებები უნდა შეიმუშაოს კომისიამ დირექტივით 89/391/EEC შექმნილ კომიტეტთან თანამშრომლობით, რათა ამ უკანასკნელმა კომისიას დაეხმაროს აღნიშნული დირექტივის ფარგლებში მიღებულ ინდივიდუალურ დირექტივებში ტექნიკური ცვლილებების განხორციელებაში; ვინაიდან კომისიამ, რომელმაც გადაწყვეტილების 74/325/EEC შესაბამისად რჩევისთვის წინასწარ მიმართა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტს, ასევე უნდა შეიმუშაოს წინამდებარე დირექტივის გამოყენების პრაქტიკული რეკომენდაციები;

(23) ვინაიდან დირექტივის 80/1107/EEC გაუქმებამ არ უნდა გამოიწვიოს დასაქმებულთა ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ნივთიერებებისგან დაცვის არსებული სტანდარტების დაწევა; ვინაიდან ის სტანდარტები, რომლებიც გამომდინარეობს ბიოლოგიური ნივთიერებების შესახებ არსებული დირექტივებიდან, ფიზიკური ნივთიერებების შესახებ შემოთავაზებული დირექტივიდან, წინამდებარე დირექტივიდან და ამ ტექსტებში განხორციელებული ნებისმიერი შესწორებებიდან, უნდა ასახავდეს და, სულ მცირე, უნდა შეინარჩუნოს აღნიშნული დირექტივით დადგენილი სტანდარტები;

(24) ვინაიდან წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს შიდა ბაზრის სოციალურ განზომილებაში შეტანილ პრაქტიკულ წვლილს;

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

განყოფილება I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

მიზანი და მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დირექტივა, რომელიც წარმოადგენს მეთოთხმეტე ინდივიდუალურ დირექტივას დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, ადგენს დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების იმ რისკებისგან დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც წარმოიქმნება ან შეიძლება წარმოიქმნას სამუშაო ადგილზე არსებული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად ან ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული შრომითი საქმიანობის შედეგად.

2. წინამდებარე დირექტივის მოთხოვნები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საშიში ქიმიური ნივთიერებები არსებობს ან შეიძლება არსებობდეს სამუშაო ადგილზე, იმ ქიმიური ნივთიერებებთან დაკავშირებული დებულებების გათვალისწინებით, რომლებზეც ვრცელდება რადიაციული დაცვის ზომები ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული დირექტივების შესაბამისად.

3. სამუშაო ადგილზე კანცეროგენების არსებობის შემთხვევაში წინამდებარე დირექტივის დებულებები გამოიყენება იმ უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებების გათვალისწინებით, რომლებიც შედის კანცეროგენების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ საბჭოს 1990 წლის 28 ივნისის დირექტივაში 90/394/EEC (მეექვსე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) ([14]).

4. დირექტივის 89/391/EEC დებულებები სრულად ვრცელდება ამ მუხლში მითითებულ მთელ სფეროზე, წინამდებარე დირექტივაში შემავალი უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებების გათვალისწინებით.

5. რაც შეეხება საშიში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირებას, წინამდებარე დირექტივის დებულებები გამოიყენება იმ უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებების გათვალისწინებით, რომლებიც შედის დირექტივაში 94/55/EC ([15]), დირექტივაში 96/49/EC ([16]), „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის კოდექსის“ (IMDG Code), „საშიში ქიმიური ტვირთების გადამზიდავი გემების მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ საერთაშორისო კოდექსისა“ (IBC Code) და „თხევადი გაზის გადამზიდავი გემების მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ საერთაშორისო კოდექსის“ (IGC Code) დებულებებში, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 93/75/EEC მე-2 მუხლში ([17]), შიდა წყლებით საშიში ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ ევროპული შეთანხმებისა და საშიში ნივთიერებების მდინარე რაინზე გადაზიდვის შესახებ რეგულაციის დებულებებში, რომლებიც ასახულია ევროგაერთიანების კანონმდებლობასა და სახიფათო ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების ტექნიკურ ინსტრუქციებში, რომლებიც წინამდებარე დირექტივის ძალაში შესვლის თარიღისთვის გაცემულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

 

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

(a) „ქიმიური ნივთიერება“ ნიშნავს ქიმიურ ელემენტს ან ნაერთს, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ან შედის ნარევის შემადგენლობაში, გვხვდება ბუნებრივი სახით ან წარმოებულია სამრეწველო წესით, გამოყენებულია ან გამოყოფილია, მათ შორის, ნარჩენების სახით, ნებისმიერი შრომითი საქმიანობის შედეგად, მიუხედავად იმისა, ნაწარმოებია თუ არა ის განზრახ და განთავსებულია თუ არა ბაზარზე;

(b) „საშიში ქიმიური ნივთიერება“ ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც აკმაყოფილებს საშიშ ნივთიერებად კლასიფიცირების კრიტერიუმებს დირექტივის 67/548/EEC VI დანართში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, იმის მიუხედავად, ეს ნივთიერება კლასიფიცირებულია თუ არა ამავე დირექტივის საფუძველზე, გარდა იმ ნივთიერებებისა, რომლებიც აკმაყოფილებს მხოლოდ გარემოსთვის საშიშად კლასიფიცირების კრიტერიუმებს;

(ii) ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც აკმაყოფილებს საშიშ პრეპარატად კლასიფიცირების კრიტერიუმებს დირექტივის 88/379/EEC მნიშვნელობის ფარგლებში, იმის მიუხედავად, ეს პრეპარატი კლასიფიცირებულია თუ არა ამავე დირექტივის საფუძველზე, გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც აკმაყოფილებს მხოლოდ გარემოსთვის საშიშად კლასიფიცირების კრიტერიუმებს;

(iii) ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აკმაყოფილებს საშიშად კლასიფიცირების კრიტერიუმებს (i) და (ii) ქვეპუნქტების შესაბამისად, შეიძლება მისი ფიზიკურ-ქიმიური, ქიმიური ან ტოქსიკური თვისებების გამო და იმის გამო, თუ როგორ გამოიყენება ან არსებობს ის სამუშაო ადგილზე, საფრთხე შეუქმნას დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, მათ შორის, ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ენიჭება სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელობა მე-3 მუხლის მიხედვით.

(c) „ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობა“ ნიშნავს საქმიანობას, რომელშიც ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება ან განკუთვნილია გამოსაყენებლად ნებისმიერ პროცესში, მათ შორის წარმოებაში, გადამუშავებაში, შენახვაში, ტრანსპორტირებაში, განთავსებასა და დამუშავებაში, ან რომელიც არის ასეთი სამუშაოს შედეგი;

(d) „სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელობა“ ნიშნავს, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, დასაქმებულის სუნთქვის ზონაში ჰაერში ქიმიური ნივთიერების კონცენტრაციის დროში შეწონილი საშუალოს ზღვარს განსაზღვრულ საკონტროლო პერიოდთან მიმართებით;

(e) „ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობა“ ნიშნავს შესაბამის ბიოლოგიურ გარემოში შესაბამისი ნივთიერების, მისი მეტაბოლიტის კონცენტრაციის ან ზემოქმედების მაჩვენებლის ზღვარს;

(f) „ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი“ ნიშნავს ცალკეული დასაქმებულის შეფასებას ამ დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სამუშაოზე ადგილზე კონკრეტული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებასთან დაკავშირებით;

(g) „საფრთხე“ ნიშნავს ქიმიური ნივთიერების დამახასიათებელ თვისებას, რომელსაც შეუძლია ზიანის მიყენება;

(h) „რისკი“ ნიშნავს ალბათობას, რომ ზიანის პოტენციალი მიღწეული იქნება გამოყენების ან/და ზემოქმედების პირობებში.

 

მუხლი 3

სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელობები და ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობები

1. კომისიამ უნდა შეაფასოს კავშირი საშიში ქიმიური ნივთიერებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასა და სამუშაო ადგილზე ზემოქმედების დონეს შორის უახლესი ხელმისაწვდომი სამეცნიერო მონაცემების დამოუკიდებელი სამეცნიერო შეფასების მეშვეობით.

2. 1-ელ პუნქტში აღწერილი შეფასების საფუძველზე კომისიამ, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, უნდა შესთავაზოს დასაქმებულთა ქიმიური რისკებისგან დაცვის ევროპული მიზნები სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელობების სახით, რომლებიც უნდა დადგინდეს ევროგაერთიანების დონეზე.

აღნიშნული ზღვრული მნიშვნელობები უნდა დადგინდეს ან გადაიხედოს გაზომვის მეთოდების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. წევრმა სახელმწიფოებმა დასაქმებულების და დამსაქმებელთა ორგანიზაციებს რეგულარულად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ევროგაერთიანების დონეზე დადგენილი სამუშაო ადგილზე ზემოქმედების საორიენტაციო ზღვრული მნიშვნელობების შესახებ.

3. ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებასთან მიმართებით, რომლისთვისაც ევროგაერთიანების დონეზე დადგენილია სამუშაო ადგილზე ზემოქმედების საორიენტაციო ზღვრული მნიშვნელობა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ეროვნული ზღვრული მნიშვნელობა ევროგაერთიანების დონეზე დადგენილი ზღვრული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათი ხასიათის ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად განსაზღვრით.

4. სამუშაო ადგილზე ზემოქმედების სავალდებულო ზღვრული მნიშვნელობები შეიძლება ევროგაერთიანების დონეზე შემუშავდეს და იმ ფაქტორების გარდა, რომლების გათვალისწინებაც ხდება სამუშაო ადგილზე ზემოქმედების საორიენტაციო ზღვრული მნიშვნელობების დადგენისას, ისინი უნდა ასახავდეს მიზანშეწონილობის ფაქტორებს სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნის შენარჩუნებისას. აღნიშნული ზღვრული მნიშვნელობები უნდა დადგინდეს ხელშეკრულების 118a-ე მუხლის შესაბამისად და ჩამოყალიბდეს წინამდებარე დირექტივის I დანართში.

5. ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებასთან მიმართებით, რომლისთვისაც დადგენილია სამუშაო ადგილზე ზემოქმედების სავალდებულო ზღვრული მნიშვნელობები, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ სამუშაო ადგილზე ზემოქმედების შესაბამისი ეროვნული სავალდებულო ზღვრული მნიშვნელობა, რომელიც ეფუძნება, მაგრამ არ აღემატება ევროგაერთიანების ზღვრულ მნიშვნელობას.

6. სავალდებულო ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობები შეიძლება შემუშავდეს ევროგაერთიანების დონეზე 1-ელ პუნქტში აღწერილი შეფასების და გაზომვის მეთოდების ხელმისაწვდომობის საფუძველზე და უნდა ასახავდეს მიზანშეწონილობის ფაქტორებს სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნის შენარჩუნებისას. აღნიშნული ზღვრული მნიშვნელობები ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის შესახებ სხვა შესაბამის მონაცემებთან ერთად უნდა დადგინდეს ხელშეკრულების 118a-ე მუხლით დადგენილი და წინამდებარე დირექტივის II დანართში ჩამოყალიბებული პროცედურის შესაბამისად.

7. ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებასთან მიმართებით, რომლისთვისაც დადგენილია სავალდებულო ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ შესაბამისი სავალდებულო ეროვნული ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობა, რომელიც ეფუძნება, მაგრამ არ აღემატება ევროგაერთიანების ზღვრულ მნიშვნელობას.

8. იმ შემთხვევაში, თუ წევრ სახელმწიფოს შემოაქვს ან გადახედავს სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრულ მნიშვნელობას ან ეროვნულ ბიოლოგიურ ზღვრულ მნიშვნელობას ქიმიური ნივთიერებისთვის, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს, შესაბამისი სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების მითითებით. კომისიამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომა.

9. მე-15 მუხლის შესაბამისად წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე კომისიამ უნდა შეაფასოს, თუ როგორ გაითვალისწინეს წევრმა სახელმწიფოებმა ევროგაერთიანების საორიენტაციო ზღვრული მნიშვნელობები სამუშაო ადგილზე ზემოქმედების შესაბამისი ეროვნული ზღვრული მნიშვნელობების დადგენისას.

10. სამუშაო ადგილზე ჰაერის კონცენტრაციების გაზომვისა და შეფასების სტანდარტიზებული მეთოდები სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრულ მნიშვნელობებთან მიმართებით უნდა შემუშავდეს მე-12(2) მუხლის შესაბამისად.

 

განყოფილება II

დამსაქმებლის ვალდებულებები

 

მუხლი 4

საშიში ქიმიური ნივთიერებების რისკის დადგენა და შეფასება

1. დირექტივის 89/391/EEC მე-6(3) და მე-9(1) მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას დამსაქმებელმა პირველ რიგში უნდა დაადგინოს, არის თუ არა სამუშაო ადგილზე საშიში ქიმიური ნივთიერები. თუ არის, მაშინ მან უნდა შეაფასოს ამ ქიმიური ნივთიერებების არსებობიდან მომდინარე ნებისმიერი რისკი დასაქმებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის, შემდეგის გათვალისწინებით:

- მათი სახიფათო თვისებები,

- უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა იქნეს მიწოდებული მიმწოდებლის მიერ (მაგ., უსაფრთხოების მონაცემთა შესაბამისი ფურცელი დირექტივის 67/548/EEC ან დირექტივის 88/379/EEC დებულებების შესაბამისად),

- ზემოქმედების ხარისხი, ტიპი და ხანგრძლივობა,

- სამუშაოს პირობები, რომლებიც მოიცავს ასეთ ნივთიერებებს, მათი ოდენობის ჩათვლით,

- სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელობები ან ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე,

- გატარებული ან გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების ეფექტი,

- არსებობის შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის უკვე განხორციელებული კონტროლიდან გამოსატანი დასკვნები.

დამსაქმებელმა მიმწოდებლისგან ან სხვა ადვილად ხელმისაწვდომი წყაროებიდან უნდა მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა რისკის შეფასებისთვის. საჭიროების შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს კონკრეტულ შეფასებას მომხმარებლებისთვის რისკთან დაკავშირებით, რომელიც დადგენილია ქიმიური ნივთიერებების შესახებ ევროგაერთიანების კანონმდებლობის საფუძველზე.

2. დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს განხორციელებული რისკების შეფასება დირექტივის 89/391/EEC მე-9 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე მან უნდა განსაზღვროს, თუ რომელი ღონისძიებები იქნა გატარებული წინამდებარე დირექტივის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად. რისკების შეფასების დოკუმენტირება უნდა მოხდეს შესაფერისი ფორმით, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად, და ის შეიძლება მოიცავდეს დამსაქმებლის დასაბუთებას, რომ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების ხასიათი და ხარისხი დამატებით დეტალურ შეფასებას არ საჭიროებს. რისკების შეფასების განახლება უნდა განხორციელდეს რეგულარულად, განსაკუთრებით მაშინ, თუ განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებსაც შეუძლია დაუკარგოს მას ძალა, ან როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის შედეგები განახლების აუცილებლობაზე მიუთითებს.

3. რისკების შეფასება უნდა მოიცავდეს საწარმოს ან დაწესებულების საქმიანობის გარკვეულ სახეობებს, როგორიცაა ტექნიკური მომსახურება, რომელთან დაკავშირებითაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესაძლებლობის არსებობა, ან რომლებმაც შეიძლება მოიტანოს საზიანო შედეგი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის სხვა მიზეზების გამო, მაშინაც კი, როდესაც ყველა ტექნიკური ღონისძიება განხორციელებულია.

4. რამდენიმე საშიში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებასთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში რისკი უნდა შეფასდეს ერთობლივად ყველა ამ ქიმიური ნივთიერებიდან მომდინარე რისკის საფუძველზე.

5. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ახალი საქმიანობის შემთხვევაში სამუშაო უნდა დაიწყოს მხოლოდ ამ საქმიანობის რისკის შეფასებისა და განსაზღვრული პრევენციული ღონისძიების განხორციელების შემდეგ.

6. პრაქტიკული რეკომენდაციები რისკების განსაზღვრისა და შეფასებისთვის, აგრეთვე მათი გადახედვისა და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილების განხორციელებისთვის, უნდა შემუშავდეს მე-12(2) მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 5

საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების ზოგადი პრინციპები და წინამდებარე დირექტივის გამოყენება რისკების შეფასებასთან დაკავშირებით

1. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობის განხორციელების დროს დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის ვალდებულების შესრულებისას დამსაქმებელმა უნდა გაატაროს დირექტივის 89/391/EEC მე-6 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით დადგენილი აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, წინამდებარე დირექტივით დადგენილი ღონისძიებები.

2. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილზე რისკები დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის უნდა აღმოიფხვრას ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი:

- სამუშაო ადგილზე სამუშაო სისტემების შემუშავებითა და ორგანიზებით,

- ქიმიურ ნივთიერებებთან სამუშაოდ შესაბამისი აღჭურვილობისა და ტექნიკური მომსახურების პროცედურების უზრუნველყოფით, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას,

- იმ დასაქმებულთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანით, რომლებიც არიან ან შეიძლება აღმოჩნდნენ ზემოქმედების ქვეშ,

- ზემოქმედების ხანგრძლივობისა და ინტენსივობის მინიმუმამდე დაყვანით,

- შესაბამისი ჰიგიენური ზომების მიღებით,

- სამუშაო ადგილზე არსებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ტიპის სამუშაოსთვის,

- შესაფერისი სამუშაო პროცედურების, მათ შორის, საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და ამ ქიმიური ნივთიერებების შემცველი ნარჩენების სამუშაო ადგილზე უსაფრთხო დამუშავების, შენახვისა და ტრანსპორტირების ღონისძიებების განხორციელებით.

რისკების მართვის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პრაქტიკული რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს მე-12(2) მუხლის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ მე-4(1) მუხლით გათვალისწინებული შეფასების შედეგები გამოავლენს რისკს დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის, გამოყენებული უნდა იქნეს მე-6, მე-7 და მე-10 მუხლებით დადგენილი დაცვის, პრევენციისა და მონიტორინგის სპეციალური ზომები.

4. იმ შემთხვევაში, თუ მე-4(1) მუხლით გათვალისწინებული რისკების შეფასების შედეგები აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილზე არსებული საშიში ქიმიური ნივთიერების რაოდენობის გამო არსებობს მხოლოდ მცირე რისკი დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის, ხოლო ამ მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებები საკმარისია ამ რისკის შესამცირებლად, მე-6, მე-7 და მე-10 მუხლების დებულებები არ გამოიყენება.

 

მუხლი 6

დაცვისა და პრევენციის სპეციალური ზომები

1. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ საშიში ქიმიური ნივთიერებიდან მომდინარე რისკი სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აღიკვეთოს ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

2. 1-ელი პუნქტის გამოყენების შემთხვევაში დამსაქმებელს შეუძლია მიმართოს ჩანაცვლებას, ანუ თავიდან აიცილოს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენება მისი ქიმიური ნივთიერებით ან პროცესით ჩანაცვლებით, რომელიც, მისი გამოყენების პირობებში, არ არის საშიში ან ნაკლებად საშიშია დასაქმებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის, გარემოებებიდან გამომდინარე.

იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის ხასიათი არ იძლევა ჩანაცვლების საშუალებით რისკის აღმოფხვრის შესაძლებლობას, მე-4 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობისა და რისკების შეფასების გათვალისწინებით დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს რისკის მინიმუმამდე დაყვანა დაცვისა და პრევენციის ზომების გამოყენებით, მე-4 მუხლის თანახმად განხორციელებული რისკების შეფასების შესაბამისად. პრიორიტეტულობის მიხედვით, ეს ზომები მოიცავს:

(a) შესაბამისი სამუშაო პროცესებისა და მართვის საშუალებების შემუშავებასა და სათანადო აღჭურვილობისა და მასალების გამოყენებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა, რაც შეიძლება სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენდეს;

(b) რისკის წყაროზე კოლექტიური დაცვის ზომების გამოყენებას, მაგალითად, სათანადო განიავებასა და შესაბამის ორგანიზაციულ ზომებს;

(c) იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების თავიდან აცილება სხვა საშუალებებით შეუძლებელია, ინდივიდუალური დაცვის ზომების, მათ შორის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას.

რისკების მართვის მიზნით დაცვისა და პრევენციის ზომების შესახებ პრაქტიკული რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს მე-12(2) მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ზომებს თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი მე-10 მუხლის შესაბამისად, თუ ეს გამართლებულია რისკის ხასიათით.

4. თუ დამსაქმებელი შეფასების სხვა საშუალებებით მკაფიოდ არ აჩვენებს, რომ მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღწეულია სათანადო პრევენცია და დაცვა, დამსაქმებელმა რეგულარულად და იმ პირობების ცვლილების შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლია დასაქმებულებზე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებაზე გავლენის მოხდენა, უნდა ჩაატაროს ქიმიური ნივთიერებების, რომლებიც შეიძლება რისკს წარმოადგენდეს სამუშაო ადგილზე დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის, ისეთი გაზომვები, რომლებიც აუცილებელია, კერძოდ, სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრულ მნიშვნელობებთან დაკავშირებით.

5. დამსაქმებელმა მე-4 მუხლით გათვალისწინებული ან ამავე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისას უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული პროცედურების შედეგები.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად დადგენილი სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება მოხდა, დამსაქმებელმა ამ ზღვრის ხასიათის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად პრევენციული და დამცავი ღონისძიებების განხორციელებით.

6. მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რისკების საერთო შეფასებისა და მათი თავიდან აცილების ზოგადი პრინციპების საფუძველზე დამსაქმებელმა უნდა განახორციელოს ტექნიკური ან/და ორგანიზაციული ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება ოპერაციის ხასიათს, მათ შორის შეუთავსებელი ქიმიური ნივთიერებების შენახვა, დამუშავება და განცალკევება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება დასაქმებულთა ქიმიური ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვა. კერძოდ, მან უნდა მიიღოს ზომები პრიორიტეტულობის მიხედვით, რათა:

(a) არ დაუშვას სამუშაო ადგილზე აალებადი ნივთიერებების საშიში კონცენტრაციების ან ქიმიურად არასტაბილური ნივთიერებების საშიში რაოდენობის არსებობა, ან იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს ხასიათი არ იძლევა ამის შესაძლებლობას,

(b) თავიდან აიცილოს აალების წყაროების არსებობა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი და აფეთქება, ან არახელსაყრელი პირობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქიმიურად არასტაბილური ნივთიერებებისა თუ ნივთიერებების ნარევების მავნე ფიზიკური ზემოქმედება, და

(c) შეამსუბუქოს მავნე ზემოქმედება დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე აალებადი ნივთიერებების აალების ან ქიმიურად არასტაბილური ნივთიერებებისა თუ ნივთიერებების ნარევების მავნე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ხანძრის ან აფეთქების შემთხვევაში.

დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა დასაცავად უზრუნველყოფილი სამუშაო აღჭურვილობა და დამცავი სისტემები უნდა შეესაბამებოდეს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაპროექტების, წარმოებისა და მიწოდების შესახებ ევროგაერთიანების შესაბამის დებულებებს. დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ტექნიკური ან/და ორგანიზაციული ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს და შეესაბამებოდეს პოტენციურად ფეთქებად გარემოში გამოყენებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობასა და დამცავ სისტემებთან დაკავშირებული წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობების დაახლოების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1994 წლის 23 მარტის დირექტივის 94/9/EC I დანართით გათვალისწინებული აღჭურვილობის ჯგუფურ კლასიფიკაციას ([18]).

დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ზომები დანადგარების, აღჭურვილობისა და მანქანების სათანადო კონტროლის ან აფეთქების ჩამხშობი აღჭურვილობის ან აფეთქების წნევის შემამცირებელი მექანიზმების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 7

ავარიის, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. დირექტივის 89/391/EEC მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საშიში ქიმიური ნივთიერებების არსებობასთან დაკავშირებული ავარიისგან, ინციდენტისა თუ საგანგებო სიტუაციისგან დასაცავად უნდა დაადგინოს პროცედურები (სამოქმედო გეგმები), რომელთა ამოქმედება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მოხდება ასეთი მოვლენა, რათა მიღებული იქნეს შესაბამისი ზომა. აღნიშნული ღონისძიებები უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების შესაბამის ვარჯიშებს, რომლებიც უნდა ჩატარდეს რეგულარულად, აგრეთვე პირველი დახმარების შესაბამისი საშუალებების უზრუნველყოფას.

2. 1-ელ პუნქტში აღნიშნული მოვლენის შემთხვევაში დამსაქმებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ამ მოვლენის შედეგების შესამსუბუქებლად და ამის შესახებ შესაბამის დასაქმებულებს აცნობოს.

მდგომარეობის ნორმალიზების მიზნით:

- დამსაქმებელმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ზომები მდგომარეობის შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოსასწორებლად,

- მხოლოდ იმ დასაქმებულებს, რომლებიც აუცილებელი არიან რემონტისა და სხვა საჭირო სამუშაოების შესასრულებლად, უნდა მიეცეთ უფლება, იმუშაონ დაზიანებულ უბანზე.

3. იმ დასაქმებულებს, რომლებსაც მიეცათ დაზიანებულ უბანზე მუშაობის უფლება, უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი დამცავი ტანსაცმლით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, უსაფრთხოების სპეციალიზებული აღჭურვილობითა და საშუალებებით, რომლებიც მათ უნდა გამოიყენონ მანამ, სანამ აღნიშნული მდგომარეობა არსებობს; ეს მდგომარეობა არ არის მუდმივი.

დაუშვებელია დაუცველი პირების დაზიანებულ უბანზე დარჩენა.

4. დირექტივის 89/391/EEC მე-8 მუხლის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა გაფრთხილებისა და სხვა საკომუნიკაციო სისტემების უზრუნველსაყოფად, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის გაზრდილი რისკის შესატყობინებლად, სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად და, თუ ამის საჭიროება დადგება, შედეგების ლიკვიდაციის ზომების, დახმარების, საევაკუაციო და სამაშველო ოპერაციების დაუყოვნებლივ დასაწყებად.

5. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საგანგებო ზომების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ავარიებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაბამის შიდა და გარე სამსახურებს უნდა ჰქონდეთ ამ ინფორმაციაზე წვდომა. ის უნდა მოიცავდეს შემდეგს:

- წინასწარი შეტყობინება სამუშაოზე შესაბამისი საფრთხის, საფრთხის გამოვლენის ზომების, სიფრთხილის ზომებისა და პროცედურების შესახებ, რათა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურებმა შეძლონ საკუთარი რეაგირების პროცედურებისა და წინასწარი ზომების მომზადება; და

- ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ კონკრეტული საფრთხის შესახებ, რომელიც წარმოიქმნება ან შეიძლება წარმოიქმნას ავარიის ან საგანგებო სიტუაციის დროს, მათ შორის, ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად მომზადებული პროცედურების შესახებ.

 

მუხლი 8

დასაქმებულთა ინფორმირება და სწავლება

1. დირექტივის 89/391/EEC მე-10 და მე-12 მუხლების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ დასაქმებულები ან/და მათ წარმომადგენლები უზრუნველყოფილი იყვნენ:

- წინამდებარე დირექტივის მე-4 მუხლის შესაბამისად მოპოვებული მონაცემებით, აგრეთვე დამატებით ეცნობოთ ყოველთვის, როდესაც სამუშაო ადგილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილება ამ მონაცემების ცვლილებას იწვევს,

- ინფორმაციით საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არსებობს სამუშაო ადგილზე, მაგალითად, ამ ნივთიერებების რაობა, რისკები უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის, სამუშაო ადგილზე ზემოქმედების შესაბამისი ზღვრული მნიშვნელობები და სხვა საკანონმდებლო დებულებები,

- სწავლებითა და ინფორმაციით სიფრთხილის შესაბამისი ზომებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილზე საკუთარი თავისა და სხვა დასაქმებულთა დასაცავად,

- მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ უსაფრთხოების მონაცემთა ნებისმიერ ფურცელზე წვდომით დირექტივის 88/379/EEC მე-10 მუხლისა და დირექტივის 92/32/EEC 27-ე მუხლის შესაბამისად ([19]);

და რომ აღნიშნული ინფორმაციის:

- მიწოდება მოხდეს იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს წინამდებარე დირექტივის მე-4 მუხლის თანახმად ჩატარებული რისკების შეფასების შედეგს. ეს შეიძლება იყოს ზეპირი კომუნიკაცია თუ ინდივიდუალური ინსტრუქცია და სწავლება, რომელსაც თან ახლავს წერილობითი ინფორმაცია, იმ რისკის ხასიათიდან და ხარისხიდან გამომდინარე, რომელსაც ავლენს აღნიშნული მუხლით მოთხოვნილი შეფასება,

- განახლება მოხდეს ცვალებადი გარემოებების გათვალისწინებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოზე გამოყენებული საშიში ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები და მილები არ არის ნიშანდებული ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირების შესახებ და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნიშნების შესახებ ევროგაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, დამსაქმებელმა, ზემოაღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახვევების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს, რომ კონტეინერებისა და მილების შიგთავსი, ამ შიგთავსის ხასიათთან და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან ერთად, იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი.

3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ ზომები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამსაქმებლებს მოთხოვნის საფუძველზე შეეძლოთ, სასურველია მწარმოებლისგან ან მიმწოდებლისგან, მიიღონ ყველა ინფორმაცია საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ, რომელიც საჭიროა წინამდებარე დირექტივის მე-4(1) მუხლის გამოსაყენებლად, რამდენადაც დირექტივები 67/548/EEC და 88/379/EEC არ შეიცავს ინფორმაციის მიწოდების რაიმე ვალდებულებას.

 

განყოფილება III

სხვადასხვა დებულება

 

მუხლი 9

აკრძალვები

1. გარკვეული ქიმიური ნივთიერებებიდან ან/და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობის გარკვეული სახეობებიდან მომდინარე რისკების დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად III დანართით გათვალისწინებული ქიმიური ნივთიერებების წარმოება, დამზადება ან სამუშაო ადგილზე გამოყენება და საქმიანობები უნდა აიკრძალოს ამავე დანართით განსაზღვრული მოცულობით.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაუშვან გადახვევები 1-ელი პუნქტის მოთხოვნებიდან შემდეგ გარემოებებში:

- მხოლოდ სამეცნიერო კვლევისა და ტესტირების, მათ შორის, ანალიზის მიზნით,

- იმ საქმიანობისთვის, რომლებიც განკუთვნილია იმ ქიმიური ნივთიერებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც წარმოდგენილია თანმდევი პროდუქტების ან ნარჩენი პროდუქტების სახით,

- 1-ელ პუნქტში მითითებული ქიმიური ნივთიერებების წარმოებისთვის შუამავლებად გამოსაყენებლად, და ასეთი გამოყენებისთვის.

1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ქიმიური ნივთიერებების დასაქმებულებზე ზემოქმედება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, კერძოდ, იმის უზრუნველყოფით, რომ ამ ქიმიური ნივთიერებების, როგორც შუალედური ნივთიერების, წარმოება და ყველაზე ადრეული შესაძლო გამოყენება უნდა მოხდეს ერთიან დახურულ სისტემაში, რომლიდანაც ზემოაღნიშნული ქიმიური ნივთიერებები შეიძლება ამოღებული იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომლითაც აუცილებელია პროცესის მონიტორინგისა თუ სისტემის მომსახურებისთვის.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უზრუნველყონ ინდივიდუალური ნებართვების სისტემები.

3. როდესაც გადახვევები ნებადართულია მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპეტენტურმა ორგანომ დამსაქმებელს უნდა მოსთხოვოს შემდეგი ინფორმაციის წარდგენა:

- გადახვევის მოთხოვნის მიზეზი,

- ყოველწლიურად გამოსაყენებელი ქიმიური ნივთიერების რაოდენობა,

- საქმიანობები ან/და ჩართული რეაქციები ან პროცესები,

- იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომლებიც ექვემდებარებიან ჩართვას,

- სიფრთხილის ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი დასაქმულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად,

- დასაქმებულებზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მისაღები ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები.

4. საბჭოს, ხელშეკრულების 118a-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, შეუძლია შესწორება შეიტანოს ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების ჩამონათვალში, რათა მასში შეიტანოს დამატებითი ქიმიური ნივთიერებები ან საქმიანობები.

 

მუხლი 10

ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

1. დირექტივის 89/391/EEC მე-14 მუხლის გათვალისწინებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ ზომები იმ დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო კონტროლის განსახორციელებლად, რომლებისთვისაც წინამდებარე დირექტივის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეფასების შედეგებით ვლინდება ჯანმრთელობის რისკი. აღნიშნული ზომები, მათ შორის, ჯანმრთელობისა და ზემოქმედების შესახებ ჩანაწერებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები და მათი ხელმისაწვდომობა, შემოღებული უნდა იქნეს ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად.

ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, რომლის შედეგებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული კონკრეტულ სამუშაო ადგილზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას, მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ:

- საშიში ქიმიური ნივთიერების დასაქმებულზე ზემოქმედება ისეთია, რომ იდენტიფიცირებადი დაავადება ან ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შედეგი შეიძლება დაკავშირებული იქნეს ამ ზემოქმედებასთან, და

- არსებობს იმის ალბათობა, რომ დაავადება ან ზეგავლენის შედეგი შეიძლება მოხდეს დასაქმებულის სამუშაოს კონკრეტულ პირობებში, და

- გამოძიების მეთოდი დასაქმებულებისთვის დაბალ რისკს შეიცავს.

გარდა ამისა, უნდა არსებობდეს მოქმედი მეთოდები დაავადების ან ზეგავლენის შედეგის ნიშნების გამოსავლენად.

იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობა დადგენილია, როგორც ეს მითითებულია II დანართში, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი უნდა იყოს შესაბამის საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან მუშაობისთვის სავალდებულო მოთხოვნა, ამ დანართით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. დასაქმებულები ამ მოთხოვნის შესახებ უნდა იყვნენ ინფორმირებული მანამ, სანამ მათ მიეცემათ დავალება, რომელიც შეიცავს მითითებული საშიში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების რისკს.

2. წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან უზრუნველყონ ჯანმრთელობისა და ზემოქმედების შესახებ ინდივიდუალური ჩანაწერების გაკეთება და მათი რეგულარული განახლება იმ თითოეული დასაქმებულისთვის, რომელიც გადის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს 1-ელი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

3. ჯანმრთელობისა და ზემოქმედების შესახებ ჩანაწერები უნდა შეიცავდეს განხორციელებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის შედეგებისა და პირზე ზემოქმედების ამსახველი მონიტორინგის მონაცემების შეჯამებას. ბიოლოგიური მონიტორინგი და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები შეიძლება შედიოდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლში.

უნდა მოხდეს ჯანმრთელობისა და ზემოქმედების შესახებ ჩანაწერების შესაბამისი ფორმით შენახვა ისე, რომ მოგვიანებით შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება კონფიდენციალურობის დაცვით.

მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ჩანაწერების ასლები უნდა გადაეცეს კომპეტენტურ ორგანოს. დასაქმებულს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა ჰქონდეს წვდომა პირადად მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისა და ზემოქმედების შესახებ ჩანაწერებზე.

იმ შემთხვევაში, თუ საწარმო წყვეტს თავის საქმიანობას, ჯანმრთელობისა და ზემოქმედების შესახებ ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოსთვის.

4. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის შედეგად:

- დასაქმებულს დაუდგინა იდენტიფიცირებადი დაავადება ან ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა, რომელსაც ექიმი ან პროფესიული ჯანდაცვის მუშაკი მიიჩნევს სამუშაო ადგილზე საშიში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად, ან

- დადგინდა, რომ სავალდებულო ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობა გადაჭარბებულია,

დასაქმებულს ექიმმა ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პირადად მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შედეგების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია და რჩევა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც მან უნდა გაიაროს ზემოქმედების დასრულების შემდეგ, და

დამსაქმებელმა უნდა:

- განიხილოს მე-4(1) მუხლის შესაბამისად ჩატარებული რისკების შეფასება;

- განიხილოს მე-5 და მე-6 მუხლების მიხედვით რისკების აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად გატარებული ზომები;

- მიიღოს მხედველობაში პროფესიული ჯანდაცვის მუშაკის ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირის ან უფლებამოსილი ორგანოს რჩევა იმ ზომების მიღებისას, რომლებიც აუცილებელია რისკის აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად მე-6 მუხლის შესაბამისად, მათ შორის, დასაქმებულის ისეთ ალტერნატიულ სამუშაოზე განწესების შესაძლებლობის ჩათვლით, სადაც მას არ ექნება დამატებითი ზემოქმედების რისკი, და

-  უზრუნველყოს ანალოგიურ ზემოქმედებას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი კონტროლი და შემოწმება. ამ შემთხვევებში კომპეტენტურ ექიმს ან პროფესიული ჯანდაცვის მუშაკს ან კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია დააყენოს წინადადება ზემოქმედებას დაქვემდებარებული პირების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლის შესახებ.

მუხლი 11

დასაქმებულთა კონსულტირება და მათი მონაწილეობა

დასაქმებულთა ან/და მათი წარმომადგენლების წინამდებარე დირექტივით (მისი დანართებით ჩათვლით) გათვალისწინებულ საკითხებზე კონსულტირება და მათი მონაწილეობა უნდა განხორციელდეს დირექტივის 89/391/EEC მე-11 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 12

დანართების ადაპტირება, ტექნიკური რეკომენდაციების მომზადება და მიღება

1. დანართებში მკაცრად ტექნიკური ხასიათის შესწორებები:

- ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ტექნიკური ჰარმონიზაციისა და სტანდარტიზაციის სფეროში დირექტივების მიღების ფარგლებში, ან/და

- ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ტექნიკური პროგრესის, საერთაშორისო სტანდარტებში ან სპეციფიკაციებში ცვლილებებისა და ახალი აღმოჩენების ფარგლებში,

უნდა განხორციელდეს დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2. კომისიამ უნდა შეიმუშაოს არასავალდებულო ხასიათის პრაქტიკული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციები უნდა შეეხოს მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებითა და II დანართის 1-ელი განყოფილებით გათვალისწინებულ თემებს.

კომისიამ წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან გადაწყვეტილების 74/325/EEC შესაბამისად.

წინამდებარე დირექტივის გამოყენების კონტექსტში წევრმა სახელმწიფოებმა შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით საკუთარი ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისას.

 

მუხლი 13

წინა დირექტივების გაუქმება ან მათში ცვლილებების შეტანა

1. დირექტივები 80/1107/EEC, 82/605/EEC და 88/364/EEC უქმდება მე-14(1) მუხლში მითითებული თარიღიდან.

2. სამუშაო ადგილზე აზბესტის ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ საბჭოს 1983 წლის 19 სექტემბრის დირექტივაში 83/477/EEC (მეორე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 80/1107/EEC მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) ([20]), შედის შემდეგი შესწორებები:

(a) 1(1)-ელი მუხლის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი სიტყვები:

„რომელიც წარმოადგენს მეორე ინდივიდუალურ დირექტივას დირექტივის 80/1107/EEC მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში“;

(b) მე-9(2) მუხლი შეიცვალოს შემდეგით:

„2. წინამდებარე დირექტივის დანართების ტექნიკურ პროგრესთან ადაპტირებისთვის საჭირო შესწორებები უნდა იქნეს მიღებული სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების წამახალისებელი ზომების შემოღების შესახებ საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად (*).

(*) ოფიციალური ჟურნალი L 183, 29.06.1989, გვ. 1“;

(c) მე-15(1) მუხლის მეორე აბზაცში სიტყვები „დირექტივის 80/1107/EEC მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად“ შეიცვალოს შემდეგით:

„დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად“.

3. სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა ხმაურის ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვის შესახებ საბჭოს 1986 წლის 12 მაისის დირექტივაში 86/188/EEC ([21]) შევიდეს შემდეგი შესწორებები:

(a) 1(1)-ელ მუხლში ამოღებულ იქნეს შემდეგი სიტყვები:

„რომელიც წარმოადგენს მესამე ინდივიდუალურ დირექტივას დირექტივის 80/1107/EEC მნიშვნელობის ფარგლებში“;

(b) მე-12(2) მუხლის მეორე აბზაცი შეიცვალოს შემდეგით:

„I და II დანართები ადაპტირებული უნდა იქნეს ტექნიკურ პროგრესთან სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების წამახალისებელი ზომების შემოღების შესახებ საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად (*).

(*) ოფიციალური ჟურნალი L 183, 29.06.1989, გვ. 1.“

4. ნებისმიერი სხვა მითითება დირექტივაში 83/477/EEC და დირექტივაში 86/188/EEC-ში დირექტივაზე 80/1107/EEC ძალადაკარგულად ითვლება აღნიშნული დირექტივის გაუქმების თარიღიდან.

5. დირექტივები 91/322/EEC და 96/94/EC რჩება ძალაში.

 

განყოფილება IV

დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 14

1. წევრმა სახელმწიფოებმა წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები ძალაში უნდა შეიყვანონ არაუგვიანეს 2001 წლის 5 მაისისა. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას ამის შესახებ.

წევრი სახელმწიფოების მიერ ამ ზომების მიღებისას, ისინი უნდა შეიცავდნენ მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან, მათი ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში, მათ თან უნდა ახლდეს ასეთი მითითება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ასეთი მითითების გაკეთების მეთოდები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას ეროვნული კანონის დებულებათა ტექსტები, რომლებიც მათ უკვე მიიღეს ან რომლებსაც მიიღებენ წინამდებარე დირექტივით მართულ სფეროში.

 

მუხლი 15

წევრმა სახელმწიფოებმა ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინონ კომისიას ანგარიში წინამდებარე დირექტივის პრაქტიკული განხორციელების შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შეხედულებები.

კომისიამ ამის შესახებ უნდა აცნობოს ევროპარლამენტს, საბჭოს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს.

 

მუხლი 16

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

 

მუხლი 17

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ლუქსემბურგში 1998 წლის 7 აპრილს.

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

დ. ბლანკეტი

 

დანართი I

სამუშაო ადგილზე ზემოქმედების სავალდებულო ზღვრული მნიშვნელობების ჩამონათვალი

ნივთიერების დასახელება

EINECS N (1)

CAS N (2)

სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელობა 8 სთ (3)

სამუშაო ადგილზე ზემოქმედების ზღვრული მნიშვნელობა

მოკლევადიანი (4)

მგ/მ3 (5)

ppm (6)

მგ/მ3

ppm

არაორგანული ტყვია და მისი ნაერთები

 

 

0,15

 

 

 

(1) EINECS: არსებული კომერციული ქიმიური ნივთიერებების ევროპული ნუსხა.

(2) CAS: ქიმიური რეფერატული სამსახური.

(3) გაზომილი ან გამოთვლილი 8-საათიან საკონტროლო პერიოდთან მიმართებით, დროში შეწონილი საშუალო.

(4) ზღვრული მნიშვნელობა, რომლის ზევით ზემოქმედება არ უნდა მოხდეს და რომელიც დაკავშირებულია 15-წუთიან პერიოდთან, თუ არ არსებობს სხვა მითითება.

(5) მგ/მ3 = მილიგრამი ჰაერის კუბურ მეტრზე 20 °C და 101,3 კპა

(6) ppm = ნაწილები მილიონზე ჰაერის მოცულობაში (მლ/მ3).

 

დანართი II

სავალდებულო ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობები და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის ზომები

1. ტყვია და მისი იონური ნაერთები

1.1. ბიოლოგიური მონიტორინგი უნდა მოიცავდეს სისხლში ტყვიის შემცველობის დონის (PbB) გაზომვას შთანთქმის სპექტრომეტრიის ან ეკვივალენტური შედეგების მომცემი მეთოდის გამოყენებით. სავალდებულო ბიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობა არის:

70 მკგ Pb/100 მლ სისხლი

1.2 სამედიცინო მეთვალყურეობა ხორციელდება, თუ:

- ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის ზემოქმედება აღემატება 0,075 მგ/მ3-ს, რომელიც გამოითვლება როგორც დროში შეწონილი საშუალო კვირაში 40 საათის განმავლობაში, ან

- ცალკეულ დასაქმებულებში იზომება სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 40 მკგ Pb/100 მლ სისხლში.

1.3 ბიოლოგიური მონიტორინგისა და სამედიცინო მეთვალყურეობის პრაქტიკული რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს მე-12(2) მუხლის შესაბამისად. ისინი უნდა მოიცავდეს ბიოლოგიური ინდიკატორების (მაგ. ALAU, ZPP, ALAD) შესახებ რეკომენდაციებსა და ბიოლოგიური მონიტორინგის სტრატეგიებს.

 

დანართი III

აკრძალვები

აკრძალულია სამუშაო ადგილზე ქიმიური ნივთიერებების წარმოება, დამზადება ან გამოყენება და ქვემოთ ჩამოთვლილ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობა. აღნიშნული აკრძალვა არ მოქმედებს, თუ ქიმიური ნივთიერება წარმოდგენილია სხვა ქიმიურ ნივთიერებაში, ან ნარჩენების შემადგენლის სახით, იმ პირობით, რომ მასში მისი ინდივიდუალური კონცენტრაცია მითითებულ ზღვარზე ნაკლებია.

(a) ქიმიური ნივთიერებები

EINECS N (1)

CAS N (2)

ნივთიერების დასახელება

კონცენტრაციის ზღვარი გამონაკლისისთვის

202-080-4

91-59-8

2-ნაფთილამინი და მისი მარილები

0,1 % w/w

202-177-1

92-67-1

4-ამინოდიფენილი და მისი მარილები

0,1 % w/w

202-199-1

92-87-5

ბენზიდინი და მისი მარილები

0,1 % w/w

202-204-7

92-93-3

4-ნიტროდიფენილი

0,1 % w/w

(1) EINECS: არსებული კომერციული ქიმიური ნივთიერებების ევროპული ნუსხა

(2) CAS: ქიმიური რეფერატული სამსახური

 

(b) შრომითი საქმიანობა

არცერთი.



[1] ოფიციალური ჟურნალი C 165, 16.06.1993, გვ. 4.

[2] ოფიციალური ჟურნალი C 34, 02.02.1994, გვ. 42.

[3] ევროპარლამენტის 1994 წლის 20 აპრილის დასკვნა (ოფიციალური ჟურნალი C 128, 09.05.1994, გვ. 167), საბჭოს 1997 წლის 7 ოქტომბრის საერთო პოზიცია (ოფიციალური ჟურნალი C 375, 10.12.1997, გვ. 2) და ევროპარლამენტის 1998 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში).

[4] ოფიციალური ჟურნალი L 327, 03.12.1980, გვ. 8. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 88/642/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 356, 24.12.1988, გვ. 74).

[5] ოფიციალური ჟურნალი L 247, 23.08.1982, გვ. 12.

[6] ოფიციალური ჟურნალი L 179, 09.07.1988, გვ. 44.

[7] ოფიციალური ჟურნალი L 183, 29.06.1989, გვ. 1.

[8] ოფიციალური ჟურნალი 196, 16.08.1967, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 96/56/EC (ოფიციალური ჟურნალი L 236, 18.09.1996, გვ. 35).

[9] ოფიციალური ჟურნალი L 187, 16.07.1988, გვ. 14. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 96/65/EC (ოფიციალური ჟურნალი L 265, 18.10.1996, გვ. 15).

[10] ოფიციალური ჟურნალი L 275, 05.10.1990, გვ. 35.

[11] ოფიციალური ჟურნალი L 245, 26.08.1992, გვ. 23.

[12] ოფიციალური ჟურნალი L 177, 05.07. 991, გვ. 22.

[13] ოფიციალური ჟურნალი L 338, 28.12.1996, გვ. 86.

[14] ოფიციალური ჟურნალი L 196, 26.07.1990, გვ. 1.

[15] საბჭოს 1994 წლის 21 ნოემბრის დირექტივა 94/55/EC წევრი სახელმწიფოების კანონების დაახლოების შესახებ, რომლებიც ეხება სახმელეთო გზით საშიში ტვირთის ტრანსპორტირებას (ოფიციალური ჟურნალი L 319, 12.12.1994, გვ. 7). დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა დირექტივით 96/86/EC (ოფიციალური ჟურნალი L 335, 24.12.1996, გვ. 43).

[16] საბჭოს 1996 წლის 23 ივლისის დირექტივა 96/49/EC წევრი სახელმწიფოების კანონების დაახლოების შესახებ, რომლებიც ეხება რკინიგზით საშიში ტვირთის ტრანსპორტირებას (ოფიციალური ჟურნალი L 235, 17.09.1996, გვ. 25). დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა დირექტივით 96/87/EC (ოფიციალური ჟურნალი L 335, 24.12.1996, გვ. 45).

[17] საბჭოს 1993 წლის 13 სექტემბრის დირექტივა 93/75/EEC, რომელიც ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს იმ გემებისთვის, რომლებიც მიემართებიან ევროგაერთიანების პორტებისკენ ან გადიან ამ პორტებიდან და მიაქვთ საშიში ან დამაბინძურებელი ტვირთი (ოფიციალური ჟურნალი L 247, 05.10.1993, გვ. 19). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 97/34/EC (ოფიციალური ჟურნალი L 158, 17.06.1997, გვ. 40).

[18] ოფიციალური ჟურნალი L 100, 19.04.1994, გვ. 1.

[19] ოფიციალური ჟურნალი L 154, 05.06.1992, გვ. 1.

[20] ოფიციალური ჟურნალი L 263, 24.09.1983, გვ. 25. დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა დირექტივით 91/382/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 206, 29.07.1991, გვ. 16).

[21] ოფიციალური ჟურნალი L 137, 24.05.1986, გვ. 28.