„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 150/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 31/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 280080000.22.035.014686
  • Word
150/ნ
31/05/2010
სსმ, 61, 31/05/2010
280080000.22.035.014686
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.080.000.22.035.014.686

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №150/ნ

2010 წლის 31 მაისი

 ქ. თბილისი

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის    22 აგვისტოს 225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №112, მუხ. 1554) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე,“.

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

ა. კვიტაშვილი

დანართი №1

მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი

    თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს წესი შემუშავებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების, აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

2. ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციას, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირი­თადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სო­ციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესში“, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 3. სოციალური დახმარება

1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – „საარსებო შემწეობა“), რომელიც დაკავშირებულია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებასთან და/ან მის პრევენციასთან.

2. საარსებო შემწეობა წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებას.

    მუხლი 4. საარსებო შემწეობის მიღების უფლება

1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – „ღატაკი ოჯახი“).

2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მესამე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).

3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თავიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

4. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე, მაშინ ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მესამე თვეს), დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

    მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა

1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების“ (შემდგომში – საოჯახო დახმარება), აგრეთვე დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს საოჯახო დახმარების, შესაბამისად, დევნილის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.

2. ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საოჯახო დახმარების, აგრეთვე დევნილის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად, მას შემდეგ, რაც ოჯახს ან მის წევრ(ებ)ს შეუწყდება (გაუუქმდება) „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ან/და დევნილის ყოველთვიური შემწეობა. ასეთ შემთხვევაში ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება განცხადების შევსების მომდევნო თვიდან.

    მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა და მისი გაანგარიშება

1. საარსებო შემწეობის ოდენობა ეფუძნება ოჯახის წევრთა რაოდენობას. საარსებო შემწეობის ოდენობა და გაანგარიშების პრინციპები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.      

2. საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არის:   

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;                

ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;

გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;

ე) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.

    მუხლი 7. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

    თავი II. საარსებო შემწეობის ბენეფიციარი ოჯახებისა და სააგენტოს უფლება-მოვალეობები

    მუხლი 8. სააგენტოს ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;

ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას და პირადი საქმეების წარმოებას;

გ) სტატისტიკის წარმოებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) პერიოდულად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად). პერიოდულობას განსაზღვრავს სააგენტო;

ბ) შეაჩეროს საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

გ) არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.

    მუხლი 9. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობები

1. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს ან/და მის წევრს უფლება აქვს:

ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;

ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, სხვა ინდივიდუალური სოციალური დახმარება ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემელი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:

ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები;

ბ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

    თავი III. საარსებო შემწეობის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა და განახლება

    მუხლი 10. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი

საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველია ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა, რომლიც ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე“ და ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

    მუხლი 11. სოციალური დახმარების დასანიშნად მიმართვა

1. საარსებო შემწეობის დასანიშნად მიმართვა ხდება სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.

2. საარსებო შემწეობის დასანიშნად ოჯახის სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა წევრმა ან ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა (შემდგომში – ოჯახის წარმომადგენელი) საჭიროა განცხადებით მიმართოს სააგენტოს.

3. განცხადების შევსება შეიძლება განხორციელდეს როგორც სააგენტოში, ისე ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას.

4. განცხადების შევსებისას ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საკუთარი და „ოჯახის დეკლარაციის“ მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დაბადების მოწმობა) ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დოკუმენტის მფლობელის პირადი ნომერი;

ბ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა, თუ განცხადება შემოაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის;

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი ინახება სააგენტოში.

    მუხლი 12. განცხადების განხილვა და საარსებო შემწეობის დანიშვნა

1. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების შევსებიდან ორი კვირის ვადაში, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარსებო შემწეობის დანიშვნა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტისას შესაბამისი ფორმის დოკუმენტის შევსებით, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი.

3. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადება და დანიშვნის ფორმის შევსება შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას.

    მუხლი 13. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება

1. საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას აღმოჩენილი ფაქტ(ებ)ის გათვალისწინებით შესაძლებელია საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება. საარსებო შემწეობის დანიშნვის შეჩერების საფუძველია, თუ:

ა) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე;

ბ) ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი;

გ) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;

დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის მხრიდან ეჭვქვეშ დადგა ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიდიდე (ოჯახი არის საშუალო ან საშუალოზე მაღალი შეძლების);

ე) შეიცვალა ოჯახის შემადგენლობა:

ე.ა. ოჯახს დაემატა სრულწლოვანი წევრი;

ე.ბ. ოჯახში ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან გასულია 2 წელზე მეტი;

ვ) ოჯახი უარს აცხადებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი აჩერებს საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურას და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს ოჯახის განმეორებით შეფასებას.

3. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჩერდება შეჩერების საფუძვლის შესწავლის/დაზუსტების პერიოდით.

4. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შემთხვევაში, საარსებო შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ გამოვლენილი შედეგების გათვალისწინებით.

5. საარსებო შემწეობის დანიშვნის შეჩერების საფუძვლის გადამოწმების შემდეგ, თუ ოჯახს აქვს სოციალური დახმარების მიღების უფლება, საარსებო შემწეობა ინიშნება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 14. საარსებო შემწეობის გაცემა

1. საარსებო შემწეობა გაიცემა საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადებაში აღნიშნულ ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე.

2. თუ ღატაკი ოჯახის წევრი არის სხვა ინდივიდუალური სოციალური დახმარების ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემლის მიმღები, სააგენტო უფლებამოსილია საარსებო შემწეობის ამ წევრისათვის განკუთვნილი წილი გასცეს ინდივიდუალურ სოციალურ დახმარებასთან ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემელთან ერთად.

3. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

4. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

    მუხლი 15. საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერება

1. სააგენტო ამოწმებს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს და აჩერებს დანიშნულ საარსებო შემწეობას, თუ მისი მიღების უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.

2. საარსებო შემწეობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

3. საარსებო შემწეობა შეიძლება შეჩერდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია, ახლად აღმოჩენილი გარემოება საარსებო შემწეობის მიღების უფლებრივ საკითხზე, ან, როდესაც ოჯახი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომხდარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან დემოგრაფიული ცვლილების გამო;

4. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან, ხოლო შეწყვეტის შემთხვევაში დახმარება ითვლება შეწყვეტილად შეჩერების თვიდან.

    მუხლი 16. საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტა

1. საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია:

ა) ოჯახის განცხადება;

ბ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;

გ) თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას“.

2. საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან.

    მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება

1. დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობების ავტომატური გადაანგარიშება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის გარეშე, მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში;

ბ) ღატაკ ოჯახში ბავშვის დაბადების (შვილად აყვანის) ან წევრის გამოკლების (გარდაცვალება, ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა) შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახის წევრის დამატებისას (ბავშვის დაბადება, შვილად აყვანა), საარსებო შემწეობის ოდენობების ავტომატურად გადაანგარიშება ხდება, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.

3. გადაანგარიშებული ოდენობით საარსებო შემწეობა გაიცემა:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პირობებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა.) ბავშვის დაბადებისას (შვილად აყვანისას) – სააგენტოსათვის მომართვის მომდევნო თვიდან;

ბ.ბ.) ოჯახის წევრის გამოკლებისას (გარდაცვალება, ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა) – დადასტურებული ინფორმაციის მიღების თვიდან, ხოლო თუ დახმარება უკვე გაცემულია – მომდევნო თვიდან.

    მუხლი 18. საარსებო შემწეობის ხელახალი დანიშვნა

შეწყვეტილი საარსებო შემწეობის განახლება (ხელახალი დანიშვნა) მოხდება შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, საარსებო შემწეობის დანიშნვისათვის გათვალისწინებული წესით.

 

    თავი IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 19. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ამ წესში ცვლილებები და/ან დამატებები შეიტანება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.