დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 481 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 18/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230040.22.033.014743 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.014.743
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №481
2010 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წელი 23 ივლისის №472 ბრძანებით (სსმ III, 23.07.2009, №91, მუხ. 960) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები;
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ” ქვეპუნქტი:
„ნ) პირველადი საგადასახადო დოკუმენტი – წერილობითი საბუთი, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ნ.ა) დოკუმენტის დასახელება;
ნ.ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღი;
ნ.გ) დოკუმენტის ნომერი, რომლის განმეორება აკრძალულია;
ნ.დ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა რეკვიზიტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელება და მისი გაცემის თარიღი; სხვა პირის შემთხვევაში – პირის სრული დასახელება, მისი მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);
ნ.ე) სამეურნეო ოპერაციის შინაარსი;
ნ.ვ) გადაცემული საქონლის/მომსახურების დასახელება (სრული ჩამონათვალი), მისი ოდენობა და ზომის ერთეული (თუ შესაძლებელია მისი ოდენობისა და ზომის განსაზღვრა);
ნ.ზ) გადაცემული საქონლის/მომსახურების ღირებულება (ჩამონათვალის მიხედვით);
ნ.თ) აქციზისა და დღგ-ის თანხა (აქციზურ საქონელზე);
ნ.ი) დღგ-ის თანხა (დღგ-ით დასაბეგრ არააქციზურ საქონელზე/მომსახურებაზე);
ნ.კ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების სახელი, გვარი და ხელმოწერა.“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით).“.
4. მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, ინვენტარიზაციის პროცედურების განხორციელების დროს, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა უსაფრთხოებასა და მოპოვებული მტკიცებულებების დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.”.
5. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი
„ზ) მითითებას იმის შესახებ, რომ ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, აღრიცხოს იგი როგორც საბაზრო ფასებით განხორციელებული მიწოდება და დაბეგროს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
6. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანებით განსაზღვრულ უნდა იქნეს, თუ რა ვადაში უნდა განხორციელდეს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მოცემული პერიოდისთვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 კალენდარულ დღეს. გადასახადის გადამხდელის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ეს ვადა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს 20 კალენდარული დღისა.“
7. ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი;
8. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი.
9. მე-10 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადის გადამხდელთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლით განსაზღვრული პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე საქონლის გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გადამხდელისა – დღგ-ის გარეშე, ხოლო აქციზის გადამხდელისა – აქციზურ საქონელზე, აქციზისა და დღგ-ის გარეშე).
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული:
ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი;
ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა.
3. საქონლის დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.“.
10. ამოღებულ იქნეს დანართი №2.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები