დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 528 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 05/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.22.033.014807 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.014.807
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №528
2010 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებით (სსმ III, 03.04.09, №42, მუხლი 488) დამტკიცებულ „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის მაგალითი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი №8
პირს, რომელიც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის რეგიონულ ცენტრში, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება გააჩნია როგორც ქ. თბილისში, ასევე ქ. ქუთაისში.
მოცემულ შემთხვევაში პირი ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარადგენს თბილისის რეგიონულ ცენტრში. ამასთან, დეკლარაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით ცალკე გამოიყოფა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი თანხა, რის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის მიერ ორივე ბიუჯეტის სასარგებლოდ (იგულისხმება ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები) ქონების გადასახადის გადახდევინება განხორციელდება თბილისის რეგიონული ცენტრის მეშვეობით.“.
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის მაგალითი №9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი №9
გიორგის, რომელიც ცხოვრობს ქ. გორში, საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი და აგარაკი. გიორგის ოჯახი შედგება 5 წევრისაგან: პენსიონერი დედა, მეუღლე და 2 შვილი. 2009 წლის განმავლობაში გიორგის მეუღლეს, რომელიც პედაგოგია, ხელფასის სახით დაერიცხა და მიიღო 1500 ლარი; დედამ პენსიის სახით მიიღო 960 ლარი; თავად გიორგიმ, რომელიც ადვოკატია, საადვოკატო საქმიანობიდან მიიღო დასაბეგრი შემოსავალი (ერთობლივი შემოსავალი შემცირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვებით შეღავათების გარეშე) 40 000 ლარი; ამავე წელს გიორგიმ 30 000 ლარად გაყიდა ბინა, რომელიც 2006 წელს ნაყიდი ჰქონდა 20 000 ლარად.
მოცემულ შემთხვევაში, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის გიორგის ოჯახის შემოსავალი 2009 წლისათვის იქნება 42460 ლარი (1500+960+40000=42460, მასში გათვალისწინებული არ იქნება ბინის რეალიზაციით მიღებული ნამეტი – 10 000 ლარი). შესაბამისად, ვინაიდან ოჯახის წლიურმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, აღნიშნული პირი, როგორც დასაბეგრი ქონების მესაკუთრე, ვალდებულია არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისისა წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია გორის რეგიონულ ცენტრში. ამასთანავე, თუ დასახელებულ ოჯახის სხვა წევრთა საკუთრებაში ირიცხება დასაბეგრი ქონება, მაშინ ისინიც ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისისა წარადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაციები.“ ;
ბ) მე-10 პუნქტის მაგალითი №10, მაგალითი №11 და მაგალითი №12 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი №10
ფიზიკურ პირს, რომლის საცხოვრებელი ადგილი ქ. ბათუმია, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება როგორც ქ. ბათუმში, ასევე ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში. პირის ოჯახის წევრთა შემოსავალმა 2009 წელს 40.0 ათას ლარს გადააჭარბა.
მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკური პირი ვალდებულია ბათუმის რეგიონულ ცენტრში არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისისა წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია. დეკლარაციაში უნდა აისახოს როგორც ქ. ბათუმის, ასევე ქ. ქუთაისის და ქ. თბილისის ტერიტორიაზე პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მონაცემები. ამასთან, ბათუმის რეგიონული ცენტრი ვალდებულია წარდგენილი მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშოს და სამივე ბიუჯეტის სასარგებლოდ (იგულისხმება ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის და ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტები) განახორციელოს ქონების გადასახადის გადახდევინება.
მაგალითი №11
არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომლის საცხოვრებელ ადგილს ქ. მოსკოვი წარმოადგენს, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება ქ. ბათუმში.
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პირი ვალდებულია ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია წარადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ბათუმის რეგიონულ ცენტრში.
მაგალითი №12
მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება ქ. რუსთავში. მისი ოჯახის წლიურმა შემოსავალმა 2009 წელს შეადგინა 41 ათასი ლარი. აღნიშნულ პირს საკუთრებაში აქვს დასაბეგრი ქონება ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში. მოცემულ შემთხვევაში მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით რუსთავის რეგიონულ ცენტრში არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისისა წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომელშიც უნდა აისახოს ქ. რუსთავის და ქ. თბილისის ტერიტორიაზე ამ პირის საკუთრებაში არსებული ქონების მონაცემები. თავის მხრივ, აღნიშნულის საფუძველზე, რუსთავის რეგიონული ცენტრი როგორც ქ. რუსთავის, ისე ქ. თბილისის ბიუჯეტების სასარგებლოდ განახორციელებს გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის გადახდევინებას.“.
3. მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის მაგალითი №14 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი №14
ფიზიკურ პირს, რომლის საცხოვრებელი ადგილი ქ. ბათუმია, საკუთრებაში 2010 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გააჩნია მიწის ნაკვეთი როგორც ქ. ბათუმში, ასევე ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში.
მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია ბათუმის რეგიონულ ცენტრში არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისისა წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია. დეკლარაციაში უნდა აისახოს როგორც ქ. ბათუმის, ასევე ქ. ქუთაისის და ქ. თბილისის ტერიტორიაზე პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მონაცემები. ამასთან, ბათუმის რეგიონული ცენტრი ვალდებულია წარდგენილი მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშოს და სამივე ბიუჯეტის სასარგებლოდ (იგულისხმება ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის და ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტები) განახორციელოს ქონების გადასახადის გადახდევინება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები