დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3432 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 17/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.05.001.002.353 |
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს იმ შემთხვევაში, თუ არ გააჩნიათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი, თან უნდა იქონიონ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სამგზავრო დოკუმენტები:
ა) გამგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, წოდება, ნომერი (თუ აქვს), შეიარაღებული ძალების სახეობა და არის ფოტოსურათი;
ბ) ინდივიდუალური ან კოლექტიური გადაადგილების ბრძანება.“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:
„9. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რომელიც დაკავშირებულია ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ.
10. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რომელიც არაა დაკავშირებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ისინი ისარგებლებენ ასევე ამ კანონის მე-4, მე-13 და 26-ე მუხლებით დადგენილი შეღავათებით.“.
2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოში შემოსასვლელად სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებისაგან თავისუფლდებიან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს.“.
3. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 30 ივნისი.
№3432-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები