დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 14/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.023.008441 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/04/2006 - 28/11/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.22.023.008.441
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №259
2006 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შემდეგი ბრძანებები:
ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №69 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს დებულება“;
ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №290 ბრძანება;
გ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანების პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობების სამმართველოს დებულება“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 4.
დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II. დეპარტამენტის კომპეტენცია
მუხლი 5.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) სამინისტროს სისტემის საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
დ) შრომის კანონმდებლობის დაცვა;
ე) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით პასუხისმგებლობის და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
თ) შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვაწარმოება;
ი) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება;
ლ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ჩატარების ორგანიზება;
ნ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა;
ო) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა;
პ) სამინისტროს სისტემაში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
ჟ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია;
ს) საიდუმლო საქმიანობის წარმოება;
ტ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
უ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
ფ) საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების აპარატებს, ადგილობრივი მმართველობის ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობა;
ქ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმისწარმოების ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა საქმის წარმოების სწორად წარმართვის მიზნით;
ღ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება დოკუმენტური მასალების დაცვის მიზნით, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია სამინისტროს ფუნქციების შესრულებასთან;
ყ) სამინისტროს შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და აღრიცხვა;
შ)კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 6.
დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისაგან შეუფერხებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
გ) გადასცეს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს დროებით სარგებლობისათვის მათთვის საჭირო დოკუმენტები;
დ) შეისწავლოს და შეამოწმოს სამინისტროს სისტემის კადრების მუშაობის მდგომარეობა;
ე) შეინახოს და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს შემდეგი ბეჭდები: უგერბო ბეჭედი (დასახელებით „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნერივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველო“), მცირე გერბიანი: „ც/ა“, „დშუ“, „იტუ“სამსახურებრივი მოწმობებისათვის და შტამპი საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს დასახელებით;
ვ) შეინახოს და სამსახურებრივი მოწმობებისათვის გამოიყენოს მცირე გერბიანი, “ც/ა“, “დშუ“ და “იტუ“ ბეჭდები;
ზ) შეისწავლოს და შეამოწმოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმის წარმოებისა და საარქივო საქმის მდგომარეობა;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა წახალისების, სამსახურებრივი დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობის (კომპლექსურ შემოწმებათა) ორგანიზება.
თავი III. დეპარტამენტის მართვა და სტრუქტურა
მუხლი 7.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 8.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 10.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საკადრო რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) კანცელარია.
მუხლი 11.
საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით პასუხისმგებლობის და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ საკითხების ორგანიზება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
დ) შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვაწარმოება;
ე) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ჩატარების ორგანიზება;
კ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა;
მ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
ნ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ო) სამინისტროს სახელით სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა შრომით დავებთან დაკავშირებით;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოება;
რ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 12.
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს სამმართველოში შემოსულ ან მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
ვ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით, რევიზიების უზრუნველყოფას დადგენილი წესის შესაბამისად;
ი) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;
კ) უზრუნველყოფს ან კონტროლს უწევს სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას შრომით დავებთან დაკავშირებით;
ლ) ახორციელებს თანამდებობით დაკისრებულ და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13.
რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობის (კომპლექსურ შემოწმებათა) ჩატარების ორგანიზება;
გ) ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშების ანალიზი;
დ) ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა შეხვედრების ორგანიზება;
ე) სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიებში მონაწილეობა, რომლებიც დაკავშირებულია ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის საკითხებთან.
ვ) ტერიტორიული ორგანოების მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ (ოპერატიულ) საკითხებზე მუშაობა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების აპარატებს, ადგილობრივი მმართველობის ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობა.
მუხლი 14.
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლებისა, მათი წახალისების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
გ) პასუხისმგებელია სამმართველოსადმი დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ხელმძღვანელობს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდიკებისა და ინსტრუქციების შემუშავების ორგანიზებას;
ვ) ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული კორესპოდენციების განხილვას და მათზე რეაგირების უზრუნველყოფას;
ზ) ტერიტორიული ორგანოების მიხედვით ანაწილებს საკურატორო სფეროებს სამმართველოს სპეციალისტებს შორის.
მუხლი 15.
კანცელარიის საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმისწარმოების ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა საქმის წარმოების სწორად წარმართვის მიზნით;
ბ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება დოკუმენტური მასალების დაცვის მიზნით, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია სამინისტროს ფუნქციების შესრულებასთან;
გ) სამინისტროს შემოსული და გასული არასაიდუმლო ხასიათის ყველა კორესპონდენციის (მათ შორის დოკუმენტების – გრიფით „სამსახურებრივი სარგებლობისათვის“) რეგისტრაცია და აღრიცხვა;
დ) მოქალაქეებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების აღრიცხვა, დადგენილი წესით შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფამდე დაყვანა და კონტროლი მის დროულ შესრულებაზე;
ე) სამინისტროს ძირითად საქმიანობაზე მინისტრის ბრძანებების და სხვა სამსახურებრივი დოკუმენტების გაფორმება დადგენილი წესით და დაყვანა სტრუქტურულ ქვედანაყოფამდე;
ვ) სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირების უზრუნველყოფა იმ დოკუმენტებისა და მასალების შესახებ, რომლებიც ამ ორგანიზაციათა საქმიანობას განეკუთვნება;
ზ) სამინისტროს საქმისწარმოების რეგლამენტის შემუშავება და კონტროლი მათ დაცვაზე;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული საქმისწარმოების ნომენკლატურის შეთანხმება;
ი) სამინისტროს საქმიანობისა და მისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალების არქივში მიღების, რეგისტრაციის სისტემატიზაციისა და შენახვის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება, სხვა ერთობლივი დავალებებისა და ღონისძიებების შესრულებაში მონაწილეობა;
ლ) მინისტრის ბრძანებების დაუყოვნებლივ დაგზავნა დაინტერესებულ მხარეთათვის;
მ) კორესპოდენციის ადრესატამდე მიტანის უზრუნველყოფა.
მუხლი 16.
კანცელარიის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმისწარმოებას;
ბ) ადგენს შესრულებული მუშაობის ანგარიშს;
გ) ასრულებს კოპლექსური ხასიათის სამუშაოებს, რომლებიც მიეკუთვნება საქმიანობის გარკვეულ სფეროს, მართვის განსაზღვრულ ფუნქციას;
დ) შეიმუშავებს გეგმების, ინსტრუქციების, რეგლამენტისა და ნომენკლატურის პროექტებს;
ე) აფორმებს ბრძანებებს სამინისტროს ძირითადი საქმიანობის შესახებ და ხელმძღვანელობს აღნიშნული ბრძანებების სტრუქტურულ ერთეულებამდე დაყვანას;
ვ) უწევს მეთოდურ ხელმძღვანელობას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შესაბამის სამსახურებს;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების მუშაკთა შორის;
თ) ორგანიზაციას უწევს არქივის მუშაობას;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს ნაერთ საქმეთა ნომენკლატურის შედგენას (სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე) და მის შეთანხმებას ცენტრალურ სახელმწიფო არქივთან;
კ) აწარმოებს არქივში დოკუმენტების დროულად ჩაბარების სისტემატურ კონტროლს, მათ სწორ გაფორმებას;
ლ) უზრუნველყოფს დოკუმენტების შეფასებას და მოქმედი ნორმატივების შესაბამისად შერჩევას იმ მასალებისა, რომლებიც არ ექვემდებარებიან შენახვას;
მ) უზრუნველყოფს არქივში არსებული დოკუმენტური მასალების შენახვას;
ნ) ახორციელებს საჭიროებისამებრ შესაბამისი ცნობების გაცემას;
ო) იღებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან საქმისწარმოებით ყოველმხრივ შესრულებულ დოკუმენტებს;
პ) ახდენს მუდმივი და დროებითი შესანახი დოკუმენტების ნუსხის შედგენას და აწარმოებს მათ აღრიცხვას;
ჟ) ამზადებს აქტებს იმ მასალებზე, რომლებიც ექვემდებარება ჩამოწერას ან განადგურებას;
რ) ადგენს აქტებს იმ მასალებზე, რომელთა გადაცემაც ხდება სახელმწიფო არქივში.
მუხლი 17.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 18.
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები