დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/12/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/12/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №6
1995 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ
ქვეყანაში დაწყებული ძირეული ეკონომიკური გარდაქმნები და საქართველოს დიდმნიშვნელოვან სატრანზიტო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივები გაზრდილ მოთხოვნებს აყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე.
მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეში ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი. არ არის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა. ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, მწვავედ დგას ეროვნული პროფესიული სამხედრო კადრების მომზადების საკითხი. ჯერ კიდევ დიდია სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდებისა და დეზერტირობის მაჩვენებელი, არადამაკმაყოფილებელია სამხედრო პროკურატურის მუშაობა, არ არსებობს წვევამდელი ახალგაზრდების მომზადების მწყობრი სისტემა, არასათანადო დონეზეა სამხედრო სამსახურის პროპაგანდის საქმე.
1995 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის დაჩქარების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებეთა რეალიზაციის მიზნით:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ. ნადიბაიძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შ. კვირაია), სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა (ა. იოსელიანი), იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე) შეიმუშაონ შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა საკანონმდებლო აქტის პროექტი და 1995 წლის 31 დეკემბრამდე განსახილველად წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ.ნადიბაიძე):
გადაამუშაოს საქართველოს სამხედრო დოქტრინა და სამხედრო აღმშენებლობის პროგრამა (კონცეფცია) მსგავსი ისტორიული გამოცდილების მქონე სახელმწიფოთა მაგალითის გათვალისწინებით და განსახილველად წარმომიდგინოს 1995 წლის 31 დეკემბრამდე.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) საქართველოს თავდაცვის ფონდის გამგეობასთან (ვ. ქარსელაძე) ერთად შეიმუშაონ და 1995 წლის 31 დეკემბრამდე წარმოადგინონ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი თავდაცვის ფონდის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ (თ.კვაჭანტირაძე) შეიმუშაონ და 1995 წლის 31 დეკემბრამდე წარმოადგინონ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შეიარაღებული ძალების საჭიროებისათვის წვევამდელთა მძღოლებად, მძღოლ-მექანიკოსებად, დიზელ-მოტორისტებად და სხვა დეფიციტურ ტექნიკურ სპეციალისტებად მომზადების შესახებ.
5. მხარეების საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა თავიანთი მუშაობის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად დაისახონ შეიარაღებული ძალების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი ბიუჯეტების შესაძლებლობათა გათვალისწინებით აღმოუჩინონ დახმარება თავიანთ მხარეებში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს მატერიალური ბაზის კეთილმოწყობისათვის.
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მოაწყოს მატერიალურ-ტექნიკური ქონების ინვენტარიზაცია და მიღებული შედეგების საფუძველზე შეიმუშაოს და 1995 წლის 31 დეკემბრამდე დასამტკიცებლად წარმომიდგინოს მშვიდობიანობის, საგანგებო მდგომარეობისა და ომის პერიოდისათვის სახელმწიფოს სამობილიზაციო გეგმა.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მრეწველობის სამინისტრომ (ვ.კერესელიძე), ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრომ (კ. გვარიშვილი), ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო რეზერვების დეპარტამენტმა (მ.გვიშიანი) შეიმუშაონ და 1995 წლის 31 დეკემბრამდე დასამტკიცებლად წარმომიდგინონ შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კომპლექსური პერსპექტიული გეგმა.
8. საქართველოს მრეწველობის სამინისტრომ, ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო რეზერვების დეპარტამენტმა შეიარაღებული ძალების უწყებების მოთხოვნათა საფუძველზე უზრუნველყონ, რომ 1996 წლის 1 ივნისამდე შენაერთებსა და ნაწილებში შეიქმნას მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებათა 1,5 თვის ხელშეუხებელი მარაგი, ხოლო 1996 წლის 31 დეკემბრამდე – სამი თვისა.
9. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მრეწველობის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შ. კვირაია), ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა შეიმუშაონ და 1995 წლის 31 დეკემბრამდე წარმომიდგინონ დასამტკიცებლად ტექნიკა – შეიარაღების რემონტისა და საბრძოლო მასალების შევსების სახელმწიფო პროგრამა.
10. საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური დამკვეთის ფუნქცია. ამ ფუნქციის შესრულების მიზნით თავდაცვის სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს შეიარაღებული ძალების სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო თავდაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით.
დაუბრუნდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 18 აპრილის №120 ბრძანებულებით საქართველოს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაცემული ტექნიკური სამმართველო მასში შემავალი ინსტიტუტებით „დელტა“ და „სხივი“ შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხებით.
11. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა შეიმუშაონ და 1995 წლის 31 დეკემბრამდე წარმოადგინონ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო ნაწილებიდან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებისა და ტექნიკის საქართველოს შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურებისათვის, როგორც უფლებამონაცვლეებისათვის, დაბრუნების შესახებ.
12. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა შეიმუშაონ და 1996 წლის 1 თებერვლამდე დასამტკიცებლად წარმომიდგინონ სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია და შესაბამისი სასაზღვრო სამსახურის მშენებლობის ეტაპობრივი გეგმა.
13. საქართველოს პროკურატურამ (ჯ. ბაბილაშვილი) 1995 წლის 31 დეკემბრამდე შექმნას სპეციალური კომისია მთავარი სამხედრო პროკურატურის სტრუქტურის რეორგანიზაციის საკითხთა შესასწავლად.
14. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო პროკურატურასთან ერთად (ნ.გოგიტიძე) მოამზადოს და 1995 წლის 31 დეკემბრამდე წარმომიდგინოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სისტემაში მოკვლევის ინსტიტუტის დაარსების შესახებ.
15. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ 1995 წლის 31 დეკემბერამდე განსახილველად წარმომიდგინონ საქართველოში სამხედრო სპეციალისტთა მომზადებისათვის საჭირო მატერიალურ- ტექნიკური ბაზის შექმნის პროგრამა.
16. საქართველოს კულტურის სამინისტრომ (მ.კობახიძე) და განათლების სამინისტრომ შეიმუშაონ შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეში შემოქმედი ინტელიგენციის აქტიურად ჩაბმის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა.
17. გააქტიურდეს სამხედრო სამსახურის პროპაგანდა საქართველოს პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში. ეთხოვოს საქართველოს ტელერადიოკორპორაციას (ა. გოგელია) დაგეგმოს სისტემატური სამხედრო-პატრიოტული გადაცემები საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით.
18. ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველთვიურად მომახსენოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები