თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის, შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №600 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის, შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №600 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46(53), 24/09/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
555
18/09/1999
სსმ, 46(53), 24/09/1999
010.340.000.05.002.001.
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის, შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №600 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (24/09/1999 - 27/06/2000)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №555

1999 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის, შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №600 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-19  მუხლების საფუძველზე თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საიდუმლო გრაფების მონაცემთა სისტემატიზაციის, გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის, შენახვისა და გაცემის თანდართული წესი.

2. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ.ქუთათელაძე) და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციამ (გ. ნაჭყებია) ხელი შეუწყონ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს საიდუმლოების დაცვის სპეციალური რეჟიმის ორგა­ნიზაციული საკითხების გადაწყვეტას.

3. საქართველოს  პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №600 ბრძანებულებით დამტკიცებულ თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის 1-ლ აბზაცში სიტყვა „მე-4“ შეიცვალოს სიტყვით „მე-3“, სიტყვა „მე-7“ შეიცვალოს სიტყვით „მე-5“, სიტყვა „მე-8“ შეიცვალოს სიტყვით „მე-6“;

ბ) მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მე-2 აბზაცში სიტყვა „მე-4“ შეიცვალოს სიტყვით „მე-3“, სიტყვა „მე-6“ შეიცვალოს სიტყვით „მე-5“, სიტყვა „მე-9“ შეიცვალოს სიტყვით „მე-8“.

ე.  შევარდნაძე

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის, შენახვისა და გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საიდუმლო გრაფების ( შე­მ­დგომში - საიდუმლო გრაფა) მონაცემების შენახვის, გაცნობისა და გაცემის პირობებს.      

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის ძირითადი ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:

ა) საიდუმლო გრაფის მონაცემები – თანამდებობის პირის მიერ დადგენილი წესით საინფორმაციო ბიუროში წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის საიდუმლო გრაფაში ასახული წერილობითი ინფორმაცია;

ბ)  საიდუმლო გრაფის მონაცემებზე დაშვება – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ( შემ­დგომში - საინფორმაციო ბიურო) თავმჯდომარის მიერ საინფორმაციო ბიუროს მოხელისათვის მიცემული წერილობითი ნებართვა - გაეცნოს საიდუმლო გრაფის მონაცემებს და შეასრულოს სამუშაო ამ მონაცემების გამოყენებით;

გ) საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობა – საიდუმლო გრაფის მონაცემებზე დაშვებული მოხელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად საიდუმლო გრაფის მონაცემების ვიზუალური აღქმა;

დ) საიდუმლო გრაფის შენახვა – იმ ორგანიზაციულ-ტექნიკური ფუნქციის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს საიდუმლო გრაფის მონაცემების მიმართ საინფორმაციო ბიუროში საიდუმლოების შესაბამისი რეჟიმის დაცვას;

ე) საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცემა – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საინფორმაციო ბიუროს მიერ უფლებამოსილი სუბიექტისათვის (იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის) მისი მოთხოვნის საფუძველზე საიდუმლო გრაფის ასლის ან საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ოფიციალური ინფორმაციის გადაცემა;

ვ) კონფიდენციალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) კონფიდენციალური ინფორმაციის კატეგორია – კონფიდენციალური ინფორმაციის ცნების შემადგენელი ელემენტი: სახელმწიფო საიდუმლოება, სამსახურებრივი საიდუმლოება, საწარმოო-კომერციული საიდუმლოება და სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია;

თ)  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემები – საიდუმლო გრაფის ის მონაცემები, რომლებიც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის შესაბამისად წარმოადგენენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ი) სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი მონაცემები – საიდუმლო გრაფის ის მონაცემები, რომლებიც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტის შესაბა­მისად  მიეკუთვნებიან ამ დაწესებულების სამსახურებრივ საიდუმლოებას;

კ)   საწარმოო-კომერციული საიდუმლოების შემცველი მონაცემები – საიდუმლო გრაფის ის მონაცემები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1105-ე მუხლის შესაბამისად მიეკუთვნებიან საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას;

ლ) სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი მონაცემები – საიდუმლო გრაფის ის მონაცემები, რომლების საჯაროობაც შეზღუდულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 714-ე და 863-ე მუხლების ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად.

2. ამ წესში, გარდა ზემოთ მოცემული განსაკუთრებული მითითებებისა, ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.

    მუხლი 3. საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის, შენახვისა და გაცემის სამართლებრივი საფუძვლები.

სახელმწიფო, სამსახურებრივი, საწარმოო-კომერციული საიუდმლოების, სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი მონაცემების გაცნობის, შენახვისა და გაცემის სამართლებრივი საფუძველია შესაბამისად საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტები, ეს წესი და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

    მუხლი 4. საიდუმლოების დაცვის სპეციალური რეჟიმი

1. ამ წესის მოთხოვნებისა და პრინციპების პრაქტიკული განხორციელების მიზნით საინფორმაციო ბიუროს მთელ ადმინისტრაციულ ფართობზე წესდება საიდუმლოების დაცვის სპეციალური რეჟიმი.

2. დებულებას „თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში საიდუმლოების დაცვის სპეციალური რეჟიმის შესახებ“ ამ წესის საფუძველზე ამტკიცებს საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე.

3. საინფორმაციო ბიუროში საიდუმლოების დაცვის სპეციალური რეჟიმის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა საინფორმაციო ბიუროს ადმინისტრაციულ ფართობზე მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის.

თავი II

საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობა

    მუხლი 5. საიდუმლო გრაფის მონაცემებზე  დაშვებისათვის უფლებამოსილი სუბიექტი

საიდუმლო გრაფის მონაცემებზე დაშვებული შეიძლება იყოს მხოლოდ ის მოხელე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებზე.

    მუხლი 6. საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის საფუძველი

1. საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის საფუძველია საინფორმაციო ბიუროში შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის რეგის­ტრაცია.

2. საიდუმლო გრაფის მონაცმების გაცნობა ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესის, საიდუმლოების დაცვის სპეციალური რეჟიმისა და საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებების შესაბამისად.

    მუხლი 7. საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის შედეგები

1.   საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის შედეგად დგინდება:

ა) შეტანილი არის თუ არა რაიმე ინფორმაცია საიდუმლო გრაფაში;

ბ) ერთვის თუ არა საიუდმლო გრაფას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტითა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი მითითება;

გ) კონფიდენციალური ინფორმაციის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება საიდუმლო გრაფაში შეტანილი მონაცემები;

დ) საიდუმლო გრაფაში შეტანილ მონაცემებთან წერილობით მითითებაში ასახული სამართლებრივი აქტების შესაბამისობა.

2. თუ საიდუმლო გრაფას არ ერთვის შესაბამისი წერილობითი მითითება ან საიდუმლო გრაფაში შეტანილი მონაცემები არ შეესაბამება წერილობით მითითებაში ასახულ სამართლებრივ აქტებს, დგინდება კონფიდენციალური ინფორმაციის რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი. შედგება ცნობა, სადაც მიეთითება:

ა) გარემოებები, რომლებმაც განაპირობეს ცნობის შედგენის საჭიროება;

ბ) სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც შედგა ცნობა;

გ) საიდუმლო გრაფის შემვსები თანამდებობის პირის მონაცემები: საიდენტიფიკაციო ნომერი, თანამდებობა, სახელი და გვარი, დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის თარიღი;

დ) საიდუმლო გრაფის ყოველი მონაცემის აღწერა (რიგითობის მიხედვით) და კონფიდენციალური ინფორმაციის ის შესაბამისი კატეგორია,  რომელსაც მიეკუთვნება ეს მონაცემი;

ე) საიდუმლო გრაფის ყოველი მონაცემის კონფიდენციალური ინფორმაციის შესაბამისი კატეგორიისათვის მიკუთვნების სამართლებრივი მოტივაცია.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ცნობის ფორმას ამტკიცებს საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე. ცნობას ხელს აწერს საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე. ცნობის პირველი პირი ინახება საინფორმაციო ბიუროში შესაბამის საიდუმლო გრაფასთან ერთად და არ გაიცემა.

4. თუ საიდუმლო გრაფაში შეტანილი მონაცემები არ იძლევიან შესაძლებლობას გაირკვეს კონფიდენციალური ინფორმაციის რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, საინფორმაციო ბიუროში შედგება წერილი და გაეგზავნება საიდუმლო გრაფის შემვსებ თანამდებობის პირს უკანასკნელი სამუშაო ადგილის მიხედვით (თუ წერილის შედგენის მომენტისათვის ეს პირი უმუშევარია, უკანასკნელ სამუშაო ადგილას წერილის ჩამბარებელი პასუხისმგებელი მოხელე უზრუნველყოფს მის გადაგზავნას ყოფილი თანამდებობის პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული წერილის მიღებიდან 1 კვირაში  თანამდებობის პირი ვალდებულია საინფორმაციო ბიუროს წერილობით აცნობოს, კონფიდენციალური ინფორმაციის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება საიდუმლო გრაფის ყოველი მონაცემი და ის სამართლებრივი აქტები (მუხლისა და მუხლის ნაწილის ჩვენებით), რომელთა საფუძველზეც საიდუმლო გრაფის მონაცემი მიეკუთვნება კონფიდენციალური ინფორმაციის შესაბამის კატეგორიას, ან საიდუმლო გრაფის შესაბამისი მონაცემები ცნობილ უნდა იქნეს არაკონფიდენციალურ ინფორმაციად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში საინფორმაციო ბიუროს შესაბამის წერილში მითითებული საიდუმლო გრაფის მონაცემები ცნობილი იქნება არაკონფიდენციალურ ინფორმაციად.

თავი III

საიდუმლო გრაფის შენახვა

    მუხლი 8. საიდუმლო გრაფის შენახვისათვის უფლებამოსილი სუბიექტი

1. საიდუმლო გრაფის შენახვას უზრუნველყოფს საინფორმაციო ბიურო.

2. საიდუმლოების დაცვის სპეციალური რეჟიმისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად საიდუმლო გრაფა ინახება საინფორმაციო ბიუროში სპეციალურად გამოყოფილ და აღჭურვილ საცავში.

    მუხლი 9. საიდუმლო გრაფების აღრიცხვა

1. საიდუმლო გრაფა აღირიცხება ცალკე (დეკლარაციის გარეშე) საიდუმლო გრაფების აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში.

საიდუმლო გრაფების აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში საიდუმლო გრაფასთან ერთად აღირიცხება აგრეთვე თანდართული (საიდუმლო გრაფასთან ერთად შენახული)  მასალაც.

თავი IV

საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცემის ფორმები

    მუხლი 10. საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცემის ფორმები

1. საინფორმაციო ბიუროს მიერ საიდუმლო გრაფის მონაცემები გაიცემა:

ა)  საიდუმლო გრაფის ასლის გაცემის ფორმით;

ბ) საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის ფორმით.

2. საიდუმლო გრაფის ასლი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საიდუმლო გრაფა შეიცავს კონფიდენციალური ინფორმაციის ერთი კატეგორიის მონაცემებს.

3. საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაცია გაიცემა იმ შემთხვევაში,  როდესაც საიდუმლო გრაფა შეიცავს კონფიდენციალური ინფორმაციის ორი ან მეტი კატეგორიის მონაცემებს.

    მუხლი 11. საიდუმლო გრაფის ასლის გაცემა

1. თუ საიდუმლო გრაფაში ასახულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემები, საიდუმლო გრაფის ასლი გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და გათვალისწინებული პირებისათვის.

2. თუ საიდუმლო გრაფაში ასახულია კონფიდენციალური ინფორმაციის სხვა კატეგორიის (გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა) მონაცემები, საიდუმლო გრაფის ასლი გაიცემა მოტივირებული განაცხადის საფუძველზე მოკვლევის ან გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის მიზნით გამოსაყენებლად.

    მუხლი 12. საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორ­მაციის გაცემა

1. საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაცია გაიცემა მოტივირებული განაცხადის საფუძველზე.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით ინფორმაცია გაიცემა საიდუმლო გრაფის მონაცემების მხოლოდ იმ ნაწილის თაობაზე, რომელიც განაცხადში მოთხოვნილი კონფიდენციალური ინფორმფაციის ერთ კატეგორიას მიეკუთვნება.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით (გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაცემად სავალდებულოა დეკლარაციის წარმდგენი შესაბამისი თანამდებობის პირის წერილობითი და სანოტარო წესით დადასტურებული ნებართვა.

4. ინფორმაცია საიდუმლო გრაფის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების თაობაზე გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და გათვალისწინებული პირებისათვის.

5. საიდუმლო გრაფის შესაბამისი მონაცემების შემცველი ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე გაიცემა მოკვლევის ან გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის მიზნით გამოსაყენებლად.

6. ინფორმაცია საიდუმლო გრაფის სამსახურებრივი საიდუმლოების, საწარმოო-კომერციული საიდუმლოების ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი მონაცემების თაობაზე გაიცემა იმ იურიდიული ან ფიზიკური პირის წერილობითი და სანოტარო წესით დადასტურებული ნებართვით, რომლის საკუთრებაცაა საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი შესაბამისი ინფორმაცია (საინფორმაციო ბიუროში აგრეთვე წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის შემცველ შესაბამის მონაცემებზე საკუთრების უფლების დამადას­ტურებელი საბუთები).

    მუხლი 13. საიდუმლო გრაფის ასლისა და საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის ფორმა

ამ წესის მე-11 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საიდუმლო გრაფის ასლი, ხოლო მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაცია   გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №600 ბრძანებულებით დეკლარაციის ფურცლის ასლის გაცემისათვის დამტკიცებული თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის წესის მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 14. ინფორმაციის გაცემის ნებართვისა და ინფორმაციაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის მიღება

1. ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაცხადის მიღებიდან 1 კვირაში საინფორმაციო ბიურო წერილობით მიმართავს შესაბამისი საიდუმლო გრაფის შემვსებ თანამდებობის პირს შეკითხვით საიდუმლო გრაფაში მითითებულ სათანადო მონაცემზე საკუთრების უფლების მქონე პირის (ფიზიკური, იურიდიული პირის) დადგენის თაობაზე, აგრეთვე თხოვნით მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მიღების შესახებ. თანამდებობის პირი ვალდებულია საინფორმაციო ბიუროს წერილის მიღებიდან 3 დღეში წერილობითი ფორმით მიაწოდოს საინფორმაციო ბიუროს საჭირო ინფორმაცია საიდუმლო გრაფაში მითითებულ სათანადო მონაცემზე საკუთრების უფლებისმქონე პირის (ფიზიკური, იურიდიული პირის) თაობაზე.

2. საიდუმლო გრაფაში მითითებულ სათანადო მონაცემზე საკუთრების უფლების მქონე პირის (ფიზიკური, იურიდიული პირის) დადგენის შემთხვევაში საინფორმაციო ბიურო 3 დღეში მიმართავს მას თხოვნით დართოს ნება, რომ გასცეს ინფორმაცია საიდუმლო გრაფის შესაბამისი მონაცემის თაობაზე,  საიდუმლო გრაფაში მითითებულ სათანადო მონაცემზე საკუთრების უფლების მქონე პირი (ფიზიკური, იურიდიული პირი) ვალდებულია თხოვნის მიღებიდან 2 დღეში წერილობითი ფორმით უარი განუცხადოს საინფორმაციო ბიუროს საიდუმლო გრაფის შესაბამისი მონაცემის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე ან მისცეს საინფორმაციო ბიუროს საიდუმლო გრაფის შესაბამისი მონაცემის თაობაზე ინფორმაციის გაცემის ნებართვა.

3. საიდუმლო გრაფის შესაბამისი მონაცემის თაობაზე ინფორმაციის გაცემის ნებართვის მისაცემად შესაბამისი პირი საინფორმაციო ბიუროში წარადგენს:

ა) წერილობით და სანოტარო წესით დადასტურებულ საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის ნებართვას;

ბ) საიდუმლო გრაფის შესაბამის მონაცემებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთებს.

4.  ამ მუხლით დადგენილი წესები არ ზღუდავს განმცხადებლის უფლებას თვითონ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვა­ლისწინებული საბუთების მოპოვება და საინფორმაციო ბიუროში წარდგენა.

    მუხლი 15. ცნობა საიდუმლო გრაფის ასლის გაცემის შესახებ

ცნობა საიდუმლო გრაფის ასლის გაცემის შესახებ შეივსება და გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №600 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმისა და წესის შესაბამისად.

    მუხლი 16. ცნობა საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის შესახებ

1. საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის დადასტურების  მიზნით საინფორმაციო ბიუროში შეივსება ცნობა საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის შესახებ.

2. საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის შესახებ ცნობაში აღინიშნება:

ა) საიდუმლო გრაფის შემვსები თანამდებობის პირის მონაცემები – თანამდებობა, სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, მოქალაქის პირადი ნომერი (პირადობის მოწმობის, პასპორტის ნომერი);

ბ) ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც არის საიდუმლო გრაფაში შეტანილი კონფიდენციალური ინფორმაციის შესაბამისი კატეგორიის შესატყვისი მონაცემები, რომელთა თაობაზეც გაიცემა ინფორმაცია;

გ) გაცემული ინფორმაციის შინაარსი;

დ) შესაბამისი საიდუმლო გრაფის სარეგისტრაციო ნომერი.

3. საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის შესახებ ცნობის ფორმას ამტკიცებს საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე.

4. შევსებული ცნობის პირველი პირი რჩება და ინახება საინფორმაციო ბიუროში, ხოლო ასლი ინფორმაციის გაცემისთანავე გადაეცემა შესაბამისად განმცხადებელ ფიზიკურ პირს ან განმცხადებელი იურიდიული პირის წარმომადგენელს.

5. საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის გაცემის შესახებ ცნობის განმცხადებლისათვის (განმცხადებლის წარმომადგენლისათვის) გადაცემა განხორციელდება საიდუმლოების დაცვის სპეციალური რეჟიმით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 17. მონაცემთა არარსებობა და მოტივაციის აუცილებლობა

1. თუ მოტივირებულ განაცხადში მითითებულ საიდუმლო გრაფაში არ არის შეტანილი კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნილი კატეგორია, საინფორმაციო ბიუროში მზადდება და განმცხადებელს გადაეცემა შესაბამისი ცნობა.

2. განაცხადი ჩაითვლება მოტივირებულად, თუ აკმაყოფილებს ყველა შემდეგ მოთხოვნას:

ა) შეიცავს შესაბამისად საიდუმლო გრაფის ასლის ან საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის საჭიროების კონკრეტულ დასაბუთებას;

ბ) შეიცავს მითითებას შესაბამისად საიდუმლო გრაფის ასლის ან საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის საჭიროების გამომწვევ მიზეზებსა და გარემოებებზე;

გ) შეიცავს მითითებას შესაბამისად საიდუმლო გრაფის ასლის ან საიდუმლო გრაფის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემის საჭიროების სამართლებრივ საფუძვლებზე.

3. მიღებული განაცხადის სამოტივაციო ნაწილის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან ადგენს საინფორმაციო ბიურო, რაზედაც შედგება სათანადო დასკვნა.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 18. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტმობრის №600 ბრძანებულების გამოყენების სპეციფიკა

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №600 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის წესის დებულებები საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობასთან, შენახვასა და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში გამოიყენება ამ წესით გათვალისწინებული თავისებურებებით.