საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურული დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის №322 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურული დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის №322 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 27/09/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.05.002.002.
  • Word
388
27/09/2001
სსმ, 103, 27/09/2001
010.210.040.05.002.002.
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურული დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის №322 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №388

2001 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის №322 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ“.

2. „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის №322 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული და სახელმწიფო პრემიებია:

 ა) შოთა რუსთაველის სახელობის ხუთი ეროვნული პრემია, თითოეული 15000 ლარის ოდენობით, მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, კინოხელოვნების და არქიტექტურის დარგებში;

ბ) აქართველოს შვიდი ყოველწლიური სახელმწიფო პრემია, თითოეული 7000 ლარის ოდენობით, მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, პუბლიცისტიკის, კინოხელოვნების, ტელევიზიისა და არქიტექტურის დარგებში“.

ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გაითვალისწინოს თანხა სახელმწიფო პრემიების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხის შესაბამისად, კერძოდ: საქართველოს სახელმწიფო პრემიების გასაცემად _  49000 ლარი, სამ წელიწადში ერთხელ რუსთაველის სახელობის პრემიების გასაცემად _  75000 ლარი, კომიტეტის შესანახი თანხა და კომიტეტის წევრთა ერთჯერადი საშო­ბაო ხელფასი  თითოეულისათვის _  500 ლარი.“

 გ)  ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა, კომიტეტის რუსთაველის პრემიის ლაურეატებით დაკომპლექტების მიზნით ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„საქართველოს  პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა:

  მურმან ლებანიძე _ კომიტეტის თავმჯდომარე, ტარიელ ჭანტურია _ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ელგუჯა ამაშუკელი, ნანი ბრეგვაძე, რეზო გაბრიაძე, ვახტანგ დავითაია, ანა კალანდაძე, ჯანსუღ კახიძე, ბიძინა კვერნაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, ზურაბ ნიჟარაძე, გურამ საღარაძე, თენგიზ სუხიშვილი, თამაზ ჭილაძე“.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის №322 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ“.

ე. შევარდნაძე        

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ

 

I. კომიტეტის შესახებ

1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, კომიტეტს ქმნის საქართველოს პრეზიდენტი შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებისაგან სამი წლის ვადით. საჭიროების მიხედვით შეაქვს ცვლილებანი კომიტეტის შემადგენლობაში,  აფინანსებს სახელმწიფოს ხარჯზე და ანიჭებს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას.

2. სახელმწიფო პრემიების კომიტეტს ეკისრება ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში ორი სხვადასხვა რანგის პრემიის მინიჭება: შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიისა _ სამ წელიწადში ერთხელ და საქართველოს სახელმწიფო პრემიისა _ ყოველწლიურად.

3. დაწესებულებულია შოთა რუსთაველის ხუთი ეროვნული პრემია: მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, კინოხელოვნების, არქიტექტურის დარგებში, თითოეული 15000 ლარის ოდენობით, ლაურეატის დიპლომით და ლაურეატის ოქროს მედლით.

4. საქართველოს ყოველწლიური შვიდი სახელმწიფო პრემია დაწესებულია: მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, კინოხელოვნების, არქიტექტურის, ტელევიზიის, პუბლიცისტიკის დარგებში, თითოეული _ 7000 ლარის ოდენობით, ლაურეატის დიპლომითა და ვერცხლის მედლით.

5. გარდა ამისა, სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილებით „ვეფხისტყაოსნის“ უცხო ენებზე მთარგმნელებს, თარგმანის მხატვრული ღირსების მიხედვით, შეიძლება დამატებით მიენიჭოთ რუსთაველის ეროვნული ან საქართველოს სახელმწიფო პრემია.

6. ლიტერატურული ნაწარმოები პრემიაზე წარედგინება მხოლოდ დასრულებული სახით მისი გამოქვეყნების შემდეგ. მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ნაწარმოები _ მას შემდეგ, რაც მას სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, პრესისა და რადიოტელევიზიის საშუალებით, არქიტექტურის ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ობიექტის აგების შემდეგ.

7. გარდაცვლილ შემოქმედს შეიძლება პრემია მიენიჭოს, თუ იგი სიცოცხლეშივე იყო წარდგენილი პრემიაზე, ან თუ მოგვიანებით, საკონკურსოდ განსაზღვრულ წლებში გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები.

8. დაუშვებელია კომიტეტის მიერ ფარული კენჭისყრით უარყოფილი ნაწარმოების პრემიის მოსაპოვებლად ხელახალი წარდგენა, იმავე ავტორის განმეორებითი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით.

9. პრემიების მოსაპოვებლად ნამუშევართა წარდგენის უფლება აქვთ შემოქმედებით კავშირებს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიას და მის შესაბამის ინსტიტუტებს, ჟურნალ-გაზეთების  რედაქციებს, გამომცემლობებს, ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის საკითხებში კომპეტენტურ სხვა ორგანიზაციებსა და საზოგადოებებს.

10. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატურებს წინასწარ განიხილავს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლაურეატობის კანდიდატებად ავტორთა გამოცხადების შესახებ.

11. სახელმწიფო პრემიების კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ორი მესამედი, ხოლო გადაწყვეტილებანი პრემიების მინიჭების შესახებ კანონიერად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით ხმა მისცა  სხდომაზე დამსწრე წევრთა სულ ცოტა სამმა მეოთხედმა.

12. კენჭისყრა საერთოა და არა დარგობრივი. ლაურეატობის ყოველი კანდიდატი უპირისპირდება სხვა ნომინაციების  კანდიდატებსაც, რაც ქმნის პირობას, რომ გაიცეს ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში, ხოლო საერთოდ არ გაიცეს სუსტი ნაწარმოებებით წარმოდგენილ რომელიმე ნომინაციაში.

13. კენჭისყრის წინ განისაზღვრება გამსვლელი ქულა და პროცედურა ჩაითვლება დამთავრებულად, თუ დაწესებული პრემიების ოდენობა მთლიანად იქნა ათვისებული. ერთი ან რამდენიმე პრემიის აუთვისებლობის შემთხვევაში  დაინიშნება მეორე ტური ლაურეატობის იმ კანდიდატებისათვის, ვინც პირველ ტურში ხმათა ორმოცდაათი პროცენტი მაინც მიიღო.

14. საბოლოო ჯამში პრემია ენიჭება მხოლოდ იმას, ვინც პირველსა თუ მეორე ტურში ხმათა საერთო რაოდენობის სამი მეოთხედი მიიღო.

15. თუ კონკურსი უალტერნატივოა, მეორე ტურის გამართვა დაუშვებელია.

16. ავტორთა კოლექტივისათვის (მაქსიმუმ _ 4 კაცი) ნებისმიერი პრემიის მინიჭებისას  სახელმწიფო პრემიების კომიტეტი ფულად ჯილდოს ორ ავტორს შორის ანაწილებს თანაბრად, სამ ავტორს შორის განაწილებისას ხელმძღვანელს ეძლევა ნახევარი, მეორე ნახევარი თანაბრად უნაწილდება დანარჩენ ორ ავტორს. თუ კოლექტივი ოთხი კაცისაგან შედგება, ხელმძღვანელს ეძლევა ფულადი ჯილდოს ერთი მესამედი, ხოლო ორი მესამედი თანაბრად უნაწილდება დანარჩენ სამ ავტორს. თუ ავტორთა კოლექტივი ხელმძღვანელს არ ასახელებს, ფულადი ჯილდო ნაწილდება თანაბრად.

17. სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ფუნქციონირებისათვის შექმნილია აპარატი, რომელსაც ევალება:

ა) საჭიროებისამებრ შექმნას სექციები და საექსპერტო ჯგუფები ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში და მოიწვიოს მათი სხდომები;

ბ) გააგზავნოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრები,  ექსპერტები ან საექსპერტო  კომისიები თეატრალური დარგის, მონუმენტური ხელოვნებისა და არქიტექტურის ნაწარმოებთა ადგილზე გასაცნობად და შესაფასებლად;

გ) მოიწვიოს პრემიების მოსაპოვებლად წარდგენილ ნამუშევართა, აგრეთვე მნიშვნელოვან სავარაუდო ნაწარმოებთა რეცენზირებისა და ექსპერტიზისათვის ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგების კომპეტენტური სპეციალისტები და მათი შრომა აანაზღაუროს დადგენილი განაკვეთებით სახელმწიფო პრემიების კომიტეტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

18. სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრს, თუ იგი პრემიაზეა წარდგენილი, კენჭისყრის დამთავრებამდე შეუჩერდება კომიტეტის წევრობა.

19. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება სახელმწიფო პრემიების კომიტეტს სამ წელიწადში ერთხელ გამოუყოს შოთა რუსთაველის სახელობის ხუთი ეროვნული პრემიის თანხა, თითოეული 15000 ლარის ოდენობით და ყოველწლიურად _ შვიდი სახელმწიფო პრემიის თანხა, თითოეული 7000 ლარის ოდენობით, აგრეთვე კომიტეტის შესანახი თანხა და კომიტეტის წევრთა ერთჯერადი საშობაო გრანტი თითოეულისათვის 500 ლარის ოდენობით.

20. პრემიის მოსაპოვებლად დოკუმენტებისა და მასალების წარდგენის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი.

21. სახელმწიფო პრემიების კომიტეტს აქვს  საგამომცემლო უფლება.

22. სახელმწიფო პრემიების კომიტეტს აქვს გერბიანი ბეჭედი, შტამპი, ანგარიში ბანკში.

 

II. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის შესახებ

23. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემია სამ წელიწადში ერთხელ ენიჭება ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწარმოებთ, რომელთაც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს, გამსჭვალული არიან თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენენ ქართული კულტურის შენაძენს.

24. შოთა რუსთაველის სახელობის ხუთი ეროვნული პრემია, თითოეული 15000 ლარის ოდენობით, დაწესებულია მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, კინოხელოვნების, არქიტექტურის დარგებში.

25. შემოქმედს რუსთაველის პრემია ენიჭება ბოლო სამ წელიწადში გამოქვეყნებული (დადგმული, გამოფენილი, შესრულებული, აგებული) ახალი ნაწარმოებისათვის და, როგორც გამონაკლისი, _ მთელი ცხოვრების მანძილზე შექმნილი რჩეული ნაწარმოებისათვის. ამ მეორე შემთხვევაში შემოქმედის ლაურეატობის კანდიდატად დაშვების რწმუნება აქვს მხოლოდ სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წერთა სხდომას (კვორუმის ხმათა სამი მეოთხედით).

26. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად სახელმწიფო პრემიების კომიტეტი კონკურსს გამოაცხადებს, მასალებსა და დოკუმენტებს მიიღებს სამ წელიწადში ერთხელ, პრემიების გაცემისათვის დათქმულ წელიწადს 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე, თებერვლის ბოლომდე განიხილავს მასალებს კომიტეტის სხდომაზე და პრესაში გამოაქვეყნებს ლაურეატობის კანდიდატთა სიას.

27.  კონკურსის საბოლოო შედეგი _ ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 26 მაისს, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს.

28. პირებს, რომლებმაც პრემია მოიპოვეს, მიენიჭებათ რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემათ ლაურეატის დიპლომი, ლაურეატის ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო.

 

III. ყოველწლიური სახელმწიფო პრემიის შესახებ

29. საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის ყოველწლიური სახელმწიფო პრემია ენიჭება მაღალმხატვრულ ნაწარმოებს. საქართველოს შვიდი ყოველწლიური სახელმწიფო პრემია, თითოეული 7000 ლარის ოდენობით, დაწესებულია: მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, პუბლიცისტიკის, კინოხელოვნების, ტელევიზიის, არქიტექტურის დარგებში.

30. შემოქმედს ყოველწლიური სახელმწიფო პრემია ენიჭება ბოლო ორ წელიწადში გამოქვეყნებული (დადგმული, გამოფენილი, შესრულებული, აგებული) ახალი ნაწარმოებისათვის და როგორც გამონაკლისი, _ მთელი ცხოვრების მანძილზე შექმნილი რჩეული ნაწარმოებებისათვის. ამ მეორე შემთხვევაში შემოქმედის ლაურეატობის კანდიდატად დაშვების რწმუნება აქვს მხოლოდ სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრთა საერთო სხდომას (კვორუმის სამი მეოთხედი).

31. საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად დოკუმენტებსა და მასალებს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი მიიღებს ყოველწლიურად 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, ოქტომბრის ბოლომდე განიხილავს მათ კომიტეტის სხდომაზე და პრესაში გამოაქვეყნებს ლაურეატობის კანდიდატთა სიას.

32. კონკურსის საბოლოო შედეგი _ ლაურეატთა სია გამოქვეყნდება ახალი წლის დღეებში.

33. პირებს, რომლებმაც პრემია მოიპოვეს, მიენიჭებათ საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემათ ლაურეატის დიპლომი, ვერცხლის მედალი და ფულადი ჯილდო.

34. პრემიის მოსაპოვებლად დოკუმენტებისა და მასალების წარდგენის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი.