საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4037-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 27/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.016131
  • Word
4037-რს
15/12/2010
სსმ, 75, 27/12/2010
060000000.05.001.016131
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.“.

2. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 78. საჯარო შეტყობინება

1. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.“.

3. 177-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.“.

4. 179-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული საბუთების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა. სარჩელს უნდა ერთოდეს აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედნები).“.

5. 185-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში, 178-ე (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, ასევე მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3.  სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.“.

6. 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.“.

7. 196-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.“.

8. 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.“.

9. 205-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. მოსამართლესთან სატელეფონო გასაუბრება ხორციელდება სატელეფონო ხაზზე მხარეების ან მათი წარმომადგენლების ერთდროულად ჩართვით და ფიქსირდება ოქმის სახით. თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არიან სატელეფონო გასაუბრების შესახებ და ვერ ხერხდება ერთ-ერთ მხარესთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, სასამართლო უფლებამოსილია გაესაუბროს მხოლოდ მეორე მხარეს ან მის წარმომადგენელს.“.

10. 207-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.“.

11. 229-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“.

12. 230-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.“.

13. 2321 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2321. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები

მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.“.

14. 257-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. სასამართლო უფლებამოსილია მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე, აგრეთვე მხარეთა მოთხოვნით სხვა საქმეებზედაც, გამოაცხადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც აისახება სასამართლოს სხდომის ოქმში. ასეთ შემთხვევაში სასამართლო აღარ ამზადებს გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. მხარეებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემათ ამონაწერი სასამართლოს სხდომის ოქმიდან, რომლის ნამდვილობას ამოწმებს სხდომის თავმჯდომარე.“.

15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2591 მუხლი:

     „მუხლი 2591. გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარება

1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

2. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

16. 261-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.“.

17. 269-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 269. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვა

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.“.

18. 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით;“.

19. 369-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.“.

20. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4331 მუხლი:

     „მუხლი 4331

ამ კოდექსის 2591 მუხლი ამოქმედდეს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიმართ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4037რს