საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4072-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016141
  • Word
4072-რს
15/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
020000000.05.001.016141
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

     „მუხლი 401. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი

1.  თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

2.  დაინტერესებულ ორგანოს/თანამდებობის პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს სამართალდამრღვევი ახსნა-განმარტების მისაცემად.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.  თუ სამართალდამრღვევმა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/ თანამდებობის პირად ითვლება ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ბალანსზედაც იმყოფება ან რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად მიადგა ზიანი, ან რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17313 მუხლი:

     „მუხლი 17313. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის შვილის გადაცემის შესახებ ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

     გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

3. 2296 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2296. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 894 და 17313 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

4. 239-ე მუხლის მე-60 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„60.   ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 1751 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 17313 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.

 მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2–მე-4 ნაწილები ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4072-რს