საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1956
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15(22), 14/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.533
  • Word
1956
13/05/1999
სსმ, 15(22), 14/05/1999
060.000.000.05.001.000.533
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.

3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.“.

2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოებისა და საოლქო სასამართლოების პირველი ინსტანციით განსჯადი საქმეები

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები და საოლქო სასამართლოები განიხილავენ:

ა) დავებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს;

ბ) სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს, კერძოდ, დავებს: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის, სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელების, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე;

გ) ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს“.

3. მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში“.

5. 34-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პალატების ან საოლქო სასამართლოების პალატების მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამ სასამართლოების თავმჯდომარეებს, რომლებიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემენ სხვა შემადგენლობას“.

6. 92-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „იურიდიული პირის ლიკვიდაცია“ შეიცვალოს სიტყვებით „იურიდიული პირის რეორგანიზაცია“.

7. 155-ე მუხლში სიტყვა „მოქალაქეებმა“ შეიცვალოს სიტყვით „ფიზიკურმა“.

8. 156-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „მოქალაქეები“ შეიცვალოს სიტყვით „ფიზიკური“, ხოლო მე-2 ნაწილში სიტყვა „მოქალაქეს” შეიცვალოს სიტყვებით „ფიზიკურ პირს”.

9. 208-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „272-ე“ შეიცვალოს სიტყვით „273-ე“.

10. 230-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 230. მოპასუხის გამოუცხადებლობა

1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოპასუხე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“.

11. 306-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „2 კვირის მანძილზე „შეიცვალოს სიტყვებით „10 დღის განმავლობაში“.

12. 307-ე მუხლში სიტყვების „მის წინააღმდეგ“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „მოტივირებული“.

13. 350-ე მუხლის მესამე ნაწილს სიტყვის „მტკიცებულებები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე განიხილოს საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე”.

14. 351-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „შვილად აყვანის შესახებ” შემდეგ დაემატოს სიტყვები „რომელიც განმცხადებლის თხოვნით საჯაროდ არ გამოცხადდება“.

15. 364-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 364. სააპელაციო საჩივრის შეტანა

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, რომელიც არის სააპელაციო სასამართლო“.

16. 391-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში“.

17. 392-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვების „გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ” შემდეგ დაემატოს სიტყვა „არ“.

18. 436-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2–4 ნაწილები:

„2. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილი საზედამხედველო საჩივრები, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას.

3. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შეტანილი საზედამხედველო პროტესტები გადაეცეს განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს.

4. სამოქალაქო საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1999 წლის 15 მაისამდე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შესულა კანონიერ ძალაში, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით“.

19. კოდექსიდან ამოღებულ იქნეს 437-ე და 438-ე მუხლები.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 13 მაისი.

№1956-IIს