„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 31/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040.110.020.05.001.002.762
  • Word
4518
27/03/2007
სსმ, 9, 31/03/2007
040.110.020.05.001.002.762
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;“;

ე) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„პ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;

ჟ) ფინანსური ინსტიტუტები – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსტიტუტები;

რ) ბენეფიციარი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი;

ს) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;

ტ) მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT) – საერთაშორისო ბანკთაშორისი ქსელი (სისტემა), რომელიც ბანკთაშორისი ანგარიშსწორების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა.“.

2. მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – საფოსტო ორგანიზაციებისათვის.“.

3. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 5. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები

1. ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (გარდა კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების საშუალებით შესრულებული გარიგებებისა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;

ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. კომერციული ბანკების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით;

ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკნოტების საშუალებით;

გ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო ანგარიშიდან მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში მოქმედ ან რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;

დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ სესხის გაცემა ან მიღება, ანდა ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია);

ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა;

ვ) საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;

ზ) ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა);

თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;

ი) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა;

კ) გრანტის ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა;

ლ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია).

21. საბროკერო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით შესრულებული გარიგება;

ბ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);

გ) ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;

დ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.

22. სადაზღვევო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა;

ბ) ანუიტეტური და საპენსიო დაზღვევა;

გ) პრემიის დაბრუნების პირობით პიროვნული დაზღვევა;

დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;

ე) დამზღვევის ინიციატივით პირველი სამი თვის განმავლობაში გაწყვეტილი სადაზღვევო კონტრაქტი;

ვ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);

ზ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.

3. საბაჟო ორგანოების მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.

4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, 21, 22 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგებების გარდა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განსაზღვრულ შემთხვევებში, მის მიერ დადგენილი წესით.

6. საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. თუ ვერ ხერხდება მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაცია, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უარს ეუბნება მას გარიგების შესრულებაზე (კლიენტის მომსახურებაზე). მონიტორინგის განმახორციელებელი პირი გარიგების შესრულებას აჩერებს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, და დაუყოვნებლივ უგზავნის ანგარიშგების შესაბამის ფორმას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

8. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები იმაში დასარწმუნებლად, რომ ყურადღებას აქცევენ ყველა გარიგებას (ოპერაციას) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით.

    მუხლი 6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან:

ა) განახორციელონ კანონით განსაზღვრული ოპერაციების მონიტორინგი;

ბ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესებით;

გ) უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის (დოკუმენტების) დადგენილი ვადითა და განსაზღვრული წესებით აღრიცხვა/შენახვა.

2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს, ხოლო მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) ქსელის (სისტემის) ან სხვა მსგავსი ქსელის (სისტემის) გამოყენებით შესრულებული გარიგების (ოპერაციის) შემთხვევაში – 1 500 ლარს.

3. საბროკერო კომპანიის მიერ თავისი კლიენტისათვის კომერციული ბანკის მეშვეობით შესრულებული გარიგების შემთხვევაში იდენტიფიკაციის განხორციელება ევალება საბროკერო კომპანიას (აღნიშნულ შემთხვევაში კომერციულ ბანკს საბროკერო კომპანიის კლიენტის იდენტიფიკაცია არ მოეთხოვება).

4. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან აღრიცხონ/შეინახონ ამ კანონის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება:

ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს;

ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობასა და ვალუტას, რომელშიც უნდა შესრულდეს გარიგება;

გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს);

დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება;

ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.

5. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან მოახდინონ გარიგებაში (ოპერაციაში) მონაწილე პირის იდენტიფიკაცია და შეამოწმონ მისი ვინაობა სანდო, დამოუკიდებელი წყაროს დოკუმენტაციით.

6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურებისა). ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები.

7. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა ნებისმიერი სახის ანგარიშის გასახსნელად უნდა მოითხოვონ სახელმწიფოს მიერ გამოცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელმწიფოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.

8. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით.

9. მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს ანგარიშის გახსნისას უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტების) წარმოდგენა.

10. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ანგარიშის გამხსნელი ან/და ანგარიშის მფლობელი პირის იდენტიფიკაციისას ან/და შემოწმებისას შეიძლება დაეყრდნონ მესამე პირს/შუამავალს, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, მათ ანგარიშის მფლობელის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს.“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით

1. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ცნობა (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებასა და გაგზავნას. ანგარიშგება უნდა გაიგზავნოს გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან ან/და გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ზღვარს – არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, იგი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება მის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული) არანაკლებ 5 წლის ვადით.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს არ მიეწოდება ცნობა (ანგარიშგების წერილობითი ან ელექტრონული ფორმა), მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 მარტი.

№4518–Iს