დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4741 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 22/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.020.05.001.002.832 |
საქართველოს კანონი
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი – მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს.
2. ამ კანონის ნორმებსა და სხვა ნორმატიული აქტების ნორმებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კანონის ნორმები.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან იურიდიული ფაქტის საფუძველზე წარმოეშვა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მათში ცვლილების ან მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ან რომლის უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა შესაბამის რეესტრში, ან რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება;
ბ) რეგისტრაცია – უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში;
გ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
მუხლი 3. უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების სახეები
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის მათზე უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის, ასევე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
2. ყადაღის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
3. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
მუხლი 4. რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია
უძრავ ნივთზე უფლებათა და საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41–44 მუხლები:
„მუხლი 41. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა
რეგისტრირებული მონაცემები ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია – მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 42. დოკუმენტაციის გამოთხოვის წესი
1. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე თავის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე და ექვემდებარება სავალდებულო წესით დაბრუნებას. დასაშვებია სამართალდამცავი თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მხოლოდ ამ დოკუმენტაციის ასლების გამოთხოვა.
2. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე თავის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვა არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს მათ საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის გაცემას.
მუხლი 43. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან
1. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან (შემდგომში – ამონაწერი) გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებების მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
2. ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე.
3. უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით.
მუხლი 44. რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული საფასური და ვადები
რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული საფასური და ვადები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
3. II თავი ამოღებულ იქნეს.
4. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი“.
5. მე-13 – მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები.
2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე შემდეგი უფლებები:
ა) საკუთრება;
ბ) იპოთეკა;
გ) აღნაგობა;
დ) უზუფრუქტი;
ე) სერვიტუტი;
ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა;
ზ) იჯარა, ქვეიჯარა;
თ) თხოვება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
4. იპოთეკის მოწმობის რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.
მუხლი 14. უფლებათა რეგისტრაციის და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა
1. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე უფლება, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
2. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლება, რომლებიც არ გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.
3. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლება, რომლებიც არ გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი შინაარსის შესაბამისად.
4. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 15. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია
1. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
2. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს მესაკუთრის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, თუ რა ვადით და ვის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია.
3. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაციას.
4. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება:
ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია;
ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო;
გ) უძრავი ნივთის მესაკუთრის მოთხოვნით და იმ პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უფლების წინასწარი რეგისტრაცია.
მუხლი 16. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება.
2. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
3. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე.
მუხლი 17. უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაცია
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე.
2. ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია.
3. უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.“.
6. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები“.
8. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები
1. უძრავ ნივთზე უფლება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის დღიდან. რეგისტრაციის დღედ ითვლება შესაბამის რეესტრში მონაცემთა აღრიცხვის დღე.
2. რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე.
3. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით იქონიოს და ამავე სახით გასცეს ასევე მის მიერ გამოცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ასლების ამონაბეჭდებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.
5. რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.“.
10. 21-ე და 22-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
11. 23-ე – 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლები
1. მარეგისტრირებელი ორგანო აჩერებს რეგისტრაციას, თუ:
ა) უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს, რომელზე საკუთრების უფლებაც რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, ან მასში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;
ბ) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას;
გ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის შეჩერებას;
დ) არსებობს ამ კანონით ან „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. რეგისტრაციის შეჩერების ვადაა 1 თვე, რომელიც აითვლება დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრაციის შეჩერების ფაქტის ოფიციალურად გაცნობის დღიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
3. რეგისტრაციის შეჩერების ვადაში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო განაახლებს რეგისტრაციას.
მუხლი 24. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები
მარეგისტრირებელი ორგანო უარს ამბობს რეგისტრაციაზე, თუ:
ა) უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა და მასში ცვლილება ამ კანონისა და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად არ ექვემდებარება რეგისტრაციას;
ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას;
გ) უძრავი ნივთი განიკარგა არაუფლებამოსილი პირის ან პირების გარიგების ან სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
დ) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად ცნობის ფაქტი;
ე) არსებობს ამ კანონით ან „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 25. რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლები
მარეგისტრირებელი ორგანო წყვეტს რეგისტრაციას, თუ:
ა) განმცხადებელმა მოითხოვა რეგისტრაციის შეწყვეტა;
ბ) დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციის შეჩერების ვადაში ვერ წარმოადგინა რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია;
გ) არსებობს ამ კანონით ან „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.“.
12. 26-ე – 28-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 და 282 მუხლები:
„მუხლი 281. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება
1. რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს გადაწყვეტილებას.
2. გადაწყვეტილების გამოცემის წესი, ფორმა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.
მუხლი 282. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
2. უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრდება ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ან სასამართლო წესით, ხოლო ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ან სასამართლო წესით.
3. უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას.“.
14. V და VI თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V
ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრები
მუხლი 29. ყადაღის რეესტრი
1. ყადაღა რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.
2. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაციას, გარდა ყადაღადადებული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა.
3. მარეგისტრირებელი ორგანო უარს ამბობს ყადაღის რეგისტრაციაზე, თუ:
ა) ყადაღის დადების დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ყადაღის საგნისა და მისი მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას;
ბ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია.
მუხლი 291. ყადაღის რეგისტრაციის რიგითობა
თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ყადაღა, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ყადაღათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.
მუხლი 292. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი
1. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.
2. მარეგისტრირებელი ორგანო უარს ამბობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციაზე, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
მუხლი 293. რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა
რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა განისაზღვრება რეგისტრირებული გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რიგითობის შესაბამისად.
თავი VI
მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი
მუხლი 30. მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) რეგისტრაციას აწარმოებს ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილ შემთხვევებში – უშუალოდ.
მუხლი 31. ეროვნული სააგენტოს ფუნქციები
ეროვნული სააგენტოს ფუნქციებია:
ა) რეგისტრაცია;
ბ) რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა და ნორმატიული ხასიათის მითითებების შემუშავება;
დ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ეროვნული სააგენტოს დებულებით.
მუხლი 32. მარეგისტრირებელ ორგანოთა ზოგადი უფლებამოსილებანი
1. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ განცხადებულ უძრავ ნივთზე უფლებისა და საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მათ საფუძვლად წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და თავისთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
2. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ან სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსები შეესაბამება ერთმანეთს.
3. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტების ასლებს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.
4. დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.“.
15. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2007 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე დადებული გარიგებები, რომლებიც იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ იყო რეგისტრირებული შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
3. ინდივიდუალური საკუთრების საგანზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდეს მისი საერთო ფართობის, ანუ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების შესაბამისად.
4. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე აღრიცხული ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის, ან რომლებიც აღრიცხულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასევე ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება, თუ ისინი აღრიცხულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო.
5. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის, ან რომელიც რეგისტრირებულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, ანდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას, გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუ იგი რეგისტრირებულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო.
6. მრავალბინიან და ინდივიდუალურ სახლებში საქართველოს კანონმდებლობით ან თანამესაკუთრეთა შეთანხმებით დადგენილ თანასაკუთრების საგანზე (სხვენი, სარდაფი და ა. შ.) თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია ხდება თანამესაკუთრეთა ერთობლივი მოთხოვნის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“;
ბ) მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998 წლის 10 იანვრის №2-5 ბრძანება „მიწის (უძრავი ქონების) სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების ჩამოყალიბებისა და საჯარო რეესტრის (საადგილმამულო წიგნის) ფორმულარების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 მაისი.
№4741–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები