დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110322040, 24/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016148 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №163
2011 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ 31.12.10) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-6 მუხლის მე-9–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. თუ საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება პორტალს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
10. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის (დანართი №VII–01) გამოყენებით ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების პორტალში ან დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.
11. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №III–02) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების პორტალამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
,,12. სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, ტრანზიტით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან დანიშნულების საგადასახადო ორგანომდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს.“.
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საქონლის დროებით შენახვის პირობები
1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.
2. შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება:
ა) საქონლის მიმღების ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს:
ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება;
ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში;
ა.ე) “ოქროს სიის” მონაწილე;
ა.ვ) საქართველოს საწარმო, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს და რომლის დანიშნულებითაც გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით გადაადგილდება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი:
ა.ვ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;
ა.ვ.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული, ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) საქონელი;
ბ) როცა არ არსებობს საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ორგანოს, ადამიანის ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების, ღეროვანი უჯრედების, რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთების, სეს ესნ-ის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის) და 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი) კოდებით, 0301 (ცოცხალი თევზები) პოზიციით, 01 (ცოცხალი ცხოველები) ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის შენახვისთვის აუცილებელ პირობებს;
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
დ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა;
ე) საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობში – საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისათვის.
3. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, დეკლარანტს უფლება აქვს, დროებით შენახვისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს შენახვის სხვა ადგილზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობით.“.
4. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. გარანტიის წარდგენა, გარანტიის ფორმები და სახეები
1. პირმა, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, უნდა წარადგინოს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.
3. გარანტია არ წარედგინება, თუ:
ა) საქონელი გადაადგილდება:
ა.ა) საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით;
ა.ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით;
ა.გ) სარკინიგზო ტრანსპორტით;
ა.დ) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით;
ბ) პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა;
გ) ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდება თავისი სვლით ან გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით;
დ) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ე) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის დეკლარირებისას რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
ვ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დროს;
ზ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირებისას;
თ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება გემის მიმართ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევებში შესაძლო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისას, ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებია:
ა) ტრანზიტის დროს – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი;
ბ) სხვა შემთხვევაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად, ხოლო გემის მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – დეკლარანტი.
5. გარანტია შეიძლება იყოს:
ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის (გარდა წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა) ან საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;
ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:
ბ. ა) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა;
ბ. ბ) ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი ვალდებულებები.
6. გარანტიის სახეებია:
ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი V–01);
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი (დანართი V–02);
გ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა; საგადასახადო დავალიანების წარმოშობისას ამ ქონებაზე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში, საწყობის მფლობელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის შემთხვევაში.
7. წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენა.
8. გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ვალდებულ პირს.
9. გარანტია უქმდება:
ა) უზრუნველყოფილი სასაქონლო ოპერაციის დასრულების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების შესრულების დადასტურებისას;
ბ) სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმებისას, თუ დასტურდება კანონდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 26. საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტიის მოქმედების ვადა
1. საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს:
ა) დროებითი შემოტანისას (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
ბ) გარე გადამუშავების დროს შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების ოდენობის თანხას;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოებისას – კორექტირების აქტით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
დ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად:
დ.ა) ღია საწყობზე – სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შესანახად განკუთვნილი ფართის – ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე – 10 ევროს, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე – 5 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
დ.ბ) ღია საწყობზე, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შესანახად, ნივთის გვაროვნული თავისებურებისა და შენახვის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით, რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.) – რეზერვუარის ყოველ 1 კუბ. მ- ზე 4 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
დ. გ) დახურულ საწყობზე – სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შესანახად განკუთვნილი ფართის – ღია მოედნის და შენობა- ნაგებობის ყოველ 1 კვ. მ- ზე – 2 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 20 000 და არა უმეტეს 400 000 ევროს ეკვივალენტს ლარში. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შენახვა ხორციელდება ( განხორციელდება) ნივთის გვაროვნული თავისებურებისა და შენახვის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით, რეზერვუარში ( ცისტერნა, სილოსი და ა. შ.) – რეზერვუარის ყოველ 1 კუბ. მ- ზე 2 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 20 000 და არა უმეტეს 400 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
დ. დ) საწყობზე, რომელიც განკუთვნილია ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად – სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონელზე იმპორტის გადასახდელების თანხის 70%- ს, მაგრამ არა უმეტეს 2 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – 50 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ვ) შიდა გადამუშავებისას – იმპორტის გადასახდელების ოდენობის თანხას, რომელიც განისაზღვრება გადაუმუშავებელ და გადამუშავებულ საქონელზე მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებს შორის უდიდესის გათვალისწინებით;
ზ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის – ღია მოედნის ყოველ 1 კვ. მ- ზე 10 ევროს, ხოლო შენობა- ნაგებობის ყოველ 1 კვ. მ- ზე 5 ევროს, რეზერვუარის ( ცისტერნა, სილოსი და ა. შ.) ყოველ 1 კუბ. მ- ზე – 2 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
თ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ ( გადახდილ) გადასახდელებს შორის არსებულ სხვაობას;
ი) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში – 50 000 ლარს;
კ) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას.
2. ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს გადასახდელების დაფარვას.
3. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, ხოლო გარე გადამუშავების დროს შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას, ან დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გატანისას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საწვავისა და საპოხი საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას – არანაკლებ 2 თვისა.
4. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საწყობის ( ღია ან დახურული) ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში წარადგინოს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.“.
6. 28- ე მუხლის მე-2 პუნქტის ,, გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, გ) იმპორტის, საწყობის, ექსპორტის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დეკლარირებაც ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით.“.
7. 29- ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილ საქონელზე დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „ გეზ- ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” ( დანართი №VI–03) შევსებას, რომელიც აიკინძება წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით.“.
8. 33- ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია ( დანართი №VII–01) გამოიყენება სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ კონტროლის ზონებში სეს ესნ- ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 ( რომლის ძრავას მუშა- მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია) და 8716 ( მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ( შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისას, როგორშიც იყო საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 34-ე და 35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – პორტალის მიერ გაცემული მოწმობის „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
3. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა. ამ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სააგენტოს.
6. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (დანართი №XX–01) ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის შესაბამისად.“.
7. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
8. დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
9. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) იმპორტის, საწყობის და დროებითი შემოტანის დროს 2 ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა. ა) ერთი – თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს;
ა.ბ) მეორე – უბრუნდება დეკლარანტს;
ბ) ექსპორტის და რეექსპორტის დროს 3 ეგზემპლიარად, რომელთაგან:
ბ. ა) ერთი – თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს;
ბ. ბ) ორი – უბრუნდება დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
10. TIR- წიგნაკით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
11. დასრულებული დეკლარაცია სააგენტოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.
12. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, საქონელი გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.
მუხლი 35. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსება
1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს:
ა) იმპორტის და საწყობის დროს – პირველი–მე-11 და Rგრაფებს. დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება;
ბ) ექსპორტის დროს – პირველი–მე-8, მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-9 და მე-11 გრაფები არ ივსება;
გ) რეექსპორტის დროს – პირველი–მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 გრაფა არ ივსება;
დ) დროებითი შემოტანის დროს – პირველი–მე-10 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 და მე-12 გრაფები არ ივსება.
2. დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა 1. „იმპორტიორი/ექსპორტიორი” – თუ საქონლის მიმღები/გამგზავნი იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნია, აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი;
ბ) გრაფა 2. „წარმომადგენელი” – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი; თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის მიმღები/გამგზავნი, მიეთითება – „იხ. გრაფა 1”;
გ) გრაფა 3. „გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა” – აღინიშნება:
გ.ა) იმპორტის, საწყობის და დროებითი შემოტანის დროს – საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა;
გ.ბ) ექსპორტის და რეექსპორტის დროს – იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა;
დ) გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს;
ე) გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი” – წინმსწრები მოწმობის, დეკლარაციის ან სხვა წინმსწრები დოკუმენტის ნომერი და თარიღი;
ვ) გრაფა 12. „დანიშნულების პორტალი და ვადა” – ივსება ექსპორტის ან რეექსპორტის შემთხვევაში;
ზ) გრაფა R. „ოპერაცია” – მიეთითება სასაქონლო ოპერაციის კოდი:
ზ.ა) იმპორტის – „40”, ამასთან, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემთხვევაში, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – ,,/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
ზ.ბ) საწყობის – „74”;
ზ.გ) ექსპორტის – „10”;
ზ.დ) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ ,,–“ და წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის კოდი (74 – საწყობიდან რეექსპორტის შემთხვევაში და 34 – დროებითი შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში);
ზ.ე) დროებითი შემოტანის – ,,34“.
3. D გრაფაში პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი სვამს დამღას „მოხსნილია კონტროლიდან”, დამღაში მითითებულ ადგილზე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.
4. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდები :
| კოდი | დასახელება |
| 006 | საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება) |
| 007 | საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
| 008 | საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება) |
| 014 | „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება) |
| 024 | ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ- ისგან გათავისუფლება) |
| 031 | უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება) |
| 057 | იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 333 | საქონლის დაბრუნება |
| 550 | ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი |
| 605 | ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი |
10. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაადგილება
1. გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი დანიშნულების საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, ხოლო სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – არა უმეტეს 45 კალენდარული დღისა.
2. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საწყობში, საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით ან დროებით შენახვაზე კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შენახვის ადგილიდან დანიშნულების პორტალის მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა.“.
11. 63-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
გ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,, ზ.ბ “ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ,,საქონლის დროებით შენახვის განაცხადის “ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებითი შენახვა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან მის გატანამდე. “.
12. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით.“.
13. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 67. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ პირობებთან ერთად, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებია:
ა) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:
ა.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (მათ შორის, ხელშეკრულება არადეკლარანტთან საქონლის გადამუშავების შესახებ, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ);
ა.ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის, მისაღები გადამუშავებული საქონლის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
ა.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
ა.დ) მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ;
ა.ე) მისაღებ გადამუშავებულ საქონელში შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ;
ბ) გარანტიის წარდგენა (გარდა გემის შიდა გადამუშავების შემთხვევისა).
3. პირმა, რომელმაც მიიღო შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების უფლება, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად, და უნდა გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა ვალდებულება.“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები