„ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4467-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110329007, 29/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 170040000.05.001.016254
  • Word
4467-Iს
22/03/2011
ვებგვერდი, 110329007, 29/03/2011
170040000.05.001.016254
„ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

     „მუხლი 61. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების სხვა საფუძვლები

1. ამ კანონით განსაზღვრული წესებისგან განსხვავებით, ქონების ლეგალიზების განმახორციელებელ ორგანოში 2012 წლის 1 აპრილამდე შეტანილ მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ სარეგისტრაციო განცხადებებზე, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (აგრეთვე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, რომელთაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის შეცვლილი აქვთ მიზნობრივი დანიშნულება და გადაყვანილი არიან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში) ლეგალიზების საფუძველია 2007 წლის 1 იანვრამდე კანონის დარღვევით შედგენილი:

ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი;

ბ) მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა;

გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი;

დ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც გაცემის საფუძვლად მითითებულია ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

2. ლეგალიზების საფასური ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 15 ლარს.

3. ლეგალიზების საფასური ჩაირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

4. ლეგალიზების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და რომელმაც აანაზღაურა მიყენებული ზიანი.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით ქონების ლეგალიზების შემთხვევაში არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა (დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება) უძრავი ნივთის მესაკუთრისა და ლეგალიზების განმახორციელებელი პირის მიმართ. ამ მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ განთავისუფლდებიან პირები, რომელთა მიმართაც ამავე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დამზადებისათვის, გამოყენებისათვის და სხვა ქმედებებისათვის გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების აღკვეთის სახით.

6. მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დოკუმენტაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაგზავნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შედგენილია 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ.

7. ქონების ლეგალიზება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარიგების შედეგად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე.

8. თუ დაინტერესებული პირი თხოვს ისეთი მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს მიწის ნაკვეთის ლეგალიზებაზე თანხმობის მიღების მიზნით. ამ შემთხვევაში სარგისტრაციო წარმოება ჩერდება. სარგისტრაციო წარმოება განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსაგან პასუხის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ამ მუხლით დადგენილი წესით ქონების ლეგალიზების განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ლეგალიზებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს ახორციელებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

10. მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ მიეთითება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში.

11. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც უძრავ ქონებაზე არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი/გამოცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების პროცესის მოწესრიგების მიზნით 2013 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოს ამ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 მარტი.

№4467I