დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2998 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 15/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.001.378 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.86) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“–„პ“ ქვეპუნქტები:
„ლ) ელექტრონული საბუთი – დეკლარანტის მიერ საბაჟო გაფორმებისათვის საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო ორგანოებში წარსადგენი საბუთის ელექტრონული ასლი, რომლის შექმნა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
მ) ელექტრონული ლუქი – იდენტიფიკაციის ელექტრონული საშუალება, რომლის სატრანსპორტო საშუალებებზე დამაგრება, ექსპლუატაცია და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ნ) ელექტრონული პასპორტი – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარანტის შესახებ შექმნილი დოკუმენტი (მატერიალური ობიექტი), რომელზედაც ელექტრონული იმპულსების კომბინაციით ფიქსირდება ინფორმაცია და რომლის ცალსახად აღქმა ადამიანის მიერ შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულ-ციფრული ტექნოლოგიით. ელექტრონული პასპორტის შექმნა და დამუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ო) ინფოშემცველი – მატერიალური ობიექტი (პლასტიკური ბარათი, მიკროსქემა და სხვა), რომელშიც ინფორმაციის შეტანა შესაძლებელია ელექტრონულ-ციფრული ტექნოლოგიით;
პ) სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირი – ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელსაც დაწესებული საფასურის საფუძველზე:
პ.ა) შეაქვს ელექტრონულ ლუქში ინფორმაცია;
პ.ბ) ახორციელებს ელექტრონული საბუთის შესაბამის დამუშავებას ერთიანი საბაჟო-საგადასახადო მონაცემთა საერთო-სახელმწიფოებრივი ბანკის ფორმირებისათვის.“.
2. 74-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ საბაჟო გადასახდელის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დადგენილი საბაჟო გადასახდელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და მისი შესაბამისი საბაჟო ორგანოები აღნიშნული გადასახდელის იძულებით გადახდევინებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე თავით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.“.
3. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთები, მათი ელექტრონული ასლები (ელექტრონული საბუთები), ელექტრონული პასპორტი, საქონლის გადაზიდვამდე მასზე ჩატარებული ინსპექტირებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საქონლის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.
4. 131-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იდენტიფიკაცია ხდება პლომბის, ელექტრონული ლუქისა და ბეჭდის დადებით, ციფრობრივი, ასოებრივი ან სხვა მარკირების, საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და შტამპის დასმით, სინჯებისა და ნიმუშების აღებით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღწერით, ნახაზების შედგენით, მასშტაბური გამოსახულების, ფოტოსურათების, ილუსტრაციების გამოყენებითა და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებებით.“.
5. 137-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და მისი შესაბამისი საბაჟო ორგანოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ მის კონტროლს დაქვემდებარებულ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმებას, აგრეთვე საბაჟო გადასახდელების ადმინისტრირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.“.
6. 146-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 146. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა მოკვლევის ორგანოები
ამ კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეთა მოკვლევის ორგანოებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მოკვლევის ორგანოები.“.
7. 148-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნების მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, რასაც იგი ახორციელებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად.“.
8. 149-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნების მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს.“.
9. 158-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
10. 165-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა აქტების შესაბამისად გადაცემული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
11. 175-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2003 წლის 1 ნოემბრამდე დაამტკიცოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გასატარებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) დებულება სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის გამოსავლენი ტენდერის პირობებისა და მისი ჩატარების წესის შესახებ;
ბ) დებულება სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული საბუთისა და ელექტრონული ლუქის შექმნისა და გაცემის წესების შესახებ;
გ) დებულება საგადასახადო ორგანოების მიერ ელექტრონული პასპორტის შექმნისა და დამუშავების წესის შესახებ.“.
12. 176-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტები:
„დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ლ“–„ნ“ ქვეპუნქტებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით ელექტრონული საბუთისათვის, ელექტრონული პასპორტისათვის და ელექტრონული ლუქისათვის დადგენილი მოთხოვნები კანონიერ ძალაში შედის სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნისთანავე;
ე) სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, დეკლარანტი ელექტრონული საბუთის შექმნისათვის და საქონლის მფლობელი ან საბაჟო გადამზიდველი ელექტრონული ლუქის გაცემა-ექსპლუატაციისათვის იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მომსახურების საფასურს;
ვ) ამ კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 137-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 25 ოქტომბრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№2998-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები