საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3028
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 15/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.001.385
  • Word
3028
26/08/2003
სსმ, 28, 15/09/2003
230.000.000.05.001.001.385
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დროებით შემოტანილი და/ან გატანილი საქონელი  ექვემდებარება დაბრუნებას უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია საქონლის ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით.“.

2. 42-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ საქონლის ნუსხას, რომლის დროებითი შემოტანა და/ან გატანა აკრძალულია, ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილები:

„3. დროებითი შემოტანის და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში შესაძლებელია მოქცეულ იქნეს ნებისმიერი საქონელი (გარდა იმ საქონლისა, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დროებითი შემოტანის და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში არ დაიშვება).

4. დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში საბაჟო გადასახადების გადახდისაგან სრული განთავისუფლებით შესაძლებელია მოქცეულ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი, ქვემოთ ჩამოთვლილი საქონელი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად ქვემოთ ჩამოთვლილ საქონელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის ვადა):            

ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომლებიც შემოჰყავთ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის:

ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება, შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);

ა.ბ) წარმოდგენებში, გამოფენებში, კონკურსებში, შეჯიბრებებში ან ჩვენებებში მონაწილეობა;

ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);

ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისა და სხვა მიზნებისათვის);

ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;

ა.ვ) ძოვება;

ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირების განხორციელება;

ა.თ) სამედიცინო მიზნები (გველის შხამის მიღება და სხვა);

ბ) ბაზრობების, გამოფენების, სხვადასხვა სახის შეხვედრებისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებებზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:

ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია იმპორტული დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.ბ) სამშენებლო და დეკორატიული მასალები (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომლებიც აუცილებელია იმპორტული დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრაციისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);

გ) კინემატოგრაფიის, პრესის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემების განხორციელებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაარსებულ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაარსებული პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაარსებული იმ პირისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას (აღნიშნული პროცედურები არ ვრცელდება იმ პროფესიონალურ მოწყობილობებზე, რომლებიც საჭიროა იმავე მიზნებისათვის, როდესაც არსებობს ერთობლივი სამუშაო კონტრაქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაარსებულ პირთან). ეს მოწყობილობებია:

გ.ა) პერსონალური კომპიუტერები, ტელეფაქსები, საბეჭდი მანქანები, ყველა სახის კამერები, ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, შესამოწმებელი და გასაზომი ინსტრუმენტები და აპარატურა (ოსილოგრაფები, ფირებისა და ვიდეოჩამწერების შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრები, ინსტრუმენტების ყუთები და ჩანთები, ვექტოროსკოპები, ვიდეოგენერატორები და ა.შ.), გასანათებელი დანადგარები, საოპერატორო ნაწილები (კასეტები, ექსპონომეტრები, ლინზები, კომპასები, აკუმულატორები, ბატარეები, ბატარეების დამმუხტველები, მონიტორები, საათები, მიკროფონები, ტრანსფორმატორები, ჰაერის გამაცხელებლები, საკონდიციონერო და სავენტილაციო დანადგარები და სხვა);

გ.ბ) ტელესაკომუნიკაციო დანადგარები, როგორიცაა მიმღებ-გადამცემები, მისაერთებელი ტერმინალები, სატელიტური დამაკავშირებლები, სიხშირის გამომსხივებელი აუდიოდანადგარები;

გ.გ) ტელეკინოაპარატურა, ხმისა და გამოსახულების ჩამწერი და სარეპროდუქციო აპარატურა, სამონტაჟო დანადგარები, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, ასაწევი მასალები, ჰაერის გამოსაშრობები;

გ.დ) სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, როგორიცაა სატელევიზიო გადამცემი, ასევე ვიდეოჩამწერი, ხმის ჩამწერი, სარეპროდუქციო, ნელმავალი, გამანათებელი და სატელევიზიო დანადგარების ნაწილებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებები და სპეციალურად შექმნილი სხვა სატრანსპორტო საშუალებები;

დ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურებების, ავარიისა და კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციოდ;

ე) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, რემონტის ან დაყალიბებისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

ე.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ, მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;

ე.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ე.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება ამ ტერიტორიის გარეთ დაარსებული პირის საკუთრებად;

ვ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, რემონტის ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

ვ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ, მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;

ვ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ვ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება ამ ტერიტორიის გარეთ დაარსებული პირის საკუთრებად;

ზ) სამედიცინო, ქირურგიული და ლაბორატორიული მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია საავადმყოფოებისა და სხვა სახის სამედიცინო დაწესებულებებისათვის, დიაგნოსტიკური ან თერაპევტული მიზნებისათვის და გაგზავნილია განსაკუთრებული შემთხვევის საფუძველზე, უფასოდ;

თ) სატრანსპორტო საშუალებები, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

თ.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;

თ.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და  გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად ამავე პირის მიერ;

ი) საქონელი დიპლომატიური, კულტურული, სამეცნიერო-კვლევითი, სპორტული, ტურისტული და გასართობი მიზნებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება ამ ტერიტორიის გარეთ დაარსებული პირის საკუთრებად;

კ) შესაფუთი მასალები, კერძოდ, სავსე ან ცარიელი ფუთები, რომლებიც გამიზნულია სავსე ან ცარიელი სახით დასაბრუნებლად. დროებით შემოტანილი ფუთები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გათვალისწინებულია საქონლის ექსპორტი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის:

ა) ტერმინი „ღონისძიება“ ნიშნავს:

ა.ა) სავაჭრო, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ან კერამიკული ნაწარმის გამოფენას, ბაზრობას ან მსგავს საჩვენებელ გამოფენას;

ა.ბ) გამოფენას ან შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, კულტურის დონის ამაღლებისათვის;

ა.გ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფების შეხვედრას;

ა.დ) ოფიციალური ან ღირსშესანიშნავი ხასიათის წარმომადგენლობით შეხვედრას, გარდა გამოფენებისა, რომლებიც ორგანიზებულია კერძო მიზნებისათვის, მაღაზიებსა და ბიზნეს-ცენტრებში საქონლის გასაყიდად;

ბ) ტერმინი „სასწავლო დამხმარე საშუალებები“ ნიშნავს დამხმარე საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის ან პროფესიული წვრთნისათვის, როგორიცაა მოდელები, ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები;

გ) ტერმინი „დამტკიცებული დაწესებულება“ ნიშნავს კერძო ან საჯარო სასწავლო ან პროფესიულ დაწესებულებას, რომელიც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას და რეგისტრირებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც, როგორც სასწავლო დამხმარე საშუალებების მიმღები, გასცემს რწმუნებას დროებითი შემოტანის რეჟიმზე;

დ) ტერმინი „სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობა“ ნიშნავს ინსტრუმენტებს, აპარატებს და ხელსაწყო მექანიზმებს, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის;

ე) ტერმინი „მოწყობილობის გაგზავნა განსაკუთრებული შემთხვევის საფუძველზე“ ნიშნავს ნებისმიერი სამედიცინო, ქირურგიული ან ლაბორატორიული მოწყობილობის გაგზავნას ისეთი საავადმყოფოს ან სხვა სახის სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნით, რომელსაც განსაკუთრებულად, აუცილებლად, სასწრაფოდ ესაჭიროება ასეთი მოწყობილობა;

ვ) ტერმინი „შესაფუთი მასალა“ ნიშნავს:

ვ.ა) საქონლის გარეგანი ან შინაგანი შეფუთვისათვის გამოყენებულ ან გამოსაყენებელ კონტეინერებს;

ვ.ბ) საშუალებებს, რომლებითაც საქონელი არის ან იქნება შეხვეული, შეკრული, მიბმული ან მიმაგრებული. აღნიშნულ საშუალებებში არ იგულისხმება შესაფუთი მასალა, როგორიცაა ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა.“.

3. 43-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის რეჟიმში მოქცევას ახორციელებენ საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით.“.

4. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადის გაგრძელების უფლება საჭიროების შემთხვევაში აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დადგენილი წესით.“.

5. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. დროებით გატანილი საქონლის დაუბრუნებლობა მისი განადგურების, დაკარგვის, დანაკლისის ან უცხო სახელმწიფოს ორგანოების ან თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედების გამო

პირი, რომელმაც დროებით გაიტანა საქონელი და არ დააბრუნა დადგენილ ვადაში, პასუხს არ აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუბრუნებლობა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების ან დაკარგვის, ანდა უცხო სახელმწიფოს ორგანოების ან თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედების შედეგია, რასაც დაადასტურებს საქართველოს შესაბამისი საკონსულო დაწესებულება.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3028-რს