„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3059
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 18/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 290.120.000.05.001.001.393
  • Word
3059
26/08/2003
სსმ, 29, 18/09/2003
290.120.000.05.001.001.393
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“–„კ“ ქვეპუნქტები:

„ე) სადაზღვევო შემთხვევა – საავტომობილო გზაზე ავტომოტოტრანსპორტის მოძრაობისას წარმოქმნილი შემთხვევა, რომლის დროსაც ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ვ) დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით წინასწარი გამოძიებისათვის გათვალისწინებულ ვადაში დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტი;

ზ) დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტი – ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც არ გააჩნია ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება:

ზ.ა) საქართველოში ტრანზიტით შემოსული ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელმაც საზღვრის გადმოკვეთიდან 12 საათში ვერ უზრუნველყო სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება;

ზ.ბ) ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაუვიდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების ვადა, მაგრამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან გასულია არა უმეტეს ერთი თვისა;

ზ.გ) გასხვისებული ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც შეუწყდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტიდან გასულია არა უმეტეს ერთი თვისა;

თ) გატაცებული ავტომოტოტრანსპორტი – მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომოტოტრანსპორტი;

ი) პრევენციული ღონისძიებები – სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სადაზღვევო შემთხვევათა შესამცირებლად; დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა და მისი საინფორმაციო უზრუნველყოფა, სპეციალისტთა მომზადება, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობა და სოციალურ ან მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის სხვა ღონისძიებები;

კ) დაუძლეველი ძალა – საომარი მოქმედებები, სტიქიური მოვლენები (წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, მეხი, ქარიშხალი), ხანძარი და აფეთქება.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტომოტოტრანსპორტზე. მფლობელი, რომელიც არ დააზღვევს თავის სამოქალაქო პასუხისმგებლობას ამ კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას ეკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ამ კანონით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.“.

3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 10 პროცენტით.“.

4. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22.

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიურო (შემდგომში – ბიურო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ბიუროდან, ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, ხორციელდება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია:

ა) დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტით;

ბ) დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით;

გ) გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით.

3. პასუხისმგებელი პირის დადგენის შემთხვევაში, ბიურო უფლებამოსილია გაცემული თანხის რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს უშუალოდ ზიანის მიმყენებელ პასუხისმგებელ პირს, ასევე ტექნიკურ დათვალიერებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების წესების დარღვევით გატარების ფაქტი.

4. ყველა მზღვეველი, ვინც მიიღებს მონაწილეობას მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაში, ვალდებულია ბიუროში შეიტანოს მთლიანი სადაზღვევო პრემიის 20% თითოეულ დაზღვეულზე. მზღვეველის მიერ ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემის ამოქმედება ბიუროში სადაზღვევო პრემიის შენატანებზე არ ვრცელდება.

5. მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ნაწილში ბიუროს მიმართ ვრცელდება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსების და ინვესტირების წესი.

6. ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. ზიანის ანაზღაურებისათვის მფლობელმა, დაზარალებულმა ან დაზარალებულის წარმომადგენელმა ბიუროში უნდა წარადგინოს ცნობები ზიანის მიყენების დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომლებიც განისაზღვრება ბიუროს დებულებით. ბიუროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება ბიუროს დებულებით.

8. ბიურო უფლებამოსილია გაატაროს პრევენციული ღონისძიებები.

9. ბიურო ახორციელებს საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ ეროვნული ორგანიზაციის უფლება-მოვალეობებს და ასრულებს კოორდინატორის ფუნქციას ამ საქმიანობაში. ბიუროს უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ბიუროს დებულებით.

10. მზღვეველი, საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილეობის მისაღებად, აფორმებს ბიუროსთან შესაბამის ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება მზღვეველსა და ბიუროს შორის უფლება-მოვალეობანი.

11. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილე მზღვეველის სავალდებულო შესატანების ოდენობა განისაზღვრება ბიუროს დებულებით.

12. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის მონაწილე მზღვეველის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.“.

5. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3059_რს