საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 22/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.412
  • Word
3136
05/12/2003
სსმ, 32, 22/12/2003
020.000.000.05.001.001.412
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1553–1556მუხლები:

     „მუხლი 1553. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარით.

2. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათი ლარით.

4. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარით.

5. სიგარეტის ღერების, ერთეული შეფუთვის (კოლოფის) რეალიზაცია, თუ მასში სიგარეტის 20 ღერზე ნაკლებია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ლარით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი ლარით.

    მუხლი 1554.ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების რეალიზაციის წესების დარღვევა

1. ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების რეალიზაციისას „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს პროდუქციის (გარდა მოწევასთან დაკავშირებული აქსესუარებისა) რეკლამა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათი ლარით.

    მუხლი 1555.თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილებისაგან და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის კონსულტაციის მისაღებად საკონტაქტო ტელეფონის განთავსებისაგან თავის არიდება

თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილებისაგან და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის კონსულტაციის მისაღებად საკონტაქტო ტელეფონის განთავსებისაგან თავის არიდება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარით.

    მუხლი 1556. თამბაქოს პროდუქციის დიზაინის დარღვევა

1. „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი თამბაქოს პროდუქციის დიზაინის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასი ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასი ლარით.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1711–1713 მუხლები:

     „მუხლი 1711. თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა

1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, ტრამვაი-ტროლეიბუსში, მატარებელსა და საზღვაო ხომალდში, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილის დახურულ შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტში, სადაც აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია და მოხმარება, თამბაქოს მოწევა საამისოდ გამოყოფილი სპეციალური ადგილის ფარგლებს გარეთ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ლარით.

2. საჰაერო ხომალდში თამბაქოს მოწევა საამისოდ გამოყოფილი სპეციალური ადგილის ფარგლებს გარეთ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი ლარით.

3. სკოლამდელი აღზრდის, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში თამბაქოს მოწევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ლარით.

4. ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მასობრივი თავშეყრის ადგილის დახურული შენობა-ნაგებობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტის მფლობელთა მიერ, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციების დახურული შენობა-ნაგებობების, სკოლამდელი აღზრდის, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულება-ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი ლარით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით.

    მუხლი 1712. თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ თამბაქოს პროდუქციის, თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის ან ლოგოტიპის დემონსტრირება სამედიცინო ან/და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებისას და ჩატარებისას

1. თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ თამბაქოს პროდუქციის, თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის ან ლოგოტიპის დემონსტრირება სამედიცინო ან/და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებისას და ჩატარებისას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასი ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარით.

    მუხლი 1713. თვრამეტ წლამდე ასაკის პირის ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში

1. თვრამეტ წლამდე ასაკის პირის ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში,–

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარით.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421, 422, 425– 429 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე, 441, 442, 443, 45-ე, 46-ე, 461, 47–56-ე, 57–69-ე, 71–86-ე, 88-ე–1002 მუხლებით, 103-ე–1051 მუხლებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1281, 133-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551, 1553–1556, 156-ე, 1571, 1572, 1573, 158-ე, 1581, 159-ე, 1591, 1592, 1593, 1594, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651, 1652, 1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711–1713, 1723, 173-ე, 1731, 1732, 1733, 1734, 1735, 1736, 1737, 1738, 174-ე, 1741, 1742, 1743, 1744, 1747, 175-ე, 176-ე, 1771, 1773–1777, 1778, 1779, 17710, 17711, 178-ე, 1792, 180–183-ე, 185-ე–1871, 1872, 189-ე, 191-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.

4. 209-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილებით, 107–109-ე მუხლებით, 113-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 116–119-ე მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 121–123-ე მუხლებით, 125-ე, 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის მე-3 ნაწილით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 131-ე მუხლით (გარდა საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისა), 132-ე მუხლით, 1533 და 154-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1711 მუხლით.“;

ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1711 მუხლით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის უფლებამოსილ მუშაკებს.“.

5. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 48-ე ნაწილი:

„48. ამ კოდექსის 1553–1556 და 1711–1713 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის უფლებამოსილი მუშაკები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

6. 314-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ კოდექსის 1555 მუხლი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 1556 მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 5 დეკემბერი.

№3136–I