დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110504010, 04/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160080.22.022.016101 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №64/ნ
2011 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010 №126, მუხ.1839) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის„ (დანართი №1):
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული ის პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.„
ბ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საგანმანათლებლო დოკუმენტი ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით, ივარაუდება, რომ ის არის ნამდვილი, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. თუ დადასტურდა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტი არ არის ნამდვილი, მისი ნამდვილობის ვარაუდის საფუძველზე დამდგარი ყველა სამართლებრივი შედეგი ითვლება ბათილად.„
გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი
1. საქართველოში ან უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები (არსებობის შემთხვევაში).
2. იმ პირების განათლების აღიარების მიზნით, რომლებიც ვერ ახერხებენ საქართველოში ან უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დადასტურებას, ცენტრი ატარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას და შედეგებს აცნობებს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც გააგრძელა პირმა სწავლა. თუ ამ წარმოების შედეგად ვერ დადასტურდა პირის მიერ საქართველოში ან უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, პირი უფლებამოსილია საგნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებული პირის ან ცენტრის მიმართვიდან 10 დღის ვადაში, ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, ადგენს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ან ცენტრის მიმართვაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან და შეიმუშავებს დასკვნას საქართველოში ან უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ საქართველოში ან უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიღების მომენტში ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
5. პირი უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით.
6. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი ადგენს სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის სწავლის შედეგებთან, რის შემდეგაც ცენტრი მიმართავს საგანმანათლებლო დაწესებულებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ამ უმაღლესი განათლების დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რასაც თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები.
7. ცენტრის მიმართვის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულება 10 დღის ვადაში ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
8. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
10. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.
11. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
12. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის.
13. აღიარება ფორმდება დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული დასკვნით, რომელშიც მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიღების მომენტში ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
15. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაფორმებულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა, რაც შემდგომში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების ავტომატურად აღიარების საფუძველია. ასეთ შეთხვევაში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება აღიარებულად ითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიუხედავად.„
დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართული საგანმანათლებლო დოკუმენტის დამოწმებულ ასლთან ერთად.„
2. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურების„ (დანართი №2):
ა) პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე„ ქვეპუნქტი:
„ე) საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისას წინასწარი თანხმობის მიღებისათვის - 50 ლარი.„
ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას.„
მუხლი 2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ„ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №1163 ბრძანება (სსმ III, 06.01.2009წ., №1, მუხ. 3).
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები