ბრძანება ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ბრძანება ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 24/09/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 14/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 330010000.11.116.004970
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
57
18/09/2001
სსმ, 100, 24/09/2001
330010000.11.116.004970
ბრძანება ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (24/09/2001 - 08/07/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.000.11.116.004.970

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება 57

2001 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესი“.

2. ამ წესის ამოქმედებასთან ერთად გაუქმდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 26 იანვრის №2 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჩხენკელი

ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. წესის მიზანი

1.  წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვა აუცილებელია საქართველოს ქალაქების, სოფლების და სხვა დასახლებების განაშენიანების ზონებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს.

2.  ეს წესი არეგულირებს საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების განთავსებას სამეზობლო საზღვრის მხარეს.

3. წესის მოთხოვნათა გათვალისწინება სავალდებულოა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

4. განაშენიანების ზონებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას:

ა) მოსაზღვრე ნაკვეთებზე არსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების (შემდგომში _ შენობები) გარე კედლებსა და ამ კედლების ნაწილებს შორის, როგორც წესი, უნდა იყოს თავისუფალი ტერიტორია;

ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად და ნაკვეთების რაციონალური გამოყენების მიზნით, შესაძლებელია საცხოვრებელი სახლების შეწყვილება;

გ) შეწყვილება, მენაშენეთა სურვილით, შეიძლება განხორციელდეს საერთო (შემდგომში – „საზიარო“) კედლით ან სამეზობლო საზღვარზე განთავსებული ორი პარალელური კედლით;

დ) მომიჯნავეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დასაშვებია შენობის მიშენება სამეზობლო საზღვარზე უკვე არსებული შენობის კედელზე.

5. თუ ერთ-ერთ მეზობელს ამ წესის დარღვევით აშენებული აქვს შენობა სამეზობლო საზღვართან, ეს არ შეიძლება იყოს დაბრკოლება მეორე მეზობლის მიერ სამეზობლო საზღვართან შენობის მშენებლობისა.

    მუხლი 2. წესში გამოყენებული ცნებები

1. საზიარო კედელი – ორი ნაკვეთის საზღვარზე აშენებული კედელი, რომლის ნაწილი შეიძლება ამ ნაკვეთებზე განთავსებული შენობის ან შენობების ერთ-ერთ კედელს წარმოადგენდეს. ასევე საზიაროა ნაკვეთების მიჯნაზე არსებული ან ასაშენებელი სხვა, მათ შორის საყრდენი კედელი.

2. სამეზობლო კედელი – სამეზობლო საზღვართან აგებული კედელი, რომელიც მთლიანად განთავსებულია ამშენებლის ნაკვეთზე.

3. სამეზობლო საზღვარი – ორ მეზობელ ნაკვეთს შორის არსებული ან საპროექტო გამყოფი ხაზი.

4. მენაშენე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა საპროექტო-სამშენებლო საქმიანობას ან ამ საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი უფლების მქონე სუბიექტის საშუალებით, ხელშეკრულების საფუძველზე.

თავი II

მშენებლობა სამეზობლო საზღვართან

    მუხლი 3. სამეზობლო საზღვართან შენობათა განლაგების წესები

1. ნებადართულია საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთების საზღვარზე იმ პირობით, რომ კედელი აგებული მის გასწვრივ იქნება ღიობების (კარები, ფანჯარა, ფრამუგა და სხვ.) და ყოველგვარი ხვრეტების გარეშე. ამასთან, შენობის ირგვლივ გათვალისწინებულ უნდა იქნეს სარინელის მოწყობა, ხოლო სახლის სახურავი უნდა მოეწყოს ისე, რომ წვიმის წყალმა არ იდინოს მეზობლის ნაკვეთში. იმ შემთხვევაში როდესაც ხდება საცხოვრებელი სახლების შეწყვილება, მათ შორის სარინელის მოწყობა საჭირო არ არის.

2. ნებადართულია ასევე საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთების საზღვრიდან არანაკლებ 5,0 მეტრისა. ასეთ შემთხვევაში სამეზობლო მიჯნის მხარეს განთავსებულ კედელში შესაძლებელია ფანჯრებისა და სხვა სახის ღიობების მოწყობა. ეს მანძილი მენაშენემ ზოგიერთ შემთხვევაში ორიენტაციისა და რელიეფის გათვალისწინებით უნდა გაადიდოს იმ ვარაუდით, რომ მეზობლის მიერ საზღვარზე (საზღვართან) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში ამ უკანასკნელს არ შეექმნას დაბრკოლება და დაცულ იქნეს საცხოვრებელ სახლებს შორის ერთი ფანჯრიდან მეორეში ჩაუხედაობა.

3. არსებული განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის ზონებში დასაშვებია ამ მანძილის შემცირება დადგენილი ნორმების (სახანძრო, სანიტარიული და სხვა) გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში სამეზობლო საზღვრის მხარეს აგებული კედელი უნდა იყოს ღიობებისა და ყოველგვარი ხვრეტების გარეშე.

4. 1966 წლის 7 თებერვლის №08 გადაწყვეტილების მოთხოვნათა და წინამდებარე წესების დარღვევით მოწყობილი ფანჯრები და სხვა სახის ღიობები, არ შეიძლება ჩაითვალოს დაბრკოლებად მეორე მეზობლის მიერ სამეზობლო საზღვართან განხორციელებული ახალი მშენებლობის დროს.

5. თუ საცხოვრებელი სახლის (ნაგებობის) კედელი ფანჯრებით ან/და სხვა სახის ღიობებით სამეზობლო საზღვარზე (საზღვართან) აშენებულია 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე 1966 წლის 7 თებერვლამდე, ასეთ შემთხვევაში მეზობელ ნაკვეთში საცხოვრებელი სახლის (ნაგებობის) მშენებლობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები.

6. თუ ერთ-ერთ მხარეს, რომელსაც ფანჯრის ღიობები ან ნებისმიერი ხვრეტები მოწყობილი აქვს ამ წესების დარღვევით, არა აქვს უფლება მოითხოვოს მათ მიმართ ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის პირობების განსაზღვრა.

7. გამონაკლის შემთხვევაში, ნაკვეთების საზღვრიდან 5,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ფანჯრის ღიობები, თუ ამაზე იქნება ნოტარიული წესით დამოწმებული მეზობლის თანხმობა. ასეთი წესით გაჭრილი ფანჯრები არ ჩაითვლება წინაღობად ამ უკანასკნელის მიერ საზღვართან შემდგომი მშენებლობის დროს.

8. არსებულ განაშენიანებაში საცხოვრებელი სახლების ღიობების მოწყობის საკითხი, ისევე როგორც ახალი განაშენიანების დროს, რეგულირდება ამ წესის შესაბამისად.

    მუხლი 4. ნორმებთან შესაძლო შეუსაბამობები

1. შენობებს შორის თავისუფალ ტერიტორიებზე დასაშვებია:

ა) ბავშვების სათამაშო მოედნების, ველოსიპედების სადგომების მოწყობა;

ბ) ღია ტერასების მოწყობა მიწის დონიდან 0,5 მეტრის სიმაღლეზე;

გ) პანდუსის მოწყობა ინვალიდებისათვის.

2. შენობებს შორის თავისუფალი ტერიტორიის მხარეს განთავსებულ კედლებზე დასაშვებია:

ა) კედლის დამატებითი მოპირკეთება თბო- და ბგერასაიზოლაციიო მასალებით;

მზის ენერგიის მიმღები ბატარეების დამონტაჟება;

გ) ანტენის ანძის დამონტაჟება.

3. სამეზობლო საზღვართან თავისუფალი ტერიტორიის მხარეს საკუთარი მიწის ნაკვეთზე დასაშვებია დამხმარე ნაგებობების (გარაჟი, ინვენტარის შესანახი სათავს, მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების გადახურული სადგომი, აბანო, საუნა, ფარდული) განთავსება, რომელთა სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს სამეზობლო საზღვარზე არსებული კედლის (ღობის) დასაშვებ მაქსიმალურ სიმაღლეს (2,20 მ).

სამეზობლო საზღვართან განთავსებისას დამხმარე ნაგებობის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 9 მეტრს (ნახ. 1), ხოლო თუ იგი განთავსებულია ორ სამეზობლო საზღვართან, მაშინ საზღვრის მიმდებარე კედლების სიგრძეთა ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს (ნახ. 2).

 

 

4. სამეზობლო საზღვართან დამხმარე ნაგებობის განთავსებისას მანძილი ამ ნაგებობიდან (ნაგებობებიდან) მეზობელ ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სათავსთა უახლოეს ფანჯრამდე უნდა იყოს არანაკლებ 6 მეტრისა, ხოლო სამეზობლო მიჯნიდან არანაკლებ 1 მეტრი. ეს არ ეხება შინაური ცხოველებისა და ფრინველის სამეურნეო სათავსებს, რომელთა მშენებლობის დროს მანძილები საცხოვრებელი სახლის ფანჯრამდე განისაზღვრება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.

5. დასაშვებია სამეზობლო საზღვარზე დამხმარე და სამეურნეო ნაგებობათა შეწყვილება სახლების მფლობელთა ურთიერთშეთანხმებით, სახანძრო და სანიტარიული ნორმების გათვალისწინებით.

6. სამეზობლო საზღვართან დამხმარე და სამეურნეო ნაგებობების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2,20 მეტრს, ხოლო თუ სახურავის დახრის კუთხე შეადგენს არა უმეტეს 450-ს, მაშინ სახურავი შესაძლებელია დახრილი იყოს სამეზობლო საზღვრისაკენ, ასეთ შემთხვევაში საჭიროა მოეწყოს წყლის გადამყვანი ღონისძიებები ისე, რომ სახურავიდან წყალმა არ იდინოს მეზობლის ნაკვეთში (ნახ. 3).

 

7. დამხმარე და სამეურნეო ნაგებობების შეწყვილების შემთხვევაში, საერთო სახურავის კეხის ნიშნული შეიძლება იყოს 3 მეტრზე მეტი და მოეწყოს სამეზობლო საზღვრის გასწვრივ (ნახ. 4).

 

თავი III

საზიარო კედლის მშენებლობა

    მუხლი 5. საზიარო კედელი

1. საზიარო კედლის აშენება დასაშვებია მხოლოდ ამ წესებისა და მეზობლების წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დამოწმებული არსებული წესის შესაბამისად.

2. საზიარო კედელი შეიძლება აშენებულ იქნეს ერთ-ერთი მეზობლის მიერ, მისივე ხარჯებით, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მეორე მეზობელი ვალდებულია ურთიერთშეთანხმებულ ვადებში აუნაზღაუროს საზიარო კედლის მშენებლობის ღირებულება მის ნაკვეთში განთავსებული კედლის წილის შესაბამისად.

    მუხლი 6. საზიარო კედლის განთავსება სამეზობლო საზღვარზე

1. საზიარო კედელი უნდა აშენდეს ისე, რომ მან თავისი მზიდუნარიანობით, სხვადასხვა სიმაღლის ბლოკირებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შემთხვევაში, დადგენილი ნორმებისა და წესების შესაბამისად, დააკმაყოფილოს ორივე მეზობლის მოთხოვნები.

2. საზიარო კედლის აშენებისას მისი სიგანე თანაბრად უნდა გადანაწილდეს მიჯნიდან ორივე მეზობლის მხარეს.                         

3. თუ ერთ-ერთ ნაკვეთზე ასაშენებელი შენობა მოითხოვს კედლის მეტ სიგანეს, ვიდრე კედლის ნახევარია, მაშინ კედლის ასეთი ნაწილი უნდა აშენდეს ამ ნაკვეთის ფარგლებში.

    მუხლი 7. საზიარო კედლის საძირკველი

1. საზიარო კედლის საძირკვლის მშენებლობისას ერთ-ერთმა მეზობელმა შეიძლება მოითხოვოს საზიარო კედლისთვის ისეთი საძირკვლის მოწყობა, რომელიც გამოყენებული იქნება მის მიერ შემდგომში მშენებლობისათვის. ეს უკანასკნელი ვალდებულია აანაზღაუროს საძირკვლის მოწყობის დამატებითი სამუშაოების ღირებულება, რომელიც განისაზღვრება არსებული წესით დამოწმებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მოთხოვნა ჩაითვლება ბათილად, თუ ღირებულება არ იქნება გადახდილი შეთანხმებულ ვადაში.

2. საზიარო კედლის ექსპლუატაციის ხარჯები ნაწილდება ორივე მეზობელზე კედლის მათი წილის შესაბამისად.

    მუხლი 8. საზიარო კედლის სიმაღლეში გაზრდა

1. თითოეულ მეზობელს უფლება აქვს თავისი ხარჯით საზიარო კედლის საკუთარი წილის ფარგლებში, საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, კედელი გაზარდოს სიმაღლეში, თუ ეს არ მიაყენებს ზიანს მეორე მეზობელს და არ მოუსპობს მას შემდგომში თავისი წილი კედლის გაზრდის საშუალებას.

2.  საჭირო სიმაღლეზე გაზრდილი კედელი უნდა მოეწყოს პროექტის შესაბამისად, ატმოსფერული ნალექების გადამყვანი საშუალებების გათვალისწინებით.

    მუხლი 9. საზიარო კედლის ტექნიკური მდგომარეობა და მიმდინარე რემონტი

1. საზიარო კედლის მომსახურების ხარჯები ნაწილდება ორივე მეზობელზე იმის გათვალისწინებით, თუ როგორი პროპორციით იყენებს თითოეული მეზობელი საზიარო კედელს.

2. თუ ორი შენობიდან ერთ-ერთი დაინგრა ან მეპატრონის მიერ იქნა დანგრეული და მის ადგილზე არ იქნა აშენებული ნაგებობა, მაშინ დანგრეული შენობის მესაკუთრე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღადგინოს ნგრევით გამოწვეული საერთო კედლის დაზიანებული ნაწილი.

    მუხლი 10. საზიარო კედლის დანგრევა

1.  შენობის რეკონსტრუქციის დროს მეზობლების ურთიერთშეთანხმებით, მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებისა და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაძლებელია საზიარო კედლის დანგრევა.

2. თუ მეზობელი თვითნებურად ანგრევს საზიარო კედელს ან კედლის ნაწილს, რითაც მეორე მეზობელს მთლიანად ან ნაწილობრივ უზღუდავს მიშენების საშუალებას, ამ უკანასკნელს უფლება აქვს მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.

    მუხლი 11. საზიარო კედლის გამაგრება

ნაკვეთის თითოეულ მესაკუთრეს უფლება აქვს თავის მხარეს გაამაგროს საზიარო კედელი. განაცხადი საზიარო კედლის გამაგრების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის სამსახურში, ხოლო სამუშაოების დაწყება ნებართვის მიღების შემდეგ.

თავი IV

სამეზობლო კედლის მშენებლობა

    მუხლი 12. სამეზობლო კედელი

1. სამეზობლო კედლის მშენებლობისას მეორე მეზობელს ეცნობება მშენებლობის სახეობა, გაბარიტები და ნაკვეთზე მისი განთავსება. ამასთან, გასათვალისწინებელია მუხლი 4-ის მოთხოვნები.

2. სამეზობლო კედლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მმართველობის ადგილობრივ ორგანოში განაცხადის შეტანიდან ერთი თვის განმავლობაში მეორე მეზობელს შეუძლია მოითხოვოს სამეზობლო კედლის ისეთი განთავსება, რომელიც შემდგომში მას გამოადგება კედელზე შესაძლო მიშენებისას. სამეზობლო კედლის აშენების ნებართვა გაიცემა ამ ვადის გასვლის შემდეგ, დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ორი კვირის ვადაში ამშენებელს მეზობლის მოთხოვნით გამოწვეული ზედმეტი ხარჯები უნდა აუნაზღაურდეს ამავე მეზობლის მიერ. თუ დათქმულ ვადაში თანხა არ იქნა გადახდილი, მეზობლის მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის 1, 2, 3 პუნქტების მოთხოვნების შესრულება არ არის სავალდებულო, თუ საზღვართან გათვალისწინებულია გარაჟების ან სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, მოქმედი ნორმებისა და ამ წესის შესაბამისად.

    მუხლი 13. მიშენება სამეზობლო კედელზე

1. მეზობელს შეუძლია მეორე მეზობლის მიერ საზღვარზე აშენებულ სამეზობლო კედელზე ნაგებობის მიშენება, თუ ამაზე იქნება დადგენილი წესით დამოწმებული მეზობლის თანხმობა. ასეთ შემთხვევაში კედელი ჩაითვლება საზიარო კედლად.

2. არსებულ სამეზობლო კედელზე მიშენების შესახებ მოლაპარაკება მხარეებს შორის ხდება მიშენების სამუშაოების დაწყებამდე 3 თვით ადრე.

3. მიშენების საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება მოლაპარაკების პერიოდში. მშენებლობის პროცესში მსგავსი განცხადება არ მიიღება.

4. მიმშენებელმა მეზობელს უნდა აუნაზღაუროს სამეზობლო კედლის მშენებლობის ხარჯის წილი, თუ მას მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ მიუღია მონაწილეობა სამეზობლო კედლის მშენებლობაში.

5. სამეზობლო კედლის ტექნიკური მომსახურების წესი განხილულია მე-9 მუხლში, თუ სამეზობლო კედელი გამოყენებულია ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 14.   ხარჯის ანაზღაურება

1.  სამეზობლო კედელზე მეორე მეზობლის მიერ შენობის მიშენების შემთხვევაში ამ უკანასკნელმა სამეზობლო კედლის მშენებლობის საფასურის ნახევარი უნდა აუნაზღაუროს მეზობელს, მის მიერ გამოსაყენებელი კედლის წილის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შენობის სახურავი უნდა მოეწყოს ისე, რომ ატმოსფერულმა ნალექებმა არ დააზიანოს საზიარო კედელი.

2. ასანაზღაურებელი ღირებულების ანგარიშისას გასათვალისწინებელია მეზობლის არსებული კედლის მდგომარეობა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის ვადა. მიშენების სამუშაოების დაწყება შესაძლებელია საკომპენსაციო თანხის მთლიანი გადახდის შემდეგ.

    მუხლი 15. ორი სამეზობლო კედლის შეერთება

1. როცა სამეზობლო კედელი უკვე არსებული სამეზობლო კედლის პარალელურად შენდება და მათ შორის მანძილი არ იძლევა კედლების მომსახურების საშუალებას, მაშინ სივრცე ორ კედელს შორის უნდა შეივსოს შესაბამისი მასალით, რომლის ხარჯს გაიღებს ამშენებელი მეზობელი.

2. თუ ორი სამეზობლო კედელი ერთდროულად შენდება, შეერთების ხარჯები თანაბრად ნაწილდება ორივე მეზობელზე.

    მუხლი 16. სამეზობლო კედლის გამაგრება

1. ორი სამეზობლო კედლის შეერთების დროს, თუ ერთ-ერთ მეზობელს თავისი შენობისათვის სჭირდება საძირკვლის მეტი ჩაღრმავება, ვიდრე არსებული კედლის საძირკველია, მაშინ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე მას უფლება აქვს თავისი კედლის საძირკველი ჩააღრმავოს საჭირო ნიშნულამდე, ისე რომ ამით ზიანი არ მიაყენოს უკვე არსებულ კედელს.

2. საძირკვლის ჩაღრმავებისას თუ დაზიანდა არსებული შენობის კედელი ან საძირკველი და ეს გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობით, მაშინ დაზიანებული საძირკვლის კედლის აღდგენა-გამაგრება ეკისრება ამშენებელ მეზობელს.

თავი V

ღობე და საინჟინრო კომუნიკაციები

    მუხლი 17. ღობე

1. სამეზობლო საზღვარი (კედელი, ღობე) უნდა მოეწყოს სიმაღლით არა უმეტეს 2,20 მეტრისა.

2. თუ ორი მომიჯნავე ნაკვეთის ნიშნულები სხვადასხვაა, მაშინ ღობის სიმაღლე უნდა აითვალოს ნაკვეთის მაღალი ნიშნულებიდან. ასეთ შემთხვევაში სტაციონალურ ღობეებზე მოწყობილი მავთულბადის ან სხვა გამჭოლი სახის შემოღობვა სიმაღლის ანგარიშში არ ითვლება.

    მუხლი 18. მეზობლის ნაკვეთის გამოყენება საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობისას

1. მეზობელმა უნდა დაუშვას, რომ მის ნაკვეთზე შეიძლება გადიოდეს მეზობლის წყლისა და კანალიზაციის გაყვანილობა, თუ:

ა) მათ გასაყვანად სხვა საშუალება არ არსებობს;

ბ) ეს გათვალისწინებულია დადგენილი წესით განხილული და შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით;

გ) ტექნიკურად რთული სამუშაოა ჩასატარებელი, მაშინ უნდა შეირჩეს სამუშაოს შესრულების ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ყველაზე ნაკლებად იქნება საზიანო მეზობლისათვის.

    მუხლი 19. მეზობლის ნაკვეთის გამოყენება ატმოსფერული ნალექების გადასაყვანად

1. მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების ვერტიკალური დაგეგმარება უნდა მოეწყოს ისე, რომ ერთი მეზობლის ნაკვეთიდან წყალმა (ატმოსფერული, სარწყავი და სხვა) არ იდინოს მეორე მეზობლის ნაკვეთში. აღნიშნული არ ეხება რეგულირებად წყლებს (რუ, არხი, ღელე, მდინარე და სხვა).

2. რთული რელიეფის შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელება, მეზობელმა უნდა გაატაროს თავის ნაკვეთზე მეზობლის ნაკვეთიდან ჩამონადენი ატმოსფერული ნალექები.

3. მუხლ 18, 19-ში განხილული შემთხვევების დროს მეზობლებს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონებით.