დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცებს შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110518007, 18/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110070000.10.003.016371 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №211
2011 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წ., №103, მუხ. 1546) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ბიუროს ემბლემა გამოიყენება ბიუროს ბლანკებსა და ბიუროს შესასვლელის აბრაზე, ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტების, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) შენობების შესასვლელების აბრებზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს შრომის კოდექსის და ამ დებულების შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს თანამშრომლებს, აფორმებს თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს;“;
ბ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ამტკიცებს ბიუროს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ოდენობას და სახელფასო ფონდს;
მ) ამტკიცებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების დებულებებს და განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიებს;“;
გ) „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ამტკიცებს ბიუროს შრომის შინაგანაწესს, განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს;
ჟ) ამტკიცებს ბიუროში სტაჟირების გავლის წესს;
რ) ამტკიცებს ბიუროში კონკურსის ჩატარების წესს;“.
3. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-7 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი (დეპარტამენტი).“.
5. 81 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სტრუქტურული დანაყოფი/ტერიტორიული ორგანო შეიძლება დაიყოს სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს დებულებით.“.
7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება;
გ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) საქართველოს და საერთაშორისო სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) სამეცნიერო კვლევების განვითარება არსებული შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული უსაფრთხოების რესურსების შეფასების, მათი გაძლიერებისა და მოდიფიკაციის მიმართულებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების ჩატარება სამშენებლო კონსტრუქციების დეფექტების, შენობა-ნაგებობების რეალური სეისმომედეგობის, მათი ნარჩენი რესურსების, სეისმომედეგობის დეფიციტის დასადგენად;
ზ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზების ჩატარება;
თ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა დეტალური გამოკვლევებით. ისეთი ფაქტორების პროგნოზირება, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ საიმედოობას სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საშიში სიტუაციებისას;
ი) ახალი ტიპის სეისმომედეგი შენობა-ნაგებობებისა და სამშენებლო კონსტრუქციების სამეცნიერო გამოკვლევა;
კ) საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების არსებული კონსტრუქციული სისტემების სამეცნიერო გამოკვლევა;
ლ) სეისმომედეგობის დეფიციტის გამოვლენა და შენობების გაძლიერება-გამაგრების რადიკალურ ღონისძიებებთან დაკავშირებული, სამეცნიერო გამოკვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა;
მ) შენობების გამაგრება-გაძლიერების პროექტების შედგენა;
ნ) კომპოზიციური მასალების ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების დადგენა;
ო) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების სეისმური რისკის დადგენა და სეისმური უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა;
პ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ლოკალური საინჟინრო-გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სამშენებლო მოედნების სეისმურობის შეფასება და სეისმური რისკის შემცირების ღონისძიებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა;
ჟ) ნაშენზე მოქმედი სეისმური დატვირთვისა და ნარჩენი დეფორმაციების განსაზღვრა და რეკომენდაციების გაცემა;
რ) გეოტექნიკური საექსპერტო კვლევების ჩატარება მშენებლობებისა და სამშენებლო მოედნების სეისმურობის შესაფასებლად;
ს) საინჟინრო კვლევების განხორციელება არსებული შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული უსაფრთხოების რესურსების შესაფასებლად (კომპიუტერული მოდელირება), მათი გაძლიერების და მოდიფიკაციისათვის რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა;
ტ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება სამშენებლო ნორმებისა და ნორმატივების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე;
უ) საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
ფ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა.“.
8. 211 მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22
1. ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფსა და ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
2. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ დანაყოფში/ტერიტორიულ ორგანოში მომზადებულ დოკუმენტებს (გარდა სტრუქტურულ დანაყოფში გასაგზავნად მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიმართვისა (მიმოწერის ბლანკისა);
დ) ანგარიშვალდებულია ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ ტერიტორიული ორგანოს მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფს/ტერიტორიულ ორგანოს თავისი მოვალეობის შესრულებისას;
ვ) მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში;
ზ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ამოცანათა შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს დებულებით, ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.“.
10. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები