საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4630-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110519013, 19/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.016312
  • Word
4630-Iს
05/05/2011
ვებგვერდი, 110519013, 19/05/2011
090000000.05.001.016312
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისდა დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ის, ვისაც სასჯელის  სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან თავისუფლების შეზღუდვა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.“.

 2. 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

3. 194-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.“.

4. 214-ე მუხლის შენიშვნა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ მუხლში, გარდა ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთი ათას ლარს.

2. სამალავით ან საქართველოს ეკონომიკური საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით  შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2201 მუხლი:

     „მუხლი 2201. გულგრილობა

1. გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

6. 221-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირისათვის, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა მის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“;

ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მას გამოსძალეს ქონება, ან თუ მან  ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამის შესახებ.“.

7. 323-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

8. 370-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი        . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი.

№4630-Iს