დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 16/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.001.454 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.86) 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 75. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხების აკუმულირება და საბაჟო გადასახდელების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება
1. საბაჟო გადასახდელების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების არა უმეტეს 3 პროცენტისა, ირიცხება საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე. ამ ქვეანგარიშზე თანხებს ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების პროპორციულად რიცხავს სახელმწიფო ხაზინა.
2. ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
3. გადასახადების გადახდაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით საბაჟო გადასახდელების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა გადასახდელის გადამხდელის მიერ საბაჟო ორგანოებისათვის ზედმეტად გადახდილი გადასახდელების უკან დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის დღიდან.
4. ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხა გადამხდელს უბრუნდება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ან კალენდარული წლის განმავლობაში გადასახდელების სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში ჩაეთვლება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე საბაჟო გადასახდელების გადახდის ანგარიშში.
5. საბაჟო გადასახდელების უკან დაბრუნებისას მათზე დაირიცხება პროცენტი საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
6. ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ჩათვლა (გადატანა) სხვა გადამხდელების საბაჟო გადასახდელების ვალდებულებათა დაფარვის ანგარიშში დაუშვებელია.
7. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 5 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი.
№3369-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები