„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 16/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040.110.020.05.001.001.469
  • Word
3422
25/02/2004
სსმ, 7, 16/03/2004
040.110.020.05.001.001.469
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

    მუხლი 1

 „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003,        მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;

დ) მონიტორინგი – ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;“;

ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;

ი) ოფშორული ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ან/და სადაც მოთხოვნები გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციის მიმართ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;“;

3. მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო – საფოსტო ორგანიზაციებისათვის.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები

1. ამ კანონის მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ანდა გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

     ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);

ბ) გარიგება საეჭვოა ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. კომერციული ბანკების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში და თავისი შინაარსით იგი წარმოადგენს შემდეგ გარიგებას (ოპერაციას):

ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით, აგრეთვე ერთი ნომინალის ბანკნოტის სხვა ნომინალის ბანკნოტზე გადაცვლა;

ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით;

გ) არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში ან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში საბანკო ანგარიშის მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;

დ) არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში ან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ სესხის გაცემა ან მიღება, ან ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია);

ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა;

ვ) საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;

ზ) ფიზიკური პირის მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და შემდგომ გადარიცხვა;

თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;

ი) სესხის გაცემა უზრუნველყოფის გარეშე;

კ) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა;

ლ) გრანტის ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა.

3. საბაჟო ორგანოების მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.

4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგებების გარდა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განსაზღვრულ შემთხვევებში, მის მიერ დადგენილი წესით.

6. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. თუ ვერ ხერხდება მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაცია, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უარს ეუბნება მას გარიგების შესრულებაზე (კლიენტის მომსახურებაზე). მონიტორინგის განმახორციელებელი პირი გარიგების შესრულებას აჩერებს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, და დაუყოვნებლივ უგზავნის ანგარიშგების შესაბამის ფორმას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მათი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული ყველა პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია.“.

6. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21პუნქტი:

„21. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს არა აქვს უფლება, გაუწიოს მომსახურება კლიენტს ან დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ კანონის, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოსა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

7. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ დადგინდეს სულ ცოტა: ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე მისი მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი), ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, საქმიანობის საგანი, იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, საიდენტიფიკაციო კოდი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

6. რეზიდენტი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია: ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სასამართლოს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს) დადგენილება (სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი) მისი რეგისტრაციის შესახებ ან/და ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან.“.

8. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით შექმნან მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).“.

9. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ შიდა ინსტრუქციები (შიდა კონტროლის წესები) და მიიღონ შესაბამისი ზომები მათი შესრულების მიზნით. აღნიშნული ინსტრუქციებით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალებისა და წარმომადგენლობების) შიგნით კლიენტებისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირების იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნის წესები და პროცედურები ამ კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენასა და ინფორმაციის გადაგზავნაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა უპასუხებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მიუთითოს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირების, ნოტარიუსებისა და საფოსტო ორგანიზაციებისათვის ამ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით.“.

10. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით

1. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ სახეზეა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს წერილობითი ცნობა ამ კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ გარიგება საეჭვოა, ცნობაში აგრეთვე უნდა მიეთითოს მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ასევე უნდა ეცნობოს ყველა ის ფაქტი (გარემოება), რომელიც, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის აზრით, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წერილობითი ცნობის მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგებაზე ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებასა და გაგზავნას. ანგარიშგება გაგზავნილი უნდა იქნეს გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან ანდა გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, იგი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება მის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად.

3. ანგარიშგება წარდგენილი უნდა იქნეს აგრეთვე ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა (ხელმოწერილი ეგზემპლარი) შეინახოს არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

4. თუ ანგარიშგების წერილობით წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება ობიექტური მიზეზებით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ანგარიშგება მოახდინოს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით), მაგრამ ასეთი შეტყობინების დრო და მიმღები პირი აღნიშნოს შემდეგ წარდგენილ წერილობით ცნობაში.

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს არ მიეწოდება ცნობა (ანგარიშგების ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმები), მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.“.

11. მე-10 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის:

ა.ა) პირველი წინადადება და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს:

ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მათ ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიიღოს (გამოსცეს) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის, პირის იდენტიფიკაციის წესისა და პირობების შესახებ;“;

ა.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მიმართოს სასამართლოს ქონების (საბანკო ანგარიშის) დაყადაღების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამის სამსახურს).“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და მის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამის სამსახურს;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება (მოპოვება).“.

12. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საზედამხედველო ორგანომ აღმოაჩინა, რომ გარიგება ექვემდებარებოდა მონიტორინგს და ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო გადაგზავნილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, ან რომ დარღვეული იყო ამ კანონის, შესაბამისი ნორმატიული აქტების ან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და დამრღვევ პირს დააკისროს შესაბამისი სანქცია.“.

13. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებსა და საზედამხედველო ორგანოებს არა აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირებს ან სხვა პირებს, რომ გარიგების შესახებ ინფორმაცია გადაეცა შესაბამის ორგანოს, მათი ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები (შეთანხმებები), რომლებითაც მოწესრიგდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხები. აღნიშნული ხელშეკრულებები (შეთანხმებები) უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას და მის გამოყენებას მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნით.

3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის თხოვნებს საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე და უპასუხებს მათ ანალოგიურ თხოვნებს.“.

15. მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ხოლო მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება.

5. საზედამხედველო ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა).“.

    მუხლი 2

ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები მიღებულ (გამოცემულ) იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

    მუხლი 3

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა, საბროკერო კომპანიებმა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობმა პირებმა (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემმა პირებმა და ნოტარიუსებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ გამართული ელექტრონული ფოსტისა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, ხოლო 2 წლის ვადაში – დანაწევრებული გარიგების გამოვლენისათვის პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედება.

    მუხლი 4

საზედამხედველო ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ:

ა) ინსტრუქციების გამოცემა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის;

ბ) ორგანიზაციული სამუშაოების დასრულება (ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) ჩათვლით) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების მიზნით.

    მუხლი 5

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მოამზადოს შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებითაც მოწესრიგდება ფიზიკური პირების მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას ნაღდი ფულის ოდენობის დეკლარირების პრინციპები და პროცედურები.

    მუხლი 6

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 თებერვალი.

№3422-რს