„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5908
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 26/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.148
  • Word
5908
14/03/2008
სსმ, 7, 26/03/2008
220.010.000.04.001.003.148
„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „(საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995წ., №№27–30, მუხ. 642) I–XI თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი

1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად განახორციელოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

2. ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს საკუთრებაა.

3. ეროვნულ ბანკს აფუძნებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

4. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

    მუხლი 11. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კომერციული ბანკი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

ბ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი საშუალო წლიური ინფლაცია მოცემული პერიოდის ბოლოს;

გ) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტის მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის;

დ) სახელმწიფო სესხი – საქართველოს მთავრობის მიერ აღებული სესხებისა და გაცემული გარანტიების ჯამი;

ე) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება;

ვ) ყალბი ფულის ნიშნები – ფულის ნიშნები, რომელთა ემისია არ განუხორციელებია ეროვნულ ბანკს;

ზ) ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები – ფულის ნიშნების გადაკეთებით ან შეცვლით მიღებული ახალი ფულის ნიშნები;

თ) ემისია – ფულის ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება;

ი) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობის და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

კ) კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;

ლ) სპოტური ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში;

მ) ფორვარდული ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;

ნ) სვოპი – გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით;

ო) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

პ) ადმინისტრაციული ხარჯები – საქართველოს ეროვნული ბანკის შემთხვევაში მოიცავს ყველა ხარჯს, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან, ხოლო საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შემთხვევაში – გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ფინანსური სექტორის ზედამხედველობასთან და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების აღკვეთის ხელშეწყობასთან;

ჟ) საქართველოს ფინანსური სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი სტატისტიკა;

რ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

ს) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი;

ტ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – ამ ორგანული კანონის მიზნებისათვის იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;

უ) დროებითი ბანკი – განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი;

ფ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

ქ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

ღ) სამახსოვრო მონეტები და ბანკნოტები – საიუბილეო, სამახსოვრო, საინვესტიციო და სხვა სპეციალური მონეტები და ბანკნოტები;

ყ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

შ) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში;

ჩ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხორციელდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზება;

ც) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკა;

ძ) სამომხმარებლო ფასების ინდექსი – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსი;

წ) საშუალო წლიური ინფლაცია – ბოლო 12 თვის სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალოს პროცენტული ცვლილება, წინა 12 თვის სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალოსთან;

ჭ) პროფიციტული ბიუჯეტი – განისაზღვრება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ხ) სარეზერვო ფული – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში სახსრების ნაშთის გარეშე), საქართველოს კომერციული ბანკის მიერ (ლიცენზიაგამოთხოვილი ბანკის სახსრების ჩათვლით) ეროვნულ ბანკში არსებულ ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული სახსრები.

    მუხლი 2. ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციები

1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

2. ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.

3. ეროვნული ბანკის ფუნქციებია:

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად;

ბ) ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები;

გ) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი; „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უზრუნველყოს გენერალური აგენტისა და სტაბილური განვითარების ფონდის მმართველის ფუნქციები და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. მომავალი თაობების ფონდის მმართველის შერჩევა ხორციელდება ამ ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით; შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმათა ორი მესამედი;

დ) უზრუნველყოს საგადახდო სისტემების ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება;

ე) განახორციელოს საქართველოს ფულის ნიშნების ემისია;

ვ) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის ფინანსური და საგარეო სექტორის სტატისტიკა;

ზ) მასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) მეშვეობით, ამ ორგანული კანონის შესაბამისად განახორციელოს ფინანსური სექტორის ზედამხედველობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა;

თ) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

    მუხლი 3. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა

1. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ ჩაერიონ მის საქმიანობაში ან განახორციელონ მონიტორინგი, გარდა ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ეროვნული ბანკი ეკონომიკურად დამოუკიდებელია და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით. ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს საქართველოს მთავრობის ვალდებულებებზე. საქართველოს მთავრობა პასუხს არ აგებს ეროვნული ბანკის ვალდებულებებზე, გარდა ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ეროვნული ბანკი, მისი აქტივები, ქონება და შემოსავალი, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისაგან, გადასახდელისა და მოსაკრებლისაგან (მათ შორის, სახელმწიფო ბაჟისაგან).

    მუხლი 4. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პრინციპები

1. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა სამომხმარებლო ფასების საერთო დონის საშუალო წლიური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში.

2. ეროვნული ბანკი ავტონომიურად (დამოუკიდებლად) ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს.

3. ეს ორგანული კანონი განსაზღვრავს ინფლაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს.

4. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხისმგებელია ინფლაციის მაჩვენებელზე.

    მუხლი 5. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. ეროვნული ბანკი, სააგენტო და სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო თათბირზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში.

2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის თვითონ ეროვნული ბანკი ან საქართველო.

3. როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს აიღოს ვალდებულებანი და აწარმოოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ოპერაციები.

თავი II

ეროვნული ბანკის ორგანიზება და მმართველობა

    მუხლი 6. ეროვნული ბანკის ორგანიზება

1. ეროვნული ბანკი შედგება საკუთრივ ეროვნული ბანკისა და მასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან – სააგენტოსაგან და სამსახურისაგან.

2. ეს ორგანული კანონი განსაზღვრავს სააგენტოსა და სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების წესებს.

3. ეროვნული ბანკი ამ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრავს მასთან არსებული სხვა ორგანიზაციების ჩამოყალიბების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესებს.

    მუხლი 7. ეროვნული ბანკის მმართველობა

1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს 5-ზე მეტი ამ ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 3 ან 3-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

6. დასაშვებია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელახლა არჩევა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით (7 წლით).

7. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან განთავისუფლდება:

ა) თუ იგი აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;

ბ) თუ მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;

გ) ამ ორგანული კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად;

დ) თუ იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის გამო;

ე) თუ იგი გარდაიცვალა.

9. ამავე წესით ხდება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან განთავისუფლება.

10. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განთავისუფლდა პრეზიდენტის თანამდებობიდან (ან თუ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა), მაგრამ რჩება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად და, ამ ორგანული კანონის თანახმად, საბჭოს არც ერთი სხვა წევრი არ შეიძლება დაინიშნოს ან ვერ დაინიშნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტად (ეროვნული ბანკის საბჭო ვერ ირჩევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას, ან თუ საქართველოს პრეზიდენტი არ ამტკიცებს არც ერთ წარდგენილ კანდიდატურას), მაშინ საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი ირჩევს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრს.

11. ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანსიის შევსება არ ხდება, თუ საბჭოში 5 ან 5-ზე მეტი წევრია, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 9-ს.

13. ეროვნული ბანკის საბჭოს (საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს) წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გარდა, არ არიან საჯარო მოსამსახურეები.

14. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

    მუხლი 8. ეროვნული ბანკის საბჭო

ეროვნული ბანკის საბჭო უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას.

    მუხლი 9. ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებები

ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია:

ა) განიხილოს და დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვისა და განკარგვის ძირითადი პრინციპები, გარდა საქართველოს მთავრობის იმ მიზნობრივი ფონდებისა, რომლებზედაც საქართველოს მთავრობას აქვს დადგენილი ძირითადი პრინციპები;

ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი;

გ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები;

დ) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები;

ე) განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური საქმიანობის ანგარიში და საფინანსო ანგარიშგებანი;

ვ) გამოსცეს ნორმატიული ხასიათის სამართლებრივი აქტი – დადგენილება და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – განკარგულება;

ზ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულების დებულებები;

თ) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები;

ი) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის შესყიდვების წესი.

    მუხლი 10. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები.

2. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ფუნქციაა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

3. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა;

ბ) განსაზღვროს ღია ბაზრის და სხვა ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესები;

გ) დაადგინოს საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად-საკრედიტო ოპერაციებზე, გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა;

დ) განსაზღვროს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმები;

ე) განახორციელოს მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები.

4. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრთა გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არ უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობაზე.

5. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხოლო პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 11. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების განსაზღვრა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები და მას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 111. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადადგომა

ეროვნული ბანკის საბჭოს ნებისმიერი წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სავარაუდო გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

    მუხლი 12. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნისას – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. სხდომის მოწვევა შეიძლება აგრეთვე ნებისმიერ დროს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს თვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

4. გარდა ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის მონაწილე წევრს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან მისი არყოფნის შემთხვევაში – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხმა.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის ჩატარების წესებსა და პროცედურებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

6. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც.

7. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც.

8. ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ.

    მუხლი 13. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისა, იმავდროულად არ შეიძლება იყოს: საჯარო მოსამსახურე, საქართველოს კომერციული ან არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი იმავდროულად არიან ეროვნული ბანკის საჯარო მოსამსახურეები და არ შეიძლება განახორციელონ სხვა საქმიანობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ან მათთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.

    მუხლი 14. შემდგომი სამსახური

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისგან განთავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ არსებული თანამდებობრივი სარგოები და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალებათ საქართველოს სხვა საბანკო ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში მუშაობა.

    მუხლი 15. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი:

ა) ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე მხარეებთან;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის;

ე) უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე;

ვ) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას;

ზ) არის სააგენტოს საბჭოს წევრი;

თ) გამოსცემს ბრძანებასა და განკარგულებას;

ი) ასრულებს ამ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში – პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება არ შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე.

    მუხლი 16. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური

1. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ვადითაც.

2. შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან, რის შესახებაც არა უგვიანეს ერთი თვისა უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

3. შიდააუდიტორული სამსახურის ფუნქციებია:

ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი;

ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსათვის მოხსენების წარდგენის მიზნით შეადგინოს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ;

გ) ჩაატაროს აუდიტორული შემოწმება ეროვნული ბანკის პერიოდულ საფინანსო ანგარიშგებებსა და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე.

    მუხლი 17. პერსონალის შრომის ანაზღაურება

1. ეროვნული ბანკის, სააგენტოსა და სამსახურის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ეროვნული ბანკის მიერ ასანაზღაურებელი თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და სხვა გასაცემლების ოდენობა არ უნდა უკავშირდებოდეს ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავალს.

3. ეროვნული ბანკის მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებს ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში უფლება აქვთ აიღონ სესხი ეროვნული ბანკიდან, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირობებით.

    მუხლი 18. პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის, სააგენტოსა და სამსახურის არც ერთ მოქმედ ან ყოფილ საბჭოს წევრს, თანამშრომელს ან აუდიტორს არა აქვს არაუფლებამოსილი პირის კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაშვების უფლება, უფლება – გათქვას ან გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს კონფიდენციალური ფაქტობრივი მონაცემები შეუძლიათ გააცნონ მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატას.

2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშებისა და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ, შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წერილობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

3. ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული გონივრული ვადით გამოცხადდეს კონფიდენციალურად. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადასა და გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

4. სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს და სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს, რომლებიც ამ ორგანული კანონის საფუძველზე ახორციელებენ საბანკო ზედამხედველობას, სააგენტოში მუშაობის პერიოდში უფლება არა აქვთ აიღონ სესხი სხვა ბანკიდან, გარდა ეროვნული ბანკისა.

5. ეროვნული ბანკის, სააგენტოს და სამსახურის მოხელეები და დამხმარე მოსამსახურეები მუშაობის პერიოდში შეთავსებით არ უნდა ახორციელებდნენ სხვა ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ აღნიშნული არ შეეხება ადმინისტრაციულ საქმიანობას, და გარდა ამ ორგანული კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

6. სააგენტოს საბჭოს წევრს და სააგენტოს მოხელეს უფლება არა აქვთ იყვნენ სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის თანამშრომელი, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. თუ სააგენტოს საბჭოს წევრის ან სააგენტოს მოხელის ახლო ნათესავი არის სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, ამის შესახებ მათ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინონ სააგენტოს საბჭოს. მათ ასევე უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. სააგენტოს თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა, რომლის წილის მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ახლო ნათესავია.

7. სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან თავისი ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, რომლებთანაც მას აკავშირებს ახლონათესაური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა.

თავი III

საფინანსო დებულებები

    მუხლი 19. ეროვნული ბანკის კაპიტალი

1. ეროვნული ბანკის კაპიტალი შედგება საწესდებო კაპიტალისა და საერთო სარეზერვო ფონდისაგან.

2. ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალია 15,000,000 ლარი.

3. ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდის წყაროა წმინდა მოგება.

    მუხლი 20. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი

1. საერთო სარეზერვო ფონდი იქმნება წლის წმინდა მოგებიდან, ამ ორგანული კანონის 23-ე მუხლში მოცემული განაწილების შესაბამისად.

2. საერთო სარეზერვო ფონდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წმინდა ზარალის დასაფარავად.

    მუხლი 21. ეროვნული ბანკის სპეციალური რეზერვები

1. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკის წმინდა მოგებიდან შეიძლება შეიქმნას:

ა) ეროვნული ვალუტის კურსის სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ კურსის ცვლილების გამო მოსალოდნელი ზარალის დასაფარავი რეზერვი;

ბ) აქტივების ფასის ცვლილებით გამოწვეული ზარალის დასაფარავი რეზერვი;

გ) სხვა სპეციალური რეზერვები.

2. სპეციალური რეზერვები გამოიყენება შესაბამისი ზარალის დასაფარავად.

    მუხლი 22. ეროვნული ბანკის წმინდა მოგების გამოანგარიშება

ყოველი საფინანსო წლისათვის ეროვნული ბანკის წმინდა მოგება გამოიანგარიშება საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების მიხედვით, როგორც წმინდა საოპერაციო მოგების ან ზარალის და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგების ან ზარალის ჯამი. წმინდა საოპერაციო მოგება ან ზარალი მიიღება საანგარიშგებო წლის შემოსავლის თანხიდან ძირითადი საქმიანობის წარმართვისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების გამოქვითვით.

    მუხლი 23. ეროვნული ბანკის წმინდა მოგების განაწილება

თუ ეროვნულ ბანკს საფინანსო წლის დასრულების შემდეგ აქვს წმინდა მოგება, იგი უნდა განაწილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) თუ წმინდა მოგება შედგება წმინდა საოპერაციო მოგებისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგებისაგან, გადაფასებით გამოწვეული არარეალიზებული მოგება მიემართება გადაფასების შესაბამის სპეციალურ რეზერვში. თუ წმინდა მოგებაში ჩართულია გადაფასების არარეალიზებული ზარალი, იგი კომპენსირდება გადაფასების რეზერვის ანგარიშიდან. თუ წმინდა მოგება შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგებისაგან, წმინდა მოგება მიემართება გადაფასების შესაბამის სპეციალურ რეზერვში;

ბ) წმინდა მოგების დარჩენილი თანხით უნდა განხორციელდეს ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდის შევსება, ვიდრე მისი მოცულობა არ გაუთანაბრდება შესაბამისი საფინანსო წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტს;

გ) საფინანსო წლის დარჩენილი წმინდა მოგება უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დასრულებიდან 4 თვის ვადაში.

    მუხლი 24. ეროვნული ბანკის წმინდა ზარალის განაწილება

1. თუ ეროვნული ბანკი ნებისმიერ საფინანსო წელს გასწევს წმინდა ზარალს, იგი უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:

ა) თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა ზარალისაგან, წმინდა საოპერაციო ზარალის თანხა დაერიცხება საერთო სარეზერვო ფონდს და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული ზარალის თანხა განაწილდება გადაფასების რეზერვის ანგარიშებზე. თუ ამ სახის განაწილების შედეგად გადაფასების რეზერვის ანგარიშები უარყოფითი გახდება, უარყოფითი ნაშთი გადანაწილდება საერთო სარეზერვო ფონდში;

ბ) თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო მოგებისა და უფრო დიდი წმინდა არარეალიზებული გადაფასების ზარალის ჯამისაგან, გადაფასების ზარალი კომპენსირდება გადაფასების რეზერვის ანგარიშებიდან. დარჩენილი ზარალი გადანაწილდება საერთო სარეზერვო ფონდში;

გ) თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების წმინდა არარეალიზებული მოგებისაგან, ზარალი დაერიცხება საერთო სარეზერვო ფონდს;

დ) თუ აღნიშნული განაწილების შემდეგ ეროვნული ბანკის კაპიტალი საწესდებო კაპიტალზე ნაკლები გახდება, არსებული დეფიციტის დასაფარავად (ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის შესავსებად) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკს საკუთრებაში გადასცემს მიმოქცევად (საბაზრო) სახელმწიფო სავალო ვალდებულებებს წარმომდგენზე იმ ვადითა და პირობებით, რომლებიც სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვადისა და პირობების ანალოგიური იქნება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდები უნდა გამოუშვას უპირობოდ, ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში. ეს ფასიანი ქაღალდები მათი გამოშვების შემდეგ უნდა აისახოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

თავი IV

ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ფუნქციები და ოპერაციები

    მუხლი 25. ეროვნული ბანკის საკუთარი ფასიანი ქაღალდები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების მიზნით გამოუშვას საკუთარი ფასიანი ქაღალდები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

    მუხლი 26. ოპერაციები ღია ბაზარზე

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს ოპერაციები ღია ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებითა და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების პირდაპირი შეძენის ან გაყიდვის გზით ან მათი შემდგომში გასხვისების ან გამოსყიდვის პირობით (რეპო და უკურეპო ოპერაციები).

    მუხლი 27. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დააწესოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება დაექვემდებაროს ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას.

2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმებს, მათი გაანგარიშებისა და დაცვის წესს, აგრეთვე მათი დარღვევისათვის საჯარიმო სანქციებს აწესებს ეროვნული ბანკი.

3. თუ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები განთავსებულია ეროვნულ ბანკში, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ.

    მუხლი 28. ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ ბანკთან და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით, თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს ამ ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები.

    მუხლი 29. ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები

1. ეროვნულ ბანკს თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად შეუძლია გასცეს კრედიტი კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაზე, რომლებსაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში, ერთ-ერთი შემდეგი აუცილებელი უზრუნველყოფით:

ა) ამ ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო სარეზერვო ინსტრუმენტები;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობის ან მისი სახელით გამოშვებული, ან საქართველოს მთავრობის მიერ გარანტირებული ფასიანი ქაღალდები;

გ) დეპოზიტები ეროვნულ ბანკში ან სხვა დეპოზიტართან, რომლებიც მისაღებია ეროვნული ბანკისათვის, ნებისმიერი სახსრებით, მათ შორის, ოქროთი ან სხვა ძვირფასი ლითონებით, რომელთა გაყიდვის, შეძენისა და სხვა მათთან დაკავშირებული ოპერაციების შეუზღუდავად განხორციელების უფლება აქვს ეროვნულ ბანკს ამ ორგანული კანონის შესაბამისად.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

    მუხლი 30. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ანგარიშები ეროვნულ ბანკში

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.

    მუხლი 31. ბოლო ინსტანციის კრედიტორი

1. ამ ორგანული კანონის 29-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, სააგენტოს საბჭოს მიმართვის საფუძველზე ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კომერციულ ბანკზე გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე ნაკლები და იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ორგანული კანონის 29-ე მუხლში მითითებული აქტივებით.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობას, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით დასაშვებია უფრო გრძელვადიანი, განსხვავებული საპროცენტო განაკვეთიანი და არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა.

4. ეროვნული ბანკის საბჭო ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესებსა და პირობებს.

თავი V

გადახდის საშუალებები

    მუხლი 32. ფულის ერთეული

1. საქართველოს ფულის ერთეულია ლარი. ლარი შედგება 100 თეთრისაგან.

2. ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 33. ფულის ნიშნების, სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების ემისიის უფლება

1. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების, როგორც გადახდის კანონიერი საშუალებების, ემისია, ასევე მიმოქცევისათვის ან სხვა მიზნებისათვის სამახსოვრო ფულის ნიშნების დამზადება.

2. ეროვნულ ბანკს აქვს სამახსოვრო ფულის ნიშნების რეალიზებისა და შესყიდვის უფლება.

3. მიმოქცევისათვის განკუთვნილი სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების დამზადების, რეალიზებისა და შესყიდვის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

4. ფულის ნიშნების ემისია უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.

    მუხლი 34. გადახდის კანონიერი საშუალებები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული სამახსოვრო მონეტები და ბანკნოტები, რომლებიც მიმოქცევიდან არ არის ამოღებული, წარმოადგენს ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულებებს ნომინალური ღირებულებით.

    მუხლი 35. ფულის ნიშნების, სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების მახასიათებლები

ფულის ნიშნების, სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების ერთეულის ნომინალს, ზომას, წონას, გაფორმებას, მასალასა და სხვა მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.

    მუხლი 36. სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების დამზადება და შენახვა

ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების დამზადებას, აგრეთვე მათი დამზადებისათვის საჭირო ორიგინალური მასალის, მიმოქცევიდან ამოღებული სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების საიმედოდ შენახვას და საჭიროების შემთხვევაში მათ განადგურებას.

    მუხლი 37. ფულის ნიშნების მიღება-გამოცვლა

საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მათი მიღება-გამოცვლის წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

    მუხლი 38. მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნები

მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების გამოცვლის, განადგურების ან მათი შემდგომი გამოყენების წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

    მუხლი 39. ფულის ნიშნების მარაგი და ემისიის გეგმა

ეროვნული ბანკი უშუალოდ აკონტროლებს ნაღდი ფულის მარაგს, ადგენს მისი ემისიის გეგმას, სამახსოვრო მონეტებითა და ბანკნოტებით უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკას.

    მუხლი 40. მიმოქცევაში გაშვებული ფულის ნიშნების ბუღალტრული აღრიცხვა

მიმოქცევაში გაშვებული ფულის ნიშნების საერთო თანხა ეროვნული ბანკის ანგარიშებზე აღირიცხება ბანკის ვალდებულებების სახით.

    მუხლი 41. ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღება

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოითხოვოს და მიმოქცევიდან ამოიღოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნები და მათ ნაცვლად მიმოქცევაში გაუშვას სხვა, იმავე ოდენობის ფულის ნიშნები. ფულის ნიშნების გამოთხოვის, მიმოქცევიდან ამოღებისა და მიმოქცევაში გაშვების, აგრეთვე მათი გამოცვლის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო დადგენილებით.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი ფულის ნიშნების გამოცვლის ვადის დასრულების შემდეგ გამოსაცვლელი ფულის ნიშნები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, წყვეტს მოქმედებას.

    მუხლი 42. ყალბი და ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები

1. გადახდის კანონიერი საშუალების გაყალბება აკრძალულია და ისჯება კანონით.

2. ყალბი და ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას და არ ანაზღაურდება.

3. სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების ნებისმიერი სახით დამზადებისათვის აუცილებელია ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი ნებართვა.

4. ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ეროვნული ვალუტის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე – ექსპერტი უცხოური ვალუტისა და საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში.

    მუხლი 43. საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დადოს საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები ან ამავე მიზნით ნებისმიერი სხვა კონტრაქტი უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ცენტრალურ საკლირინგო დაწესებულებებთან, როგორც თავისი სახელით, ისე საქართველოს სახელით და დავალებით.

    მუხლი 44. კლირინგისა და ანგარიშსწორების მექანიზმი

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს კლირინგისა და უნაღდო ანგარიშსწორების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს ქვეყანაში საგადახდო სისტემების შექმნას, დანერგვას, უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დახმარება გაუწიოს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში და განახორციელოს აღნიშნულ სისტემებზე ზედამხედველობა.

თავი VI

საერთაშორისო რეზერვები

    მუხლი 45. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები

1. ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი აქტივებისაგან:

ა) მონეტარული ოქრო;

ბ) უცხოური ვალუტა სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების სახით;

გ) სხვა ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები;

დ) საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხების სპეციალური უფლებები (SDR) და სარეზერვო პოზიცია სავალუტო ფონდში;

ე) უცხოური ვალუტით დენომინირებული და ასანაზღაურებელი თამასუქები და სადეპოზიტო სერტიფიკატები;

ვ) უცხო ქვეყნების სახელმწიფოების, ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებები;

ზ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი ფორვარდული კონტაქტები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ, მათი შემდგომი გასხვისების პირობით (უკურეპო ოპერაციები);

თ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მართვის ამოცანების შესასრულებლად ისესხოს უცხოური ვალუტა საკუთარი სახელით ერთ წლამდე ვადით საერთაშორისო რეზერვებში შემავალი აქტივების უზრუნველყოფით ან დადოს შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების გასხვისების/გასესხების შესახებ, მათი შემდგომი გამოსყიდვის პირობით (რეპო ოპერაციები).

თავი VII

ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან

    მუხლი 46. ბანკირი და ფისკალური აგენტი

1. ეროვნული ბანკი ასრულებს საქართველოს მთავრობის ბანკირისა და ფისკალური აგენტის როლს.

2. ეროვნული ბანკის მოვალეობაა, საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ ან მისი კომპეტენციის სფეროში შემავალ ყველა საკითხში.

    მუხლი 47. კონსულტაციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ატარებს კონსულტაციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ, რომლებიც მოიცავს:

ა) მთლიანი შემოსულობების მოცულობასა და სტრუქტურას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის მოცულობასა და სტრუქტურას;

გ) ფინანსური აქტივების ცვლილებას;

დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურას.

2. კონსულტაციები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას მომდევნო საფინანსო წელს სახელმწიფო სექტორისათვის საშინაო და საგარეო სესხების მიღების გეგმების შესახებ, მათ შორის, საკრედიტო სახსრების მოცულობის შეთანხმების, მათი მიღებისა და განაწილების და სესხების მოსალოდნელი პირობების საკითხებზე. საქართველოს ცენტრალურმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აცნობონ ეროვნულ ბანკს აღებული სავალო ვალდებულებების შესახებ.

3. კონსულტაციების შედეგად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უგზავნის თავის დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

    მუხლი 48. სადეპოზიტო ფუნქციები

1. ეროვნული ბანკი იღებს საქართველოს სახაზინო სამსახურის დეპოზიტებს. დეპოზიტარის როლში ეროვნული ბანკი იღებს და გასცემს ფულად სახსრებს, აღრიცხავს და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა საფინანსო მომსახურებას. საგადახდო საბუთების საფუძველზე ეროვნული ბანკი აღნიშნულ ანგარიშებზე დეპონირებული თანხების ფარგლებში გასცემს თანხას. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ანაბრების მიხედვით პროცენტების გადახდის შესახებ.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ნება დართოს სხვა საფინანსო დაწესებულებებს, მიიღონ ასეთი დეპოზიტები მის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

    მუხლი 49. საფინანსო აგენტის ფუნქციები

ეროვნულ ბანკს შეუძლია თავად შეასრულოს სახელმწიფო დაწესებულების საფინანსო აგენტის როლი შემდეგ საკითხებზე:

ა) მის მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებების რეალიზება, მათ შორის, ტრანსფერული აგენტის ან სხვა საჭირო ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება;

ბ) ძირითადი თანხებისა და პროცენტების გაცემა, ფასიანი ქაღალდების მიხედვით სხვა გადახდების წარმოება;

გ) მისი ანგარიშებიდან საგადასახადო ოპერაციების შესრულება;

დ) ეროვნული ბანკის ფუნქციების შესაბამისი სხვა საკითხები.

    მუხლი 50. ეროვნული ბანკისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებისგან და სხვა პირისგან მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური, საბუღალტრო და სხვა ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).

    მუხლი 51. ეროვნული ბანკის ფინანსური დახმარების უფლება

ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებას, გარდა ამ ორგანული კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დივიდენდის გაცემის შემთხვევისა. ეროვნული ბანკი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მეორეულ ბაზარზე.

თავი VIII

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო

    მუხლი 52. ზედამხედველობა

1. საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.

2. სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საფინანსო სექტორზე.

3. სააგენტო, ამ ორგანული კანონის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსაც.

4. სააგენტო დამოუკიდებელი ორგანოა და თავისი საქმიანობისას არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ ორგანული კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებისა და თავისი დებულების შესაბამისად.

5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით.

6. სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.

7. სააგენტო ანგარიშვალდებულია სააგენტოს საბჭოს წინაშე.

8. სააგენტო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 53. სააგენტოს უფლებამოსილებები

1. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. იგი მოიცავს: ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

გ) გამოსცეს ნორმატიული აქტი – დადგენილება;

დ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას მასალები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს;

ე) კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოითხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;

ვ) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზიები. სააგენტოს მიერ დაწესებული ფულადი ჯარიმის ოდენობა (გარდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დარღვევის შემთხვევისა) და დაკისრების წესი, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციისა და მათი გაუქმების წესები და პროცედურები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. დაკისრებული ფულადი ჯარიმები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

ზ) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

თ) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო კომერციული ბანკის აქტივებისა და პასივების ან მათი ნაწილის გადაცემას თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

2. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს ნიშნავს სააგენტო და ისინი ანგარიშვალდებული არიან სააგენტოს წინაშე. ლიკვიდატორსა და დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.

3. სააგენტო უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი.

4. არავის არ აქვს უფლება, სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები.

5. კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

6. სააგენტო საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების შესრულების შესამოწმებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისათვის.

7. სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო.

    მუხლი 54. თანამშრომლობა უცხო ქვეყნის სახელმწიფო საფინანსო ზედამხედველობის ორგანოებთან

1. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის ზედამხედველობის ორგანოებთან.

2. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას სააგენტოსა და უცხო ქვეყნის ზედამხედველობის ორგანოს შორის, იმ პირობით, რომ აღნიშნული ორგანო დაიცავს ამ გზით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობას.

    მუხლი 55. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო

1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო (შემდგომში – სააგენტოს საბჭო). სააგენტოს საბჭოს შემადგენლობაში შედის 5 წევრი, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ხოლო დანარჩენი – საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ექსპერტები (მიუხედავად მათი მოქალაქეობისა), რომლებსაც აქვთ საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

2. სააგენტოს საბჭო სააგენტოს საბჭოს წევრებისგან ირჩევს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით.

3. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე.

4. სააგენტოს საბჭოს წევრებს (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. სააგენტოს საბჭოს პირველი შემადგენლობა (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა) ინიშნება სხვადასხვა ვადით, კერძოდ:

ა) 2 წლის ვადით – ერთი წევრი;

ბ) 3 წლის ვადით – ერთი წევრი;

გ) 4 წლის ვადით – ერთი წევრი;

დ) 5 წლის ვადით – ერთი წევრი.

6. სააგენტოს საბჭოს ახალი წევრები ინიშნებიან სრული ვადით (5 წლით).

7. სააგენტოს საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცება;

გ) ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვა;

დ) სააგენტოს საქმიანობის კონტროლი.

8. სააგენტოს უფროსი პერიოდულად აბარებს ანგარიშს სააგენტოს საბჭოს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

9. სააგენტოს ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო.

10. სააგენტოს საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო.

11. სააგენტოს საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან სააგენტოს საბჭოს წევრობისგან განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს საბჭოს წევრებს 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ არსებული თანამდებობრივი სარგოები და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალებათ საქართველოს სხვა საბანკო ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში მუშაობა.

    მუხლი 56. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. პირი სააგენტოს უფროსად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას ან შეუთავსებელი საქმიანობისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად ცნობისას;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;

ე) სისხლის სამართლის დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ვ) გარდაცვალების შემთხვევაში.

4. სააგენტოს უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.

5. სააგენტოს უფროსის წარდგინებით სააგენტოს ბიუჯეტს ამტკიცებს სააგენტოს საბჭო და წარუდგენს მას ეროვნული ბანკის საბჭოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. ეროვნული ბანკის საბჭო სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილ ბიუჯეტს ავტომატურად ასახავს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. თუ სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის მოცულობა 20 პროცენტით ან 20 პროცენტზე მეტით აღემატება სააგენტოს წინა წლის ბიუჯეტს, მაშინ ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სააგენტოს საბჭოს მოსთხოვოს აღნიშნული ცვლილების დასაბუთება. სათანადო დასაბუთების მიუღებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ბიუჯეტში სააგენტოს ბიუჯეტი ასახოს წინა წლის მონაცემების ფარგლებში.

7. თანამდებობრივი უფლებამოსილების გასვლის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსს 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს სხვა საბანკო ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში მუშაობა.

    მუხლი 561. სააგენტოს საბჭოს სხდომა

1. სააგენტოს საბჭოს სხდომის ჩატარების წესებსა და პროცედურებს განსაზღვრავს სააგენტოს საბჭო.

2. სააგენტოს საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს სააგენტოს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე.

3. სააგენტოს საბჭოს სხდომას წარმართავს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე.

4. სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის მონაწილე წევრს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. სააგენტოს საბჭოს სხდომა ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც.

6. სააგენტოს საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც.

    მუხლი 562. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააგენტოს საბჭოში ან სასამართლოში.

2. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს საბჭოში პირს არ ართმევს უფლებას, იმავე საკითხთან დაკავშირებით იჩივლოს სასამართლოში.

    მუხლი 563. სააგენტოს საბჭოში საჩივრის განხილვის წესი

1. საჩივრის წარდგენისა და განხილვის წესსა და პროცედურებს განსაზღვრავს სააგენტოს საბჭო ამ ორგანული კანონის შესაბამისად. საჩივრის განხილვის მიზნით სააგენტოს საბჭო უფლებამოსილია შექმნას სპეციალური ორგანო.

2. წარდგენილ საჩივარში ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მომჩივანს წერილობით მიეთითება მათ შესახებ და ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემა არანაკლებ 5 კალენდარული დღისა.

3. თუ ხარვეზი გამოვლინდა საჩივრის განხილვის მიზნით ჩატარებულ სხდომაზე და შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა, იგი შეიძლება აღმოიფხვრას სხდომაზევე.

4. მომჩივანს ან მის წარმომადგენელს სხდომის ჩატარების დრო და ადგილი ეცნობება არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვა). თუ ვერ ხერხდება მომჩივანთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, დავა მათი მონაწილეობის გარეშე განიხილება.

5. სააგენტოს საბჭო ვალდებულია პირს აცნობოს წარდგენილ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება თავის მიერ დადგენილ ვადაში.

6. დავის განხილვა უნდა იყოს საჯარო.

7. სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა სააგენტოსათვის.

    მუხლი 564. სააგენტოს საბჭოს უარი საჩივრის განხილვაზე

სააგენტოს საბჭო საჩივარს არ განიხილავს, თუ:

ა) არსებობს სასამართლოს ან სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ბ) არსებობს სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე პირის მიმართ იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით;

გ) მიმდინარეობს დავა სასამართლოში იმავე პირის საჩივართან დაკავშირებით იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) არ არსებობს დავის დაწყების ფორმალური საფუძვლები;

ე) გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;

ვ) საჩივრის ხარვეზი არ გამოსწორდა ამ ორგანული კანონის 563 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.

    მუხლი 57. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

2. სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა და თავისი საქმიანობისას არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების, ამ ორგანული კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა სხვა ნორმატიული აქტებისა და თავისი დებულების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

5. სამსახური საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

6. სამსახურის უფროსს ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება, თუ:

ა) მან დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა;

ბ) იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობის გამო;

გ) ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

7. სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან, წარმომადგენლობასთან, ანგარიშვალდებულებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

8. სამსახურს საქმიანობისათვის საჭირო ქონებას გადასცემს ეროვნული ბანკი.

9. სამსახურის უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.

10. სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სამსახურის დებულებით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

11. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

12. სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.

13. სამსახურის უფროსის წარდგინებით სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ დაამტკიცებს სამსახურის ბიუჯეტს, სამსახურის დაფინანსება განხორციელდება სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით.

თავი IX

ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება, აუდიტი და საერთო ანგარიშგება

    მუხლი 58. ეროვნული ბანკის საფინანსო წელი

ეროვნული ბანკის საფინანსო წელი იწყება იანვრის პირველ დღეს და მთავრდება დეკემბრის ბოლო დღეს.

    მუხლი 59. ბუღალტრული აღრიცხვა

ეროვნული ბანკი ანგარიშგებას, თავის ოპერაციებსა და საფინანსო მდგომარეობის ასახვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    მუხლი 60. ეროვნული ბანკის საფინანსო ანგარიშგება

ეროვნული ბანკი ადგენს ყოველი საფინანსო წლის საფინანსო ანგარიშგებას. ანგარიშგება მოიცავს ბალანსს, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას, საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას, ფულადი ნაკადების შესახებ ანგარიშგებას და მათთან დაკავშირებულ განმარტებითი ხასიათის შენიშვნებს.

    მუხლი 61. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი

1. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა.

2. ეროვნული ბანკის აუდიტის მიზნით არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვილ აუდიტორულ ფირმას, ხოლო საქართველოს პარლამენტი ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე აირჩევს ერთს. გარე აუდიტორთან კონტრაქტის გაფორმება დასაშვებია ერთ წელზე მეტი ვადით.

3. ეროვნული ბანკის ანგარიშგებასთან ერთად ხორციელდება მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდისა ანგარიშგების აუდიტიც.

4. საქართველოს კონტროლის პალატა ამოწმებს ეროვნული ბანკის, სააგენტოსა და სამსახურის ადმინისტრაციულ ხარჯებს, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

    მუხლი 62. ეროვნული ბანკის საბალანსო ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარდგენა და გამოქვეყნება

1. ეროვნული ბანკი ამზადებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში, არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არააუდიტირებულ საბალანსო უწყისს საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით.

2. საფინანსო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა ეროვნული ბანკი აქვეყნებს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს გასული წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას და ამ ორგანული კანონის 621 მუხლში განსაზღვრულ ანგარიშს.

3. ეროვნულ ბანკს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საფინანსო ანგარიშგებების და დოკუმენტების გარდა შეუძლია გამოაქვეყნოს სხვა ანგარიშგებები და გამოკვლევები საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებსაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

    მუხლი 621. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება

1. ეროვნული ბანკი არის აბსოლუტურად ავტონომიური (დამოუკიდებელი) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დადგენაში.

2. საქართველოს მთავრობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტს ერთდროულად უგზავნის საქართველოს პარლამენტს და ეროვნულ ბანკს.

3. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის საქართველოს პარლამენტში შეტანიდან ერთი კვირის ვადაში ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.

4. საქართველოს პარლამენტი ერთდროულად ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს და ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

5. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, მაშინ დგება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ერთი თვის ვადაში გადახედვის საკითხი ან ეროვნული ბანკი მოქმედებს თავის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.

6. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტში უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მომავალი წლისათვის, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

7. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს ამ ორგანული კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.

    მუხლი 63. ეროვნული ბანკის ანგარიშვალდებულება

1. ეროვნული ბანკი ყოველკვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, აქვეყნებს ინფლაციის მიმოხილვას. ინფლაციის მიმოხილვა მოიცავს ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების მოკლე ანალიზს, მომავლის პროგნოზებსა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე ეროვნული ბანკის საბჭოს ან მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილების მოკლე მიმოხილვას.

2. რომელიმე კვარტალის ბოლოს მოცემული კვარტალის მიზნობრივი მაჩვენებლიდან ინფლაციის ფაქტობრივი ოდენობის 2 პროცენტულ პუნქტზე მეტად გადახრის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მიმოხილვაში უნდა ახსნას გადახრის მიზეზები.

3. თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტულია, ნებისმიერი 4 მიმდევრობითი კვარტალის განმავლობაში ფაქტობრივი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან 2 პროცენტულ პუნქტზე მეტად გადახრის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა ან პირველივე სხდომაზე, რომელიც უფრო ადრე დგება, კენჭისყრაზე დააყენოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების მიზანშეწონილობის საკითხი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რეკომენდაციის სახით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

4. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლება აქვს მოხსენებით გამოვიდეს საქართველოს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების საკითხის განხილვის დროს.

5. თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტულია და თუ ნებისმიერი 6 მიმდევრობითი კვარტალის განმავლობაში საშუალო წლიური ინფლაციის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა თითოეული კვარტალის განმავლობაში 12 პროცენტს გადააჭარბა, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა ან პირველივე სხდომაზე, რომელიც უფრო ადრე დგება, კენჭისყრაზე დააყენოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების მიზანშეწონილობის საკითხი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რეკომენდაციის სახით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დააყენოს მთავრობის უნდობლობის საკითხი.

6. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის სხდომის დამთავრებისთანავე აკეთებს საჯარო განცხადებას.

თავი X

ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებები და ძირითადი აკრძალვები

    მუხლი 64. ეროვნული ბანკის უპირატესი და უპირობო უფლება

1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირატესი და უპირობო უფლება, დაიკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა დაფარვის ვადის დადგომისას სალაროს ნაშთების ან მოვალის ანგარიშებზე რიცხული ფინანსური და თავის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების ხარჯზე. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული სახსრები.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს არსებული ნაშთების თავის ანგარიშზე ჩარიცხვის უპირატესი უფლებით და სხვა აქტივების აუქციონზე გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ. აუქციონის ჩატარების წესებს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ქონების პირდაპირ საკუთრებაში მიღებით. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან ეროვნულ ბანკს მისცენ ასეთ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. აღნიშნული უფლებამოსილებანი ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრაციული მართვის რეჟიმში მყოფი პირების მიმართ.

    მუხლი 65. ეროვნული ბანკისათვის აკრძალული საქმიანობა

ამ ორგანული კანონით პირდაპირ გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეროვნულ ბანკს ეკრძალება:

ა) განახორციელოს ფინანსური დახმარება პირდაპირი გასესხების, უსასყიდლო სესხის ან პირობითი ვალდებულების კრედიტის ყიდვის, კრედიტში წილობრივი მონაწილეობის გზით ან სხვა ვალდებულებებით თავის თავზე სასესხო ან პირობითი ვალდებულებების აღებით ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით;

ბ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა, შეიძინოს რომელიმე კორპორაციის აქციები, მათ შორის, ნებისმიერი საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების აქციები ან მიიღოს წილობრივი მონაწილეობა ნებისმიერ საფინანსო-საკრედიტო, კომერციულ, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო თუ სხვა სტრუქტურებში;

გ) ყიდვის ან იჯარით აღების გზით ან სხვა სახით შეიძინოს სრული ან ნაწილობრივი უფლება უძრავ ქონებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელი ან მიზანშეწონილია შენობის გამოყენება ადმინისტრაციული საქმიანობისათვის, ოპერაციების ჩატარებისათვის, ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებისათვის;

დ) გაუწიოს საბანკო მომსახურება ფიზიკურ პირებს, გარდა ამ ორგანული კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ე) გასცეს სესხი საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო ორგანიზაციებზე.

    მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან;

ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი.

    მუხლი 67. მარეგლამენტირებელი დებულებები

1. ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკი აწარმოებს ნორმატიული აქტების, დირექტივებისა და მითითებების საჯარო რეგისტრს.

2. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაეცემათ ინდივიდუალური წესით და ძალაშია ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული თარიღიდან.

3. ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, თავის პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაუგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

4. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას განსაზღვრავს მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი). ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაშია მასში მითითებული თარიღიდან.

5. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების ნორმის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულ ნორმატიულ აქტში ცალკე მუხლით უნდა მიეთითოს ამ აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზები.

    მუხლი 68. ადმინისტრირების ნორმები

1. ეროვნული ბანკისათვის ამ ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირებულ ნორმებს.

2. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავი შეიკავოს ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილებების გამოყენებისაგან ისეთი მიზნის მისაღწევად, რომელიც არ შეესაბამება ამ უფლებამოსილებებს, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება აუცილებელ ღონისძიებებს შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.

3. ამ ორგანული კანონის დებულებების აღსრულების მიზნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ექვემდებარება მიუკერძოებლობის პრინციპებს და მათი მოტივაცია უნდა იყოს ობიექტური და რაციონალური. ყველა გადაწყვეტილება უნდა სრულდებოდეს სამართლებრივი ნორმების დაცვით და უნდა ემსახურებოდეს დასახულ მიზნებს.

4. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

5. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

6. ეროვნული ბანკის არც ერთ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.

თავი XI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 69. საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება

საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაიფაროს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.

    მუხლი 70. გარდამავალი დებულებები

1. 2008 წლის 15 მაისამდე უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნამდე მის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებისა, რომლებსაც მის შექმნამდე ასრულებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

2. 2008 წლის 15 აპრილამდე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული, საფინანსო სექტორის ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები ძალაშია 2009 წლის 15 აპრილამდე, გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ ამავე ვადაში უზრუნველყოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გამოცემა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია გააუქმოს თავის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, თუ ამ აქტით რეგულირებული ურთიერთობები საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კომპეტენციის სფეროშია და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ მიიღო შესაბამისი მარეგულირებელი აქტი. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული აქტის ნაწილი მისი კომპეტენციის სფეროა, ხოლო მეორე ნაწილი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კომპეტენციის სფერო, მაშინ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი აღნიშნული აქტის შესაბამისობა ამ კანონთან.

3. საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ფონდები ან სხვა ანალოგიური საშუალებები თანამშრომლების სასარგებლოდ და დასაცავად არ წყვეტს მოქმედებას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებამდე.

4. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლე ზედამხედველობის საკითხებში და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამონაცვლე სადაზღვევო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის საკითხებში.

5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ფორმირებამდე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დროებით რეგლამენტს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი.

6. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს პირველი წლის ბიუჯეტის ოდენობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამისა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს უფლება აქვს სააგენტოს განუსაზღვროს უფრო დიდი ბიუჯეტი.

7. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ფორმირებამდე გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ კანონის თანახმად უნდა შეთანხმდეს სააგენტოს საბჭოსთან, იღებს შესაბამისი პირი (ორგანო).“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე, 24-ე და 63-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე, 24-ე და 63-ე მუხლები ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 14 მარტი.

№5908–Iს