საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5953
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 28/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.003.176
  • Word
5953
19/03/2008
სსმ, 8, 28/03/2008
080.000.000.05.001.003.176
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1072 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1072. იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შემთხვევები

იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსის 1431, 1432, 192-ე, 194-ე, 1941, 221-ე, 2241, 2271, 2272, 2311, 2551, 260-ე–271-ე, 323-ე–330-ე, 3301, 3302, 3311, 339-ე, 3391, 3441, 364-ე, 365-ე და 372-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის.“.

2. 186-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობა, ნივთის შეძენა, ფლობა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

3. 194-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი ჯგუფურად;

ბ) ჩადენილი არაერთგზის;

გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1941 მუხლი:

     „მუხლი 1941. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობა, ნივთის შეძენა, ფლობა ან გასაღება

1. წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობა, ნივთის შეძენა, ფლობა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) დიდი ოდენობით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2021 მუხლი:

     „მუხლი 2021. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტის გახმაურება

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდების ფაქტის გახმაურება, –

ისჯება ჯარიმით ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

6. 3311 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერორიზმის დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა სახის ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან/და ამ კოდექსის 2271, 2272, 2311, 323-ე–330-ე და 3302 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩასადენად, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 მარტი.

№5953–რს