დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 808 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 31/03/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.000.897 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 87-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „გადამაადგილებელი პირი“ შეიცვალოს სიტყვით „მფლობელი“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე და 25-ე თავები:
„თავი 24
საბაჟო ბროკერი
მუხლი 113. საბაჟო ბროკერი
1. საბაჟო ბროკერი (შუამავალი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად.
2. საბაჟო ბროკერი თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კოდექსისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. საბაჟო ბროკერის მარწმუნებელთან ურთიერთობას საფუძვლად უდევს წერილობითი ხელშეკრულება.
მუხლი 114. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზია
1. საბაჟო გაფორმების ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ ლიცენზირებულ საბაჟო ბროკერს.
2. საბაჟო ბროკერის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად საწარმო ვალდებულია:
ა) დადოს საბაჟო ბროკერის საქმიანობის საგარანტიო ან სადაზღვევო ხელშეკრულება. სადაზღვევო თანხა ან გირაო არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები;
ბ) ჰქონდეს საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა;
გ) შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ საბაჟო გაფორმებას, აღრიცხვის წარმოებასა და ანგარიშგებას, რომლებშიც ზუსტად აისახება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ წარმოებული ოპერაციები.
3. ლიცენზიის გაცემის წესი განისაზღვრება 113-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული დებულების შესაბამისად.
4. საბაჟო ბროკერს ლიცენზია შეიძლება გაუუქმოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ:
ა) ლიცენზია გაიცა არასრული ან არასარწმუნო ცნობების საფუძველზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) საბაჟო ბროკერს არ შეუძლია ლიცენზიის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის დაწყება ან შეაჩერებს ამ საქმიანობას 6 თვეზე მეტი ვადით;
გ) საბაჟო ბროკერი აღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;
დ) გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ ძალაშია მისი მიღების დღიდან.
5. საბაჟო ბროკერს ლიცენზია შეიძლება ჩამოართვას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ საბაჟო ბროკერი:
ა) არღვევს, არ ასრულებს ან არ შეუძლია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) არამართლზომიერად აყენებს ზიანს მარწმუნებელს, მათ შორის, იმ ცნობების უკანონოდ გამოყენებით, რომლებიც შეიცავს კომერციულ საიდუმლოს ან საიდუმლო ინფორმაციას, რაც დადგენილია სასამართლოს მიერ.
6. საბაჟო ბროკერის ვალაუვალად ცნობის შემთხვევაში, ან თუ საბაჟო ბროკერი თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს, მისი ლიცენზია ავტომატურად ითვლება ძალადაკარგულად.
7. ლიცენზიის მიღებაზე საბაჟო ბროკერის განმეორებითი განცხადება შეიძლება განხილულ იქნეს განცხადების გაუქმების, ჩამორთმევის ან ძალადაკარგულად ცნობის ანდა მოქმედების შეჩერების დღიდან 6 თვის შემდეგ, თუ აღმოიფხვრება მიზეზები, რომელთა გამო მიღებულ იქნა ასეთი გადაწყვეტილება.
8. საბაჟო ბროკერის ლიცენზიის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ არსებობს საფუძველი, რომ იგი არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს.
9. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება 3 თვემდე ვადით შეუძლია საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს.
10. გადაწყვეტილება საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ჩამორთმევის, ძალადაკარგულად ცნობისა და მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა 2 წლის ვადით. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს.
მუხლი 115. საბაჟო ბროკერის უფლება-მოვალეობანი
1. საბაჟო ბროკერს უფლება აქვს თავისი სახელით, მისი მარწმუნებლის ხარჯზე და დავალებით განახორციელოს საბაჟო გაფორმების ნებისმიერი ოპერაცია და საბაჟო საქმეში შეასრულოს სხვა საშუამავლო ფუნქციები.
2. საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების განხორციელებისათვის საბაჟო ბროკერი ასრულებს ყველა მოვალეობას და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა საბაჟო საზღვრის გავლით საქონლის დამოუკიდებლად გადამაადგილებელ პირს.
3. საბაჟო ბროკერის ამ კოდექსით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს მარწმუნებელთან დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 116. საბაჟო ბროკერთა უწყებრივი რეესტრი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი აწარმოებს საბაჟო ბროკერთა უწყებრივ რეესტრს და უზრუნველყოფს მის გაცნობას დაინტერესებულ პირთათვის.
მუხლი 117. საბაჟო ბროკერისა და მისი მუშაკების დამოკიდებულება მარწმუნებლის ინფორმაციისადმი
1. საბაჟო ბროკერისა და მისი მუშაკების მიერ მარწმუნებლისაგან მიღებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის.
2. ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციულ, საბანკო და კანონით დაცულ სხვა საიდუმლოს, არ შეიძლება გახმაურდეს. აკრძალულია ასეთი ინფორმაციის გამოყენება საბაჟო ბროკერის მიერ საკუთარი მიზნებისათვის, აგრეთვე მისი გადაცემა მესამე პირისათვის (გარდა საბაჟო ორგანოებისა), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
თავი 25
საბაჟო გადამზიდველი
მუხლი 118. საბაჟო გადამზიდველი
1. საბაჟო გადამზიდველი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის განსახორციელებლად.
2. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვს მხოლოდ საბაჟო გადამზიდველს, რომელმაც აიღო საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზია ამ კოდექსით განსაზღვრული წესით (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
3. საბაჟო გადამზიდველი თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კოდექსისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. საბაჟო გადამზიდველის ურთიერთობა საქონლისა და დოკუმენტების გამომგზავნთან ან მის წარმომადგენელთან განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 119. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზია
1. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად საწარმო ვალდებულია:
ა) გააჩნდეს ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ტექნიკურად გამართულია და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) დადოს საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის საგარანტიო ან სადაზღვევო ხელშეკრულება. სადაზღვევო თანხა ან გირაო არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები;
გ) გააჩნდეს საკუთრებაში ან სრულ სამეურნეო გამგებლობაში, ან სულ ცოტა 3 წლის ვადით იჯარით აღებული საჭიროებისამებრ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს 48 საათის განმავლობაში თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალების მისვლას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბაჟო გაფორმების ადგილზე.
2. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დებულებით.
3. საბაჟო გადამზიდველს ლიცენზია შეიძლება გაუუქმოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ:
ა) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობაზე ლიცენზია გაიცა არასრული ან არასარწმუნო ცნობების საფუძველზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) საბაჟო გადამზიდველს არ შეუძლია ლიცენზიის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის დაწყება ან შეაჩერებს ამ საქმიანობას 6 თვეზე მეტი ვადით;
გ) საბაჟო გადამზიდველი აღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;
დ) გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ ძალაშია მისი მიღების დღიდან.
4. საბაჟო გადამზიდველს ლიცენზია შეიძლება ჩამოართვას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ:
ა) საბაჟო გადამზიდველი არ ასრულებს ან არ შეუძლია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, საქონლის გადატანაზე აცხადებს დაუსაბუთებელ უარს, გამოყენებისათვის გამიზნული სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურად გაუმართავია და არ შეესაბამება სტანდარტებს ანდა არ არის საჭიროებისამებრ აღჭურვილი, აგრეთვე გადაზიდვაზე ხელოვნურად არის გაზრდილი საფასური, რაც არ შეესაბამება ასეთი მომსახურების საშუალო ღირებულებას;
ბ) ირღვევა ამ კოდექსითა და შესაბამისი დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) მესაკუთრეს ან მის წარმომადგენლებს მიაყენეს ზიანი;
დ) ეს გადამზიდველის სურვილია.
5. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ ძალაშია მისი მიღების დღიდან.
6. ლიცენზიის მიღებაზე საბაჟო გადამზიდველის განმეორებითი განცხადება შეიძლება განხილულ იქნეს განცხადების გაუქმების, ჩამორთმევისა და ძალადაკარგულად ცნობის ანდა მოქმედების შეჩერების დღიდან 6 თვის შემდეგ.
7. საბაჟო გადამზიდველს ლიცენზიის მოქმედება შეიძლება შეუჩერდეს 3 თვის ვადით, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ გადამზიდველი ბოროტად იყენებს თავის უფლებებს.
მუხლი 120. საბაჟო გადამზიდველთა უწყებრივი რეესტრი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი აწარმოებს საბაჟო გადამზიდველთა უწყებრივ რეესტრს და უზრუნველყოფს მის გაცნობას დაინტერესებულ პირთათვის.
მუხლი 121. საბაჟო გადამზიდველისა და მისი მუშაკების დამოკიდებულება მიღებული ინფორმაციისადმი
ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციულ, საბანკო და კანონით დაცულ სხვა საიდუმლოს, არ შეიძლება გახმაურდეს. აკრძალულია ასეთი ინფორმაციის გამოყენება საბაჟო გადამზიდველისა და მისი მუშაკების მიერ საკუთარი მიზნებისათვის, აგრეთვე მისი გადაცემა მესამე პირისათვის (გარდა საბაჟო ორგანოებისა), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.“.
3. 145-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 145. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
4. 146-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 146. საბაჟო კანონმდებლობისა და საბაჟო წესების დარღვევათა მოკვლევის ორგანო
ამ კოდქსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეთა მოკვლევის ორგანოა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი.“.
5. 148-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი საგანგებო ლეგიონთან შეთანხმებით, რომელსაც ახორციელებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად.“.
6. 149-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნების მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი საგანგებო ლეგიონთან შეთანხმებით და დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საქართველოს შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს.“.
7. 158-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალური სამართალდამცავი გასამხედროებული სტატუსის მქონე საგადასახადო და საბაჟო ორგანოა საგანგებო ლეგიონი, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლას.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 16 მარტი.
№808-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები