„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5353-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111208019, 08/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.016503
  • Word
5353-IIს
25/11/2011
ვებგვერდი, 111208019, 08/12/2011
080090020.05.001.016503
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 მუხლები:

     „მუხლი 131. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ − კომისია) არის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს რეზოლუციები) განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებას, რათა ამ პირებმა არ განახორციელონ ტერორისტული ან სხვა უკანონო საქმიანობის დაფინანსება ან მისი სხვა ფორმით მხარდაჭერა.

2. კომისია თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაეროსთან.

3. კომისიის საქმიანობას წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში და ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტებს.

4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლება-მოვალეობების ან მათი ნაწილის დელეგირება კომისიის სხვა წევრზე.

5. კომისიის შემადგენლობაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თანათავმჯდომარე.

6. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას, მის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის თანათავმჯდომარეს.

7. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 132. კომისიისა და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება

1. კომისია უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.

2. კომისია უფლებამოსილია უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს სათანადო ორგანოების მიმართვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების ან ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გაეროს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებლად მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 ნოემბერი.

№5353-IIს