„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5580
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228076, 28/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.016555
  • Word
5580
20/12/2011
ვებგვერდი, 111228076, 28/12/2011
080090020.05.001.016555
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;“;

გ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ და „ჩ“  ქვეპუნქტები:

„შ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;

ჩ) სალიზინგო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სალიზინგო საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას;

ლ) სალიზინგო კომპანიები.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; შემოსავლების სამსახურისათვის; სალიზინგო კომპანიებისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია − იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება, როდესაც ეს პირი კლიენტის დავალებით ან კლიენტის სახელით მონაწილეობს შემდეგი სახის საქმიანობაში/გარიგებაში:

ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;

ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;

გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;

დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;

ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;

ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი–23 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგებების გარდა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მონიტორინგის განმახორციელებელი პირისათვის შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განსაზღვრულ შემთხვევებში, მის მიერ დადგენილი წესით.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.“.

5. მე-6 და 61 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები გარიგების და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“ და „თ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს  (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში;

დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა (ნაღდი ფულის სახით გადახდილი თანხა) აღემატება        30 000 ლარს.

 3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია მოახდინოს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გარიგების მონაწილე პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია.

5. საბროკერო კომპანიის მიერ თავისი კლიენტისათვის კომერციული ბანკის მეშვეობით შესრულებული გარიგების შემთხვევაში იდენტიფიკაციის განხორციელება ევალება საბროკერო კომპანიას (ამ შემთხვევაში კომერციულ ბანკს საბროკერო კომპანიის კლიენტის იდენტიფიკაცია არ მოეთხოვება).

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს/შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება:

ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს;

ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;

გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს);

დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება;

ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.

7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურებისა). ამასთანავე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები).

8. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა საიდენტიფიკაციო მონაცემები  უნდა შეამოწმოს მინიმუმ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელმწიფოს მიერ გამოცემული ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც იძლევა იურიდიული პირის შექმნისა და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას.

9. აკრძალულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ ანონიმური ანგარიშის ან ფიქტიურ სახელზე ანგარიშის გახსნა ან/და წარმოება.

10. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე.

11. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და მისი ვინაობის გადამოწმებას, ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების (მათი ასლების) შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, მან კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ კანონით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირს.

12. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და  მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) ამ კანონით გათვალისწინებული წესით იდენტიფიკაციის მიზნით,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.

13. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით.

14. თითოეული კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან ანგარიშის გახსნამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს შემთხვევები, რომელთა დროსაც კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება შესაძლებელია დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:

ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;

ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;

გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.

16. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს.

    მუხლი 61. მონიტორინგის განმახორციელებელი პირის  ვალდებულებები პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.

2. თუ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებულისა, დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ხელმძღვანელობისგან მიიღოს ასეთ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან მისი გაგრძელების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი კლიენტის ან მისი  ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ კლიენტთან თავისი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი.

3. თუ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე განახორციელოს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

6. მე-7 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი), ასევე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ კანონის  მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს მასთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო არ მოითხოვს უფრო მეტი ვადით შენახვას, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. დამოწმებას არ საჭიროებს კლიენტის იდენტიფიკაციისათვის ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გადამოწმებული მონაცემები.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები) და ამ კანონის   მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო არ მოითხოვს უფრო მეტი ვადით შენახვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის პროცესში ჩართული თანამშრომლის პერიოდული სწავლება.“.

8. მე-9 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება არის ამ კანონის  მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ცნობა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით. 

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. ანგარიშგება უნდა გაიგზავნოს იდენტიფიკაციის შეუძლებლობის ან საიდენტიფიკაციო მონაცემების ან გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენის დღესვე, ხოლო თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ზღვარს – გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაკავშირებულია მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება თავის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს ცნობა არ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ  შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.“.

9. მე-10 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალები ან ასლები), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგების (ოპერაციის), მათ შორის, საბანკო ანგარიშის, ან გარიგების (ოპერაციის) დადების ან შესრულების მცდელობის და მისი მონაწილე პირების შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კანონის შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;“;

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს).“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;“.

10. მე-13 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ ადგილობრივ და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ინფორმაციის მიღების, გამოძიების, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილებების აღსრულების სტადიებზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას და მას იყენებენ მხოლოდ გაგზავნილ თხოვნაში მითითებული მიზნებისათვის.“.

11. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ფინანსურმა ინსტიტუტებმა 2012 წლის 31 დეკემბრამდე  უზრუნველყონ ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების გავრცელება იმ კლიენტებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე, რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობები 2012 წლის 1 იანვრისთვის.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5580-რს