დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5667-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.016583 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთანავე, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.“.
2. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო საქმეები განიხილება მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენიდან ან მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარებიდან არა უგვიანეს 45 დღისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 60 დღისა.“.
3. 73-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.“;
ბ) 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარისაგან დისტანციური ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის გამოყენებით სხვა სასამართლოდან ან ადმინისტრაციული ორგანოდან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მეშვეობით, თუ შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება დაკითხვის ადგილას შესაბამისი ორგანოს მიერ.“.
5. 178-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი).“;
გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. სასამართლოს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.“.
6. 179-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. 183-ე და 184-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 183. სარჩელის (განცხადების) რეგისტრაცია
სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს:
ა) არ არის შეტანილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით;
ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები;
გ) არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა);
დ) არ ერთვის თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;
ე) არ ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს;
ვ) არ არის ხელმოწერილი;
ზ) არ არის წარდგენილი სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
მუხლი 184. სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება
1. ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.
2. სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მოსარჩელის მიერ განჩინების ჩაბარებიდან, ხოლო ჩაუბარებლობის შემთხვევაში − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან მეორე დღეს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.
4. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები არ ვრცელდება ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
6. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები შესაძლებელია გავრცელდეს ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში.“.
8. 185-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. 186-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა
1. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ:
ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს;
ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის;
ვ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
ზ) დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;
თ) სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.“.
10. 201-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოპასუხის პასუხი (შესაგებელი)“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.“;
გ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოპასუხის, მისი წარმომადგენლის (თუ პასუხი (შესაგებელი) შეაქვს წარმომადგენელს), მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. პასუხში (შესაგებელში) შესაძლოა მოპასუხემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ მოპასუხე იურიდიული პირია ან ინდივიდუალური მეწარმეა − თავად მოპასუხე, ხოლო თუ მას ჰყავს წარმომადგენელი (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა) − მისი წარმომადგენელი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;“;
დ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
11. 202-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. 205-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. მოსამართლესთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია ხორციელდება სატელეფონო ხაზზე მხარეების ან მათი წარმომადგენლების ერთდროულად ჩართვით და ფიქსირდება ოქმის სახით. თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არიან სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის შესახებ და ვერ ხერხდება ერთ-ერთ მხარესთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, სასამართლო უფლებამოსილია გაესაუბროს მხოლოდ მეორე მხარეს ან მის წარმომადგენელს.“.
13. 207-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს, მათ შორის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდეს, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.“.
14. 243-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას აყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მის დადგენაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას მოსამართლეთა ხელმოწერების წინ უნდა გაუკეთდეს შენიშვნა.“.
15. 247-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
16. 275-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) მოსარჩელე ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ;
ი) სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.“.
17. 368-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.“.
18. 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც უნდა შეიცავდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: ეთანხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს; თუ არ ეთანხმება, რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი; ხომ არ აპირებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შემოტანას, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას და, თუ აპირებს, რა მიზეზით არ წარმოადგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას; სურს თუ არა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლო მიიღებს ამ კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.“.
19. 395-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 395. საკასაციო საჩივრის შეტანა
საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. საკასაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.“.
20. 397-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.“.
21. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 445-ე−450-ე მუხლები:
„მუხლი 445. სარჩელის (განცხადების) მიღება
1. სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას, თუ იგი ფოსტით არ არის გაგზავნილი, სასამართლოს კანცელარია ამოწმებს სარჩელის (განცხადების) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს და ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მოსარჩელეს, მის წარმომადგენელს (თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს) მიუთითებს უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ.
2. სარჩელის (განცხადების) ფორმალური მხარის შემოწმებისას ყურადღება ექცევა შემდეგ გარემოებებს:
ა) წარდგენილია თუ არა სარჩელი (განცხადება) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით;
ბ) აღნიშნულია თუ არა სარჩელის (განცხადების) ფორმაში ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები;
გ) ერთვის თუ არა სარჩელს (განცხადებას) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტი არ ერთვის, მითითებულია თუ არა შუამდგომლობების გრაფაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა;
დ) ერთვის თუ არა სარჩელს (განცხადებას) თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;
ე) ერთვის თუ არა სარჩელს (განცხადებას) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს;
ვ) არის თუ არა სარჩელი (განცხადება) ხელმოწერილი;
ზ) წარდგენილია თუ არა სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
3. მოსამართლე ვალდებულია სარჩელის (განცხადების) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის (განცხადების) მიღების შესახებ. სარჩელი (განცხადება) მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება – ამ ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 446. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის გადაგზავნა
ამ კოდექსის 445-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია გასცეს განკარგულება ამ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ამავე კოდექსის 448-ე მუხლით დადგენილი წესით გადაგზავნის შესახებ.
მუხლი 447. ხარვეზის შესახებ განჩინება და სარჩელის დაბრუნება
1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.
2. თუ სარჩელში არ არის მითითებული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელის მისამართი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 445-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
მუხლი 448. სასამართლოს დავალებები მოპასუხისადმი
1. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე:
ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს;
ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე (განცხადებაზე) და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. დანიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი.
2. მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს:
ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც მას შეაქვს პასუხი (შესაგებელი);
ბ) მოპასუხის, მისი წარმომადგენლის (თუ პასუხი (შესაგებელი) შეაქვს წარმომადგენელს), მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. პასუხში (შესაგებელში) შესაძლოა მოპასუხემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ მოპასუხე იურიდიული პირია ან ინდივიდუალური მეწარმეა − თავად მოპასუხე, ხოლო თუ მას ჰყავს წარმომადგენელი (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა) − მისი წარმომადგენელი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
გ) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს და რა ნაწილში;
დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელის წინააღმდეგ;
ე) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს;
ვ) რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას;
ზ) არსებობის შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობები:
ზ.ა) ხომ არ ექნება აცილება სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ და ა. შ.;
ზ.ბ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად;
ზ.გ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული სასამართლო სხდომაზე;
ზ.დ) სხვა სახის შუამდგომლობები;
თ) პასუხისთვის (შესაგებლისთვის) დართული დოკუმენტების ნუსხა;
ი) მოპასუხის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
3. პასუხს (შესაგებელს) უნდა ერთოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ იგი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.
4. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში აღნიშნულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში აღნიშნულ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტებით.
5. მოპასუხე ვალდებულია პასუხს (შესაგებელს) დაურთოს მასში აღნიშნული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან (შესაგებელთან) ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია ამის შესახებ მიუთითოს პასუხში (შესაგებელში). მოპასუხე უფლებამოსილია მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
6. მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
7. მოპასუხეს შეუძლია პასუხის (შესაგებლის) შეტანისას განაცხადოს, რომ თანახმაა, წერილობითი მასალები მიიღოს ელექტრონული ფოსტით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი, მოპასუხეს მასალებს უგზავნის ელექტრონული ფოსტით.
8. პასუხს ხელს აწერს მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი.
მუხლი 449. მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისათვის გადაგზავნა
1. მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლები ეგზავნება მოსარჩელეს.
2. მოსარჩელეს უფლება აქვს, მოსამართლეს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს თავისი მოსაზრებები მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) თაობაზე მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.
მუხლი 450. ამ კოდექსის ზოგიერთი მუხლის მოქმედების გავრცელება ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე
1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის, 59-ე მუხლის 31 ნაწილის, 183-ე და 184-ე მუხლების, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, 201-ე მუხლისა და 275-ე მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.
2. ამ კოდექსის 445-ე-449-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.“.
მუხლი 2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება.“.
2. 54 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება.“.
მუხლი 3. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.“.
მუხლი 4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.“.
მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 28 დეკემბერი.
№5667-რს
დოკუმენტის კომენტარები