დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.016084 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №96
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007 წ., №14 მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 261 მუხლის შემდეგ დაემატოს 262 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 262
1. ეს მუხლი ვრცელდება და განსაზღვრავს იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის წესსა და პირობებს, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ მუხლით დადგენილი წესით და რომლებიც მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოში რეგისტრირებული არ არის ან რომელთა უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2006 წლის 15 იანვრამდე.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანა“ მოიცავს ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტიპის სასოფლო-სამეუნრეო ტექნიკას, აგრეთვე მათ მისაბმელებსა და დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის განხორციელებაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) დათვალიერების აქტი;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით განსაზღვრული საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების წარმოშობა. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობისათვის სავალდებულო არ არის მისი ნოტარიული წესით დამოწმება;
დ) დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება რეგისტრაციის თაობაზე;
ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ან არასრულყოფილად უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე საკუთრების უფლება წარმოშობა დადასტურებულად მიიჩნიოს, თუ პირი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანას უწყვეტად ფლობს ხუთი წლის განმავლობაში როგორც საკუთარს (საკურების შეძენა ხანდაზმულობით), რაც უნდა დასტურდებოდეს არანაკლებ ერთი სრულწლოვანი მოწმის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით.
5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების დაინტერესებულ პირზე რეგისტრაციისას, სავალდებულოა არ არის გამსხვისებლის ან/და 2006 წლის 15 იანვრამდე რეგისტრირებული მესაკუთრის ან მათი მემკვიდრის ან სამართალმემკვიდრის (უფლებამონაცვლის) რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა.
6. ამ მუხლით დადგენილი წესით დაინტერესებულ პირზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის რეგისტრაციის დასრულებამდე, თუ მესამე პირი სააგენტოში განაცხადებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე საკუთრების უფლების თაობაზე, რეგისტრაციის პროცედურა წყდება დავის გადაწყვეტამდე.
7. ამ მუხლით დადგენილი წესით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის პირველადი რეგისტრაციისას არ გამოიყენება ამ ინსტრიქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააგენტო ვალდებული არ არის შეამოწმოს/დაადგინოს რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანასთან დაკავშირებით ვალდებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების არწარმოშობის შესახებ გარემოებები.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული დაინტერესებული პირის განცხადების, მოწმის ახსნა-განმარტების და წარმოდგენილი დოკუმენტების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. აღნიშნული დოკუმენტები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
9. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული დაინტერესებული პირის განცხადების, მოწმის ახსნა-განმარტების და წარმოდგენილი დოკუმენტების ან ინფორმაციის ნამდვილობა.
10. წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სისწორეზე, აგრეთვე მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს.
11. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ გამოიყენება:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანისგან განსხვავებულ სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას;
ბ) 2006 წლის 14 იანვრის შემდგომ რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების რეგისტრაციისას ან დროებით რეგისტრაციისას;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის დროებით რეგისტრაციისას;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, აგრეთვე არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების რეგისტრაციისას ან დროებით რეგისტრაციისას.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები