სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ

  • Word
სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 28/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 14/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.170.080.05.001.001.059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1392
07/05/2002
სსმ, 13, 28/05/2002
040.170.080.05.001.001.059
სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ

ამ კანონის მიზანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ლიზინგის ხელშეკრულებით წარმოშობილ ურთიერთობათა განვითარება და სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობა.

თავი I.

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ლიზინგი – ლიზინგის საგნის გამცემის მიერ (შემდგომში - გამცემი) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის საგნის მესაკუთრისაგან ან მწარმოებლისაგან ლიზინგის საგნის შეძენა (ან მისი დამზადება) ლიზინგის საგნის მიმღებისათვის (შემდგომში - მიმღები) დროებით ფასიან სარგებლობაში გადაცემის მიზნით, მისი გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით;

ბ) ლიზინგის საგანი – ამორტიზაციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება;

გ) ლიზინგის საგნის საწყისი ღირებულება – ლიზინგის საგნის ღირებულება მისი გადაცემის მომენტისათვის;

დ) ლიზინგის ხელშეკრულების მთლიანი ფასი – ლიზინგის საზღაურის მთლიანი თანხა;

ე) ლიზინგის საზღაური – მიმღების მიერ გამცემისათვის პერიოდულად გადასახდელი ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა (ან ამ თანხის ღირებულების პროდუქცია), რომლის გადახდით (ან მიწოდებით) მიმღები გამცემს თანდათანობით უნაზღაურებს ლიზინგის საგნის საწყის ღირებულებასა (ლიზინგის საგნის ნარჩენი ღირებულების გამოკლებით) და ლიზინგის სარგებელს;

ვ) ლიზინგის სარგებელი – ლიზინგის ხელშეკრულების მთლიან ფასსა და ლიზინგის საგნის საწყის ღირებულებას (ლიზინგის საგნის ნარჩენი ღირებულების გამოკლებით) შორის სხვაობა;

ზ) შეღავათიანი პერიოდი – ლიზინგის საწყისი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიმღები არ იხდის ლიზინგის საზღაურს;

თ) ქველიზინგი – მიმღების მიერ მესამე პირისათვის ლიზინგის საგნით სარგებლობის უფლების გადაცემა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე;

ი) ლიზინგის საგნის გამყიდველი – ლიზინგის საგნის მესაკუთრე ან მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ლიზინგის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს გამცემს ან მიმღებს.

    მუხლი 2. ლიზინგის სახეები

ლიზინგის სახეებია:

ა) პირდაპირი ლიზინგი, როდესაც გამცემი თვითონ არის ლიზინგის საგნის მესაკუთრე ან მწარმოებელი;

ბ) კომპენსაციური ლიზინგი, როდესაც მიმღები ლიზინგის საზღაურს იხდის პროდუქციით (საქონელი, სამუშაო, მომსახურება);

გ) სერვისული ლიზინგი, როდესაც ლიზინგის ხელშეკრულება ითვალისწინებს გამცემის ან მის მიერ მოწვეული პირის მიერ ლიზინგის საგნის მართვას, დაზღვევას, საგარანტიო მომსახურებას, რემონტს და ა.შ.;

დ) სუფთა ლიზინგი, როდესაც ლიზინგის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გამცემის მიერ ლიზინგის საგნის რაიმე სახით მომსახურებას.

 

 

 

თავი II.

ლიზინგის ხელშეკრულება

    მუხლი 3. ლიზინგის ხელშეკრულება

1. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის მხარეების მიერ დადებული ხელშეკრულება ლიზინგის ხელშეკრულებად ჩაითვლება, თუ იგი ითვალისწინებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას მიმღები ხდება ლიზინგის საგნის მესაკუთრე ისე, რომ არ იხდის დამატებით თანხას ან ეს თანხა უმნიშვნელოა;

ბ) ლიზინგის ხელშეკრულების ვადა არსებითად უთანაბრდება ან მეტია ლიზინგის საგნის ეკონომიკური მომსახურების ვადაზე და მიმღები ხდება ლიზინგის საგნის მესაკუთრე უმნიშვნელო თანხის გადახდით;

გ) ლიზინგის ხელშეკრულების ვადა არსებითად უთანაბრდება ან მეტია ლიზინგის საგნის ეკონომიკური მომსახურების ვადაზე და მიმღებს არა აქვს უფლება შეწყვიტოს ლიზინგის ხელშეკრულება სულ ცოტა ლიზინგის საზღაურის სრულად გადახდის გარეშე;

დ) ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საწყისი ვადის გასვლისას მიმღები ვალდებულია გააგრძელოს ლიზინგი ლიზინგის საგნის ეკონომიკური მომსახურების სრული ან არსებითად სრული ვადით ან იყიდოს ლიზინგის საგანი;

ე) ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საწყისი ვადის გასვლისას მიმღებს უფლება აქვს გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ლიზინგს ლიზინგის საგნის ეკონომიკური მომსახურების სრული ან არსებითად სრული ვადით დამატებითი თანხის გადახდის გარეშე ან ლიზინგის გაგრძელების მომენტისათვის ლიზინგის საგნის საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლები თანხის გადახდით;

ვ) ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საწყისი ვადის გასვლისას მიმღებს უფლება აქვს გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ლიზინგის საგნის მესაკუთრე დამატებითი თანხის გადახდის გარეშე ან მესაკუთრედ გახდომის მომენტისათვის ლიზინგის საგნის საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლები თანხის გადახდით.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობისა, ლიზინგის ხელშეკრულებაში, როგორც წესი, აღნიშნული უნდა იყოს, რა შემთხვევაში ითვლება ლიზინგის საგანი მიღებულად და ლიზინგის საგნის მიღების ვადა.

    მუხლი 4. ქველიზინგის ხელშეკრულება

1. ქველიზინგის ხელშეკრულება წარმოადგენს ლიზინგის ფორმის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზედაც მიმღები ლიზინგის საგანს გადასცემს მესამე პირს.

2. გამცემის წერილობითი თანხმობის გარეშე ქველიზინგი დაუშვებელია.

    მუხლი 5. ლიზინგის ხელშეკრულების რეგისტრაცია

1. გამცემს შეუძლია ლიზინგის ხელშეკრულება რეგისტრაციაში გაატაროს შესაბამის საჯარო რეესტრში.

2. თუ ლიზინგის ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული შესაბამის საჯარო რეესტრში, ეს გარემოება არ წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს.

თავი III.

ლიზინგის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 6. გამცემის საკუთრების უფლების დაცვა

ლიზინგის საგანი ცალკე უფლების ობიექტია და მიუხედავად იმისა, როგორ იქნება დაკავშირებული იგი სხვა უძრავ ან მოძრავ ნივთთან, გამცემის საკუთრების უფლება ლიზინგის საგანზე ძალაში რჩება ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად მიმღების საკუთრებაში ლიზინგის საგნის გადასვლის მომენტამდე.

    მუხლი 7. გამცემის უფლება-მოვალეობები

1. გამცემს შეუძლია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი უფლებები ან მათი ნაწილი გადასცეს მესამე პირს. ამასთან, ამ უფლებების გადაცემა არ ათავისუფლებს გამცემს ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებისაგან და არ ცვლის ლიზინგის ხელშეკრულების არსს.

2. მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამცემს უფლება აქვს მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება.

3. ლიზინგის ხელშეკრულების მოშლამდე გამცემი ვალდებულია თავის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეტყობინება ლიზინგის ხელშეკრულების მოშლის შესახებ გაუგზავნოს მიმღებს ლიზინგის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მიმღების ბოლო ცნობილ მისამართზე. ამ შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს ის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის გამოც გამცემი აპირებს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლას, და ვადა, რომელიც მიმღებს ეძლევა ვალდებულების შესასრულებლად. ეს ვადა არ უნდა იყოს 15 დღეზე ნაკლები. თუ ვალდებულება შესრულდება გამცემის მიერ განსაზღვრულ დროში, ლიზინგის ხელშეკრულება არ მოიშლება.

4. გამცემს უფლება აქვს არ განუსაზღვროს მიმღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა, თუ აშკარაა, რომ:

ა) მიმღებს არ შეუძლია ვალდებულების შესრულება;

ბ) ლიზინგის საგანს მნიშვნელოვნად დაზიანების საფრთხე ემუქრება;

გ) ლიზინგის საგნის ადგილსამყოფელი შეიძლება შეიცვალოს გამცემის ნებართვის გარეშე.

5. გამცემს უფლება აქვს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლისთანავე დაიბრუნოს ლიზინგის საგანი.

6. მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამცემს უფლება აქვს მიმღებს მოსთხოვოს ლიზინგის საზღაურის მთლიანი თანხის გადახდა და გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის გადასვლასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ამ მუხლის შესაბამისად ლიზინგის საგანზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებების მოპოვების მომენტისათვის ლიზინგის საგნის საბაზრო ფასისა და იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მიმღებმა უკვე გადაიხადა ლიზინგის საზღაურის სახით. თუ ასეთი გაანგარიშების შედეგად მიიღება დადებითი რიცხვი, მიმღები ვალდებულია გადაუხადოს გამცემს ამ რიცხვის შესაბამისი თანხა, ხოლო თუ მიიღება უარყოფითი რიცხვი, გამცემი ვალდებულია გადაუხადოს მიმღებს ამ რიცხვის დადებითი ეკვივალენტის შესაბამისი თანხა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგის საგნის საბაზრო ფასის განსაზღვრისას სხვა ფაქტორებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს გამცემის მიერ ლიზინგით გადაცემული ლიზინგის საგნის გაყიდვის ან ლიზინგის საგნის განმეორებითი ლიზინგით გადაცემის ფასი და პირობები.

    მუხლი 8. მიმღების უფლება-მოვალეობები

1. მიმღებს შეუძლია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი უფლებები მესამე პირს გადასცეს მხოლოდ გამცემის წერილობითი თანხმობით.

2. მიმღების მიერ ლიზინგის საგნის მიღების მომენტიდან მთელი პასუხისმგებლობა ლიზინგის საგნის დაზიანებაზე ან დაღუპვაზე გადადის მიმღებზე.

3. თუ მიმღების თანხმობის გარეშე ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით მიმღებს მიადგა ზიანი ან მხარეების მიერ ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. მიმღებს შეუძლია სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელიც მას მიადგა გამცემის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და ლიზინგის ხელშეკრულების პირობების დარღვევით ლიზინგის საგნის დაბრუნებისას. ამასთან, მიმღებს არა აქვს უფლება მოითხოვოს თავის მფლობელობაში ლიზინგის საგნის აღდგენა.

    მუხლი 9. მიმღების უფლებები ლიზინგის საგნის გამყიდველის მიმართ

1. ლიზინგის საგნის გამყიდველის ყველა ვალდებულება განსაზღვრული გამცემსა და ლიზინგის საგნის გამყიდველს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, აგრეთვე ლიზინგის საგნის გამყიდველის მიერ გამცემისათვის მიცემული ყველა სახის გარანტია სრულდება მიმღების სასარგებლოდ ისე, თითქოს მიმღები იყოს ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე, თუ ლიზინგის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. გამცემი ლიზინგის საგნის გამყიდველთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ასლს გადასცემს მიმღებს ან სხვა ფორმით აცნობებს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და გარანტიებს მანამ, სანამ მიმღები ვალდებული გახდება ლიზინგის ხელშეკრულებით.

თავი III.

კონტროლი

    მუხლი. 10. მიმღების ვალდებულებები გამცემის მიერ კონტროლის განხორციელებისას

1. გამცემს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებისა და სხვა თანმხლები ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე.

2. მხარეები ლიზინგის ხელშეკრულებით ან სხვა თანმხლები ხელშეკრულებებით წინასწარ განსაზღვრავენ ამავე ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზანსა და წესს.

3. მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს გამცემის შეუფერხებელი დაშვება ლიზინგის საგანთან და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.

4. გამცემს უფლება აქვს მიმღებს წერილობით მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ხოლო მიმღები ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

თავი IV.

ანგარიშსწორების წესი

    მუხლი 11. ანგარიშსწორების წესი

1. ლიზინგის საზღაურის მოცულობა, გადახდის წესი და პერიოდულობა განისაზღვრება ლიზინგის ხელშეკრულებით. თუ მიმღები და გამცემი ანგარიშსწორებას ახორციელებენ პროდუქციის მეშვეობით, ამ შემთხვევაში პროდუქციის ფასი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ან მისი საბაზრო ფასით.

2. მიმღების მიერ ლიზინგის საზღაურის გადახდის ვალდებულება ძალაშია ლიზინგის საგნის მიღების მომენტიდან, რომელიც განსაზღვრულია ლიზინგის ხელშეკრულებით, ხოლო შეღავათიანი პერიოდის არსებობის შემთხვევაში – ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული თარიღიდან.

თავი V.

გაკოტრება

    მუხლი 12. მიმღების გაკოტრება

მიმღების გაკოტრების შემთხვევაში ლიზინგის ხელშეკრულებით მიღებული ლიზინგის საგანი არ წარმოადგენს გაკოტრების მასის ნაწილს.

    მუხლი 13. გამცემის გაკოტრება

გამცემის გაკოტრების შემთხვევაში მის კრედიტორებს არა აქვთ იმაზე მეტი უფლება ლიზინგის საგანზე, ვიდრე გამცემს ექნებოდა ლიზინგის ხელშეკრულებით.

 

თავი VI.

დასკვნითი დებულება

    მუხლი 14. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 7 მაისი.

№1392_IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.  ძალადაკარგულია – საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.