დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 334 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.08.002.016499 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №334
2012 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის თანდართული ფორმა .
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობის ნიმუში და აღწერილობა.
3. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს მათი მოქმედების ვადით.
4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ ბრძანებულები ს პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობების დამზადება და საამისოდ საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.
მ. სააკაშვილი
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის ფორმა
მუხლი 1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობა
1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობა (შემდეგში – მართვის მოწმობა) მზადდება ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილი და ლამინირებული ერთიან მონოსხეულად სიმხურვალისა და წნევის პირობებში.
2. ISO/IEC 7810-ის მიხედვით მოწმობის ნომინალური ზომებია: სიგანე: 85.60 მმ (85.47 მმ – 85.72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54.00 მმ (53.92 მმ – 54.03 მმ, ISO/lEC 7810), სისქე: 0.80 მმ (0.76 მმ – 0.84 მმ, ISO/lEC 7810).
მუხლი 2. მართვის მოწმობის დიზაინი
1. მართვის მოწმობის წინა მხარე, ავერსი – სურათი №1.
2. მართვის მოწმობის უკანა მხარე, რევერსი – სურათი №2.
მუხლი 3. მართვის მოწმობის მონაცემები
1. მართვის მოწმობაში მონაცემები აღინიშნება შემდეგი ნუმერაციით:
ა) 1. გვარი;
ბ) 2. სახელი;
გ) 3. დაბადების თარიღი და ადგილი;
დ) 4 a. მოწმობის გაცემის თარიღი – მიეთითება მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;
ე) 4 b. მოწმობის გაუქმების თარიღი – მიეთითება თარიღი, როდესაც მართვის მოწმობას ეწურება მოქმედების ვადა. იმ შემთხვევაში, თუ მართვის მოწმობა გაიცემა მოქმედების განუსაზღვრელი ვადით, აღნიშნულ გრაფაში გაევლება მოკლე ჰორიზონტალური ხაზი;
ვ) 4 c. მოწმობის გამცემი ორგანო – მიეთითება მართვის მოწმობის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს შემოკლებული დასახელება;
ზ) 4 d. მფლობელის პირადი ნომერი – მიეთითება მფლობელის პირადი ნომერი პასპორტის, პირადობის ან ბინადრობის მოწმობის შესაბამისად;
თ) 5. მოწმობის ნომერი – მიეთითება მართვის მოწმობის უნიკალური ნომერი;
ი) 6. მფლობელის ფოტოსურათი – ფოტოსურათის ამსახველი ნუმერაციის ციფრი „6“ მართვის მოწმობის ავერსზე შეიძლება არ იქნეს დატანილი;
კ) 7. მფლობელის ხელმოწერა – მფლობელის ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც დაიტანება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;
ლ) 8. მფლობელის საცხოვრებელი ადგილი – მიეთითება მფლობელის მისამართი, რომელზეც იგი არის რეგისტრირებული ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მისამართი;
მ) 9. კატეგორია (ქვეკატეგორია) – მიეთითება სატრანსპორტო საშუალებების ის კატეგორია (ქვეკატეგორია), რომელზეც ვრცელდება მართვის მოწმობა, ამასთან ავერსზე მიეთითება ის კატეგორია (ქვეკატეგორია), რომლის ტარების უფლებაც მინიჭებული აქვს მფლობელს, ხოლო რევერსზე – იმ კატეგორიის (ქვეკატეგორიის) პიქტოგრამებით ასახული ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება გაიცეს მართვის მოწმობა;
ნ) 10. კატეგორიის (ქვეკატეგორიის) მინიჭების თარიღი – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების ყოველი კატეგორიისათვის (ქვეკატეგორიისათვის) მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;
ო) 11. კატეგორიის (ქვეკატეგორიის) გაუქმების თარიღი – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების ყოველი კატეგორიისათვის (ქვეკატეგორიისათვის) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის დასრულების თარაღი;
პ) 12. საინფორმაციო კოდები – მიეთითება დამატებითი ინფორმაცია ან კოდირებული სახით შეზღუდვები, რომლებიც ეხება სატრანსპორტო საშუალებების ყოველ კატეგორიას (ქვეკატეგორიას).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 1-9 ნუმერაციის მქონე მონაცემები დაიტანება მართვის მოწმობის ავერსზე, ხოლო 9-12 ნუმერაციის მქონე მონაცემები – რევერსზე.
მუხლი 4. უსაფრთხოების მახასიათებლები
1. მართვის მოწმობა უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) უსაფრთხო ბეჭდვა:
ა.ა) ოფსეტური ბეჭდვა;
ა.ბ) ცისარტყელისებური ბეჭდვა;
ა.გ) ფოტოსურათისა და საიდენტიფიკაციო (ქართულ-ინგლისური) წარწერების დატანა ლაზერული გრავირების მეთოდით;
ა.დ) სხვადასხვა ტიპის ისეთი სტრუქტურების ბეჭდვა, რომლებიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებას და სკანირებას, რომლებიც მთლიანობაში შექმნიან ბარათის დამცავ ბადეს;
ა.ე) ორფერიანი გილიოში (ორნამენტი) დაბეჭდილი ფერთა გრადაციით;
ა.ვ) ვაზის ქართული ორნამენტი (მარცხენა მხარეს, მთელ კიდეზე ვერტიკალურად გასდევს ქართული ორიგინალური ორნამენტი, რომელიც ნაწილობრივ გადადის ფოტოსურათზე);
ა.ზ) ფოტოსურათის არის დაცვა ხაზოვანი სტრუქტურით, რომელშიც უნდა იკითხებოდეს მიკროტექსტები;
ა.თ) ფონში, რომელიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებას და სკანირებას, ინტეგრირებული მიკროტექსტი;
ა.ი) რელიეფური (ამოტვიფრის გზით) დაბეჭდილი მიკროტექსტი;
ა.კ) ხელოვნური ორთოგრაფიული შეცდომა;
ბ) მელანი და გამოსახულების შექმნის სხვა საშუალებები:
ბ.ა) ულტრაიისფერი მელანი (მართვის მოწმობაზე ულტრაიისფერი მელნით დატანილი გამოსახულებები უხილავია ჩვეულებრივი განათების პირობებში და ხილული ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ);
ბ.ბ) ჰოლოგრამა ან კინეგრამა;
ბ.გ) რელიეფური (ამოტვიფრული) სტრუქტურით შექმნილი გამოსახულება;
ბ.დ) ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2 D ბარკოდი“.
2. უსაფრთხოების მახასიათებლების მართვის მოწმობაზე დატანის პირობებს განსაზღვავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია მართვის მოწმობის დამზადებისას გამოიყენოს უსაფრთხოების დამატებითი მახასიათებლები.
სურათი №1

სურათი №2

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები