საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6144-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.016711
  • Word
6144-Iს
08/05/2012
ვებგვერდი, 25/05/2012
060000000.05.001.016711
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

1. 70 -ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.“;

ბ) მე -3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72 -ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73 -ე მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.“.

2 . 71-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.“.

3. 73-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში.“;

დ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.“.

4. 184-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.“.

მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6144- I