დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6239-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010010000.01.001.016007 |
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის იმპიჩმენტის წესით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.“.
2. 97-ე მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. იგი უფლებამოსილია აგრეთვე შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და კანონით.
3. წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ − თავისი საქმიანობის ანგარიშს.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი, დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება კანონით.“.
მუხლი 2. საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 22 მაისი.
№6239-I ს
დოკუმენტის კომენტარები