საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6549-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.016848
  • Word
6549-Iს
22/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
090000000.05.001.016848
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 46-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით.“.

2. 53-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ აღნიშვნა კეთდება შესაბამის ოქმში.“.

3. 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს მხარეთა (თუ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.“.

4. 120-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის ამოღებაც ხდება მისი შინაარსის გამო.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დასაშვებია ჩხრეკის ან/და ამოღების ადგილზე მყოფი პირის პირადი ჩხრეკა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დამალა ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ასეთი შემთხვევა ითვლება გადაუდებელ აუცილებლობად და პირადი ჩხრეკა ტარდება სასამართლოს განჩინების გარეშე. ჩხრეკის ან/და ამოღების კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.“.

5. 121-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.“.

6. 131-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა იყოს დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას შეხება ჰქონდა ამოსაცნობ ობიექტთან. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.“;

ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 9 ნაწილი:

„9. ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება.“.

7. 134-ე მუხლის :

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი; მისი დაწყებისა და დამთავრების დრო; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები; იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება; საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. შედგენის შემდეგ საგამოძიებო მოქმედების ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, გამოთქვან შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერით.“.

 8. 135-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს), რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი            . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6549- I