საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 13/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.787
  • Word
407
28/06/2000
სსმ, 26, 13/07/2000
060.000.000.05.001.000.787
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, № 47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ბ“ ქვეპუნქტად.

2. 26-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში“ შეიცვალოს სიტყვებით „იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის,“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „საქმეს გადასცემს საოლქო სასამართლოს“ შეიცვალოს სიტყვებით „განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას ამ საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით“.

3. 34-ე მუხლის მე-6 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში ანდა საოლქო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული მიზეზის გამო შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნა, საქმე უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სხვა, შესაბამისი სასამართლოსათვის გადასაცემად.“.

4. 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ;“.

5. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს სიტყვის „საჩივრისათვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე განცხადებისათვის დავალიანების ამოღების თაობაზე გადახდის ბრძანების მიღების შესახებ“.

6. 53-ე მუხლის პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.“.

7. 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვისა.“.

8. 182-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ სასამართლოს წარმოებაში არის რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარეები მონაწილეობენ, სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.“

9. 185-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, იგი გამოიტანს განჩინებას ამ ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მისცემს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სარჩელს უმოძრაოდ დატოვებს და მოსარჩელეს დაუბრუნებს. სასამართლოს განჩინებაზე სარჩელის უმოძრაოდ დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.

10. 194-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის „საჩივარი“ წინ დაემატოს სიტყვა „კერძო“.

11. 218-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.“.

12. 236-ე მუხლს სიტყვის „მხარეს,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია გადაწყვეტილება,“.

13. 250-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მხარეთა ასეთი განცხადება აისახება ოქმში, რომელსაც ისინი დაადასტურებენ თავიანთი ხელმოწერებით.“

14. 252-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობით სარეზოლუციო ნაწილში მიუთითოს გადასახდელი თანხის ხასიათზე, აგრეთვე იმაზე, თუ ბანკში მოპასუხის რომელი თანხიდან უნდა ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა.“.

15. 257-ე მუხლში ციფრი „5“ შეიცვალოს რიცხვით „14“, ხოლო იმავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და როდესაც ამას მხარე მოითხოვს“.

16. 264-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.“.

17. 287-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ, აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები, ოქმის შედგენა სავალდებულოა.“.

18. 367-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად (თუ იგი გათავისუფლებული არ არის ბაჟის გადახდისაგან),“.

19. 368-ე მუხლის მე-5 ნაწილს სიტყვის „მოთხოვნებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი“.

20. 369-ე მუხლის:

ა) პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მას სიტყვის „გაგრძელება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(აღდგენა)“, ხოლო ბოლოში – შემდეგი წინადადება: „გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.“;

ბ) მე-2 ნაწილს სიტყვის „გადაწყვეტილების“ წინ დაემატოს სიტყვა „დასაბუთებული“.

21. 374-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

2. ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.“.

22. 376-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.“.

23. 378-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „კანონიერ ძალაში შესვლამდე“ შეიცვალოს სიტყვით „გამოტანამდე“.

24. 395-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად (თუ იგი გათავისუფლებული არ არის ბაჟის გადახდისაგან),“.

25. 396-ე მუხლის მე-3 ნაწილს სიტყვის „მოთხოვნებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი“.

26. 397-ე მუხლის:

ა) პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მას სიტყვის „გაგრძელება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(აღდგენა)“, ხოლო ბოლოში – შემდეგი წინადადება: „გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.“;

ბ) მე-2 ნაწილს სიტყვის „გადაწყვეტილების“ წინ დაემატოს სიტყვა „დასაბუთებული“.

27. 401-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

2. ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.“.

28. 403-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.“.

29. 424-ე მუხლის პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 28 ივნისი.

№407-IIს