საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 872
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.413
  • Word
872
26/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
230.000.000.05.001.003.413
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლებელია საბაჟო ორგანოს თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის მიზნებისათვის, საქართველოს საქონელი არის:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ზონისა) მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი, ამ კოდექსის მე-7 მუხლის 39-ე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნარჩენებისა);

ბ) უცხო ქვეყნიდან/თავისუფალი ზონიდან შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი;

გ) ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოს მიერ განკარგული საქონელი;

დ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი;

ე) ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემოტანილი საქონელი;

ვ) მხოლოდ საქართველოს საქონლისაგან წარმოებული ან მიღებული საქონელი;

ზ) საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვებული უცხოური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იდენტური საქონელი – საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა. უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას.

11. მსგავსი საქონელი – საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.“;

ბ) 26-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. საბაჟო პროცედურები – საბაჟო ორგანოში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა და დათვალიერება; სათანადო დოკუმენტების არსებობის ან/და მათი უტყუარობის დადგენა; ზოგადი დეკლარირება; საბაჟო დეკლარირება; დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაცია; დეკლარირებული მონაცემების შემოწმება; დეკლარირებულ მონაცემებთან დაკავშირებული საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის შემოწმება; საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება; საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესრულების შემოწმება; საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება; საბაჟო გადასახდელების გადახდა; მგზავრის პირადი ნივთების შემოწმება; აგრეთვე საბაჟო ორგანოების ან მათი უფლებამოსილი პირების ოფიციალური მოთხოვნა ან/და ქმედება, რომლის მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულება.“;

გ) 38-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე ნაწილი:

„39. მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი:

ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული ამ ქვეყნის წიაღიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან;

ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში;

გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;

დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები;

ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქცია;

ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, რომელიც მოპოვებულია ამ ქვეყნის გემის საშუალებით;

ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან;

თ) პროდუქცია, რომელიც მიღებულია ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან, მხოლოდ იმ პირობით, რომ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები;

ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;

კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია ამ ქვეყანაში, ამ ნაწილის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პროდუქციისაგან.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. წარმომადგენელი

1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა ჰქონდეს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.

2. პირის წარმომადგენლად ითვლება პირი, რომლის უფლებამოსილებაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად წარმოიშობა დავალების (ერთჯერადი მინდობილობის ან გენერალური მინდობილობის, ხელშეკრულების ან მისი შემცვლელი დოკუმენტის) საფუძველზე, რომლითაც წარმომადგენელმა შეიძლება იკისროს განსაზღვრული საბაჟო პროცედურის ან საბაჟო პროცედურების განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ კოდექსის შესაბამისად გასაჩივრების ვალდებულება.

3. წარმომადგენლობა შეიძლება იყოს:

ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და მისივე დავალებით;

ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით.

4. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარმომადგენელი შეიძლება იყოს პირი (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული პირისა), რომლის პასუხისმგებლობაც საბაჟო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით. გარანტიის წარდგენისა და გამოყენების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

5. წარმომადგენლისათვის ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პირობები არ ვრცელდება ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დროს და ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას მის დასრულებამდე წარმომადგენელი ისევე ასრულებს ყველა ვალდებულებას, როგორც შეასრულებდა საქონლის მესაკუთრე ან/და მფლობელი ან/და დეკლარანტი, და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს ან/და დეკლარანტს.

7. საბაჟო ორგანო ვალდებულია, წარმომადგენელს მოსთხოვოს წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარმომადგენელი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი).

8. წარმომადგენლობაზე დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი) არ მოითხოვება, თუ საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას, (მეურვე, მშობელი და სხვ.) – შესაბამისი დოკუმენტი.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება

1. პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახური იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანი ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით.

3. გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის მიზნით პირი ვალდებულია საბაჟო ორგანოში წარადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს დეკლარირებული საქონლის შესახებ ინფორმაციის სრულ შესაბამისობას გადაწყვეტილებაში მოცემულ ინფორმაციასთან.

4. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება მოქმედებს 90 დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მომენტისათვის წინასწარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი (გადაწყვეტილებაში აღნიშნული მონაცემები) არ შეცვლილა საბაჟო ორგანოსა და დაინტერესებული პირის ნებისგან დამოუკიდებლად.

5. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღებაზე თანხმობის ან უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

6. მე-15 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარანტმა ან/და ამ კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ორგანოში საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა და საბაჟო ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისათვის საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად სათანადო დახმარების გაწევა.“.

7. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) მიერ საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია არის კომერციული საიდუმლოება და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ ქვეყანასთან საბაჟო სფეროში დადებული უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნის შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთ მგზავრებთან ან/და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით.“.

8. მე-20 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო პროცედურების განხორციელებამდე საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა. საბაჟო კონტროლის ზონაში ეკონომიკური საქმიანობა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების გადაადგილება დაიშვება მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობითა და კონტროლით, გარდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო პუნქტებისა. ასეთ შემთხვევებში საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო პუნქტების საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლის, გადაადგილების, ზონის დატოვების წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

9. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. საბაჟო ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს, საბაჟო საქმის ორგანიზების მიზნით, საქონლის ექსპერტიზისა და სხვა გამოკვლევის ჩასატარებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას საბაჟო ლაბორატორიები.

2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, სავალდებულო საბაჟო პროცედურების განხორციელების გარდა, დამატებით გასწიოს საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

3. საბაჟო ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის აღნიშვნებს სამგზავრო დოკუმენტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. ამ მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირს მოსთხოვოს და შეუმოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან საქართველოდან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.

10. 26-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება:

ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სესესნ);

ბ) საბაჟო გადასახდელების განაკვეთებისაგან ან შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ;

გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან);

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

11. 31-ე–38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებანი

1. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ითვალისწინებს დეკლარირების დღისათვის საქონლის შეფასებას საბაჟო გადასახდელების და სხვა სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების გამოყენების მიზნებისთვის.

2. ამ კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი.

3. ამ თავის მიზნებისათვის, პირები ურთიერთდამოკიდებულად ჩაითვლებიან, თუ:

ა) ისინი არიან ერთმანეთის საწარმოების/კომპანიების ხელმძღვანელი პირები ან დირექტორები;

ბ) ისინი არიან საქმიანობაში კანონიერად აღიარებული პარტნიორები;

გ) ისინი არიან დამსაქმებელი და დასაქმებული;

დ) არსებობს მესამე პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფლობს, აკონტროლებს ან აქვს ორივე პირის ხმის უფლების მქონე აქციების 5 ან მეტი პროცენტი;

ე) ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მეორეს;

ვ) ორივე პირს პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირი;

ზ) ისინი ერთად პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებენ მესამე პირს;

თ) ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

31. ამ თავის მიზნებისათვის, საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირები, რომელთაგან ერთი არის მეორის ექსკლუზიური აგენტი, დისტრიბუტორი ან კონცესიონერი, ურთიერთდამოკიდებულად ჩაითვლებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამებიან ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

4. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით:

ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);

ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);

გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);

დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);

ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);

ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს შეცვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.

6. საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი ამ თავის შესაბამისად, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

8. „იდენტურ საქონლად“ და „მსგავს საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

9. როდესაც ამ კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი მოიცავს თანხას, რომელიც არის საქონლის წარმოშობის ან ექსპორტის ქვეყანაში გადახდილი შიდა გადასახადი, აღნიშნული თანხა არ უნდა იქნეს ჩართული საბაჟო ღირებულებაში, თუ საბაჟო ორგანოს წარედგინება დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ეს თანხა დაუბრუნდა ან დაუბრუნდება გამყიდველს.

10. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მიზნებისათვის, ის ფაქტი, რომ საქონელი გაყიდვის საგანია და დეკლარირებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, საკმარისია, რომ ეს საქონელი ჩაითვალოს საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულად. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საქართველოში ექსპორტირების მიზნით გაყიდვის შემდეგ განხორციელდა საქონლის გადაყიდვა (მათ შორის, საბაჟო საწყობის რეჟიმში მოთავსებული საქონლის გადაყიდვა), საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირებამდე განხორციელებული ბოლო გაყიდვის ფასი, იმ პირობით, რომ ასეთი გადაყიდვა მიზნად არ ისახავდა საბაჟო ღირებულების ხელოვნურად შემცირებას.

11. თუ საქონელი საქართველოში ექსპორტირების მიზნით გაყიდვის შემდეგ, თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გაფორმებამდე გამოიყენებოდა ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, ეს შეიძლება გახდეს გარიგების ფასის მეთოდის (პირველი მეთოდი) გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.

12. ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის:

ა) თუ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის ფასი ფაქტობრივად არ არის გადახდილი (ან სრულად არ არის გადახდილი), საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი;

ბ) თუ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო მაღალია, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი;

გ) თუ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი (ფაქტობრივად გადახდილი) ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო დაბალია, ვიდრე გადახდილი, დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი, თუ ის არის თავდაპირველი კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულება.

13. თუ დეკლარირებული საქონელი ერთი ტრანზაქციით შეძენილი სასაქონლო პარტიის ნაწილია, საქონლის გარიგების ფასი ისეთივე პროპორციით უნდა შეეფარდებოდეს მთლიანი პარტიის ფასს, როგორითაც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა – მთლიანი პარტიის რაოდენობას. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი ასევე პროპორციულად გადანაწილდება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ნაწილი დაიკარგა.

     „მუხლი 32. გარიგების ფასის მეთოდი

1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება არის გარიგების ფასი, ანუ საექსპორტოდ გაყიდულ საქონელში ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი (ამ კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით), თუ:

ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც:

ა.ა) დადგენილია ან მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით;

ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა;

ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე;

ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომლის შეფასება (ღირებულების დადგენა) შეუძლებელია საქონლის ღირებულებასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირობის ან გარემოების ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია, ეს ღირებულება ჩაითვლება მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და შესაბამისად განიხილება, როგორც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილი;

გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არც ერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ კოდექსის 38-ე მუხლის დებულებების მიხედვით;

დ) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, გარიგების ფასის მიღების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.

2. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, მხოლოდ ეს ფაქტი, ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ არის გარიგების ფასის მიუღებლობის საკმარისი საფუძველი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი მიიღება იმ პირობით, რომ ამ ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია ფასზე, და საქონლის გარიგების ფასი ჩაითვლება საქონლის საბაჟო ღირებულებად. თუ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი ან რაიმე სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბაჟო ორგანოს წარმოეშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საბაჟო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს, რომლებზედაც დეკლარანტს უფლება აქვს, წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება. დეკლარანტის მოთხოვნით საბაჟო ორგანო თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს წერილობით აფორმებს და წარუდგენს დეკლარანტს.

3. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის გარიგების ფასი მიიღება იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად, თუკი დეკლარანტი წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან:

ა) იმპორტირებული იდენტური საქონლის ან იმპორტირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა მიჰყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირს (მყიდველს);

ბ) ამ კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური საქონლის ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;

გ) ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური საქონლის ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გამოიყენება მხოლოდ დეკლარანტის სურვილით და მხოლოდ შედარებისათვის. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ დონეებს შორის, რაოდენობრივ დონეებს შორის, ამ კოდექსის 38-ე მუხლში ჩამოთვლილ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.

5. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც გადაუხადა ან უნდა გადაუხადოს მყიდველმა გამყიდველს ან გადაიხადოს გამყიდველის სასარგებლოდ. იგი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ისე ირიბს, რომელიც არის საქონლის გაყიდვის პირობა, გადახდილი მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ან გამყიდველის მოთხოვნით მესამე პირისათვის. შესაძლებელია გადახდა აკრედიტივით ან თავისუფლად ბრუნვადი ფასიანი ქაღალდებით, პირდაპირ ან ირიბად.

    მუხლი 33. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე მუხლის დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:

ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟოს ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია იმპორტირებული საქონლისა და მისი იდენტური საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით, დაშვებულია კორექტირება.

4. თუ გამოვლინდა იდენტური საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის კორექტირების საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება.

5. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის, იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). ცალკეული სახის საქონლისათვის, რომლის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის დროის მცირე მონაკვეთში, განსხვავებული, შემცირებული ვადა დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 34. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ მსგავსი საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:

ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია იმპორტირებული საქონლისა და მისი მსგავსი საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით, დაშვებულია კორექტირება.

4. თუ გამოვლინდა მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის კორექტირების საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება.

5. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის, მსგავსი იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). ცალკეული სახის საქონლისათვის, რომლის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის დროის მცირე მონაკვეთში, განსხვავებული, შემცირებული ვადა დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 35. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი

1. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება იმ საქონლის ერთეულის ფასით, რა ფასადაც იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე დროს ან იმპორტირებული შესაფასებელი საქონლის იმპორტირების შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა იმპორტირების თარიღიდან (ამ მუხლის მიზნებისათვის იმპორტირების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის თარიღი) იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად, რომელიც ექვემდებარება შემდეგი სახის დაქვითვებს:

ა) ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი ან გადასახდელი საკომისიოები ან იმპორტირებული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დამატებითი თანხა, რომელიც საქართველოში მიეკუთვნება იმავე კლასის ან ტიპის საქონელს და რომელშიც, ჩვეულებრივ, შეიტანება მოგება და საერთო ხარჯები;

ბ) საქართველოში ჩვეულებრივ განხორციელებული სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელები, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის შემოტანასთან ან მიწოდებასთან.

2. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, დეკლარანტის მოთხოვნით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასადაც საქართველოში გადამუშავების შემდგომ იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად. ამასთანავე, იმპორტირებული საქონლის ფასიდან აუცილებლად უნდა გამოიქვითოს მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება, აგრეთვე გადასახდელები, ხარჯები და გადასახადები, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ ნაწილში.

    მუხლი 36. შედგენილი ღირებულების მეთოდი

1. საქონლის საბაჟო ღირებულებად ითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:

ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება;

ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას;

გ) ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს:

ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს;

ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია.

3. თუ საქონლის შედგენილი ღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნება სხვა ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მოწოდებულია მწარმოებლის მიერ ან მისი სახელით, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა აცნობოს ამ ინფორმაციის წყაროს გამოყენებული მონაცემების და ამ მონაცემებზე დაფუძნებული გამოთვლების შესახებ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „საერთო ხარჯები“ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

    მუხლი 37. სარეზერვო მეთოდი

1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე და 36-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგად დებულებებს და იმპორტიორ ქვეყანაში არსებულ მონაცემებს.

2. სარეზერვო მეთოდის დროს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება:

ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი;

ბ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე;

გ) სხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი;

დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება;

ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები;

ვ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი;

ზ) წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის ამ კოდექსის 36-ე მუხლის დებულებების მიხედვით.

3. თუ იმპორტიორი მოითხოვს, მას წერილობითი ფორმით ეცნობება ამ მუხლის დებულებების საფუძველზე განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და გამოყენებული მეთოდის შესახებ.

4. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს უკვე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

    მუხლი 38. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები

1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, იმ პირობით, რომ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში:

ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა („შესყიდვის საკომისიო ხარჯები“ – საკომისიოები, რომლებიც იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ);

ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც საბაჟო მიზნებისათვის განიხილება იმპორტირებულ საქონელთან ერთობლიობაში. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით მისი ღირებულება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე;

გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ღირებულების ჩათვლით.

2. თუ მყიდველის მიერ საქონელი ან მომსახურება გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში:

ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები;

ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი ელემენტები;

გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც ჩართული უნდა იქნეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია თვით მყიდველის მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში, და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან.

5. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.

6. საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება იმპორტირებული საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის იმპორტირებული, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება;

ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები.

7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.

8. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იქნეს ჩართული შემდეგი გადასახდელები და ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები;

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები;

გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეული იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ;

დ) საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის გადაადგილებასთან;

ე) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ:

ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან;

ე.ბ) საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობითი ფორმით;

ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავს შეთანხმებებთან მიმართებით იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება დამფინანსებელი პირი. ეს დებულებები გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი;

ვ) იმპორტირებული საქონლის საქართველოში წარმოების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ხარჯები;

ზ) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები, თუ ეს არ არის საქონლის საქართველოში ექსპორტირებისათვის გაყიდვის პირობა.“.

12. 39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. მე-40 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 32-ე–38-ე მუხლების დებულებებისაგან განსხვავებით, მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი, იმ პირობით, რომ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების ღირებულება დოკუმენტურად განცალკევებულია პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან.“.

14. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამატებითი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოახდინოს საბაჟო ღირებულების კორექტირება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თარიღიდან 6 კალენდარული წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში დეკლარირების კალენდარული წლის დასრულებიდან.“.

15. 43-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული იმ გადამუშავების პროდუქტების საბაჟო ღირებულება, რომლებიც დეკლარირებულია თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, განისაზღვრება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული შესაბამისი გადასამუშავებელი საქონლის საბაჟო ღირებულების ფაქტობრივად გადამუშავებული ნაწილის მიხედვით.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

„3. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული იმ გადამუშავების პროდუქტების საბაჟო ღირებულება, რომლებიც გაიტანება საბაჟო ტერიტორიის გარეთ, განისაზღვრება ექსპორტის საბაჟო ღირებულების პრინციპების შესაბამისად.

4. ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის VI თავის შესაბამისად.“.

16. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50. ზოგადი დეკლარირების ფორმები და მისი წარმდგენი პირი

1. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის.

2. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს პირი:

ა) რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა საქონელი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე, ან რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანს საქონელს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღებს პასუხისმგებლობას მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე;

ბ) რომლის სახელითაც მოქმედებენ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირები.

3. საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დანიშნულების ნავსადგურში ან აეროპორტში ჩასვლისას ან ჩასვლამდე, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლის შემთხვევაში – იმ საბაჟო ტერიტორიის ნავსადგურში ან აეროპორტში, საიდანაც ისინი გადიან ან გათვალისწინებულია მათი გასვლა.

4. ცარიელ და მგზავრთა გადამყვან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებზე ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას.

5. ზოგადი დეკლარირების საფუძველზე საბაჟო ორგანო გამოწერს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის დოკუმენტს (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). აღრიცხვის მოწმობის შევსების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

6. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით, საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენისას ან საქონლის შემოტანამდე. ზოგადი დეკლარირების ფორმები, დეკლარირების ვადა, დეკლარირებისა და დეკლარირებული მონაცემების შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

7. საქონლის შემოტანამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება.“.

17. XI თავი ამოღებულ იქნეს.

18. 61-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, პირის მოთხოვნით შეიძლება დროებით დასაწყობდეს არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. დროებითი შენახვის ვადის აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის მიზნით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე.“.

19. 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონლის მიერ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა აკრძალულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი საბაჟო ტერიტორიიდან, თუ ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შეუძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ამ საქონლის დაუყოვნებლივ გატანა, იგი დროებით უნდა დასაწყობდეს საბაჟო საწყობში ან უნდა მოთავსდეს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში. ამგვარი საქონლის გატანის ვალდებულება და დროებითი შენახვის ხარჯები სოლიდარულად ეკისრებათ საქონლის მიმღებსა და საქონლის მფლობელს. ასეთ შემთხვევაში დროებითი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 კალენდარულ დღეს, რომლის გასვლის შემდეგაც საქონლის განკარგვა მოხდება ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.“.

20. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 642 მუხლი:

     „მუხლი 642. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება

1. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის ბრუნვის აღსაკვეთად და ამ ბრუნვაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით საბაჟო ორგანოები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე, უცხო სახელმწიფოს საბაჟო ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით ან ქვეყნის საბაჟო ან/და სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იყენებენ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმას, რაც გულისხმობს საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ უკანონო ბრუნვაში მოქცეული ზემოთ აღნიშნული საქონლის საქართველოში შემოტანას, საქართველოდან გატანას ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გატარებას.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქონლის მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახური შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებით.

3. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დანიშნულების ქვეყანა უცხო სახელმწიფოა, სისხლის სამართლის საქმე საქართველოში არ აღიძვრება, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური დადგენილი წესით დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს.

4. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

21. 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც გადაიზიდება საქონელი, დეკლარირება ხდება საქონლის წარდგენისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

22. 68-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო დეკლარაციას (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა) უნდა დაერთოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურებისათვის. შესაბამისი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. საბაჟო დეკლარაციის მიმართ ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დოკუმენტების დართვა არ მოითხოვება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

23. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 71. დეკლარირებული მონაცემების შეცვლა

1. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა. ეს ცვლილებები არ შეიძლება ეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული ამ საბაჟო დეკლარაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანისთვის დეკლარანტს არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა მანამ, სანამ:

ა) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

ბ) საბაჟო ორგანომ შეატყობინა დეკლარანტს ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვის თაობაზე;

გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.

3. ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-12 ნაწილის ან/და საქონლის წარმოშობის წესების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დეკლარანტს არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

4. თუ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა დაკავშირებულია ისეთი არასწორი მონაცემების შეცვლასთან, რომლებიც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საბაჟო ორგანოს მიერ შესაძლებელია შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევის დადგენილი წესით დაფიქსირების შემდეგ.

5. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ.

6. საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი და ცვლილებების შეტანისას საბაჟო ორგანოს, დეკლარანტისა და წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

24. 72-ე და 73-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 72. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ან/და ძალადაკარგულად ცნობა

1. საბაჟო დეკლარაციას ბათილად ან/და ძალადაკარგულად ცნობს საბაჟო ორგანო დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება.

2. საბაჟო დეკლარაცია ბათილად ან/და ძალადაკარგულად იქნება ცნობილი საბაჟო ორგანოს ინიციატივით, თუ ამ დეკლარაციის შემოწმებისას დადგინდება, რომ:

ა) საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება შეუძლებელია;

ბ) დეკლარანტმა არ შეასრულა საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის აუცილებელი მოქმედებები და ამ მუხლით დადგენილი წესით არ მიმართა უფლებამოსილ საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაციის ბათილად ან/და ძალადაკარგულად ცნობისათვის.

3. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ან/და ძალადაკარგულად ცნობა არ არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

4. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ან/და ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 73. საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენება

საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად გამოიყენება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის (დეკლარირების) დღისათვის მოქმედი შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.“.

25. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 82. საქონლის იდენტიფიკაცია

საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო ორგანო ახორციელებს საქონლის ნიშანდებას, თუ ეს აუცილებელია მისი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის.“.

26. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 84. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში უცხოური საქონლის (გარდა თავისუფალი ზონიდან შემოტანილი საქონლისა) მიმართ შემოსავლების სამსახური ახორციელებს:

ა) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ და „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;

გ) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისა და სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

27. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 86. საქონლის გაშვება საბაჟო ვალდებულების არსებობისას

1. თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შედეგად წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება, დეკლარირებული საქონელი გაიშვება საბაჟო გადასახდელების გადახდის ან/და ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ.

2. თუ საგარანტიო უზრუნველყოფა გათვალისწინებულია საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, შესაბამის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევა დასაშვებია მხოლოდ გარანტიის წარდგენის შემდეგ.

3. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენის შემდეგ.“.

28. 87-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რომელიც გაშვებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში დატოვება გარკვეული ვადით.“.

29. 90-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში მგზავრის მიზეზით ვერ განხორციელდა საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრისათვის აუცილებელი პროცედურები, საქონლის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 87-ე მუხლის დებულებები.“.

30. 92-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

31. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV1 თავი:

„XIV1 თავი

საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება

    მუხლი 921. საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების ზოგადი დებულებანი

1. ამ თავში განსაზღვრული საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების დებულებები გამოიყენება დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება არის საბაჟო კონტროლის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო პროცედურა, რომლის მიზანია:

ა) ხელი შეუწყოს და წაახალისოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, შეუფერხებლად განხორციელება;

ბ) შეამციროს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურებში საქონლის გაშვებამდე განსახორციელებელი საბაჟო კონტროლის ხვედრითი წილი;

გ) გაზარდოს საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების (საბაჟო საგუშაგოების) გამტარუნარიანობა;

დ) გაზარდოს საბაჟო კონტროლის ეფექტიანობა.

3. სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელება. ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო შემოწმებას ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული წესით.

4. საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება მოიცავს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვებას (დათვალიერებას), კამერალურ საბაჟო შემოწმებასა და გასვლით საბაჟო შემოწმებას.

5. მიმდინარე კონტროლისა და დაკვირვების პროცედურები ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საკითხების მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV და XV თავების შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო შემოწმებასთან დაკავშირებულმა საბაჟო პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს დეკლარანტის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.

7. ამ თავის მიზნებისთვის, სხვა ვალდებული პირი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს (იმპორტიორის ან ექსპორტიორის წარმომადგენელს, გადამზიდველს, საბაჟო საწყობის/დროებითი შენახვის საქმიანობის ნებართვის მფლობელს და სხვა პირს), რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან, საბაჟო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებასთან, საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან) – გადასახადის გადამხდელს.

8. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ან/და სასაქონლო პარტიის შერჩევა, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს კამერალური ან/და გასვლითი საბაჟო შემოწმება, ხდება რისკების მართვის საფუძველზე, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების შედეგად მიღებული ინფორმაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემა განისაზღვრება ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.

10. საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 922. საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება

1. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურების განხორციელებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული პროცედურების გარდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დაათვალიეროს გაშვებული საქონელი ან/და აიღოს ამ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში, თუ შესაძლებელია გაშვებული საქონლის ფიზიკური წარდგენა.

2. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურების განხორციელებისას საქონლის დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 923. კამერალური საბაჟო შემოწმება

1. კამერალური საბაჟო შემოწმება დეკლარანტის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების, ხელშეკრულების, ინვოისის, სატრანსპორტო დოკუმენტის, წარმოშობის სერტიფიკატის, შეფუთვის ფურცლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, საბაჟო ორგანოში არსებული საქონლის შემოტანა-გატანასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებისა და მონაცემების, აგრეთვე დეკლარანტისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ადგენს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ საბაჟო ვალდებულებების, არასატარიფო ღონისძიებების შესრულების შესაბამისობას ამ კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. კამერალურ საბაჟო შემოწმებას ატარებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაბამისად, საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.

3. თუ დეკლარანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა შეცდომები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს, რომელმაც ამ დოკუმენტებში (გარდა საბაჟო დეკლარაციისა) უნდა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებებს ახორციელებს საბაჟო ორგანოს მოხელე.

4. თუ კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს საბაჟო ვალდებულების თანხის ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას) ან ავლენს არასატარიფო ღონისძიებების დაცვისთვის თავის არიდების ფაქტს, მაშინ კამერალური საბაჟო შემოწმების ჩამტარებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო შემოწმების აქტს და ხელს აწერს მასზე. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე.

5. კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გადასახადის, სანქციის დარიცხული თანხის შესახებ დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება შეტყობინება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 924. გასვლითი საბაჟო შემოწმება

1. გასვლითი საბაჟო შემოწმებით გათვალისწინებულია დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობის ადგილზე საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშებასა და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების დაცვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული ან შერჩევითი შემოწმება.

2. გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას უნდა დაერთოს გასვლითი საბაჟო შემოწმების პროცესში შესასრულებელ იმ მოქმედებათა ჩამონათვალი, რომლებიც შემოწმების პროგრამითაა გათვალისწინებული.

3. გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.

4. გასვლითი საბაჟო შემოწმება შეიძლება იყოს მიმდინარე ან საკონტროლო.

5. მიმდინარე გასვლითი საბაჟო შემოწმება ტარდება საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს ერთხელ, რის თაობაზედაც დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება შემოწმების დაწყებამდე არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო შემოწმება უნდა დაიწყოს გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში დასაბუთებული მიზეზით შეუძლებელი ხდება შემოწმების დაწყება, წერილობითი შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე ეცნობება დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს მიმდინარე გასვლითი საბაჟო შემოწმების საფუძველი და საგანი, ასევე შემოწმების ჩატარების სავარაუდო დრო.

6. საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე. საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე, თუ:

ა) ბოლო საბაჟო შემოწმებისას გამოვლინდა დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ საბაჟო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები ან არსებობს სხვა ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ასეთი დარღვევის შემთხვევებს;

ბ) საბაჟო ორგანოში წარდგენილი საბაჟო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალობა;

გ) წარდგენილი არ არის საბაჟო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები;

დ) არსებობს სანდო ინფორმაცია საქონლის არასწორად კლასიფიცირების შესახებ, რომლის შედეგადაც თავი იქნა არიდებული საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებისათვის;

ე) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივად გაშვებული საქონელი არ გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით ან საბაჟო პროცედურების დარღვევით გამოიყენება სხვა მიზნობრივი დანიშნულებით.

7. გასვლითი საბაჟო შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვისა. აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 1 თვისა. საჭიროების შემთხვევაში შემოწმების 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა იმ საწარმოში, რომლის მიერ საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება წინა 3 კალენდარული წლიდან ერთი წლის განმავლობაში მაინც აღემატებოდა 20 მილიონ ლარს.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება წყდება:

ა) საბაჟო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, როდესაც გასვლითი საბაჟო შემოწმებისას მიღებული ინფორმაციის უტყუარობის გადასამოწმებლად საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში იგზავნება სათანადო მოთხოვნა;

ბ) ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას.

9. გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე ვალდებულია შექმნას საბაჟო შემოწმების ჯგუფი.

10. საბაჟო შემოწმების ჯგუფი ვალდებულია დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს აღნიშნული ჯგუფის წევრთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანება საბაჟო შემოწმების ჯგუფის შექმნის შესახებ, შემოწმების პროგრამა და დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის უფლებების განმარტებითი ბარათი, საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანება შესაბამისი გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის შესახებ. საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმებისას საბაჟო შემოწმების ჯგუფი ვალდებულია ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს მოსამართლის ბრძანება საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის თაობაზე, გარდა ამ კოდექსის 925 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11. დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი ვალდებულია გასვლითი საბაჟო შემოწმებისას საბაჟო შემოწმების ჯგუფს შეუქმნას ისეთი სამუშაო პირობები, როგორიც, ჩვეულებრივ, არსებობს დეკლარანტთან ან/და სხვა ვალდებულ პირთან.

12. თუ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება განადგურდეს, დამალულ იქნეს, შესწორდეს ან შეიცვალოს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ დამოწმებული ასლი. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი უფლებამოსილია ამოიღოს აღნიშნული დოკუმენტის ან სხვა მასალის დედანი. მან უნდა შეადგინოს აღნიშნული დოკუმენტის ან სხვა მასალის დედნის ამოღების აქტი, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს, გადაიღოს აღნიშნული დოკუმენტის ან სხვა მასალის ასლი და 5 დღის ვადაში დედანი დაუბრუნოს დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს.

13. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობის იმავე პერიოდში უკვე შემოწმებული საკითხის მიმართ გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარება.

    მუხლი 925. გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება

1. ამ კოდექსის 924 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საბაჟო ორგანოს უფროსის წერილობითი ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩაატაროს გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა დგება, როდესაც საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი გეგმავს თავი აარიდოს საბაჟო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საბაჟო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.

3. საბაჟო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს და ნებართვა მიიღოს სასამართლოსგან საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების შესახებ.

4. სასამართლოსგან ნებართვის მიღებამდე საბაჟო შემოწმების ჯგუფის წევრებს უფლება არა აქვთ დაიწყონ გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების პროცედურები. საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ მხოლოდ დალუქონ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ის დოკუმენტები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც აუცილებელია საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩასატარებლად.

 მუხლი 926. გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების მიზნით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის დაშვება ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში

დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი ვალდებულია ამ კოდექსის 924 მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული პირობების არსებობისას დაუბრკოლებლად დაუშვას საბაჟო შემოწმების ჯგუფი თავის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში, ხოლო ფიზიკური პირის საცხოვრებელ ბინაში – მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, თუ საქონლის შემოტანა-გატანის დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, ინახება ამ ადგილას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში დაუშვებლობა ჩაითვლება საბაჟო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 927. ექსპერტიზა

1. საჭიროების შემთხვევაში გასვლითი საბაჟო შემოწმების დროს შეიძლება მოწვეულ იქნეს ექსპერტი.

2. ექსპერტიზა ინიშნება, თუ საბაჟო შემოწმებისას წამოჭრილი საკითხები მოითხოვს სპეციალურ სიღრმისეულ ცოდნას.

3. ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები და მისგან მოთხოვნილი დასკვნები არ უნდა გასცდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს.

4. ექსპერტიზა ინიშნება საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით.

5. პირი ექსპერტად მოიწვევა ხელშეკრულების საფუძველზე.

6. ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ შემოწმების მასალებს და დააყენოს შუამდგომლობა დამატებითი მასალების წარმოსადგენად. ექსპერტმა შეიძლება უარი თქვას დასკვნის გაცემაზე, თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის გასაცემად ან თუ დასმული საკითხები სცდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს.

7. ექსპერტიზის დანიშვნისას და ჩატარებისას დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს:

ა) წარადგინოს დამატებითი საკითხები და მიიღოს მათ შესახებ ექსპერტის დასკვნა;

ბ) დაესწროს ექსპერტიზას და განმარტებები მისცეს ექსპერტს;

გ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას.

8. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბრძანება გააცნოს დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს, განუმარტოს ამ კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები და შეადგინოს შესაბამისი ოქმი.

9. ექსპერტი თავისი სახელით გასცემს წერილობით დასკვნას. ექსპერტის დასკვნაში აღინიშნება მის მიერ ჩატარებული გამოკვლევები, გამოკვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნები და დასმულ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი დაადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, მას უფლება აქვს აღნიშნული გარემოებების შესახებ ფაქტები ჩართოს თავის დასკვნაში.

10. ექსპერტის დასკვნა ან განცხადება დასკვნის გაცემის შეუძლებლობის შესახებ წარედგინება დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს. დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტებები ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოითხოვოს ექსპერტისათვის დამატებითი კითხვების დასმა ან დამატებითი ანდა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა საკუთარი ხარჯით.

11. დამატებითი ექსპერტიზა ინიშნება ექსპერტის დასკვნის არასაკმარისი სიცხადისა და სისრულის შემთხვევაში და მისი ჩატარება ევალება იმავე ან სხვა ექსპერტს.

12. განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება, თუ ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია ან მისი სისწორე საეჭვოა. განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ევალება სხვა ექსპერტს.

13. დამატებითი ან/და განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.

14. ექსპერტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 928. სპეციალისტის მოწვევა

1. საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო შემოწმების კონკრეტული მოქმედების განხორციელების მიზნით, სახელშეკრულებო საფუძველზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტი, რომელსაც ექნება საჭირო ცოდნა და ჩვევები და დაინტერესებული არ იქნება საქმის შედეგით.

2. სპეციალისტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 929. სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაცია

1. სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს ხელშეკრულების თანახმად მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

2. სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია უარი თქვას მიწვევაზე, თუ მას აქვს პირადი ან სხვა მოტივაციით გამოწვეული ინტერესთა შეუთავსებლობა ან/და დაინტერესებულია საბაჟო შემოწმების პროცედურების შედეგით.

3. სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს მიიღოს გასამრჯელო თავისი მოვალეობის (მოვალეობების) შესრულებისათვის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს მოვალეობა (მოვალეობები) სრულდება სამსახურებრივი დავალების ფარგლებში.

4. სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაციისა და გასამრჯელოს ოდენობებს და მათი გაცემის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

    მუხლი 9210. საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელებისას შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ზოგადი მოთხოვნები

საბაჟო სამართალდარღვევის (გარდა კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა) გამოვლენისას საბაჟო ორგანოში ან სამართალდარღვევის აღმოჩენის ადგილზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს ამ კოდექსის 235-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 9211. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების აქტი

1. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი (დასახლებული პუნქტის დასახელება);

ბ) შემმოწმებელ პირთა ვინაობა და თანამდებობა;

გ) შემოწმების ფორმალური საფუძველი (საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანება ან მოსამართლის ბრძანება (თარიღი და ნომერი));

დ) შემოწმების ვადა და პროგრამა;

ე) შესამოწმებელი სუბიექტის ვინაობა (დასახელება), საიდენტიფიკაციო ნომერი, სასამართლო და საგადასახადო რეგისტრაციის თარიღები და ნომრები, სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) შესამოწმებელი სუბიექტისათვის მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განმარტებითი ბარათის ჩაბარების ფაქტი (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას);

ზ) შესამოწმებელი სუბიექტის მხრიდან შემოწმებაში მონაწილე პირთა (დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი და სხვა) ვინაობა და თანამდებობა (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას);

თ) შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები და მათი დასაბუთება;

ი) შემოწმების შედეგები შემოწმების პროგრამის თითოეული პუნქტის მიხედვით – დეკლარანტის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების დაცვის მოთხოვნებისა და საბაჟო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ ამის დადგენა შესაძლებელია), გადასახადის ოდენობა, საურავებისა და ჯარიმების გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა; აქტის დანართების შინაარსი;

კ) ის საკითხები, რომლებსაც არ ეთანხმება დეკლარანტი (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას);

ლ) მთლიანად გადასახდელი ან მისაღები თანხა – ძირითადი ვალდებულება, ჯარიმა, საურავი.

2. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების აქტს ხელს აწერენ:

ა) საბაჟო ორგანოს მხრიდან – საბაჟო შემოწმების ჯგუფის წევრები;

ბ) დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მხრიდან – დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი, თუ ისინი მონაწილეობდნენ შემოწმებაში. თუ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მხარემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას), აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

3. თუ საბაჟო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

    მუხლი 9212. საბაჟო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილების მიღება

1. თუ დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ან მას საერთოდ არ ახორციელებს, ანდა დოკუმენტაცია დაკარგულია ან/და განადგურებულია, რის გამოც შეუძლებელია საბაჟო დეკლარირებისას საბაჟო ორგანოში დარეგისტრირებული მონაცემების სისწორის დადგენა, საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრა, მაშინ საბაჟო ორგანოს საბაჟო ვალდებულების ოდენობის, საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების სისწორის დადგენის მიზნით უფლება აქვს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება განსაზღვროს საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

2. საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციების თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის, საქონლის კლასიფიკაციის, საქონლის წარმოშობის, საბაჟო ღირებულების, გამოსავლიანობის ნორმის შეცვლის შესახებ.

3. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება „შეტყობინება“ საბაჟო გადასახდელის ვადაგადაცილებული დავალიანების, საბაჟო სანქციების თანხის გადახდის, გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის შესახებ ან იმ საბაჟო სანქციის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

4. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების ასლი და „შეტყობინება“ ბარდება დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს, ან მათ წარმომადგენელს.

5. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი ან დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის – საწარმოს/ორგანიზაციის თანამდებობის პირი ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, საბაჟო შემოწმების ჩამტარებელი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება ხდება საბაჟო ორგანოების მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

6. საბაჟო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. პირის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების საკითხი განიხილება, როდესაც საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დადგინდება, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე საბაჟო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს საბაჟო დეკლარაციაში.

8. საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

32. 95-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) თუ გადახდილი იქნა იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხა ამ კოდექსის 193-ე მუხლის გათვალისწინებით.“.

33. 97-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი სხვა ქვეყნებს შორის ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მის მიმართ იმპორტის გადასახდელების გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების (გარდა საბაჟო ორგანოში წარსადგენი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვებისა, რომელთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე.“.

34. 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უცხოური საქონელი იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლებისა) გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების (გარდა საბაჟო ორგანოში წარსადგენი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვებისა, რომელთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე;“.

35. 103-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო საწყობი შეიძლება იყოს ღია ან დახურული. საბაჟო საწყობი:

ა) ღიაა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი პირის:

ა.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;

ა.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია;

ა.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ;

ბ) დახურულია, სადაც შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის:

ბ.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;

ბ.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია;

ბ.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს საწარმო, მუდმივი დაწესებულება ან ინდივიდუალური საწარმო ან/და შემოსავლების სამსახური.“.

36. 104-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას 3 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა:

ა) საბაჟო საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ბ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

გ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით;

დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

„4. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის:

ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას;

ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას.

5. თუ ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ხორციელდება ისეთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.“.

37. 110-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის შენახვის ვადა საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება მომთავსებლის მიერ მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ დეკლარაციაში მითითებულია შენახვის ვადა, მისი გაგრძელება მოხდება საქონლის ხელახალი დეკლარირებით, არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე განსაზღვრული ზღვრული ვადისა.“.

38. 111-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე, გარდა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავების პროდუქტისა, ნაშთებისა ან/და ნარჩენებისა, დასაშვებია საკუთრების უფლების გადაცემა.“.

39. 113-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადის გასვლამდე ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შეირჩევა საქონლის მიმართ განსახორციელებელი საბაჟო დამუშავების ოპერაცია. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა ხორციელდება ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.“.

40. 114-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგზავრების მომსახურებისათვის განკუთვნილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა (უბაჟო საცალო ვაჭრობა ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას) საბაჟო კონტროლის ზონაში ნებადართულია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის სატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვას 3 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს საწარმოზე, მუდმივ დაწესებულებაზე ან ინდივიდუალურ საწარმოზე.“;

გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41და 42 ნაწილები:

„41. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის:

ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას;

ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას.

42.თუ ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ხორციელდება ისეთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.“;

დ) მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“.

41. 119-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. იგი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინასწარ განსაზღვრული ვადა დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არა უმეტეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

42. 121-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ გადაუმუშავებელი საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ (გარდა ამ კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის პირობების დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება:

ა.ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ა.ბ) გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადასამუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის ამ გადასამუშავებელი საქონლისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება:

ბ.ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ბ.ბ) გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადასამუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის ამ გადასამუშავებელი საქონლისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.

2. თუ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირების დღისათვის ამ მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული საქონლის იმპორტზე ვრცელდება შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის მიზნით მასზე ვრცელდება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს იმავე დასახელების საქონლისთვის დადგენილი შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები.“.

43. 125-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნების ვალდებულებით შემოტანილი უცხოური საქონელი შემოტანისას იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობითა და არასატარიფო ღონისძიებების გამოყენებით, გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცვლელად იქნეს გამოყენებული, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ასევე ის უცხოური საქონელი, რომლის მიმართაც განსაზღვრული იყო სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

44. 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

45. 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტულ შემთხვევაში ან/და საქონლის ცალკეული სახეობისათვის ადგენს დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის განსხვავებულ ვადას.“.

46. 128-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით შესაძლებელია მოექცეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი, ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოური საქონელი:

ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომელთა შემოყვანის მიზანია:

ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება ან შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);

ა.ბ) წარმოდგენაში, გამოფენაში, კონკურსში, შეჯიბრებაში ან ჩვენებაში მონაწილეობა;

ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);

ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისათვის და სხვა მიზნებისათვის);

ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;

ა.ვ) ძოვება;

ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირება;

ა.თ) სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება (გველის შხამის მიღება და სხვა);

ბ) ბაზრობისათვის, გამოფენისათვის, სხვადასხვა სახის შეხვედრისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:

ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.ბ) სამშენებლო დადეკორატიული მასალა (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრირებისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);

გ) კინემატოგრაფიისათვის, პრესისათვის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა იმ უცხოური საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას. ეს მოწყობილობებია:

გ.ა) პრესისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, ტელეფაქსი, საბეჭდი მანქანა, ყველა ტიპის ფოტოაპარატი (ფირიანი და ელექტრონული), ხმის გადამცემი ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), დამხმარე საკუთვნოები (კასეტა, ფოტომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ღვედი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი);

გ.ბ) რადიომაუწყებლობისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: კავშირგაბმულობის მოწყობილობები (რადიოგადამცემი, რადიომიმღები ან გადამცემები, ტერმინალები, ქსელთან ან კაბელთან მისაერთებელი, კავშირგაბმულობის თანამგზავრული ხაზები), მოწყობილობები ბგერითი სიხშირეების გენერირებისათვის (ხმის ჩამწერი, რეგისტრაციის ან აღმწარმოებელი აპარატები), საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე;

გ.გ) ტელევიზიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ტელეკამერა, ტელეკინოპროექციის დანადგარი, საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები, გადამცემი და რეტრანსლაციის აპარატები, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, ობიექტივი, ფოტომეტრი, სამფეხა, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, კასეტა, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე (გადაცემის სათაური, სადგურის პირობითი მოსახმობი სიგნალი, მუსიკალური ჩანართი და ა.შ.), მიმდინარე გადასაღები მასალა (კინოფირი და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;

გ.დ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ტელეგადამცემი აპარატურისათვის, სატელევიზიო დამხმარე მოწყობილობებისა და საკუთვნოებისათვის, ხმის ჩამწერი ან აღმწარმოებელი აპარატებისათვის, შენელებული აღწარმოების აპარატურისათვის, გამანათებელი მოწყობილობებისათვის;

გ.ე) კინემატოგრაფიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ყველა ტიპის კამერა (კინოკამერა და ვიდეოკამერა), საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), ამწე-ურიკა ოპერატორისათვის და შტატივი მიკროფონისათვის, გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), მიმდინარე გადასაღები მასალა, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;

გ.ვ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის;

დ) სხვა მოწყობილობები:

დ.ა) მოწყობილობები მანქანის, დანადგარის, სატრანსპორტო მოწყობილობების მონტაჟის, გამოცდის, გაშვების, კონტროლის, შემოწმების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთებისათვის: ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელსაწყოები გაზომვისათვის, შემოწმებისა და კონტროლისათვის (ტემპერატურის, წნევის, მანძილის, სიმაღლის, ზედაპირის, სიჩქარის და ა.შ.), მათ შორის, ელექტრონული ხელსაწყოები (ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, საზომი სადენი, კომპარატორი, ტრანსფორმატორი, სარეგისტრაციო მოწყობილობა და ა.შ.) და მოსაჭერი მოწყობილობები, აპარატები და მოწყობილობები მანქანებისა და დანადგარების ფოტოგრაფირებისათვის მონტაჟის დროს და მის შემდეგ, ხელსაწყო გემის ტექნიკური კონტროლისათვის;

დ.ბ) ექსპერტის, ბუღალტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის აუცილებელი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი ან გადამცემი აპარატები, საანგარიშო ხელსაწყო და აპარატი;

დ.გ) მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ექსპერტისათვის, რომელსაც ევალება ტოპოგრაფიული გადაღება ან გეოფიზიკური დაზვერვა: საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და აპარატები, საბურღი მოწყობილობა, გადამცემი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის მოწყობილობა;

დ.დ) მოწყობილობა, რომელსაც იყენებს ექსპერტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;

დ.ე) ხელსაწყოები და აპარატები, რომლებიც აუცილებელია ექიმის, ქირურგის, ვეტერინარის, სანიტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის;

დ.ვ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიისა და სხვა სპეციალისტებისათვის;

დ.ზ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მსახიობისათვის, თეატრალური დასისა და ორკესტრისათვის; საგნები, რომლებიც გამოიყენება წარმოდგენის მსვლელობის დროს, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, კოსტიუმები და ა.შ.;

დ.თ) მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია მომხსენებლისათვის თავისი მოხსენების განმარტებისათვის;

დ.ი) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მოგზაურობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად (ნებისმიერი სახის ფოტოაპარატი, კასეტა, ექსპონომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ქამარი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი, გამანათებელი, მოდური ტანსაცმელი და მანეკენის ტუალეტის საგნები და ა.შ.);

დ.კ) ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა: მოძრავი საკონტროლო დანადგარი, მოძრავი სახელოსნო, მოძრავი ლაბორატორია და ა.შ.;

ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):

ე.ა) ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები: ეპიდიასკოპი, კინოპროექტორი, რირპროექტორი და ეპისკოპი, მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი და კინოსკოპი, დახშული სატელევიზიო სისტემა;

ე.ბ) ხმისა და გამოსახულების მატარებლები: დიაპოზიტივი, დიაფილმი და მიკროფილმი, კინოფილმი, ხმოვანი ჩანაწერი (მაგნიტური ლენტი, დისკი), ვიდეოლენტი;

ე.გ) სპეციალური მოწყობილობები: ბიბლიოგრაფიული მოწყობილობა და აუდიოვიზუალური საშუალებები ბიბლიოთეკისათვის, მოძრავი ბიბლიოთეკა, უცხოურ ენათა შემსწავლელი ლაბორატორია, სინქრონული თარგმანის მოწყობილობა, მექანიკური ან ელექტრონული პროგრამული სასწავლო მანქანა, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების სწავლებისათვის ან მათი პროფესიული მომზადებისათვის;

ე.დ) სხვა მოწყობილობები: კედლის დიაგრამა, მაკეტი, გრაფიკა, რუკა, გეგმა, ფოტოსურათი და ნახატი, საჩვენებლად შექმნილი ხელსაწყო, აპარატები და მოდელები, ხმოვანი ან ვიზუალური პედაგოგიური ინფორმაციის მატარებელი საგნების კოლექცია, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ საგნის (სასწავლო კომპლექტების) სასწავლებლად, ხელობის შესასწავლი ხელსაწყო, აპარატი, ინსტრუმენტი და ჩარხი, მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სამაშველო პერსონალის მოსამზადებლად, იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სპეციალურად გამოიყენება სამაშველო ოპერაციის დროს;

ე.ე) წიგნები და ბეჭდვითი პროდუქცია: ყველა ჟანრის წიგნი, დაუსწრებელი სწავლების სახელმძღვანელო, გაზეთი და პერიოდული გამოცემა, ბროშურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნავსადგურში მეზღვაურების დასვენებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

ე.ვ) აუდიოვიზუალური დანადგარები: ხმის ან გამოსახულების აღმწარმოებელი აპარატები, მაგნიტოფონი, რადიომიმღები და ტელევიზორი, საპროექციო აპარატი, ჩანაწერი დისკზე ან მაგნიტურ ლენტზე (ენების შემსწავლელი კურსები, რადიოგადაცემები, მუსიკალური ჩანაწერები და გასართობი ხასიათის ჩანაწერები), გადაღებული ან გამჟღავნებული კინო- და ფოტოფირები, დიაპოზიტივი, ვიდეოლენტი;

ე.ზ) სპორტული ნაწარმი: სპორტული ტანსაცმელი, დიდი და პატარა ბურთები, ჩოგანი და ბადე, გემბანის თამაშები (შესაბამისი მოწყობილობა), ინვენტარი მძლეოსნობისათვის, სატანვარჯიშო მოწყობილობა;

ე.თ) მოწყობილობები თამაშისა და დასვენებისათვის: ოთახის თამაშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები და აქსესუარები მოყვარულთა თეატრისათვის, მოწყობილობები ფერწერისათვის, სკულპტურისათვის, ხესა და ლითონზე მუშაობისათვის, ხალიჩის დასამზადებლად და ა.შ.;

ე.ი) რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები;

ე.კ) დასვენებისათვის აუცილებელი მოწყობილობის ნაწილები, დეტალები და საკუთვნოები;

ე.ლ) თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები, რომლებიც გამოგზავნილია თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;

ე.მ) პარტიტურა და ნოტები, რომლებიც გამოგზავნილია საკონცერტო დარბაზებისათვის ან ორკესტრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;

ვ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფისა და ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ;

ზ) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ზ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;

ზ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ზ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;

თ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

თ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;

თ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

თ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;

ი) სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის, გემი და საფრენი საშუალება), თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;

ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;

კ) საქონელი დიპლომატიური და ტურისტული მიზნებისათვის, თუ საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;

ლ) კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოტანილი კონტეინერი, ქვესადგამი, შეფუთვა, ნიმუში, სარეკლამო ფილმი და სხვა საქონელი:

ლ.ა) კონტეინერი („კონტეინერების შესახებ“ ჟენევის 1972 წლის კონვენციის მიხედვით);

ლ.ბ) ქვესადგამი;

ლ.გ) შეფუთვა (ნებისმიერი ნაკეთობა და მასალა, რომლებიც განკუთვნილია იმ სახით, რა სახითაც ისინი შემოტანილია საქონლის შეფუთვის, დაცვის, განთავსების, დამაგრების ან დანაწევრების მიზნით, გარდა შესაფუთი მასალისა, როგორიცაა: ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა);

ლ.დ) ნიმუში (ნაკეთობა, რომელიც არის გარკვეული კატეგორიის მზა საქონელი ან წარმოებისათვის გათვალისწინებული საქონლის ნიმუში, გარდა იდენტური ნაკეთობისა, რომელიც მიეწოდა იმავე პირის მიერ ან გაეგზავნა იმავე მიმღებს იმ რაოდენობით, რომელიც ერთად აღებული, საყოველთაოდ მიღებული ვაჭრობის წესების თანახმად, აღარ არის ნიმუში);

ლ.ე) სარეკლამო ფილმი (გამოსახულების გადაღებული მატარებლები (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე), რომელიც აჩვენებს უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად ან გასაქირავებლად შემოთავაზებული ნაკეთობის ან მოწყობილობის არსს, იმ პირობით, რომ ის გამოსადეგია პოტენციური კლიენტისათვის საჩვენებლად, მაგრამ არა საჯარო დათვალიერების დარბაზში, შემოტანილია ყოველი ფილმის თითო ასლის შემცველ საფუთავში და არ არის ფილმის უფრო დიდი ამანათი);

ლ.ვ) საქონელი, რომელიც შემოტანილია გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების მიზნით;

ლ.ზ) საქონელი, რომელიც გამოიყენება გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების პროცესში;

ლ.თ) გადაღებული და გამჟღავნებული კინემატოგრაფიული ფირები, აგრეთვე პოზიტიური და გამოსახულების მატარებელი ფირები, რომლებიც განკუთვნილია მათ კომერციულ გამოყენებამდე საჩვენებლად;

ლ.ი) ფირი, მაგნიტური ლენტი, მაგნიტური ფირი და ხმის ან გამოსახულების მატარებელი სხვა ფირი ან ლენტი, რომლებიც განკუთვნილია გახმოვანებისათვის, დუბლირებისა და ხმის ან გამოსახულების აღწარმოებისათვის;

ლ.კ) ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია უფასოდ გაგზავნილ და განკუთვნილ მონაცემთა ავტომატური გადამუშავებისათვის;

ლ.ლ) ნაწარმი (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით), რომელიც თავისი მახასიათებლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის ნაწარმის რეკლამირებისათვის ან გარკვეული მიზნით პროპაგანდისათვის.

მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი:

მ.ა) პირადი საიუველირო სამკაული;

მ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;

მ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი;

მ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;

მ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი;

მ.ვ) ერთი რადიომიმღები;

მ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;

მ.თ) ერთი ტელევიზორი;

მ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;

მ.კ) ერთი კალკულატორი;

მ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);

მ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);

მ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა;

მ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავის გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა).“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში შესაძლებელია იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით მოექცეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი.“.

47. 130-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) იმ თანხის 3 პროცენტი, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილი იქნეს ერთდროულად.“;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში, რომელსაც აქვს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება და აკმაყოფილებს ამ თავით განსაზღვრულ პირობებს. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის სხვა პირის სარგებლობაში გადაცემის დღიდან ამ პირს გადაეცემა აღნიშნული საბაჟო რეჟიმის დეკლარანტის უფლება-მოვალეობანი (მათ შორის, საბაჟო სანქციები). ამასთანავე, საქონლის გადამცემი პირი ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) 3 პროცენტი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იმ პერიოდისათვის, რომლის განმავლობაშიც იგი იყენებდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელს.

4. თუ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ, დროებით შემოტანილ საქონელზე წარმოიშვა საბაჟო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი საბაჟო დავალიანების თანხაზე გადაიხდევინება დავალიანების წარმოშობის დღიდან.“.

48. 131-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებულ საქონელზე:

ა) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.“.

49. 137-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინასწარ განსაზღვრული ვადა დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არა უმეტეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისა.“.

50. 144-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემცვლელი პროდუქტის სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს დაუდასტურებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას და იმას, რომ გადასამუშავებელი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გადის მხოლოდ ამ კოდექსის მე-7 მუხლის 34-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის.“.

51. 147-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარულ დღეში, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია 5 კალენდარულ დღეში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის გაუქმების შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გასატანად დადგენილი ვადის 10 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. საქონლის გატანისა და საბაჟო პროცედურების შესრულებისათვის პასუხისმგებელია დეკლარანტი.“.

52. 148-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 148. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები

1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იყო ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს.

2. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე შეიძლება განისაზღვროს ექსპორტის საბაჟო რეჟიმი, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს.“.

53. 166-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით.

2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი ან საქართველოს საქონელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა.“.

54. 168-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით უცხოური საქონელი შეიძლება გადაცემულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში, რისთვისაც საქონლის მფლობელი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონლის მესაკუთრესთან შეთანხმებულ წერილობით შუამდგომლობას ან განცხადებას, თუ საქონლის მესაკუთრე თავად ახდენს საქონლის გადაცემას სახელმწიფო საკუთრებაში.“.

55. 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებითა და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ მოქმედებს.“.

56. 171-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლის, რომელიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის ვადაში უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).“.

57. 186-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 186. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის დეკლარირებისას

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე (გარდა ამ კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, თუ იგი:

ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას;

ბ) მოექცა იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოში წინასწარ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ იგი:

ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას;

ბ) მოექცა იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში.

 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირები არიან დეკლარანტი და საქონლის მესაკუთრე.“.

58. 193-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 193. მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება

თუ იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება, საბაჟო გადასახდელების მთლიან თანხას უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა.“.

59. 205-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო ორგანო ვალდებულია ვალდებულ პირს წარუდგინოს შეტყობინება, თუ დადგინდა საბაჟო ვალდებულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი არის მხოლოდ საბაჟო დეკლარაცია და გადახდას დაქვემდებარებული გადასახდელების თანხა დეკლარირებულია საბაჟო დეკლარაციაში და ეს თანხა შეესაბამება საბაჟო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ გადასახდელის თანხას.“.

60. 232-ე–238-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 232. საბაჟო სამართალდარღვევის ცნება

საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსის XXXIV თავით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

     „მუხლი 233. საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები

1. საბაჟო სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით.

2. პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევისათვის.

3. ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

4. საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

5. საბაჟო სამართალდარღვევისათვის გამო პირის მიმართ საბაჟო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან.

6. ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად. დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები;

გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

7. საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

    მუხლი 234. საბაჟო სანქცია

1. საბაჟო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის.

2. საბაჟო სანქცია გამოიყენება საურავის, ფულადი ჯარიმის, აგრეთვე საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით – სამართალდარღვევის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.

4. თუ სამართალდამრღვევი ერთზე მეტი პირია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქცია დაეკისრებათ სოლიდარულად.

5. საბაჟო სანქციას საურავი არ ერიცხება.

    მუხლი 235. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საბაჟო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება, თუ სამართალდარღვევა დაფიქსირებულია შემოწმების აქტში ან ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის დასახელება;

ბ) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

გ) ოქმის შემდგენის, აგრეთვე იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა;

დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება (არსებობის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

ე) საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი;

ვ) ამ კოდექსის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ზ) მოწმის გვარი, სახელი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში);

თ) საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ღონისძიებები (ასეთის გამოყენების შემთხვევაში);

ი) ოქმის შემდგენის, სამართალდამრღვევი პირის (მისი წარმომადგენელის), აგრეთვე საქმის წარმოების სხვა მონაწილეთა ხელმოწერები.

4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მონაწილე ყველა პირს. მათ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში.

5. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევ პირს. თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

6. თუ პირი სადავოდ არ ხდის ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს და აღნიშნულს ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ხოლო სამართალდარღვევისათვის შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმის შეფარდება, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება სამართალდარღვევის ადგილზე მხოლოდ ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საბაჟო შეტყობინებად.

7. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს:

ა) განეკუთვნება თუ არა საქმე შესაბამისი საბაჟო ორგანოს კომპეტენციას;

ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები;

გ) შედგენილია თუ არა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი კანონის შესაბამისად;

დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევა;

ე) ექვემდებარება თუ არა პირი ამ კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.

9. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქმის მასალებზე დაყრდნობით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი გადაწყვეტილებით/შეტყობინებით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება/ შეტყობინება ბათილია.

10. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით, ხოლო პირის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

11. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

12. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და განხილვა, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

13. თუ 30 დღის ვადაში შეუძლებელია სამართალდამრღვევის დადგენა ან/და პირის იდენტიფიკაცია, უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის შესახებ.

14. უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

15. ამ მუხლის პირველი–მე-11 ნაწილები არ ვრცელდება ამ კოდექსის 237-ე მუხლზე. ამ კოდექსის 237-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების გადახდევინება ხორციელდება გადაუხდელი საბაჟო გადასახდელების გადახდევინების წესის შესაბამისად.

    მუხლი 236. გასაჩივრების წესი

საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/შეტყობინება, ხოლო ამ კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმიც, შეიძლება გაასაჩივროს პირმა, მისმა წარმომადგენელმა ამ კოდექსის IX კარით დადგენილი წესით.

    მუხლი 237. საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობა

თუ საბაჟო გადასახდელების თანხები გადახდილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირი ვალდებულია ამ თანხებთან ერთად გადაიხადოს საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით.

    მუხლი 238. დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა

პირის მიერ დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.“.

61. 240-ე, 241-ე და 242-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 240. საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება

1. საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანა, რამაც გამოიწვია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, –

იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის, საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანად ჩაითვლება ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საბაჟო ღირებულების კორექტირების ან საბაჟო ღირებულების განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის სამართალდარღვევის შემადგენლობას.

    მუხლი 241. არასატარიფო ღონისძიებების დაცვისთვის თავის არიდება

1. ზოგადი დეკლარირებისას ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არასატარიფო ღონისძიებების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.

    მუხლი 242. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

1. პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 4000 ლარისა, აგრეთვე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

3. პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარით.“.

62. 244-ე, 245-ე და 246-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 244. თავისუფალი ზონისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

1. თავისუფალი ზონისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით საქონლის გადაადგილება ან ამ ტერიტორიიდან გატანა, –

იწვევს თავისუფალი ზონის მფლობელის დაჯარიმებას 3000 ლარით.

2. თავისუფალ ზონაში უკანონო საწარმოო ან სავაჭრო საქმიანობა ან/და მომსახურება, შენობა-ნაგებობების მშენებლობა, საქონლის მოხმარება ან გამოყენება, –

იწვევს თავისუფალი ზონის მფლობელის დაჯარიმებას 3000 ლარით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს თავისუფალი ზონის მფლობელის დაჯარიმებას 9000 ლარით.

    მუხლი 245. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა

1. პირის მიერ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი გადაწყვეტილებისა და მოთხოვნის უგულებელყოფა, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2000 ლარით.

    მუხლი 246. სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა

1. დანიშნულების საბაჟო ორგანოში/დანიშნულების ადგილას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარისა.

3. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, მოძრაობისათვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარით.“.

63. 248-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 248. საქონლის დაკარგვა, განადგურება ან უკანონო განკარგვა

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა/გასვლა, რასაც თან ახლავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა და რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაკარგვა, განადგურება ან უკანონო განკარგვა, –

იწვევს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.“.

64. 250-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 250. საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების თაობაზე არასწორი მონაცემების შეტანა

1. საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების თაობაზე არასწორი მონაცემების შეტანა, რის შედეგადაც მცირდება ან იზრდება საბაჟო ღირებულება და რასაც არ გამოუწვევია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა;

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.“.

65. 252-ე და 253-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 252. საბაჟო საწყობის, თავისუფალი საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

1. საბაჟო საწყობის, თავისუფალი საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, –

იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 3 000 ლარით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 9000 ლარით.

    მუხლი 253. საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა

საბაჟო დეკლარაციაში ამ კოდექსის 240-ე და 250-ე მუხლებით გათვალისწინებულის გარდა სხვა არასწორი მონაცემების შეტანა, რის შედეგადაც არასრულად ან არასწორად იდენტიფიცირდება დეკლარირებული საქონელი ან არასრულად ან არასწორად აისახება საბაჟო დეკლარაციაში სავალდებულოდ შესატანი სხვა ინფორმაცია, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარით.“.

66. 254-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-7 მუხლის 30-ე ნაწილის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმები და საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში და თავისუფალ საწყობში.“;

ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10. დროებითი შენახვის ღია საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის დახურული საბაჟო საწყობის, ღია საბაჟო საწყობის, დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, რომელზედაც შესაბამისი ნებართვა გაცემულია 2009 წლის 1 იანვრამდე, უფლება აქვს განახორციელოს სანებართვო საქმიანობა 2009 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებართვით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4, მე-10, 23-ე ნაწილებისა, 24-ე ნაწილით გათვალისწინებული 72-ე მუხლისა და 31-ე ნაწილით გათვალისწინებული 9212 მუხლისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილები ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის 23-ე ნაწილი, 24-ე ნაწილით გათვალისწინებული 72-ე მუხლი და 31-ე ნაწილით გათვალისწინებული 9212 მუხლი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№872–რს