საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 893
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.003.434
  • Word
893
26/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
080.000.000.05.001.003.434
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 41-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.“.

2. 44-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის თავისუფალ დროს უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება – სასამართლო.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.“.

3. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის და თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოიანგარიშება თვეებითა და წლებით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა – საათებით, გარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.“.

4. 72-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ის, ვინც სასჯელს იხდის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;

დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.“;

გ) მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას.“;

დ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.

5. 73-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-11 ნაწილები:

„3. სასამართლოს შეუძლია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი.

7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.

8. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დენა იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მომენტიდან.

9. მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო.

10. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას:

ა) ჯიუტად თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;

ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;

გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის LXIV1 თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.

6. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 85. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

1. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება ორმოციდან სამას ოც საათამდე ვადით, რომელსაც ის მოიხდის სწავლისაგან ან ძირითადი სამუშაოსაგან თავისუფალ დროს. თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ეს სასჯელი გულისხმობს ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც ძალუძს არასრულწლოვანს. ამ სასჯელის ვადა თხუთმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში ოთხ საათს, ხოლო თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის – დღეში ექვს საათს.

2. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.“.

7. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 98. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ შეიძლება პირობით ვადამდე გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისაგან, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

2. მსჯავრდებულ არასრულწლოვანს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№893–რს