„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 950
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.04.001.003.445
  • Word
950
30/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
010.250.000.04.001.003.445
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1 . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.06, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითმმართველი ერთეული – დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი;“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თვითმმართველი ერთეულებისათვის იმ დამატებითი გადასახდელების კომპენსაცია, რომლებიც გაწეული იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების შედეგად;“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო მმართველობის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას თვითმმართველ ერთეულსა და შესაბამის სამსახურებს ზედამხედველობას უწევს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულთან (გუბერნატორთან) კოორდინაციით.“.

4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;“.

5. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამზადებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტებს; უფლებამოსილია დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-8 და 81 პუნქტების შესაბამისად გადაანაწილოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები;“.

6. 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ.

2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.“.

7. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები

1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:

ა) შემოსავლები, მათ შორის:

ა.ა) გადასახადები;

ა.ბ) გრანტები;

ა.გ) სხვა შემოსავლები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).

2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები შედგება საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისაგან. საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გამოთანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები, ხოლო არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.

3. თვითმმართველ ერთეულებს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლიათ განახორციელონ დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ.

4. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობებს განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების გათვალისწინებით. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო თვითმმართველი ერთეულის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას – შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. გამოთანაბრებითი ტრანსფერი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით, ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. მიზნობრივი ტრანსფერი არის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა. მიზნობრივი ტრანსფერი გამოიყენება მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

7. სპეციალური ტრანსფერი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოიყენება ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა გადასახდელების დასაფინანსებლად.

8. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თვითმმართველ ერთეულს შეუძლია მიიღოს გრანტი, აგრეთვე აიღოს სესხი საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით.

9. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ.“.

8. 51-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელები“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველ ერთეულს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტების, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერების გარდა, დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსულობები.

2. თვითმმართველი ერთეულები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ამ კანონით დადგენილი ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფიქსირებული ასიგნებების 2 პროცენტს. სარეზერვო ფონდის განკარგვის წესს განსაზღვრავს საკრებულო.“.

9. 57-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საფინანსო შემოწმებას ახორციელებს საკრებულოს საფინანსო კომისია სახსრების გამოყენების შემდეგ, მათი მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენის მიზნით. საფინანსო შემოწმება აგრეთვე შესაძლებელია განახორციელოს საქართველოს კანონით განსაზღვრულმა სხვა ორგანომ.“.

    მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№950–რს