„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №1032 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №1032 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 25/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016162
48
27/01/2013
ვებგვერდი, 29/01/2013
140130000.22.034.016162
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №1032 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №48

2013 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №1032 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №1032 ბრძანებით (140130000.22.034.016153) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი)  განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – სამინისტრო) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 69-70-ე მუხლები ვრცელდება აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაზე და სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.“

2. მე-14 მუხლის მე-6–8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უმცროსი სპეციალური წოდებით, აგრეთვე რიგითი-სერჟანტის წოდებით გათვალისწინებული შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან სრული ზოგადი განათლების მქონე მოქალაქეები.

7. საშუალო სპეციალური წოდების მქონე, აგრეთვე უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე ინიშნებიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ  უმაღლესი განათლება ან სრული ზოგადი განათლება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვთ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა, საბრძოლო მომზადების კურსები. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის თანხმობით, პირი შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე ამ პუნქტით გათვალიწინებული წესის გარეშე.

8. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე, აგრეთვე უფროს, უმაღლეს ოფიცერთა თანამდებობებზე მიიღებიან/ინიშნებიან მოქალაქენი,რომლებსაც აქვთ მხოლოდ უმაღლესი განათლება.“.

3. მე-19 მუხლის მე-4-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით.

 5. მოსამსახურეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები, შეუძლიათ იმსახურონ სამინისტროში შემდეგი ასაკის მიღწევამდე:

ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 55 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 60 წელი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 65 წელი.“.

4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. შეზღუდვები სამინისტროში მიღებისას

1. სამინისტროში არ მიიღება:

ა) განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელიც იმყოფება პატიმრობაში; 

გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუუნარობის მქონედ;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

ი) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები; 

კ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ი-კ“ პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამინისტროში. “

5. 38-ე და 39-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის

1. სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

2.  სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან,თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.

3. სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

4. ამ მუხლის საფუძველზე სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან.   

5. სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც თვითნებურად (ზედიზედ 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.

მუხლი 39. გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო

სამინისტროს თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. სამინისტროს თანამშრომელი თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს (ან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან).“.

6. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს მოსამსახურეს, როგორც წესი, სამხედრო ან სპეციალური წოდება ვადაზე ადრე, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ორჯერ.“.

7. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. სპეციალური წოდების მინიჭება სამსახურიდან დათხოვნისას

სამინისტროს მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი, სამსახურში ხასიათდებიან დადებითად, ხოლო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა გაუვიდათ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის დროს უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება წარდგენილ იქნენ მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაკავებული თანამდებობით განსაზღვრულ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღალ წოდებაზე, მაგრამ არა უმეტეს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა.“.

8. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 65. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და  ბავშვის მოვლის გამო

1. მოსამსახურესთვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. შვებულებაში ყოფნის პერიოდი არ შედის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში.".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 25 იანვრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი