„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1963
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18(25), 01/06/1999
სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.535
  • Word
1963
14/05/1999
სსმ, 18(25), 01/06/1999
400.010.020.05.001.000.535
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის სამართლებრივი სტატუსი

ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და შენარჩუნების, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების დაცვის მიზნით საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე ახორციელებს სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 13. უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის დახურული ნავსადგურები და რეიდები

უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის დახურული ნავსადგურებისა და რეიდების ჩამონათვალს ადგენენ საქართველოს შესაბამისი ორგანოები და აქვეყნებენ „ზღვაოსანთა უწყებებში“.

3. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 25. უცხო ქვეყნის ატომურძრავიანი გემები და გემები, რომელთაც გადააქვთ ატომური, ტოქსიკური ან სხვა საშიში ნივთიერებები და მასალები

უცხო ქვეყნის ატომურძრავიანი გემები და გემები, რომელთაც გადააქვთ ატომური, ტოქსიკური ან სხვა საშიში ნივთიერებები და მასალები, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლისას ვალდებულნი არიან თან იქონიონ შესაბამისი დოკუმენტები და დაიცვან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები.“.

4. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სისხლის სამართლის იურისდიქცია გამოიყენება დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია უცხო ქვეყნის გემზე მისი საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გავლისას, თუ: “.

5. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შესაბამისი ორგანოები საქართველოს მიმდებარე ზონაში ახორციელებენ კონტროლს საქართველოს საბაჟო, საემიგრაციო, ფისკალური და სანიტარიული კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და ამ კანონმდებლობის დამრღვევთა დასჯის მიზნით.“.

6. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 29. საქართველოს მიმდებარე ზონაში საქართველოს საბაჟო, საემიგრაციო, ფისკალური და სანიტარიული კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთის ღონისძიებები

თუ საქართველოს მიმდებარე ზონაში მყოფმა უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, საემიგრაციო, ფისკალური ან სანიტარიული კანონმდებლობა, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ გააჩერონ გემი და ჩაუტარონ ინსპექტირება, მიიღონ საჭირო ზომები დარღვევების თავიდან ასაცილებლად და დააკავონ გემი დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად.“.

7. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არის ზღვის რაიონი, ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის ჩათვლით, რომელიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ და ეკვრის მას.“.

8. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სუვერენულ უფლებებს, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების დაზვერვის, მოპოვებისა და დაცვის მიზნით, აგრეთვე წყლის, დინებისა და ქარის გამოყენებით ენერგიის მისაღებად;“.

9. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა ქვეყანა (როგორც ზღვისპირა, ისე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები) საერთაშორისო სამართლისა და ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სარგებლობს ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებით, კაბელებისა და მილსადენების გაყვანის უფლებით და ზღვით სარგებლობის სხვა მართლზომიერი შესაძლებლობებით, რომლებიც ამ თავისუფლებებს განეკუთვნება.“.

10. 34-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ასეთი ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული იურისდიქცია, მათ შორის, იურისდიქცია საბაჟო, საემიგრაციო ფისკალური და სანიტარიული კანონებისა და წესების მიმართ, აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების გამოყენებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს და უცხო ქვეყნის იურიდიული პირები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ხელოვნურ კუნძულებზე, ნაგებობებზე და მოწყობილობებზე წესრიგში იქონიონ მათი არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი საშუალებები. ამ პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიტოვებული ან გამოუყენებელი ხელოვნული კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ მათი აშენების ნებართვაში განსაზღვრულ ვადებში ისე, რომ ხელი არ შეუშალონ ნაოსნობასა და თევზჭერას და არ შექმნან ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხე.“.

11. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 38. საქართველოს კონტინენტური შელფი

საქართველოს კონტინენტური შელფი არის ზღვის ფსკერი და მისი წიაღისეული, კონტინენტის კიდის სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების ჩათვლით, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვრებიდან სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების კონტინტენტური შელფის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვრებამდე.“.

12. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველო თავის კონტინენტურ შელფზე ახორციელებს სუვერენულ უფლებებს მისი დაზვერვისა და ისეთი ბუნებრივი რესურსების მოპოვების მიზნით, როგორიცაა ენერგეტიკული, მინერალური და სხვა არაცოცხალი, აგრეთვე მჯდომარე სახეობებს მიკუთვნებული ცოცხალი ორგანიზმები (კიბორჩხალები, კიბოსნაირები, ზღვის ღრუბლები და სხვა), რომლებიც მათი რეწვის პერიოდში უძრავად იმყოფებიან ზღვის ფსკერზე ან მის ქვეშ, ან ზღვის ფსკერთან ან მის წიაღთან მჭიდრო ფიზიკური კავშირის გარეშე გადაადგილება არ შეუძლიათ.“;

ბ) მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლებები საქართველოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც წესრიგდება ამ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.“;

გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ კაბელებისა და მილსადენების მიმართ, რომლებიც გაყვანილია ან ექსპლუატირებულია მისი რესურსების დაზვერვის ან საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის მიზნით.“.

13. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა ამ კანონის 50-ე მუხლის დებულებების ნებისმიერი შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ეს კვლევითი პროექტის ან სამეცნიერო საქმიანობის სერიოზული ცვლილებების ტოლფასია.“.

14. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 59. ზღვაში გასვლის აკრძალვა იმ გემისათვის, რომელიც ქმნის ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხეს

საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს აკრძალოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში ან რეიდზე მყოფი გემის ზღვაში გასვლა, თუ მისი ტექნიკური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების შესახებ საქართველოს მიერ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვას.“.

15. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 65. უცხო ქვეყნის გემის ცხელ კვალზე დევნა და დაკავება

უცხო ქვეყნის გემის ცხელ კვალზე დევნა და დაკავება ხორციელდება, თუ გემმა დაარღვია:

ა) საქართველოს კანონმდებლობა მის შიდა საზღვაო წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას;

ბ) ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, საემიგრაციო, ფისკალური ან სანიტარიული კანონმდებლობა საქართველოს მიმდებარე ზონაში;

გ) საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია მისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის მიმართ.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 14 მაისი.

1963–IIს