„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 494-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.016922
494-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
400000000.05.001.016922
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

      1. მე-2 მუხლის:

       ა) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „16. სამთო მინაკუთვნი – შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება.“;

      ბ) 22-ე და 23-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

      2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ეს კანონი განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების კომპეტენციებს წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის სფეროში.“.

     3. მე-6 მუხლის:

     ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

     ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „3. მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.“;

     გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

     4. მე-7 მუხლის:

      ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

      ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „6. წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

    5. მე-9 მუხლის:

    ა) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) ზედაპირული წყლის ის ობიექტები, რომელთა წყლის ფონდის მიწები განლაგებულია საქართველოს ორი ან მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე;“;

    ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტების ნუსხებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტების ნუსხების დამტკიცების თაობაზე“.“.

   6. მე-10 მუხლის:

   ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ე) გაბინძურებისათვის, დანაგვიანებისათვის, დაშრეტისათვის და სხვა უარყოფითი ზეგავლენის მქონე ქმედებისათვის ჯარიმისა და მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის წესის დადგენა;“;

   ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

  დ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;                   

   ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „რ) საქართველოს ტერიტორიაზე წყლის გამოყენებისა და დაცვის წესების შემუშავება განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ფონდის განკარგვის მიზნით და სამთო მინაკუთვნის გამოყოფა მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ;“;

   ვ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

   7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

   ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) წყლის გამოყენებისა და დაცვის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელობის იმ ზედაპირული წყლის სახელმწიფო ფონდის განკარგვა, რომლის წყლის ფონდის მიწები განლაგებულია მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე, და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ სამთო მინაკუთვნის გამოყოფა;“;

   ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

   8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 12. თვითმმართველი ერთეულების კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში

   წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში თვითმმართველი ერთეულების კომპეტენციას განეკუთვნება:

  ა) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებების ზედამხედველობა;

  ბ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის გამოყენებისა და დაცვის კონტროლი;

   გ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის აღრიცხვა და მისი გამოყენების რეგისტრირება;

   დ) საქართველოს წყლების გამოყენებისა და დაცვის ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

  ე) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ფონდის განკარგვა და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ მიწის მინაკუთვნის გამოყოფა წყლის გამოყენებისა და დაცვის დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში;

   ვ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ცალკეულ ობიექტებზე, მათ შორის, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის ზონაში, წყალსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა;

  ზ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოთა დაფინანსება;

  თ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე წყლის გამოყენებასა და დაცვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა მათი კომპეტენციის ფარგლებში;

   ი) წყლის გამოყენებასა და დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.“.

   9. მე-14 მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. წყლის დაცვის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან − მათი კომპეტენციიდან გამომდინარე.“;

   ბ) მე-3 პუნქტის:

   ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) თვითმმართველი ერთეულების მიწათმოწყობის სქემებში;“.

  10. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  11. მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. წყლის დაშრეტისაგან დაცვის მიზნით:

  ა) თვითმდენი ძებნითი და საძიებო ჭაბურღილები, აგრეთვე ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი ჭაბურღილები ან ჭაბურღილები, რომლებიც არ გამოიყენება, უნდა აღიჭურვოს მარეგულირებელი მოწყობილობებით ან უნდა დაკონსერვდეს ან ლიკვიდირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  ბ) მიწისქვეშა წყლების ყველა წყალამღები უნდა აღიჭურვოს მოწყობილობებით წყლის რეჟიმზე სისტემატური დაკვირვებისათვის და წყალსაზომით – ექსპლუატაციის პროცესში წყლის დებეტის დასადგენად.

  2. თუ წიაღისეულის ძიებისა და შესწავლის, სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს გაიხსნა მიწისქვეშა წყლის შემცველი ჰორიზონტი, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია, დადგენილი წესით დროულად მიიღოს ზომები მიწისქვეშა წყლის დასაცავად და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ სამინისტროს და შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.“.

   12. მე-17 მუხლის:

    ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გამოყოფს ზღვის ცალკეულ რაიონს (რაიონებს), სადაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება. ამგვარი რაიონი (რაიონები) უნდა გამოიყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ“.“;

    ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

   13. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

   14. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. წყლის ობიექტებსა და წყალდაცვით ზოლებში მშენებლობა, ფსკერის დაღრმავება და ასაფეთქებელი სამუშაოები, სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის, საპროპელის, დაძირული მერქნის მოპოვება, კაბელის, მილსადენისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ტყის ჭრა, ბურღვითი და სხვა საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

   3. წყალდაცვითი ზოლის საზღვრების დადგენის წესი, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობის ჩამონათვალი, პირობები და რეჟიმი განისაზღვრება დებულებით „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

   15. 21-ე მუხლის:

   ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) მშენებლობა, მცენარეული საფრის მოსპობა, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გაყვანა, მიწის უბნების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ამ სარტყელში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებით.“;

   ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების და მათი სარტყლების უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

    გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. თვითმმართველი ერთეულები ვალდებული არიან, გააცნონ მოსახლეობას წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრები, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმი.“;

   დ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    16. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ სამინისტრო და თვითმმართველი ერთეულები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.“.

    17. 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. წყალდაცვითი ზოლის ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის გაცემის წესი და ფორმა განისაზღვრება საქართველოს ტყის კანონმდებლობით.

   4. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყით სარგებლობას აკონტროლებენ სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები და თვითმმართველი ერთეულები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. ისინი  უფლებამოსილი არიან, შეაჩერონ ან აკრძალონ ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე.“.

    18. 24-ე მუხლის მე-5−მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    19. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ წყლის ობიექტებით სარგებლობას და მათ დაცვას, ვალდებული არიან, სამინისტროსთან და თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით ან მათი მითითებით გაატარონ წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები.“.

   20. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

   21. 32-ე მუხლის:

   ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საერთო წყალსარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს უმარტივესი ნაგებობებითა და მოწყობილობებით (გუბურა, მიწისქვეშა წყლების შახტური ჭა და სხვა), რომლებიც განლაგებულია ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე.“;

   ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

   22. 33-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

   23. 34-ე და 35-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

   24. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

   25. 38-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

   26. 39-ე მუხლის:

    ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. წყალმოსარგებლეს უფლება აქვს:

   ა) ისარგებლოს წყლის ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით;

   ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის უკანონო მოქმედების გამო, რომელსაც მოჰყვა წყლის ობიექტის გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზიანის ასანაზღაურებლად;

   გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს მის უფლებებს წყალსარგებლობაზე.“;

   ბ) მე-2−მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

   27. მე-40 მუხლის: 

   ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

   ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. საერთო წყალსარგებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, თევზის დასაცავად და სხვა თვალსაზრისით. ამ მიზნით სამინისტრო თვითმმართველი ერთეულის წარდგინებით განსაზღვრავს ადგილებს, სადაც აკრძალულია ბანაობა, ნავით სეირნობა, წყლის სასმელად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის აღება, პირუტყვის დარწყულება, თევზჭერა და სხვა საქმიანობა.“;

   გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

   28. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. წყალმოსარგებლე ვალდებულია:

   ა) უზრუნველყოს წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შენარჩუნებასა და აღდგენაზე;

  ბ) არ დაუშვას სხვა წყალმოსარგებლეთა უფლებების შელახვა და სამეურნეო და ბუნებრივი ობიექტებისათვის ზიანის მიყენება; თუ ეს მაინც მოხდა, წყალმოსარგებლე ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;

  გ) წესრიგში იქონიოს გამწმენდი და სხვა ნაგებობები, ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე, გააუმჯობესოს მათი საექსპლუატაციო ხარისხი;

   დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს წყალსარგებლობის აღრიცხვა;

   ე) უზრუნველყოს ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება; დადგენილი წესით მოახდინოს გამოყენებისათვის უვარგისი ჭაბურღილების ლიკვიდირება;

 ვ) დაუბრკოლებლად დაუშვას სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოთა წარმომადგენლები თავის აღჭურვილობასთან, ნაგებობებსა და მოწყობილობებთან; პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მაკონტროლებელ ორგანოებს ან მათ წარმომადგენლებს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი;

  ზ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები.“.

   29. 42-ე−52-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

   30. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 53. სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები

  1. სპეციალური წყალსარგებლობა ხორციელდება:

  ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების მიზნებისათვის;

  ბ) სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის;

  გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის;

  დ) სამრეწველო და ჰიდროენერგეტიკული მიზნებისათვის;

   ე)  წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების მიზნებისათვის;

   ვ) თევზის მეურნეობის მიზნებისათვის.

   2. მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

   ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს გაბინძურებისა და დანაგვიანებისაგან საიმედოდ დაცული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომელთა ხარისხი ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს;

   ბ) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის წყლის ობიექტი უნდა შეირჩეს მისი საიმედოობისა და სანიტარიული დაცვის ზონის ორგანიზების რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;

   გ) სასმელად ვარგისი მიწისქვეშა წყლების საწარმოო მიზნით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების ტექნოლოგია, არსებული სანიტარიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, მოითხოვს სასმელი ხარისხის წყალს;

  დ) სახელმწიფო წყალსადენიდან სასმელი წყლის საწარმოო დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, თუ ეს ზიანს არ მიაყენებს მოსახლეობის სასმელ და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებას.

  3. სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  ა) სამკურნალო კატეგორიისათვის დადგენილი წესით მიკუთვნებული წყლის ობიექტი გამოიყენება სამკურნალოდ, საკურორტო მიზნით და წყლის (სამკურნალო ბუნებრივი მინერალური წყლის) სასაქონლო პროდუქციის წარმოებისათვის;

  ბ) სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება ბრძანებით „სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ ობიექტებით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

  გ) დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტით სარგებლობა ფიზიკური პირებისათვის დაიშვება საერთო სარგებლობის ფორმით;

  დ) მასობრივი დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტი გამოიყენება იმ ადგილებში, რომლებსაც ადგენენ თვითმმართველი ერთეულები;

   ე) მცირე ზომის ხომალდით (ნიჩბიანი ნავი, იალქნიანი იახტა და სხვა) სანაოსნოდ წყლის ობიექტით სარგებლობა დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით, მცირე მოცულობის ხომალდებით სარგებლობის დამტკიცებული წესების დაცვით.

  4. სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  ა) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც წყლის ობიექტით  სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის სარგებლობენ, ვალდებული არიან, დაიცვან წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, მიიღონ ზომები სამელიორაციო სისტემებიდან წყლის ფილტრაციითა და აორთქლებით დანაკარგების შესამცირებლად, მათგან წყლის არარაციონალური გადაგდების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვან თევზის თევზსამეურნეო წყალსატევებიდან სამელიორაციო სისტემებში მოხვედრა, აგრეთვე შექმნან ნიადაგის ტენიანობისათვის ხელსაყრელი რეჟიმი;

  ბ) ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, საქონლის გადარეკვისას დაიცვან საქონლის გადასარეკ ტრასებზე განლაგებული წყალმომარაგების წყაროები გაბინძურებისა და დაშრეტისაგან, ხოლო წყალსამეურნეო ნაგებობები და მოწყობილობები − დაზიანებისაგან;

  გ) მეცხოველეობის ფერმები, კომპლექსები და სხვა აგროსამრეწველო საწარმოები წყლის ობიექტებისა და წყალშემკრები აუზების გაბინძურებისაგან დასაცავად უნდა აღიჭურვოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებით;

  დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე ტყის, ტყის ზოლებისა და ტყის სანერგეების მიწების მორწყვასა და დაშრობაზე;

 ე) ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბრძანებით „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების  დამტკიცების თაობაზე“.

  5. სამრეწველო მიზნით და ჰიდროენერგეტიკული საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  ა) წყალმოსარგებლენი, რომლებიც წყლის ობიექტით სამრეწველო მიზნით სარგებლობენ, ვალდებული არიან, დაიცვან ტექნოლოგიური ნორმები და წყალსარგებლობის წესები, მიიღონ ზომები წყლის ხარჯის შესამცირებლად და ჩამდინარე წყლების ჩაშვების შესაწყვეტად წარმოების ტექნოლოგიისა და წყალმომარაგების სქემების სრულყოფის  გზით (უწყლო ტექნოლოგიური პროცესების, ჰაერით გაცივების, ბრუნვითი წყალმომარაგებისა და სხვა ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით);

  ბ) მიწისქვეშა წყალი, რომელიც არ განეკუთვნება სასმელი ან სამკურნალო წყლების კატეგორიას, შეიძლება დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს ტექნიკური წყალმომარაგებისათვის, მისი შემადგენლობიდან ქიმიური ელემენტების ამოსაღებად, თბოენერგიის მისაღებად და სხვა საწარმოო საჭიროებისათვის, წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

  გ) წყლის ობიექტით ჰიდროენერგეტიკული საჭიროებისათვის სარგებლობა ხორციელდება წყლის კომპლექსური გამოყენების მოთხოვნათა დაცვით და სხვა დარგთა ინტერესების გათვალისწინებით;

  დ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ წყალსაცავების ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, ვალდებული არიან, უზრუნველყონ წყალსაცავის ავსებისა და დაცლის რეჟიმი, რომელიც დადგენილია წყალსაცავის მოქმედების ზონაში მყოფ წყლითა და მიწით მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინებით;

 ე) ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ბრძანებით „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

  ვ) ამ პუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე წყალსაცავებად გამოყენებული ტბებისა და წყლის სხვა ობიექტების ექსპლუატაციაზე.

  6. წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  ა) მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, არხები, საქართველოს ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა საერთო სარგებლობის სანაოსნო გზებია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი ამ მიზნებისათვის გამოყენება მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალულია;

  ბ) საჰაერო ხომალდების სადგომად, აფრენა-დაჯდომისათვის, აგრეთვე საჰაერო ტრანსპორტის სხვა საჭიროებისათვის წყლის ობიექტების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

  7. თევზის მეურნეობის საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  ა) წყლის ობიექტში ან მის ცალკეულ უბნებზე, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ძვირფასი ჯიშის თევზის, წყლის ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტებისა და მცენარეების შენარჩუნებისა და აღწარმოებისათვის, წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს თევზის მეურნეობის ინტერესების შესაბამისად;

  ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყლის ობიექტებისა და მათი ცალკეული უბნების ნუსხა და წყალსარგებლობის შეზღუდვის სახეობები განისაზღვრება დებულებით „თევზის მეურნეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წყლის ობიექტების, მათი ცალკეული უბნების ნუსხისა და მათ ფარგლებში წყალსარგებლობის შეზღუდვის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო;

  გ) ჰიდროტექნიკურ და სხვა ნაგებობათა ექსპლუატაციისას თევზსამეურნეო წყალსატევებში დროულად უნდა ხორციელდებოდეს თევზის მარაგის დაცვის და მისი აღწარმოების პირობების უზრუნველყოფის ღონისძიებები.“.

    31. 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კომპეტენციების განსაზღვრა წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების რეგულირების სფეროში.“.

    32. 67-ე  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) წყლითა და მისი ობიექტებით სარგებლობისათვის გადასახდელების სისტემის ჩამოყალიბებას;“.

    33. 68-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) ეკონომიკურად დასაბუთებული წყალსარგებლობის გადასახდელების სისტემას;“.

    34. 69-ე−73-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

    35. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და თვითმმართველი ერთეულები.“.

    36. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 75. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანები

   1. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანაა წყლის მდგრადი გამოყენება, წყლისა და გარემოს დაცვა, წყალსარგებლობის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობის სახელმწიფო რეგულირება, მიწისქვეშა წყლების სარესურსო ბაზის შექმნა.

   2. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანათა შესასრულებლად ხდება:

   ა) წყლის ამოღების დასაშვები ოდენობის დადგენა;

   ბ) წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვების და მათში გამაბინძურებელი ნივთიერებების ოდენობის დადგენა;

   გ) მიწისქვეშა წყლების სარესურსო ბაზის განვითარება;

  დ) წყალსარგებლობის ეკონომიკური საფუძვლების განსაზღვრა;

   ე) წყლის შესწავლის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების, წყალსარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების სფეროში სტანდარტებისა და ნორმების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.“.

   37. 76-ე მუხლის:

   ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმებს და მისი წარმოების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“.“;

    ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. მიწისქვეშა წყლების შესწავლის სამუშაოები, მათი საბადოები, მარაგი და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე მიწისქვეშა წყლებით ყველა სხვაგვარი სარგებლობა ექვემდებარება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღრიცხვას.“.

   38. 77-ე−79-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

   39. მე-80 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. წყლის სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“.

   40. 83-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

   41. 84-ე მუხლის:

   ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

   ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების, გარემოში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმების, წყლის ამოღების კვოტების და წყალში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის დადგენის წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

   42. 85-ე მუხლის:

   ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. წყლის გამოყენებისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, ხოლო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.“;

   ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) წყლის ობიექტების რაციონალური გამოყენება (მათი კომპლექსური გამოყენების მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით), წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან დაცვა;“;

   გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროები თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.“.

   43. 86-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

   44. IX თავი ამოღებულ იქნეს.

  45. 91-ე და 92-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

  46. 93-ე მუხლის:

  ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

  ბ) „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

  გ) „კ“−„ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

  დ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

  ე) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

  ვ) „ფ“−„ღ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

  ზ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჯ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;“;

   თ) „ჰ.ა“ და „ჰ.ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

   ი) „ჰ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ე“ ქვეპუნქტი:

  „ჰ.ე) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომლითაც აღდგება წყალსარგებლობის სფეროში შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების აღების ვალდებულება.“.

   47. 94-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N494-რს