საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.003.013
  • Word
5284
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
060.000.000.05.001.003.013
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 212-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს (მოსამართლის), პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას, და უგზავნის განკარგულების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს (მოსამართლეს), რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირს ერთხელ უკვე შეფარდებული ჰქონდა ამ ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობა, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის არა უმეტეს 60 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან ორზე მეტი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გარდა დიდი პალატისა, განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, შეიძლება გადაეცეს პოლიციას. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება გამოიტანება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5284–რს