საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 893-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017040
893-რს
29/07/2013
ვებგვერდი, 20/08/2013
090000000.05.001.017040
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 80. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე

1. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.

2. თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის სატრანსპორტო საშუალება – საგანი, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ეს პირი ცნობილია, დაიბრუნოს თავისი კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) ხელმოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (კანონიერი მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას.

3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს ამ საგნის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი შეიძლება ჩაჰბარდეს შესაბამის პირს (ორგანიზაციას) გამოსაყენებლად, შესანახად, მოსავლელად და მისგან ამ საგნის ამოღებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს შუამდგომლობა ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით საგნის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის შეტყობინების  ჩაბარებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, რომელიც ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა განიხილავს შუამდგომლობას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ან იმ პირისათვის დაბრუნების შესახებ, რომელმაც შეიძინა იგი და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე.

 5. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მოსამართლის მიერ გამოტანილ განჩინებას ასაჩივრებს პროკურორი ან დაინტერესებული პირი ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3322  მუხლი:

„მუხლი 3322.  სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების შემძენისათვის დაბრუნება

1. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრემ (კანონიერმა მფლობელმა) დადგენილ ვადაში არ დაიბრუნა სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე იმავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული სატრანსპორტო საშუალება უბრუნდება იმ პირს, რომელმაც შეიძინა იგი და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი ვრცელდება მხოლოდ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზედაც გამოძიება დაწყებულია 2013 წლის 1 ივნისამდე და სამართალწარმოება არ არის დასრულებული.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებას გამოძიების სტადიაზე უზრუნველყოფს გამომძიებელი დადგენილებით, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე – სასამართლო განჩინებით.

4. მესაკუთრეს (მფლობელს) სატრანსპორტო საშუალება უბრუნდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივლისი 2013 წ.

N893-რს