„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 14/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.05.001.003.041
  • Word
5424
26/10/2007
სსმ, 38, 14/11/2007
310.090.000.05.001.003.041
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 5 წელიწადში ერთხელ.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 3 წელიწადში ერთხელ.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობანი

1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ატარებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება:

ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება;

გ) საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება.“.

3. მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა

1. საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.

2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ხოლო საუწყებო საავტომობილო გზებზე – ამ გზების მფლობელები.

3. საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომელშიც უნდა მიეთითოს ასაქცევი გზები, აგრეთვე გზის ასეთი მონაკვეთების დასაწყისში უნდა დაიდგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, აგრეთვე მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის დროებით შეწყვეტით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია.

    მუხლი 18. საავტომობილო გზების სახელმწიფო კონტროლი

1. შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მოთხოვნებთან საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მდგომარეობის შესაბამისობას აკონტროლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

2. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას კომისია სხვა დაინტერესებულ იურიდიულ პირთა მონაწილეობით.“.

4. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23. საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ყოველ ღონეს ხმარობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი ან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გასატანად გზის სავალი ნაწილიდან, რისთვისაც გამოიყენება შემხვედრი ტრანსპორტი და ამწე სატრანსპორტო საშუალებები.

2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც განკარგავენ მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საავტომობილო გზებს, ვალდებული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ყველაფერი იღონონ გზის სავალი ნაწილიდან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთის გასატანად, ტექნიკური დახმარების გასაწევად ან გამაფრთხილებელი ნიშნების დასადგმელად.

3. საუწყებო საავტომობილო გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკურ დახმარებას უწევენ ამ გზების მფლობელები.“.

5. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. საავტომობილო გზების განვითარებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოება

საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია, შეკეთება, მოვლა-შენახვა, საექსპლუატაციოდ მიღება, საჭირო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, მიღებული სტანდარტების, სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ინსტრუქციებისა და დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 26 ოქტომბერი.

№5424–IIს